Get All Access for $5/mo

მუსიკის 5 გასაოცარი გავლენა გონებაზე წაიკითხეთ, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა მელოდია თქვენი შრომის ნაყოფიერებაზე, შემოქმედებით აზროვნებაზე, ფულის ხარჯვასა და კიდევ სხვა თვისებებზე.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

თუ მნიშვნელოვანი სამუშაო გაქვთ შესასრულებელი და კონცენტრირება გჭირდებათ, ზოგჯერ სჯობს ყურსასმენები გაიკეთოთ და საყვარელ სიმღერებს უსმინოთ. ეს იმის წინაპირობაა, რომ ყველაფერს შეძლებთ. კონცენტრირებისთვის გარკვეული მელოდიების შერჩევა სცადეთ ან უბრალოდ ხმამაღლა უსმინეთ თქვენს საყვარელ მუსიკას და რაც მთავარია, მუშაობას შეუდექით.

სხვა საკითხია შრომის ნაყოფიერების ამაღლებაში ნამდვილად დაგეხმარებათ თუ არა გარკვეული ჟანრის მუსიკა. ეს მთლიანად ადამიანების გემოვნებასა და მათ თვისებებზეა დამოკიდებული. ხშირად მუსიკის გავლენას ადამიანის ქცევასა და შემეცნებაზე ის ამოცანა განსაზღვრავს, რაზეც მუშაობთ.

კვლევების შედეგები წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს მუსიკის სხვადასხვა ჟანრი, ტემპი და სტილი ადამიანის შემოქმედებით აზროვნებაზე, მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ეფექტურობაზე, გულდასმით მუშაობის უნარზე და ა.შ. თვითონ დარწმუნდებით ტვინის მანიპულირების რა გასაოცარი უნარი აქვს მუსიკას.

თუ გსურთ შემოქმედებითად იაზროვნოთ, რაიმე მხიარულს მოუსმინეთ

ახალ იდეებზე ან რომელიღაც პრობლემის გადაჭრაზე ფიქრობთ და გსურთ გონება გაგინათდეთ? მაშინ ხალისიანი მელოდიების მოსმენა სცადეთ. ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ შემთხვევაში კონვერგენტული (სწორხაზოვანი) კი არა, დივერგენტული (შემოქმედებითი) აზროვნება აქტიურდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხიარული მუსიკა გაცილებით ორიგინალური, არასტანდარტული იდეების მოფიქრებასა და ამოცანის სხვადასხვა კუთხიდან შეფასებაში დაგეხმარებათ.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმის მიუხედავად, მოსწონდათ თუ არა კვლევის მონაწილეებს ესა თუ ის მუსიკა, მიღებული შედეგები ყოველთვის ერთი და იგივე იყო. თუმცა, მათ არ გამოუკვლევიათ, მონაწილეებს აბედნიერებდა თუ არა ეს მუსიკა. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ დადებითი განწყობა და შემოქმედებითი აზროვნება ერთმანეთთან კავშირშია.

მსგავსი სტატია: მუსიკის საგულდაგულოდ შერჩეული აპლიკაცია ყურადღების გამახვილებაში დაგეხმარებათ

მუსიკას განწყობის გაუმჯობესება შეუძლია, რამაც შესაძლოა გაცილებით გაბედული გაგხადოთ

მუსიკალური ფსიქოლოგიის მკვლევარმა ტერეზა ლესაკმა რამდენიმე კვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს შრომის ნაყოფიერებაზე მუსიკის მოსმენა. მან აღმოაჩინა, რომ კომპიუტერის სპეციალისტები გაცილებით სწრაფად ასრულებდნენ დავალებას იმ მუსიკის მოსმენისას, რომელიც მათ განწყობას აუმჯობესებდა.

განწყობის გასაუმჯობესებელი მუსიკა ადამიანებს ეხმარება, დაფიქრდნენ და გადაწყვეტილებები მეტისმეტად სწრაფად არ მიიღონ.

ლესაკმა კვლევის მონაწილეებს მუსიკის დამოუკიდებლად შერჩევის საშუალება მისცა და არც მოსმენის დრო შეუზღუდავს. ზომიერი უნარების მქონე ადამიანებმა ამ ექსპერიმენტის დროს გაცილებით მეტის გაკეთება შეძლეს, მაღალი კატეგორიის სპეციალისტებმა კი ნებისმიერ შემთხვევაში კარგად შეასრულეს დავალება.

საყვარელი სიმღერების მოსმენამ შესაძლოა სხვა ადამიანებისადმი თანაგრძნობის უნარი და თვითშეგნება გაგიზარდოთ

Science Daily-მ რადიოლოგ ჯონათან ბარდეტის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროფესორი მაგნიტურ-რეზონანსულ სკანირებას უტარებდა პაციენტებს საყვარელი ან ისეთი მუსიკის მოსმენისას, რომელიც არ მოსწონდათ. ბარდეტმა დაადგინა, რომ მუსიკის ტიპის მიუხედავად, ტვინი გაცილებით აქტიური იყო იმ მონაწილეებში, ვისაც მუსიკა მოსწონდა. კერძოდ, იგი ტვინის იმ უბნებს აკვირდებოდა, რომლებიც კონცენტრირებულ აზროვნებაზე, ადამიანებისადმი თანაგრძნობასა და თვითშეგნებაზეა პასუხისმგებელი.

მუსიკა რუტინული სამუშაოს შესრულებისას მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ

ქირურგების უმრავლესობა სწორედ ამის გამო უსმენს მუსიკას. რთული ქირურგიული ოპერაციები კონცენტრირებას მოითხოვს, მაგრამ მუსიკის მოსმენამ შესაძლოა მათ მოდუნების საშუალება არ მისცეთ ისეთი რუტინული სამუშაოს შესრულებისას, როგორიცაა მაგალითად, პაციენტის თავის ქალის გაბურღვა!

ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა ქირურგებზე მუსიკის გავლენას შეეხება. კერძოდ, ქირურგები, რომლებიც საოპერაციოში თვითონ ირჩევდნენ საყვარელ მუსიკას, გაცილებით სწრაფად და ზუსტად ასრულებდნენ ოპერაციებს მათთან შედარებით, ვისაც ვინმე სხვა ურჩევდა სამუშაო ჰანგებს ან საერთოდ არ უსმენდნენ მუსიკას.

მუსიკამ შესაძლოა გაცილებით მიმზიდველი გახადოს თქვენი სამუშაო. თუნდაც ქირურგი არ იყოთ და ისეთი რუტინული სამუშაოს შესრულება გიწევდეთ, როგორიცაა ელექტრონულ ცხრილებში ინფორმაციის შეყვანა ან ნებისმიერი სხვა ტიპის სამუშაო, რომელიც ღრმა აზროვნებას არ მოითხოვს.

მუსიკის ფონზე გონებრივი სამუშაოს შესრულება შესაძლოა ადვილი არ იყოს

მუსიკის ფონზე რუტინული ამოცანების შესრულება გაცილებით იოლია, ხოლო იმ ამოცანების გადაჭრა, რომელიც გონების განსაკუთრებულ დაძაბვას მოითხოვს – გაცილებით რთული.

ჟურნალში "მუსიკის ფსიქოლოგია" გამოქვეყნებული 2007 წლის კვლევის მიხედვით, კვლევის მონაწილეებს – როგორც ინტროვერტებს, ისე ექსტროვერტებს სხვადასხვა შემეცნებითი სახის დავალების შესრულებას სთხოვდნენ. მათ შორის უმეტესი ინფორმაციის დამახსოვრებასთან იყო დაკავშირებული. მონაწილეები დავალების შესრულებისას სხვადასხვა მელოდიის ფონზე მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ დავალებას ყველაზე უკეთ ისინი ასრულებდნენ, ვინც სიჩუმეში მუშაობდა.

გაიხსენეთ ეს შედეგები, ვიდრე მნიშვნელოვანი სამუშაოს დროულად დასრულებას ხმამაღალი მუსიკის ფონზე შეეცდებით. გახსოვდეთ: სიჩუმე შესაძლოა გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ გონების მოკრებასა და კონცენტრირებაში ნამდვილად დაგეხმაროთ.

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ინდუსტრიული ტრენდები

ქართული ჩაის ახალი ბრენდი გურიიდან

უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი ჩაის მოყვარულთათვის!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი