Get All Access for $5/mo

მორალური პასუხისმგებლობა - დავით ლეჟავა ტვირთი თუ კომფორტი?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

დავით ლეჟავა

საჯარო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, PMCG

ბიზნესში ეკონომიკური ურთიერთობები განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას და ასეთ დროს მორალური პასუხისმგებლობა ხანდახან ხელისშემშლელიც შეიძლება აღმოჩნდეს. იშვიათი არაა შემთხვევები, როდესაც ბიზნესი მკაცრ, ასე ვთქვათ, "მორალგაცლილ" კანონებს ექვემდებარება. თუმცა, ხშირად პრაგმატული ან პრაგმატიზმს მოკლებული მიზეზებითაც კი, ბიზნესიც მორალური პასუხისმგებლობით იმართება. საქართველოში უკვე მომრავლდა კომპანიები, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ ეთიკური და სოციალური სტანდარტის დანერგვას, რაც გარკვეულწილად მორალურ პრინციპებთანაც ასოცირდება. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ მისასალმებელია მორალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, ამ სტანდარტის დაცვა ზრდის მათ საერთაშორისო ეკონომიკაში ჩართვის შანსს. თანდათან უფრო მეტად მკვიდრდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს მსოფლიოში არსებობენ ინვესტორები, რომლებიც ინვესტირებას მხოლოდ გარკვეული ეთიკური, სოციალური და საწარმოო სტანდარტის დამცველ კომპანიებში ახდენენ. გაჩნდა პასუხისმგებლიანი ინვესტიციის ტერმინი და ასეთი ინვესტიციების მოცულობა თანდათან იზრდება. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებზეც ჩვენი მორალური სტანდარტი ახდენს გავლენას. ხანდახან მათგან გადახვევას საკუთარ თავს ვპატიობთ, საკუთარ თავს გავუგებთ, მაგრამ სხვას – არა.

მოკლევადიანად, ემოციურ ფონზე, მორალურ პასუხისმგებლობაზე უარის თქმა აიოლებს ცხოვრებას. თუმცა, თუკი ოდესმე ცდუნება დამიძლევია და მორალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიმიღია გადაწყვეტილება, ახლა ის დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ხოლო სადაც ის დავთმე, რბილად რომ ვთქვათ, "გულში ხინჯად" დამრჩა. საკუთარ პრინციპებთან ერთმა კომპრომისმა შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაშენები მორალური სტანდარტის ლამაზი "შენობა" საშინლად დაამახინჯოს. მოდი, ვისაუბროთ რას ვგულისხმობთ წარმატებაში. წარმატება შეიძლება დავარქვათ კარიერულ წინსვლას ან შემოსავლიან ბიზნესს, თუმცა წარმატება შეიძლება ვუწოდოთ ასევე მორალური პასუხისმგებლობის შესრულებას. ამას თუ ყოველთვის ახერხებ, ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი წარმატებაა. ერთი შემთხვევა მინდა გიამბოთ. მსგავსი ალბათ ბევრ სახელმწიფო მოხელეს ჰქონია და განსაკუთრებული არაფერია. მე და ჩემს მეგობარს ერთნაირი ღირებულებები გვქონდა. მე სახელმწიფო სამსახურში წავედი და ამან დამატებითი პასუხისმგებლობა გამიჩინა. ერთგვარად, შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება მორალური პასუხისმგებლობის მიმართ. მივიჩნიე, რომ მანამდე არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არ უნდა მოეხდინა. მეგობარი გამინაწყენდა. მისი მორალური სტანდარტი ვერ დავაკმაყოფილე, ჩემი – კი. საქმისთვის ჩემი მიდგომა სწორი გადაწყვეტილება იყო. განა ეს წარმატება არ არის? ვფიქრობ, რომ არის. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ფაქტის გამო კმაყოფილებას გულისწყვეტის განცდაც ახლავს. დაბოლოს: მორალური პასუხისმგებლობა – ტვირთი თუ კომფორტი? ამ კითხვას ასე ვუპასუხებ: ჩემთვის ის მოკლევადიანად ტვირთია, გრძელვადიანად – კომფორტი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან