მულტიტასკინგის ქართველი ოსტატები Entrepreneur გიზიარებთ მულტიტასკინგის ოსტატების მიდგომას დროის მართვისადმი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გვანცა დარასელია
ტელეწამყვანი, დამფუძნებელი, Capo Shoes
ტელეწაყვანმა და 2 შვილის დედამ ერთ დღესაც მოულოდნელად ფეხსაცმლის ბრენდი შექმნა − Capo Shoes მეგობართან ერთად გახსნა. სწორედ ამ დროს გამოსცადა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მულტიტასკინგი, დროის მკაცრად გადანაწილება, "გადარბენები". "დილით, 8 საათსა და 10 წუთზე ვიღვიძებ. ჩემს უფროს შვილს სკოლისთვის ვამზადებ, შემდეგ უმცროსთან ვატარებ 1 საათს. მერე ტელევიზიაში მივდივარ. ტელევიზიის შემდეგ მრჩება დრო, რომ ფეხსაცმლის მაღაზიას მივხედო, ვიდრე ბავშვის სკოლიდან გამოყვანის დრო მოვა".
საკუთარ თავს კარიერისტს არ უწოდებს და მიაჩნია, რომ დროის უმეტეს ნაწილს მისი ოჯახი იმსახურებს. საქმეების დისტანციურად მოგვარებაში Facebook-ჯგუფები ეხმარება. "ტელეფონზე ლაპარაკი დიდხანს არ მიყვარს. ამიტომ Viber იქნება, მესენჯერი თუ მეილი, ჩემთვის მშვენიერი გამოსავალია".
განსაკუთრებულად რთულად მიაჩნია ერთმანეთისგან გამიჯნულ, არაფრით დაკავშირებულ სფეროებში მუშაობა. რაც შეეხება დროის გადანაწილებას: "საკმარისი დრო არ არსებობს. მთავარია სწორი მენეჯმენტი. სანამ პატარები მყავს, მენეჯმენტის საკითხებს ისინი მიწყვეტენ, თუმცა ჩემი დროც მოვა".
სოსო ფხაკაძე
Wissol Group-ის დამფუძნებელი
სოსო ფხაკაძე დატვირთული რეჟიმის, ხშირი მივლინებების, შეხვედრებისა და განუსაზღვრელი სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებს დროის მენეჯმენტს. ვერც სტრესი ერევა და დროს საყვარელი გატაცებისთვისაც კი იტოვებს. მისი ენერგიის წყარო ოჯახი და ვარჯიშია. "6 შვილი მყავს და როგორი დატვირთული დღეც უნდა მქონდეს, შინ მისვლის დროს როგორ შეიძლება დაღლილობა თუ სტრესი არ მომეხსნას?.."
დატვირთული და მრავალფეროვანი ცხოვრებაც მისი არჩევანია. მიაჩნია, რომ ასეთ რეჟიმს ადამიანები თავად ირჩევენ. "გამორიცხულია, ცხოვრების ეს სტილი არ მოგწონდეს".
ბიზნესის მართვა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მით უმეტეს − საწყის ეტაპზე, ყოველი ახალი პროექტის განხორციელებისას. "პროექტზე ზოგჯერ წლების განმავლობაში ვფიქრობ. ერთ მშვენიერ დღეს იმპლემენტაციას ვიწყებ. კომპანიის შექმნა საწყის ეტაპზეა რთული. შენი ჩართულობის ხარისხი მაღალია, რაც თანამშრომლებისთვისაც დიდი მოტივაციაა. წლების შემდეგ კი მენეჯერები მოდიან, შენ თავისუფლდები, საქმის დელეგირებაც გიმარტივდება. ემოციური ადამიანი არ ვარ, რაც ხელს მიწყობს. ნეგატიურ ინფორმაციასაც კი მშვიდად ვიღებ. ერთადერთი, რასაც ამ დროს ვაკეთებ, არის ის, რომ "დროს ვყიდულობ". პირველი წუთებში ან საათებში მასზე რეაგირებას არ ვახდენ, შემდეგ უკვე პრობლემის 90% ხშირ შემთხვევაში თავად გვარდება, დანარჩენ 10%-ს კი 2 ან 3 დღეში ბევრად მარტივად ვწყვეტ".
ზვიად ციკოლია
დიზაინერი
ზვიად ციკოლია მუდმივად დაკავებულია − მრავალრიცხოვანი პროექტები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ დიზაინერის საქმიანობა წარმატებულია, ხოლო მის ნამუშევრებზე მოთხოვნა − მაღალი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროდუქტის შეფუთვის, ასევე ავეჯის დიზაინზე მუშაობს. მისი დიზაინით შეიქმნა ქართული საბრძოლო ჯავშანტექნიკა "ლაზიკა" და "დიდგორი". მასვე ეკუთვნის საათის UNIQ p47-ის დიზაინი.
"რა თქმა უნდა, თუკი დიდ პროექტზე გიწევთ მუშაობა, უმჯობესია დრო მხოლოდ მას დაუთმოთ", − ამბობს ციკოლია, თუმცა თავად მასშტაბური პროექტების კეთებაც კი პარალელურ რეჟიმში უწევს. "თითქმის ყველა პროექტი, რომელზეც მიმუშავია, პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა − "დიდგორი", "პეჟო"... სწორად გადანაწილებული დროის შემთხვევაში, მულტიტასკინგს მხოლოდ ვამართლებ".
კახა მაღრაძე
PR-ტექნოლოგი, GEPRA-ს უფროსი კონსულტანტი
"მოტივაცია მუშაობის დროს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ძალიან ინდივიდუალური რამაა. უნივერსალურ პასუხს ვერ გაგცემთ, მულტიტასკინგი სჯობს თუ ერთ დავალებაზე კონცენტრირება. ბოლო წლებში ხშირად მიოცნებია, რომ ერთი საქმე მქონდეს საკეთებელი". კახა მაღრაძე ამჟამად 13 პროექტშია ჩართული. მიაჩნია, რომ ბევრად ეფექტურად მუშაობს, თუკი ყურადღებას რამდენიმე საქმეზე ანაწილებს. "ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ რაც უფრო მეტი საქმე მაქვს, მით მეტად ვასწრებ რაღაცებს" .
მულტიტასკინგი პროფესიულ ფრონტზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების ერთ-ერთი მეთოდია − რაც მეტია პროექტი, მით დიდია მოთხოვნა პროფესიულ ბაზარზე. "ბევრ რამეში თუ არ ჩაერთე, ზოგადი განვითარების პროცესიდან ამოვარდები და კონკურენტულად სუსტ პოზიციაში აღმოჩნდები. ვმუშაობ განათლების მიმართულებით, სხვადასხვა სფეროში; ბევრ პროექტში ვერთვები − დავდივარ შეხვედრებზე, ლექციებს ვკითხულობ. ჯერ მარტო დღის განმავლობაში 5 ადამიანს მაინც ვაძლევ ვიღაცის ნომერს. თუკი აქტიური არ ხარ, აქტუალობას დაკარგავ".
დუტა სხირტლაძე
მსახიობი, ტელეწამყვანი, რესტორნის მეპატრონე
თეატრის მსახიობი და ტელეწამყვანი ახლა უკვე საკუთარი რესტორნის − "სულიკოს", მეპატრონეა. დროის დიდ ნაწილს მცხეთაში ატარებს და რესტორანს რამდენიმე თვეა საკუთარი ხელით აშენებს. რესტორნის გახსნამდე, ყველა დეტალს ამოწმებს, თვითონ აშენებს, ალამაზებს ეზოს, თონეს, ინტერიერს, ექსტერიერს. "დილის რვა საათზე ვდგები და ბევრ რამეს ვასწრებ. დროს საჭიროების მიხედვით ვანაწილებ. ბევრი საქმე დამღლელი არასოდესაა, თუკი გიყვარს და გსიამოვნებს, რასაც აკეთებ". ცოტა ხნის წინ, 2 თვის განმავლობაში, ყოველ დილით ფილმის გადასაღებ მოედანზე იყო, შემდეგ მშენებლობას უბრუნდებოდა. დროის მენეჯმენტი არ უჭირს, არც დამხმარე ჩანაწერებს აკეთებს და არც Time Management აპლიკაციებს იყენებს. მეილსაც იშვიათად ხსნის. "ჩემს საქმეში ყველაზე მთავარი პირდაპირი კომუნიკაციაა", − ამბობს დუტა სხირტლაძე. შეკითხვის დასმაც კი არ ღირს, ოდესმე თუ იყო ისეთი დრო, როდესაც ერთ და მშვიდ სამსახურში მუშაობდა. ასეთი პერიოდი არც ყოფილა და დიდი ეჭვი გვაქვს, არც უახლოეს მომავალში დადგება.
თეონა თავართქილაძე
Beauty and The Box-ის დამფუძნებელი, დიზაინერი
ცოტა ხნის წინ დიზაინერ თეონა თავართქილაძის ცხოვრებაში პროექტი Beauty and The Box გამოჩნდა. სწორედ აქ "ამოყირავდა" მისი დალაგებული რეჟიმი: "მეგონა, პარალელურად ბევრი საქმის გაკეთებას მოვახერხებდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა". თუმცა, დიზაინერმა, საბოლოო ჯამში, არც დიზაინერულ საქმიანობას უღალატა. "დრო ისე გადავანაწილე, რომ უმეტეს ნაწილს Beauty and The Box-ს ვუთმობ, თუმცა სახელოსნოში შეკვეთებს მაინც ვიღებ".
ყოველდღიურ "გადარბენებში" მისი პირველი დამხმარე ჩანაწერებია. "ოთახში თავთან ჩანაწერების რვეული მიდევს. იქ ვიწერ ყველაფერს, რისი გაკეთებაც მომდევნო დღეს მინდა. ხშირად ძილში გამხსენებია, რომ რაღაცის ჩანიშვნა დამავიწყდა, სინათლე ამინთია, დამიმატებია და შემდეგ ძილი გამიგრძელებია". თეონასთვის ყოველდღიური დაღლილობისგან და სტრესისგან განტვირთვის უებარი წამალი ვარჯიშია. მართალია, არც ფიზიკური აქტივობისთვის რჩება ბევრი დრო, თუმცა "როცა შემიძლია, მაშინ მივდივარ. დარბაზის კარი რომ იხურება, სტრესი გარეთ რჩება".
თეონა ბაღდავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, Key Communications-ის დამფუძნებელი
თეონა ბაღდავაძე ვერ იხსენებს ვერცერთ დღესა და კვირას, როდესაც დაკავებული არ იყო. კარიერის დასაწყისშიც კი მოახერხა, რომ "საქართველოს ბანკის" პარალელურად, სხვა პროექტებზე ემუშავა. მისთვის დასვენება, უბრალოდ, რვის ნაცვლად 2 პროექტზე მუშაობას ნიშნავს.
"შესაძლებლობებზე უარს ვერ ვამბობ. არც მაქვს სურვილი, რომ ერთი საქმე ვაკეთო. სტრესის მთავარი წყარო ჩემთვის იმაზე ფიქრია, მოვასწრებ თუ არა კონკრეტულ საქმეს. არანაკლებ სტრესულად მოქმედებს სოციალური ქსელებიც − თავს უფლებას ვერ ვაძლევ, რაიმე აქტუალური თემა გამომრჩეს. გარდა ამისა, მუდმივ პროფესიულ ზრდაზე ვარ ორიენტირებული, ბევრს ვკითხულობ, ახალ ენებს ვსწავლობ".
დროს ძილს არასოდეს აკლებს. ძილი, ცურვა და ახლობლებთან ურთიერთობა სტრესის დაძლევის მისეული მეთოდია. "იმ დღეს ჩამოვწერე და აღმოვაჩინე, რომ ერთდროულად 8 პროექტში ვიყავი ჩართული. შესაძლოა, ეს ჩემი სუსტი მხარეცაა, მაგრამ საქმის დელეგირება არ გამომდის. ხშირ შემთხვევებში საჭიროა, რომ ლექცია წავიკითხო, შეხვედრას მაინცდამაინც მე დავესწრო, მედიასთან მქონდეს კომუნიკაცია".
დროის მენეჯმენტის თეონასეული მეთოდი, მისივე სიტყვებით, "პიანისტის სინდრომია" – "როგორც ფორტეპიანოსთან დაჯდომისას ახსენდებათ მელოდია, ისე მახსენდება მეც გასაკეთებელი საქმეები".
ტორესა მოსი
მწერალი
მწერალი ტორესა მოსი ამჟამად 2 რომანზე, 1 საბავშვო მოთხრობაზე, სატელევიზიო რუბრიკასა და საკუთარ მუსიკალურ პროექტზე მუშაობს. სურს დრო სწორად, მნიშვნელოვან პროექტებზე გადაანაწილოს და მხოლოდ ისეთ საქმიანობაში ჩაერთოს, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს. "ერთ პროექტზე იმის გამო ვთქვი უარი, რომ ვგრძნობდი, ჩემი რესურსი არასწორად იხარჯებოდა. განცდა მქონდა, რომ ბევრ დროს ვკარგავდი ისეთ დეტალებზე მუშაობაში, რომლებიც ჩემი საქმე საერთოდ არ იყო".
დროის მენეჯმენტში ყველაზე უკეთ ძაღლი ეხმარება − მასთან დილა-საღამოს სეირნობაზე გამოყოფილი საათნახევარი ახვედრებს, რამდენად მნიშვნელოვანია, დისციპლინირებული იყოს. "ერთადერთი რამ, რაც ყველა ადამიანს თანაბრად მოგვეცა, დროა − 24 საათი".
მრავალი და მრავალფეროვანი საქმეების დამახსოვრებას და To Do List-ის შედგენას გონებაში ახერხებს − ჩანაწერები დიდად ვერ ეხმარება, პირიქით. "ბევრჯერ ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. უახლოეს გეგმებს აღარ ვიწერ, უფრო ისეთ საქმეებს, რომლებიც 1 ან 2 კვირის შემდეგ უნდა გავაკეთო".
არათუ მხოლოდ ერთი საქმის კეთება, ერთი წიგნის კითხვაც კი არ შეუძლია. "თუკი რამდენიმე საქმეს ერთდროულად არ ვაკეთებ, არაფერი გამომდის. ერთდროულად ვკითხულობ რამდენიმე წიგნს, ერთდროულად ვმუშაობ რამდენიმე რომანზე. ამის გამო, ხშირად მაკრიტიკებენ, მეუბნებიან ხოლმე, ერთ საქმეს რომ აკეთებდე, უფრო სრულყოფილ შედეგს მიიღებდიო, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. როცა რაიმეს შექმნის პროცესში ხარ, შესაძლოა 3 კომპოზიცია პარალელურად მოგივიდეს თავში. ჩემი საქმიანობის სპეციფიკაც ასეთია − ბევრი საქმე ახალ ინსპირაციას მაძლევს, სხვადასხვა იდეა მიჩნდება და საინტერესო შედეგებამდე მივდივარ".