Cyber Week Sale! 50% Off All Access

პენსიაში ადრე გასვლაზე ფიქრობთ? - ეს გზა სცადეთ მეტისმეტად დიდი თანხით ნუ დაიწყებთ (დიახ, ამას დაბეჯითებით გირჩევთ)

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ოდესმე თუ გადაგიხედავთ თქვენი ფინანსებისთვის იმის დასადგენად, თუ როდის შეძლებთ პენსიაში გასვლას? ამის გამოსათვლელად უამრავი სხვადასხვა გზა არსებობს, რომელიც სრულიად ნათლად დაგანახებთ თქვენს მდგომარეობას. თუმცა, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ თქვენი შემოსავალი არც ისე სწრაფად იზრდება, როგორც თქვენ ისურვებდით.

ერთი კარგი ახალი ამბავი უნდა შეგატყობინოთ: ფინანსური თავისუფლების მოსაპოვებლად წლების განმავლობაში ლოდინი, პენსიაზე დროულად გასასვლელად, სულაც აღარ დაგჭირდებათ. პენსიაზე ადრე გასვლის ერთ-ერთი პოტენციური გზა, ონლაინბიზნესის დაწყებაა. თუ ამას სწორად გააკეთებთ, შესაძლოა, თქვენი შემოსავალიც მნიშვნელოვნად შეცვალოთ და ცხოვრების წესიც.

მაგალითად, Amazon-ის გაყიდვები ასტრონომიული სიჩქარით იზრდება, და თანხის ნახევარი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე მოდის. მაგრამ ამ წარმატებულ კომპანიათა შორის ისეთიც ბევრია, რომლებიც კრახით ასრულებენ თავის არსებობას.

ქვემოთ, ონლაინბიზნესის მფლობელთა ყველაზე გავრცელებულ შვიდ შეცდომაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც თქვენ არ უნდა დაუშვათ.

შეცდომა N1: ბაზრის გამოგონების მცდელობა

ბევრი ანტრეპრენერი მინახავს, რომელიც ისეთი პროდუქტის წარმოების იდეით იწყებს ბიზნესს, რომელიც ბაზარზე საერთოდ არ აქვს გამოცდილი. მათ თავიანთი იდეა სრულიად ფანტასტიკურად მიჩნიათ და დიდ დროსა და ფულს ხარჯავენ პროდუქტის დამუშავებასა და წარმოებაში. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ მათ გარდა, ამას სხვა არავინ აკეთებს.

თუ თქვენი მთავარი მიზანი შემოქმედებითი აზროვნების გამოვლენაა, ამისთვის საუკეთესო საშუალება მომგებიანი ელექტრონული კომერციის ბიზნესის წამოწყება და ისეთი პროდუქტის კატეგორიის მოძებნაა, რომელიც უკვე პოპულარულია. შესაძლოა, Amazon-ზე არაფერს ყიდით, მაგრამ მისი პროდუქტების გვერდებზე ბესტსელერების რეიტინგს მაინც გადახედეთ (BSR), რომ ნახოთ თუ როგორ მუშაობს პროდუქტი, რომელიც თავის კატეგორიაში პირველ ადგილზე დგას ბესტსელერების სიაში. მოძებნეთ პროდუქტები, რომლებიც 100-დან 6000 კატეგორიაში არიან ბესტსელერები, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად იყიდება, მაგრამ დიდად კონკურენტუნარიანები არ არის.

შეცდომა N2: სხვისი ბრენდის გაყიდვა

საკუთარი პროდუქტის შექმნაზე წვალებას, ერთი შეხედვით, თითქოს სხვა მწარმოებლის და თან ბრენდირებულის გაყიდვა სჯობს. შესაძლოა, ეს გზა მართლაც გაცილებით მარტივი ჩანდეს, რადგან თქვენი კონკურენტებიც ხომ ზუსტად ამგვარ პროდუქტებს ყიდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მათ მხოლოდ ფასით გაუწევთ კონკურენციას, და შედეგად, თქვენი შემოსავალი საუკეთესო შემთხვევაში, საკმაოდ დაბალი იქნება.

ნაცვლად ამისა, საკუთარი ბრენდის შექმნაზე უნდა დაიწყოთ ზრუნვა. უამრავი მწარმოებელი თქვენი "პირადი ეტიკეტის" გამოყენების საშუალებას მოგცემთ Alibaba.com-ზე საკუთარი არაბრენდირებული პროდუქციის გასაყიდად, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ისინი თქვენი სახელით შეფუთოთ და გაყიდოთ კიდეც (კიდევ უფრო ნათლად რომ ვთქვა, თქვენ არ უნდა გააყალბოთ და იურიდიულად ვერც შეძლებთ სხვისი უნიკალური პროდუქტის გაყალბებას, მაგრამ ნამდვილად შეგიძლიათ არაბრენდირებული პროდუქტის საკუთარი ვერსიების წარმოდგენა − სხვადასხვა საბაზისო ხელსაწყოებით დაწყებული, რთული ელექტროტექნიკით დამთავრებული). თქვენი ბიზნესი კონკურენტებისგან სწორედ ამით განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს პროდუქტებს ყიდით. როდესაც საკუთარი ბრენდის მფლობელი ხართ, თქვენი შემოსავალიც გაცილებით მაღალია, უფრო მეტადაც აკონტროლებთ ვითარებას და ფასეულ ბიზნესსაც ქმნით, რომელსაც თუ მოისურვებთ, მოგვიანებით მომგებიანად გაყიდით.

შეცდომა N3: ყველაზე იაფი პროდუქტის არჩევა

ადამიანთა უმრავლესობა პროდუქტის ყველაზე იაფ ვერსიას ირჩევს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ თუ დაბალი ხარისხის პროდუქტს გაყიდით, ხელმეორედ არავინ მოინდომებს მის ყიდვას, არც გაყიდვა გექნებათ, არც რეფერალები და არც დადებითი შეფასებები, რომლებსაც მარკეტინგში გამოიყენებთ. ეს ყველაფერი საბოლოოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი მომგებიანი არ იქნება.

მაგალითისთვის, მობილური ტელეფონების ავტომობილის მაგნიტური სამაგრი განვიხილოთ, რომელიც $30-ად იყიდება. ხშირად, ყველაზე დაბალი ხარისხის ვერსიასა და საუკეთესოს შორის, მხოლოდ ერთი ან ორი დოლარია განსხვავება. განსაკუთრებით, თუ ის ჩინეთიდან მოდის. ეს თქვენი მოგების კოეფიციენტზე დიდ გავლენას არ მოახდენს, მაგრამ შესაძლოა, იმან, თუ როგორ დახარჯავთ ამ თანხას, თქვენს ბიზნესზე მოახდინოს გრძელვადიანი გავლენა.

ამასთან, ნუ ვიფიქრებთ, რომ პროდუქტი მხოლოდ იმიტომაა უფრო მაღალი ხარისხის, რომ მეტი ღირს. როდესაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობთ, თუ რა უნდა გაყიდოთ ინტერნეტით, კონკურენტი პროდუქტების მიმოხილვებსაც გადახედეთ, რომ გაარკვიოთ, რა მოსწონს ხალხს და რა არა. ყველა მოლოდინს რომ გადააჭარბოთ, რამდენიმე ბესტსელერი შეუკვეთეთ, რომლებსაც კონკურენციას გაუწევთ. შემდეგ მომწოდებლებს გადახედეთ Alibaba-ზე, პროდუქტის ფოტოების გადაღება სთხოვეთ და რამდენიმე ნიმუშში გადაუხადეთ კიდეც, ვიდრე საბოლოოდ არ შეარჩევთ პროდუქტს, რომელიც ბაზარზე არსებულივით კარგი ან კიდევ უკეთესიც კი იქნება.

შეცდომა N4: მეტისმეტად ბევრი თანხის დახარჯვა

ანტრეპრენერებზე რაღაც საშინელი ისტორიებიც მსმენია. კერძოდ, თუ როგორ ხარჯავენ ისინი ცუდ პროდუქტზე, რომელიც არ იყიდება, $40 000-ს და როგორ ვერ აღწევენ ვალებს თავს. თუ ამ რაოდენობის თანხის სასწორზე დასადებად არ ხართ მზად, არც ამ ღირებულების ინვენტარი უნდა შეუკვეთოთ, თუ ამის ლოგიკური საფუძველი არ გაქვთ.

ჩვენ ასობით ონლაინკომპანიას ვუწევთ კონსულტაციებს და აღმოვაჩინეთ, რომ ისინი საწყისი მარაგების შექმნაზე საშუალოდ $1200-ს ხარჯავენ. მხოლოდ პროდუქტის პირველ პარტიის გაყიდვის შემდეგ შეგიძლიათ მოგების გაცილებით დიდ მარაგებში ინვესტირება, როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენი იდეა წარმატებით მუშაობს. თუ ბიზნესის დაწყებას ვერ ახერხებთ რამდენიმე ათასი დოლარით ან მეტით, მაქსიმუმ $10 000-მდე, სავარაუდოდ, რაღაცას არ აკეთებთ სწორად.

შეცდომა N5: მარკეტინგის მნიშვნელობის არასათანადოდ შეფასება

ადამიანთა უმრავლესობა მთელ თავის დროსა და ძალისხმევას პროდუქტის სრულყოფას, თავისი ბიზნესის ორგანიზებას, Amazon-ზე პროდუქტის გვერდისა და ვებგვერდის შექმნას უთმობს. ამიტომ, როდესაც მარკეტინგზე ზრუნვის დრო დგება, საკმარისი ენერგია აღარ აქვთ, გულხელდაკრეფილები ელოდებიან სასწაულს, მაგრამ ნამდვილი საქმე სწორედ ამ ეტაპზე იწყება.

საკმაოდ ბევრის გადატანა მოგიწევთ, ვიდრე საბოლოოდ არ გაგიმართლებთ და წარმატებას არ მიაღწევთ, და ამან გული არ უნდა გაგიტეხოთ, არც მეტისმეტად დიდი ინვესტიცია უნდა განახორციელოთ. უპირველესად, მარკეტინგის სხვადასხვა სტრატეგია სცადეთ, რომ გაარკვიოთ, რომელი მათგანია ეფექტური თქვენ შემთხვევაში. გამოცდა მცირე მასშტაბებით, Facebook-ზე (და Amazon-ზე, თუ Amazon-ზე იწყებთ ბიზნესს) რეკლამით უნდა დაიწყოთ და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგის მისაღებად $200-ის გადახდის შესაძლებლობაც უნდა გქონდეთ. ამის შემდეგ კი, ნელა-ნელა გააფართოვოთ თქვენი საქმიანობა. იმას მოჰკიდოთ ხელი, რაც ყველაზე მეტად ამართლებს.

როდესაც ახალი პროდუქტის გამოსაცდელად იქნებით მზად, მთლიანად თქვენზე იქნება დამოკიდებული, რა გზას აირჩევთ მისი რეკლამისთვის. თუ ანალიტიკური აზროვნება გაქვთ, შესაძლოა უფრო მეტად რეკლამების ოპტიმიზაცია მოგეწონოთ. თუ შემოქმედებითი − შესაძლოა, უკეთ სოციალური ქსელები ან ქონთენთ-მარკეტინგი გამოგივიდეთ.

შეცდომა N6: პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრა

ბევრმა ანტრეპრენერმა სწორად უნდა განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტები. მაგალითად, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამდენ ადამიანს იზიდავს თქვენს ვებ ან Amazon-გვერდებზე თქვენი მარკეტინგი, თუ ის საკმარისად ძლიერი არ არის და მათი მომხმარებლად გადაქცევა არ შეუძლია. თქვენს პრიორიტეტად ხარისხიანი პროდუქტის მოძებნა დაისახეთ, შემდეგ კი − სოლიდური ვებგვერდის შექმნა. მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადახვიდეთ სხვა მარკეტინგული კამპანიების ტესტირებაზე, როცა ამ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით და რეკლამის სფეროშიც მიაღწევთ წარმატებას.

შეცდომა N7: მასშტაბების მეტისმეტად სწრაფად გაზრდა

როგორც კი საქმე კარგად წავა, შესაძლოა იფიქროთ, რომ უკვე ღირს ახალი პროდუქტების, უარეს შემთხვევაში კი, ახალი ბრენდების დამატება. ახალი ბრენდის გაშვება თითქმის ყოველთვის შეცდომაა, რადგან ამ შემთხვევაში თქვენი გამოცდილების გარდა, ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გაქვთ. თქვენს კლიენტებს ახალ პროდუქტს ვერ მიჰყიდით და ამიტომ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგიწევთ.

ბიზნესის სწრაფად გაზრდაზე ყველა ოცნებობს, ეს ადამიანის ბუნებაა, მაგრამ თავდაპირველად, ნიადაგი უნდა მოსინჯოთ და მხოლოდ შემდეგ "შეტოპოთ ღრმად". ახალი პროდუქტის დამატებამდე, მარკეტინგული მცდელობები ორჯერ მაინც უნდა გააძლიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი პროდუქტი გაგისხლტებათ თვალთახედვის არედან, რომელიც არც ისეთი სტაბილურია, როგორც თქვენ ფიქრობთ. თუ ერთდროულად ძალიან ბევრი პროდუქტის მართვას ცდილობთ, შესაძლოა მთელი თქვენი ბიზნესი ჩამოიშალოს.

ბიზნესის მასშტაბის გასაზრდელად, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ იქნებით მზად, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი შედეგები გექნებათ. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე გაუთავებელი ბრძოლის დასრულებაა, ამიტომ, უპირველესად, იმაზე უნდა იზრუნოთ, რომ თქვენმა ბიზნესმა შეუფერხებლად იმუშაოს. თუნდაც გაზრდას გეგმავდეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც ამ ეტაპს მიაღწევთ, უნდა შეჩერდეთ და სათანადოდ აღნიშნოთ ეს მოვლენა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე პენსიაზე ვადამდელი გასვლის გზაზე ხართ.