Get All Access for $5/mo

ოცნება თუ მიზანი? ოცნების ასრულებას მოქმედება სჭირდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ადამიანისთვის ოცნება აუცილებელია. ის იმედისმომცემია, მამოტივირებელი, და ენერგიას გვაძლევს, რომ წინ ვიაროთ. ზოგჯერ, როცა ძალიან დაღლილი, იმედგაცრუებული და დემოტივირებული ხარ, ერთადერთი, რაც გულს გითბობს და ფეხზე წამოდგომის ძალას გაძლევს, სწორედაც რომ ოცნებაა (სამყაროს შეცვლის, ბედნიერების, თვითრეალიზების ან სხვა "დიდი ოცნება").

თუმცა, ოცნებას ერთი დიდი გაუგებრობა ახლავს: ოცნების ასრულებას მოქმედება სჭირდება. მოქმედებას კი შენი გონება, ტვინი განაგებს. ტვინი კომპიუტერია, ძალიან ძლიერი და სწრაფი კომპიუტერი. და მას არ ესმის ოცნებების. იმისათვის, რომ ტვინმა იმოქმედოს, მას ალგორითმი სჭირდება, სამოქმედო გეგმა, დავალებების ჯაჭვი, რომელსაც ის მიყვება და შეასრულებს. ოცნებას კი ეს ალგორითმი ინსტრუქციად არ მოყვება.

თუ დაუკვირდები და ნებისმიერ ოცნებას გაიხსენებ, მიხვდები, რომ ის ძალიან ზოგადი ფორმულირებით გაქვს შენახული მეხსიერებაში:

"მინდა ჩემი სახლი"

"მინდა წარმატებული ვიყო"

"ვოცნებობ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე"

"მინდა ოდესმე ავიდე მყინვარწვერზე"

ასეთია ოცნებების სტანდარტული ფორმულირება. ოცნებისას თითქმის არასოდეს ვეკითხებით საკუთარ თავს: როგორი სახლი მინდა და როდის? რამდენია საჭირო ფინანსური დამოუკიდებლობისთვის? რას ნიშნავს "წარმატება"? ან სულაც, კონკრეტულად როდის მინდა მყინვარწვერზე ასვლა და ფეხით ავიდე თუ ვერტმფრენით რომ მიმიყვანონ, დავთანხმდებოდი?

კითხვების ასეთი ნაკლებობა, როგორც ყოველთვის ჩვენი ქვეცნობიერი "მე"-ს ხრიკებია თავის დასაცავად. ლოგიკა ასეთია: ოცნება თუ ზოგადი დარჩება, ჩვენ ხომ ვერასდროს ავისრულებთ მას ჯეროვნად? ყოველთვის იქნება ეჭვი, რომ ბოლომდე არ ასრულდა (ან დროზე არ ავედი მყინვარწვერზე, ან ნახევრად წარმატებული ვარ ან ფინანსური დამოუკიდებლობა არ გამოვიდა, რადგანაც ჩემი ხარჯები გაიზარდა). ჰოდა, თუ ვერ ავასრულებთ, ეს საოცარი მამოტივირებელი ძალა სამუდამოდ ჩვენი იქნება. ამიტომ, ჩვენი ქვეცნობიერი

თითქოს ცდილობს, ოცნებების ასრულება მაქსიმალურად გადაავადოს და მუდამ ისეთი შეგრძნება გვქონდეს, რომ წკიპზე ვართ და სადაცაა, ჩავავლებთ ხელს ფორტუნას.

ასეთი ხრიკები ჩვენში იწვევს პარალიზებას და ასე ვაგრძელებთ აბსტრაქტული ოცნებების დევნაში გაურკვეველი მიმართულებით მოძრაობას, მერე კი შედეგებით უკმაყოფილონი ვართ ხოლმე. თუ ამ ციკლის დარღვევა და რეალურ შედეგებზე გასვლა გვინდა, ოცნებები უნდა "გადაითარგმნოს" ტვინისთვის გასაგებ ენაზე: ოცნება უნდა დაკონკრეტდეს და გარდაიქმნას მიზნად. ჭკვიან მიზნებად, რომელსაც სამოქმედო გეგმაც მოყვება და იმდენად ზუსტი ალგორითმი, რომ ქვეცნობიერს ყოველთვის ესმის, რა, როდის და რატომ უნდა გააკეთოს.

მოკლედ, დავასრულებ ამ შესავალს და პოეზიიდან გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ერთი წლის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული გაცვლითი პროგრამით, შტატებში რამდენიმე კვირა გავატარე ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანების გარემოცვაში (ამ პროგრამაზე მიღება მომავალი წლისთვის ისევ იგეგმება, პროგრამას ჰქვია YTILI). ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი რამ, რაც მენტორებისგან გავიგე, SMART-მიზნების შემუშავების პრინციპია. ეს პრინციპი ძალიან დამეხმარა ჩემი ოცნებების გარდაქმნაში მიზნებად და ძალიან მეხმარება ამ მიზნებისკენ სწრაფვაში. ქვემოთ ავხსნი, რას ნიშნავს SMART–მიზანი და როგორი უნდა იყოს მიზანი იმისათვის, რომ მისი მიღწევა მაქსიმალურად ხელშესახები გახდეს. იმედი მაქვს, ეს პრინციპი შენც ისევე გამოგადგება, როგორც მე. უპირველეს ყოვლისა, დაწერე ერთი რომელიღაც "ოცნება" და შემდეგ შეუყევი სიას, რომელსაც ქვემოთ მოვიყვან. დაამატე ამ ოცნებას მეტი ინფორმაცია, რომ გარდაქმნა ჭკვიან მიზნად. დავიწყეთ.

S – Specific: მიზანი უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და დეტალური. აქ უნდა ჩამოწერო მეტი დეტალი შენი მიზნის შესახებ. პასუხი უნდა გასცე ისეთ კითხვებს, როგორიცაა: ვისი დახმარება იქნება საჭირო მიზნის მისაღწევად? რას მოიტანს კონკრეტულად ამ მიზნის მიღწევა? რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი? და მთავარი – რაც შეიძლება დეტალურად აღწერე, რატომაა ამ მიზნის მიღწევა მნიშვნელოვანი პირადად შენთვის.

M – Measurable: იმისათვის, რომ მიზნის მიღწევისას ეჭვი არ გაჩნდეს, მივაღწიეთ თუ არა მას, მიზნის შედეგის გაზომვა შესაძლებელი უნდა იყოს. დაფიქრდი და ჩამოწერე წარმატების რაოდენობრივი კრიტერიუმები. მარტივად რომ ვთქვათ, დაწერე, რა ხელშესახები და თვლადი შედეგები ექნება ამ მიზნის მიღწევას (მაგალითად: თვეში სტაბილურად X-ლარიანი შემოსავალი ან დღეში საშუალოდ 5 შესრულებული ამოცანა, ან სამი სელფი მყინვარწვერიდან, ერთი მარტო გადაღებული და ორი ჯგუფური). ეს ინფორმაცია ბევრად ხელშესახებს გახდის მიზნისკენ სწრაფვის პროგრესსაც და მიღწეული მიზნის მტკიცებულებასაც გააჩენს.

A - Achievable (ან ჩემი ვერსია: Actionable): აქ უნდა ჩამოწერო, რა სახის ნაბიჯების გავლა დაგჭირდება ამ მიზნის მისაღწევად (ანუ რა ამოცანებისგან შედგება მიზნისკენ გზა). ეს არის ზუსტადაც ის "ინსტრუქციები", ალგორითმი, რომელიც შენი ტვინისთვის ამ მიზანს ბოლომდე გასაგებს გახდის. შეეცადე, მაქსიმალურად დეტალურად ჩამოაყალიბო ეს ნაბიჯები.

R – Relevant: მიზანიც და ოცნებაც ხშირად დაკავშირებულია უფრო გლობალურ სურვილებთან და მოთხოვნებთან (ან სხვა მიზნებთან და ოცნებებთან). აქ უნდა ჩამოწერო, ეს მიზანი რასთანაა კავშირში და რა ხდის მას "რელევანტურს". ზოგჯერ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მის მიღწევას აზრი ეკარგება, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით და ბოლომდე ვიბრძვით მისთვის. ბოლოს კი ვხვდებით, რომ ტყუილად დავხარჯეთ დრო და ენერგია. ჩამოწერე, რა ხდის შენს მიზანს "საჭიროს" და რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ამ მიზნის მიღწევა უსარგებლო. ეს ინფორმაცია ხშირად გამოგადგება იმის შესამოწმებლად, სწორად მიდიხარ თუ არა.

T - Time-bound: არანაკლებ მნიშვნელოვანია მიზნის დროსთან დაკავშირება. მიზანს დროის განზომილება თუ არ აქვს, ის ყოველთვის აბსტრაქტული ოცნებების სიაში იქნება. დაფიქრდი და რეალისტურად დაწერე, როდის შეიძლება ამ მიზანს მიაღწიო (ან როდის გინდა, რომ მიაღწიო). დაუწესე საკუთარ თავს "დედლაინი" და ტვინი ბევრად უკეთ დაალაგებს საჭირო მოქმედებების ალგორითმს, რადგანაც ცნობილია, რომ ადამიანი უკეთ მუშაობს, როცა იცის, რა დროში აქვს შესასრულებელი ესა თუ ის ამოცანა.

ამ კომპონენტების ჩამოწერის შემდეგ, გაიაზრე შენი ოცნების პირველადი ვერსია და შეეცადე, მისი "გადათარგმნილი", კონკრეტული ფორმულირება დაწერო. თვითონვე მიხვდები, რამდენად ზუსტი და ქმედითი გახდება შენი მიზანი. ჩემი აზრით, მიზანი ზუსტადაც რომ "დაკონკრეტებული" და "დამიწებული" ოცნებაა, შესაბამისად − ბევრად ეფექტიანი და სასარგებლო.

ავტომრბოლელებს ერთი საინტერესო თვისება აქვთ გამომუშავებული, რომელიც რბოლისას ძალიან ეხმარებათ: tunnel vision (ქართულად ალბათ "გვირაბის ხედვა" ჰქვია). ეს ის ფენომენია, როდესაც პერიფერიული ხედვა იბინდება და წინ, თვალსაწიერის ცენტრში ყველაფერი ბევრად მკვეთრი და გამოკვეთილი ხდება. ამგვარად, მრბოლელის ფოკუსირების დონე იზრდება და მას ბევრად სწრაფად შეუძლია რეაგირება მოვლენებზე. ანტრეპრენერისთვის მსგავსი თვისების გამომუშავება ბიზნესსა და თვითგანვითარებაში, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ამ თვისების გამომუშავება კი გამორიცხულია, თუ მხოლოდ ოცნებებით ვიმოძრავებთ წინ, მიზნების გარეშე. დიდი მადლობა, რომ ეს ნაწერი ბოლომდე წაიკითხე. იმედი მაქვს, ჩემი რჩევები გამოგადგება და თუ ჩემთვის რჩევის ან კრიტიკის გაზიარება მოგინდება, მომწერე სოციალურ ქსელში ან გააზიარე ეს სტატია და მომნიშნე.

გისურვებ მიზნების მიღწევას და პროცესით სიამოვნების მიღებას.

ნიკოლოზ გოგოჭური

VRex - ის თანადამფუძნებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან