Get All Access for $5/mo

ნუ დაუჯერებ მითებს! "ჩვენ ხომ ჩვეულებრივი მოკვდავნი ვართ და ის ანტრეპრენერული "სუპერძალები" არ გვაქვს, რაც წარმატებული ბიზნესის შექმნას სჭირდება"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

ძალიან ბევრი მითი არსებობს იმის შესახებ, თუ როგორები არიან წარმატებული ანტრეპრენერები, თანაც ეს მითები იმდენად დამაჯერებლად ჟღერს ხოლმე, რომ ერთი შეხედვით შესაძლოა მართალიც ეგონოს ადამიანს. ბევრი თქვენგანის წარმოდგენაში ცნობილი ანტრეპრენერები თითქოს განსაკუთრებული ნიჭით და ძალებით დაჯილდოებული სუპერგმირებივით არიან, რომლებიც ჩვეულებრივი მოკვდავებისგან განსხვავებულ უნარებს და წარმატებული ბიზნესის შექმნის საიდუმლო ფორმულას ფლობენ.

ამგვარი მითები და წარმოდგენები, თქვენს მისწრაფებას, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავადაც გახდებით წარმატებული ანტრეპრენერი, თითქოს აფერხებს და გადაულახავ წინაღობებს უქმნის; "ჩვენ ხომ ჩვეულებრივი მოკვდავნი ვართ და ის ანტრეპრენერული "სუპერძალები" არ გვაქვს, რაც წარმატებული ბიზნესის შექმნას სჭირდება", – ფიქრობთ თქვენ და ეს ფიქრი კიდევ უფრო გაშორებთ საკუთარ სურვილსა და მიზანს, რომ წამოიწყოთ თქვენი ბიზნესი.

მოდი, დავამსხვრიოთ ეს მითები ანტრეპრენერების შესახებ, რათა ვეღარასოდეს შეგაშინონ და გადაგეღობონ მცდარი სტერეოტიპები თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მაშ, ასე:

მითი #1

ანტრეპრენერად უნდა დაიბადო

წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ადამიანის გარკვეულ თანდაყოლილ უნარებზე, განსაკუთრებულ ნიჭსა და ხასიათის თვისებებზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა იგი წარმატებული ანტრეპრენერი. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არ ისწავლებოდა მეწარმეობა, რადგან არსებობდა შეხედულება, რომ ანტრეპრენერობას ვერ ისწავლი – ანტრეპრენერად უნდა დაიბადო. დღესდღეობით ეს მიდგომა შეიცვალა, რადგან კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანს შეუძლია ისწავლოს და გამოიმუშავოს ანტრეპრენერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. სწორედ ამიტომ, ევროპისა და ამერიკის წამყვანმა უნივერსიტეტებმა და ტრენინგცენტრებმა, ახლახან კი უკვე ქართულმა ბიზნესსკოლებმაც, პროგრამაში მეწარმეობის საგანი შეიტანეს, რომელზეც დასწრების მსურველ სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

მითი #2

ანტრეპრენერები ხშირად გაუმართლებლად რისკავენ

ანტრეპრენერობა ასოცირდება გარისკვასთან, არასტაბილურ ფინანსურ შემოსავალსა და ქაოსურ სამუშაო გარემოსთან. დიახ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სტაბილურ სამსახურზე უარს ამბობს და საკუთარ ბიზნესს იწყებს, ნამდვილად რისკავს, თუმცა ეს რისკი გონიერ მეწარმეებს ყოველთვის კარგად აქვთ წინასწარ დათვლილი და შეფასებული. კარგი ანტრეპრენერი არასოდეს მიდის ექსტრემალურ ან გაუმართლებელ რისკზე, პირიქით – როგორც წესი, მათი გადაწყვეტილება ახალი ბიზნესის წამოწყებისა, ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანი ანალიზისა და სიღრმისეული გათვლების შედეგია. არასტაბილური და ქაოსური სამუშაო გარემოც მხოლოდ საწყის ეტაპზე ახასიათებთ სტარტაპკომპანიებს. მას შემდეგ, რაც ბიზნესმოდელი და კომპანიის საოპერაციო სტრუქტურა დაიხვეწება, ყველაფერი მწყობრში დგება და კომპანია ჯანსაღ სამუშაო გარემოში აგრძელებს ზრდასა და განვითარებას.

მითი #3

ანტრეპრენერები აუცილებლად ახალგაზრდები არიან

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ სტარტაპერობა და ანტრეპრენერობა მხოლოდ ახალგაზრდა ხალხის საქმეა, რის გამოც 40-50 წელს გადაცილებული ადამიანები ფიქრობენ, რომ მათთვის შეუფერებელი იქნება ცხოვრების ამ ეტაპზე ახალი საქმიანობის წამოწყება, ამიტომ სტარტაპკომპანიის შექმნისგან თავს იკავებენ. სინამდვილეში კი, მსოფლიოში ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ სწორედ ასაკიანი ადამიანები ხშირად ახალგაზრდა მეწარმეებზე მეტად წარმატებულებიც კი ხდებიან, რადგან მათ უფრო დიდი ცხოვრებისეული და სამუშაო გამოცდილება აქვთ, რომელიც ყოველმხრივ ეხმარებათ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასაკიანმა ადამიანმა წამოიწყოს წარმატებული ბიზნესი, არის ამერიკელი ანტრეპრენერი კოლონელ სანდერსი, რომელმაც ერთ-ერთი უდიდესი სწრაფი კვების ქსელი KFC 62 წლის ასაკში დააარსა.

მითი #4

ანტრეპრენერებს არ სჭირდებათ განათლების მიღება

ამ მითის დაბადებასა და გავრცელებას იმ ფაქტმა შეუწყო ხელი, რომ მსოფლიოში სახელგანთქმულმა რამდენიმე ანტრეპრენერმა, მაგალითად ბილ გეითსმა, სტივ ჯობსმა, მაიკლ დელიმ და მარკ ცუკერბერგმა, უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, მალევე შეწყვიტეს სწავლა სხვადასხვა მიზეზთა გამო და ამის მიუხედავად, უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. თუმცა მაინც არ ღირს ამ ადამიანების და მათი ცხოვრებისეული ისტორიების განზოგადება, რადგან მათ იშვიათ შემთხვევებს თუ არ ჩავთვით, როგორც წესი, ადამიანებს პირიქით – ძალიან ეხმარებათ განათლება წარმატების მიღწევაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს ცოდნა მიღებული აქვთ ბიზნესისადმინისტრირების, მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროებში.

მითი #5

ანტრეპრენერობას ძალიან ბევრი ფული სჭირდება

ბიზნესის დაწყება ბევრისთვის ძალიან დიდ თანხასთან ასოცირდება. არსებობს მოსაზრება, რომ ახალი კომპანიის შესაქმნელად, უდიდესი ინვესტიციის დაბანდებაა საჭირო. გარკვეული საწყისი კაპიტალის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერცერთი მეწარმე ვერ წამოიწყებს ბიზნესს, თუმცა სხვადასხვა კომპანიის საინვესტიციო მასშტაბები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და ყველაფერი თქვენს ბიზნესიდეაზეა დამოკიდებული. შესაძლოა ისეთი იდეა გქონდეთ და იმგვარი ბიზნესმოდელი შეარჩიოთ, რომ სულაც არ დაჯდეს მისი განხორციელება ასტრონომიული თანხა. იმაზე ფიქრსა და ლოდინს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ძალიან დიდი ფულის მფლობელები გახდებით, რომელსაც ბიზნესში დააბანდებთ, სჯობს დაიწყოთ იქიდან, სადაც ამჟამად ხართ და რამდენის საშუალებასაც არსებული ფინანსური მდგომარეობა გაძლევთ. დღესდღეობით წარმატებულმა ბევრმა მულტიმილიონიანმა კომპანიამ, წლების წინ ავტოფარეხში გახსნილი ოფისითა და პატარა ფილიალით დაიწყო საქმიანობა, ხოლო შემდეგ, წლების განმავლობაში, ნელ-ნელა განვითარდნენ და გაიზარდნენ.
***

ზემოთ ჩამოთვლილი მითებისა და მსგავსი მცდარი მოსაზრებების გაგონებისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას შეუძლია გახდეს ანტრეპრენერი და წარმატებასაც მიაღწიოს. აქ ასაკი, იღბლიანობა და მსგავსი ფაქტორები გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. წარმატებული კომპანიის შესაქმნელად, "სუპერძალები" ნამდვილად საჭიროა, თუმცა ისინი ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში აღმოაჩინოს და განავითაროს, ვისაც ანტრეპრენერული მოწოდება და საკუთარი ბიზნესის შექმნის ჟინი აქვს. ნუ დაუჯერებთ მითებს და გახსოვდეთ, რომ თქვენი ბიზნესის დასაწყებად ყველაზე საჭირო "სუპერძალები" გამბედაობა, მონდომება, შრომა და თქვენი საქმის სიყვარულია!

ნინა მენთეშაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან