Get All Access for $5/mo

ნათია ფანჯიკიძე: ''წარმატების ფორმულა არ არსებობს, თუ იმას არ აკეთებ, რისი კეთებაც გიყვარს''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: გიორგი მამასახლისი

ანტრეპრენერობა დგას ისეთ ფუნდამენტურ პარადიგმაზე, როგორიცაა − აკეთო ის, რასაც გული გკარნახობს. უამრავი მაგალითი გვაქვს კაცობრიობის ისტორიიდან, როდესაც ერთმა ადამიანმა მოახერხა და არ დაემორჩილა საზოგადოებაში დამყარებულ შეხედულებებს; ვინც განაცხადა, რომ არ აპირებს გაკვალული გზებით სიარულს და უნდა აკეთოს ის, რასაც მისი შინაგანი ხმა ჩასჩურჩულებს. ასეთი პიროვნებები თავიანთი საქმიანობით ქმნიან სტანდარტს და მათი წარმატება სწორედ დინების წინააღმდეგ ცურვასთან ასოცირდება.

მაგრამ, რა არის წარმატება? − ეს ის კითხვაა, რომელზეც საზოგადოდ აღიარებული პასუხის პოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია. ვიღაც წარმატებას ფულით ზომავს, სხვა − სოციუმში აღიარებით, ბევრისთვის კი წარმატება საკუთარი თავისა და შიგნიდან წამოსული მოტივაციის რეალიზებაა. ცხადია, რეალობის გათვალისწინებით, ხშირად არ გვეძლევა საყვარელი საქმიანობით საარსებო მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალება და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, რიგი ფინანსური ფაქტორების გამო, უწევს ოცნებებზე და მისწრაფებებზე უარის თქმა.

საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი, სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიური ადამიანი − ნათია ფანჯიკიძე საკუთარ დამოკიდებულებას გვიზიარებს წარმატების არსის შესახებ. ერთ-ერთ თავის პოსტში იგი წერს:

"წარმატების კოდი", "წარმატების ფორმულა" და "წარმატების საიდუმლო"... არავითარი ფორმულა არ არსებობს, თუ იმას არ აკეთებ, რისი კეთებაც გიყვარს. მხოლოდ მაშინ აგროვებ ინფორმაციას დაუზარლად, როცა საკითხი გაინტერესებს, მხოლოდ მაშინ გამოგდის კარგად, როცა შენი საქმის მიმართ ვნება გაქვს. მოდი, ასეთი ვარიანტიც დავუშვათ − რაღაც გიყვარს, მაგრამ მიუწვდომელია. მაგალითად, ასე: სპორტი გიყვარს, მაგრამ ჩაიდანი ხარ... ადამიანო (ჩაიდანო გინდაც), ამ უბრალო მიზეზის გამო ფინანსისტი კი არ უნდა გახდე? სპორტული კომენტატორი შეგიძლია გახდე, სპორტული მასაჟი ისწავლო (რინგზე თუ ვერ დააგუნდავებ ტაისონს, დააგუნდავებ მასაჟის მაგიდაზე), ან რაიმე ასეთი. ერთი სიტყვით, მაინც იქ უნდა იტრიალო, სადაც შენი საყვარელი ამბები ხდება. ჰოდა, რომ მიხვდე, რა გიყვარს, საკუთარ თავს უსმინე და იმას დააკვირდი, ყველაზე ხშირად რის შესახებ მოგწონს ინფორმაციის მიღება. საკმაოდ მარტივია ცხოვრება, როცა სხვის სურვილებზე მეტად, შენ მიმართ საკუთარ სურვილებს ენდობი".

ამ "მარტივი" ცხოვრების მოპოვება, ხშირად დიდ ბრძოლებს საჭიროებს. ბრძოლას არა მარტო სოციალური შეხედულებებისა და სტერეოტიპების დასამსხვრევად, არამედ, უპირველესად, საკუთარი თავისთვის მუდმივ მტკიცებაში, რომ საოცნებო პროფესია სადღაც შორს არაა. ის არ არის მიუწვდომელი და შეუძლებელი.

წარმატება მოდის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა აკეთებ იმას, რასაც მთელი გულით ეტრფი. ფული და აღიარება კი ინდიკატორია იმისა, რომ ჩვენი საქმით ვიღაცას ღირებულებას ვუქმნით, ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც ადამიანებს აიძულებს ყურადღება მოგვაქციონ, თავიანთ ცხოვრებაში შემოგვიშვან.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"