📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

პირადი ცხოვრების ბიზნესად გარდაქმნის ხელოვნება

By Jason Piper

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლუის ჰაუსმა უზარმაზარი (და უზომოდ მომგებიანი) პერსონალური ბრენდი შექმნა ისე, რომ ახლო პირადი ურთიერთობები დაამყარა თავის აუდიტორიასთან. რა არის მისი საიდუმლო? − თქვენი ისტორიის კიდევ და კიდევ ერთხელ გადაწერა ნუ შეგეშინდებათ.

ნებისმიერმა, ვისაც ვებგვერდი აქვს, იცის, რომ ნაწილი "ჩვენ შესახებ" ყველაზე რთული დასაწერია. ის სწრაფად ხდება ნამდვილი თავსატეხი. საკუთარ თავზე... დაწერა? ყველაფერი ჩემ შესახებ? ყველაზე საინტერესო რამ ჩემზე? არა, ბოლოსდაბოლოს ხვდები, რომ ეს გვერდი ნამდვილად არ არის ჩემზე.

საუბარია ჩემს იმ ნაწილზე, რომელიც მკითხველთანაა დაკავშირებული. ამ ვებგვერდზე ვიღაც იმის გამო შევიდა, რომ რაღაცას ეძებდა და აღმოაჩინა, რომ თქვენ გქონდათ პასუხი. იქნებ ექსპერტი ხართ, ან კიდევ მომსახურების მიმწოდებელი. ამიტომ, თქვენი ამოცანაა ისტორიაზე საუბარი, რომელიც თქვენს აუდიტორიას ნდობას გაუზრდის იმის მიმართ, რასაც სთავაზობთ. ეს თქვენს მიზანზე მიანიშნებს. ეს უბიძგებს ვინმეს თქვას: "სწორედ ამას ვეძებდი".

როგორ უნდა უამბოთ მათ ეს ისტორია?

როგორ და კარგად. კარგი მაგალითით შეგიძლიათ დაწყება, LewisHowes.com-ზე გადადით და დააჭირეთ ნაწილს "ჩვენ შესახებ".

ვინ არის ლუის ჰაუსი? აი, როგორ გამოიყურება მისი "ვიკიპედიის" სტილის უსიცოცხლო ვერსია, რომელსაც ლუისის გვერდზე ვერ ნახავთ: ლუის ჰაუსი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა გამოიგონა მარკეტინგის ექსპერტის სახით და შემდეგ პერსონალური ბრენდი შექმნა იმის მიხედვით, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ადამიანებმა ფინანსურ წარმატებას. შემდეგ კი, ხელახლა გამოიგონა საკუთარი თავი ადამიანის სახით, რომელიც სხვებს ეხმარება სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. ამავე დროს, ორი ბესტსელერიც დაწერა (ახლა კიდევ ახალი გამოჩნდა − "როგორ გახდე გენიალური"), რომელიც პოდკასტების სათავეში მოექცა მისი შოუთი "გენიალობის სკოლა" და სადღაც იქ, მისი სახელი მილიონობით ადამიანისთვის გახდა ცნობილი.

მაგრამ ამის შემდეგ იგი ისტორიას ჰყვება თავის ვებგვერდზე: ჰაუსი თხრობას იწყებს იმით, რომ ის "ერთი მოუხერხებელი ბიჭი იყო ოჰაიოდან" და რომ ყველაფერი 2001 წლის 11 ოქტომბერს შეიცვალა. ჰაუსი კოლეჯში თამაშობდა ფეხბურთს და პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერაზე ოცნებობდა. მაგრამ იმ ღამეს გაიგო, რომ მამამისი − "ჩემი ყველაზე დიდი ფანი და ჩემი უდიდესი მოკავშირე" − საშინელ ავტოავარიაში მოჰყვა, რის გამო კომაში ჩავარდა. ლუისის მამა სულ სხვა ადამიანი გახდა და ამას უფრო მეტი დანაკარგი მოჰყვა.

ჰაუსი მართლაც აიყვანეს Arena Football League-ში, მაგრამ ერთი წელიწადიც არ იყო გასული, რომ ტრავმამ დაასრულა მისი წარმატებული სპორტული კარიერა. "ამ ამბავმა მთლიანად გამტეხა, გამანადგურა და დამთრგუნა", − წერს იგი. შემდეგ ნელ-ნელა დადგა ფეხზე... ჰაუსმა ათ წელიწადზე მეტი მოანდომა ამ ამბის ამა თუ იმ ვერსიის მოყოლას. თავიდან იწყებდა, შემდეგ გადახედავდა, მაგრამ აი, რა არის მთავარი: მაშინ მისი ისტორია ფეხბურთის თამაშისას მიღებული ტრავმით იწყებოდა, მამამისი იქ არასოდეს ფიგურირებდა.

"იმიტომ, რომ რაღაც ასეთს ვფიქრობდი: "არ ვიცი, აქვს თუ არა ამას რაიმე მნიშვნელობა", − ამბობს ჰაუსი.

ამ დროს, ასე ნამდვილად არ იყო და ასე დიდხანს არ უფიქრია. ისტორია ერთმანეთის გაგების საშუალებაა ჩვენი ფასეულობების სხვებისთვის გადაცემის გზით. ისტორია კი, რომელსაც საკუთარ თავზე ჰყვებით, როგორც მარკეტინგის ექსპერტი, არ არის იგივე ისტორია, რომელსაც საკუთარ თავზე ჰყვებით, როგორც შთამაგონებელ პოდკასტერზე − თუნდაც, ორივე ამბავი სიმართლე იყოს და ერთი და იგივე ცხოვრებიდან აღებული. "მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ხელახლა უნდა გამომეგონებინა ჩემი თავი", − ამბობს ჰაუსი, − "საკუთარი თავის ხელახალი გამოგონება პირადად ჩემთვის იმას ნიშნავს, რაც პირადად მე მიმაჩნია სიმართლედ. მაგრამ ასევე, პირადი ბრენდის ხელახლა გააზრებასაც მასებისა და საზოგადოებისთვის, რომლის მოზიდვასა და შექმნას ვცდილობ ჩემი მისიითა და საკუთარი ხედვით".

და მან იცის, რომ ყოველი ხელახალი გააზრება განახლებულ ისტორიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჰაუსმა სამი განსხვავებული ადამიანი დაიქირავა, რომლებიც ამ ამბის დახვეწაში ეხმარებიან. ლუისი მათ $5000-იდან $10 000-მდე უხდის. ისინი მის გვერდით სხედან, ზოგჯერ მთელი დღეების განმავლობაშიც კი, და მთელ მის ცხოვრებას ნაწილებად შლიან, წებოვან ჩასანიშნ ფურცლებზე წერენ და კედელზე აკრავენ. ისინი მნიშვნელოვან შეკითხვებს სვამენ, როგორიცაა: ვინ ხარ შენ? რა გსურს სამყაროს აჩვენო?

ბოლო სესია ოთხი წლის წინ შედგა, როდესაც ის ცდილობდა გაერკვია, როგორ გაეფართოებინა თავისი აუდიტორია. მანამდე ვიწრო წრეში წარმოაჩენდა საკუთარ თავს: "ყველაფერს ვაკეთებდი გასამარჯვებლად და წარმატების მისაღწევად", − ამბობს იგი. მაგრამ მას მეტი სურდა. მას სურდა გამხდარიყო ადამიანი, რომელიც სხვებს უფრო დიდი წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა.

სწორედ აქ დაამყარა კავშირი თავის მამასთან და შემდეგ მასთან ურთიერთობა ჩართო თავის ისტორიაში. რადგან, როგორც ჰაუსმა გააცნობიერა, მამამისის უბედურმა შემთხვევამ განაპირობა ის, რომ მან საკუთარი გზა უფრო სწრაფად მოძებნა. ჰაუსის მამა სადაზღვევო აგენტი იყო, სიცოცხლეს აზღვევდა და შვილს უთხრა, რომ ამ სფეროში ყოველთვის მოიძებნებოდა მისთვის ადგილი, თუ მოგვიანებით მოისურვებდა. მაგრამ მათმა ოჯახურმა ბიზნესმა არსებობა შეწყვიტა, რადგან მამამისი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ბუნებრივია, ჰაუსი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას დამოუკიდებლად უნდა ეპოვა საკუთარი გზა.

"ვისურვებდი, მამას ასეთი რამ არ გადაეტანა. ნამდვილად მინდოდა, ეს 17 წელიწადი ჩემი მენტორი ყოფილიყო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ცხოვრების აზრი ამ შემთხვევამ მაპოვნინა", − ამბობს ჰაუსი, − "და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამის წყალობით მთლიანად გამოვიყენე ჩემი შესაძლებლობები, რათა მაქსიმალური შედეგები მიმეღო. ასე რომ, ეს მარტივი რამაა: როგორ შემიძლია სხვა ადამიანებს დავეხმარო სირთულეების გადალახვაში, რათა უკეთესები გახდნენ?"

ნახეთ, რას აკეთებს ჰაუსი? ის თავის ისტორიას ჰყვება, მაგრამ ამავე დროს, − ზოგადად ისტორიასაც. ეს ისტორია მასზეც მოგვითხრობს და ამავე დროს იმაზეც, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას თქვენთვის. ის წინასწარ არის მომზადებული და სრულიად მიზანმიმართულია. მაგრამ ამასთან, ადამიანურიცაა და გულწრფელიც. ეს არის წონასწორობა, რომლის მიღწევა ძნელია და რომელიც შესაძლოა უცხო და უსიამოვნოც კი იყოს მათთვის, ვისაც ეს აქამდე არ გაუკეთებია. როგორ აქსოვთ თქვენს პირად გულწრფელობას პროფესიულ განზრახვებში?

როგორ ყიდით ადამიანურ კავშირებს?

ვეკითხები ჰაუსს. ის სრულიად სწორხაზოვანია და ამბობს − შეხედეთ, ნებისმიერი ანტრეპრენერი გადავსებულ ბაზარში მუშაობს. თუ თქვენ რაიმე პროდუქტს ყიდით, ბევრი კონკურენტი მის რომელიღაც სხვა ვერსიას ყიდის. თუ თქვენ იდეებზე მუშაობთ, სხვებიც გამოთქვამენ მსგავს იდეებს. "აქ არც ისე ბევრი არენაა სათამაშოდ", − ამბობს ის, − "ეს მართლაც ორიგინალური აზრია? ეს მართლაც ორიგინალური იდეაა? მე ანტრეპრენერი ვარ და ყოველთვის სტრატეგიულად ვფიქრობ: როგორ უნდა გავხდე ლიდერი ინდუსტრიაში, რომელშიც ვმუშაობ, გზავნილების გაცვლით, მარკეტინგითა და ბრენდირებით?"

ის თავის ყოფილ სარეკლამო აღმასრულებელ სალი ჰოგსჰედთან საუბარს იხსენებს, და მის ფრაზას: "უკეთესს განსხვავებული სჯობს". ჰაუსი ამან დააფიქრა − იმის მაგივრად, რომ ყველაფერში საუკეთესო იყო, რა მოხდება, თუ მხოლოდ სხვებისგან თავის გამორჩევაზე გაამახვილებ ყურადღებას?

"ვკითხე: კეთილი, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ის, რის გაკონტროლებაც შეგვიძლია?" − ამბობს ის.

თქვენ ვერ გააკონტროლებთ, რას გააკეთებენ სხვები, ან რას იტყვიან, ან თქვენზე უკეთ რას შეძლებენ. თქვენ მხოლოდ ის შეგიძლიათ, საკუთარი თავი და გამოცდილება გააკონტროლოთ და შესაბამისად, უკეთესი გახადოთ. რასაც ამ სამყაროს აძლევთ, და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიაა, რომელსაც მასზე ჰყვებით, რაც სინამდვილეში იმის ახსნაა, თუ რატომ უნდა აღელვებდეს ვინმეს ის.

ეს პირადულზე გადასვლას ნიშნავს. რაც არ არის ადვილი. ჰაუსმაც იცის რაღაც ამის შესახებ.

თავდაპირველად, ჰაუსს მარტივი მისია ჰქონდა: "მიზანი − ფულის გამომუშავება იყო".

ეს 2007 წელს ხდებოდა. მისი საფეხბურთო კარიერა ტრავმამ შეიწირა. მთლიანად განადგურებულს თავისი დის დივანზე ეძინა და მდგომარეობიდან გამოსასვლელად გარკვეული გზა სჭირდებოდა. ამიტომ სპორტული მარკეტინგის სფეროში მიღებული ხარისხი გამოიყენა, ქსელური ღონისძიებების მასპინძლობით დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით და საბოლოოდ, ონლაინმარკეტინგის ბიზნესი შექმნა, რომელიც 2010 წლისთვის $500 000-ს აღემატებოდა წლიური გაყიდვებით. ამან სხვა შესაძლებლობები გაუხსნა: პარტნიორული მარკეტინგი, დასვენების დღეებზე გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება. და იგი პიროვნებად ჩამოყალიბდა. ის იყო მარკეტოლოგი, რომელიც მეტაფორებით საუბრობდა და კომპანია Inspired Marketing-ის თანადამფუძნებელი გახდა.

მაგრამ 2012 წელს, როდესაც ჰაუსი 30 წელს მიუახლოვდა, ბიზნესპარტნიორთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოებამ დიდი შეკითხვები გაუჩინა. "საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რის კეთება მინდა სინამდვილეში ახლა, როდესაც ცოტაოდენი ფული მაქვს. რა უნდა იყოს ისეთი, რის ყოველდღე კეთებაც ამაღელვებელი იქნებოდა ჩემთვის?", − ამბობს ის. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არ იყო ონლაინმარკეტინგი. ასე რომ, მან თავის ბიზნესპარტნიორს მიჰყიდა საკუთარი წილი Inspired Marketing-ში და გადაწყვიტა, ერთი წლის განმავლობაში პოდკასტერობა ეცადა. ჰაუსს იმ დროს ცოტა ონლაინმიმდევრები ჰყავდა, ამიტომ შეეჯახა შეკითხვას: როგორ უნდა ვუბიძგო ვინმეს მოუსმინონ?

"ინტერნეტმარკეტინგიდან ვისწავლე, რომ ნამდვილად უნდა მომესმინა, თუ რა სახის პრობლემები ჰქონდათ ადამიანებს და რა იყო მათი მტკივნეული წერტილები", − ამბობს ის. მის პირველ ეპიზოდში ბესტსელერის ავტორი რობერტ გრინი იღებდა მონაწილეობას, რომლის სპეციალიზაცია ძალაუფლება და სტრატეგიაა. გავიდა თუ არა იგი პირდაპირ ეთერში, ჰაუსმა გაიფიქრა, მინდა ვიპოვო მინიმუმ 100 ადამიანი, რომელსაც შეიძლება მისი გზავნილი მოეწონოს. ის ონლაინჯგუფებსა და სოციალურ პოსტებს ეცნობოდა, პირად შეტყობინებებს აგზავნიდა, მსმენელებს თავის ეპიზოდებში იმ დეტალებზე მიუთითებდა, რომლებიც სავარაუდოდ ყველაზე საინტერესო მოეჩვენებოდათ. მან ეს ყველაფერი შემდეგ კვირასაც გაიმეორა, მის შემდეგზეც, და მთელი წლის განმავლობაშიც − განუწყვეტლივ არჩევდა სათაურებსა და ეპიზოდებს თემების აქტუალობის მიხედვით, სანამ პირველი წლის ბოლომდე 750 000-ზე მეტ ჩამოტვირთვას არ მიაღწია.

ჰაუსი ამან გაამხნევა, მაგრამ პოდკასტს ბიზნესად არ მიიჩნევდა. მის ნაცვლად, ვებინარებისა და ღონისძიებების გაყიდვას აგრძელებდა და პოდკასტს უყურებდა, როგორც ამ ყველაფრის მარკეტინგულ ინსტრუმენტს. თუმცა, რამდენიმე წელიწადში პოდკასტების 30 მილიონ სავარაუდო ჩამოტვირთვას მიაღწია, მისი ახალი თაყვანისმცემლების ბაზას ჰაუსი მარკეტოლოგად არ მიაჩნდა. ისინი მასში რაღაც უფრო დიდს ხედავდნენ. რა იყო ეს? აი, რა უნდა გაერკვია ჰაუსს.

მაგრამ უპირველესად, მას საკუთარ თავში სურდა გარკვევა.

ჰაუსს ყოველთვის არ მოსწონდა იქ ტრიალი. ის სრულიად გულწრფელად ამბობს ამას. ჰაუსი ჩხუბს იწყებდა და გამარჯვების ჟინით იყო შეპყრობილი. საბოლოოდ, ამან თერაპიამდე მიიყვანა და იქ შეეჯახა ფაქტს, რომელიც ბავშვობიდან აწუხებდა: 5 წლის იყო, როდესაც მისი თქმით, ძიძის ვაჟმა მასზე სექსუალურად იძალადა.

როდესაც ამის შესახებ ხმამაღლა პირველად გამოაცხადა, თერაპიულ სემინარს სასტუმროს სამეჯლისო დარბაზში დაახლოებით 40-მდე სხვა ადამიანთან ერთად ესწრებოდა. "როგორც კი სიტყვა დავასრულე, ოთახიდან გამოვვარდი", − ამბობს ის, − "ვქვითინებდი, მოვთქვამდი, ვტიროდი". როგორც ხშირად ემართება მსხვერპლს, ის უხერხულად გრძნობდა თავს და დარცხვენილი იყო. ფიქრობდა, რომ ადამიანები მას გატეხილად ან პათეტიკურად მიიჩნევდნენ. მაგრამ რამდენიმე მამაკაცი უკან გაჰყვა და გაუმხილეს, რომ მათაც იგივე შეემთხვათ − სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. ეს უკვე აღმოჩენა გახლდათ: ის მარტო არ იყო.

დრო გავიდა და ჰაუსმა თავისი მტკივნეული მოგონებების გაზიარება დაიწყო ოჯახთან, შემდეგ − მეგობრებთან. მას ყოველ ჯერზე ეშინოდა და ხელახლა ამოისუნთქებდა შვებით, როდესაც იხუტებდნენ და თვითონაც უზიარებდნენ შინაგან ჭრილობებს. პროცესი მხოლოდ სამკურნალო არ გახლდათ, მათ ერთმანეთთანაც აკავშირებდა და ჭკუის სასწავლიც იყო. "როდესაც სხვების თვალწინ ხდები დაუცველი", − ამბობს ჰაუსი, − "და თუ ისინი კარგ გარემოში არიან და მიიღებენ ამას, როგორც წესი, მათაც უჩნდებათ გულის გადაშლისა და გამჟღავნების სურვილი, რომ თვითონაც დაუცველები არიან".

რამდენიმე თვის შემდეგ, ვიღაცამ შესთავაზა ამის შესახებ თავის პოდკასტზე ესაუბრა. "ვუთხარი, რომ გამორიცხული იყო", − ამბობს ჰაუსი, − "ჩემი ბიზნესი დაინგრევა". მაგრამ გარკვეული დრო გაატარა ამაზე ფიქრში და გააცნობიერა: "იმისათვის, რომ თავიდან აღმოვაჩინო საკუთარი თავი და რეალურად გადავიდე შემდეგ დონეზე, შინაგანად თავისუფალი უნდა ვიყო და არ ვიფიქრო იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ჩემზე ხალხი. მე მოვიხსნი ამ ნიღაბს − ეს იყო ამერიკელი სპორტსმენი ბიჭის გამოსახულება, რომელმაც ყველაფერი გაარკვია.

ამის მეშინოდა ყველაზე მეტად".

ჰაუსმა მეგობარს სთხოვა, მასთან მიკროფონით აეღო ინტერვიუ ძალადობის შესახებ. პირველად ავტორს − გლენონ დოილს სთხოვა ჩანაწერის მოსმენა, რათა მის მოსაზრებებს გასცნობოდა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა წარმოედგინა ეპიზოდი და თანმხლები სტატია რაც შეიძლება გააზრებულად. შემდეგ ამ ყველაფერს თვეების განმავლობაში ინახავდა, მისი გამოქვეყნების ეშინოდა, სანამ საბოლოოდ 2014 წლის ერთ ღამეს არ გამოაქვეყნა. "დასაძინებლად დავწექი და ვიფიქრე, რომ ეს შეიძლება ჩემი დასასრული ყოფილიყო", − ამბობს ჰაუსი, − "და ის, რაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოხდა, ლამაზი და ემოციურად დამღლელი გამოცდილება იყო". საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად მას ასობით მამაკაცმა მისწერა. ეს დღემდე ჰაუსის ერთ-ერთი ისეთი სტატიაა, რომელსაც ყველაზე ხშირად კითხულობენ.

"ეს ჩემი პიროვნებისა და ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოსაფხიზლებელი ზარი იყო", − ამბობს ის, − "და ვიფიქრე, რომ ამის შემდეგ სრულიად მზად ვიქნებოდი, დაუცველი გამოვჩენილიყავი, როდესაც ეს გონივრული იყო. იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის დაუცველები არიან და ეს რაღაც საეჭვოდ გამოიყურება, როდესაც ისინი უბრალოდ დაუცველები, დაუცველები, დაუცველები არიან. უნდა არსებობდეს ბალანსი ადამიანებთან ურთიერთობასა და დაუცველად ყოფნას შორის, და ამავე დროს, ეს საკუთარ ინდივიდუალობად არ უნდა აქციო".

ვინ იყო ის? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ჰაუსმა გააცნობიერა, რომ მას უპირველესად მისია სჭირდებოდა.

ლუის ჰუსს ჯადოსნური რიცხვი აქვს − ეს 100 მილიონია.

კერძოდ: "მინდა ყოველ კვირას 100 მილიონ ადამიანზე მოვახდინო გავლენა, მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დავეხმარო".

ეს მითხრა ჰაუსმა ინტერვიუს დროს და ვხედავდი, რომ ეს ადრეც ბევრჯერ უთქვამს − თავის პოდკასტზე, სოციალურ ქსელში, თავის ვებგვერდზე. თუმცა, ჰაუსთან სასაუბროდ მომზადებისას, ამ პასუხის ადრეულ საინტერესო ვერსიას წავაწყდი. ეს 2015 წლის ინტერვიუდან არის აღებული, რომელიც მან პოდკასტზე "ჯეიმს ალტრუჩერის შოუ" გააკეთა. ჰაუსმა ასე აღწერა საკუთარი მისია: "მე მაქვს ხედვა, 100 მილიონ ადამიანს უნდა ვემსახურო, ვაჩვენო, თუ როგორ გამოიმუშაონ ფული საყვარელი საქმით".

ყურადღება მიაქციეთ ევოლუციას. 2015 წელს იგი მუდამ ლაპარაკობდა და სამუშაოზე იყო ორიენტირებული. ეხმარებოდა ადამიანებს "საარსებო თანხა გამოემუშავებინათ". დღეს უფრო მკვეთრად და ფართოდ აზროვნებს: ცხოვრებაზე ამახვილებს ყურადღებას.

საინტერესოა, აქ რა ისტორიაა? ამ ერთ წინადადებაში შეგიძლიათ კარიერის ევოლუციას ადევნოთ თვალყური.

ჰაუსი ამბობს, რომ ამ ყველაფრის დათარიღება რვა წლით ადრეც შეიძლება. მისი პოდკასტი იზრდებოდა და მას უფრო მეტად პირადი ურთიერთობა ჰქონდა თავის აუდიტორიასთან, მაგრამ არ იცოდა, ამით რა უნდოდა. "მე ვგრძნობ, რომ თუ მკაფიო ხედვა არ გაქვს, ძნელია რაღაცას მიაღწიო", − ამბობს ის.

ეს ნებისმიერისთვის ასეა, სწორედ ამის გამო ქმნის ამდენი ანტრე და ინტრაპრენერი განცხადებებს მისიის შესახებ. თქვენც გსურთ ასეთის შექმნა? ერთი წინადადებით სცადეთ საკუთარი მისიის გამოხატვა, რომელშიც ყველა სიტყვა საგულდაგულოდ არის შერჩეული, რადგან არაფერს უკავშირდება, რის შეცვლაც ადვილად შეიძლება. მაგალითად, "უფრო სერიოზული განცხადებაა − მე საუკეთესოს ვავლენ ადამიანებში, რათა მათ რთული პრობლემების გადაჭრა შეძლონ", ვიდრე − "მე პროექტების მენეჯერი ვარ Google-ში". ასე თქვენ აცნობიერებთ, რამდენად გადამდები ფასეულობები გაქვთ. საუბარია იმაზე, თუ სად მიდიხართ და არა მხოლოდ იმაზე, თუ რას აკეთებთ.

ჰაუსმა სწორედ ამ მიზეზით არ დაწერა საკუთარი მისია კონკრეტულად პოდკასტებისთვის ან წიგნებისათვის. ეს მეტისმეტად გზღუდავს. "ასე რომ, მე უბრალოდ ვფიქრობდი, სად მივდიოდი, როგორც პიროვნება და როგორც ბიზნესი, და რა მაიძულებდა ყოველდღე გამხარებოდა ის, რომ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებს გარეთ შემეძლო გასვლა?", − ამბობს ის.

ჰაუსი ფიქრობდა, როგორ ამბობდნენ ადამიანები, რომ სამყაროს შეცვლა სურთ, მაგრამ რეალურად, დაუკაკუნებდა კი მილიარდობით ადამიანს? არა, − ფიქრობდა ჰაუსი. მას რაღაც სჭირდებოდა, რაც უზარმაზარი, მაგრამ მიღწევადი იყო. მაშინ მისი პოდკასტი შესაძლოა სულ 30 მილიონჯერ იყო ჩამოტვირთული. და რაც შეეხება 100 მილიონ ადამიანს? ყოველ კვირას?, − ფიქრობდა იგი "როგორც ჩანს, ეს დიდი მიზანია", − ამბობს ჰაუსი, − "მაგრამ შესაძლოა, არ ვიცი, 5, 10, 15, 20 წელიწადში შევძლებ ამის გაკეთებას − სწორი გუნდით, სწორი მისიით, და სწორი რესურსებით".

"როდესაც სხვების თვალწინ ხდები დაუცველი", − ამბობს ჰაუსი, − "და თუ ისინი კარგ გარემოში არიან და მიიღებენ ამას, როგორც წესი, მათაც უჩნდებათ გულის გადაშლისა და გამჟღავნების სურვილი, რომ თვითონაც დაუცველები არიან".

დასაწყისისთვის, ჰაუსის მისია 100 მილიონი ადამიანის სამუშაოზე გავლენის მოხდენა იყო, ან, როგორც ამბობს, "მათთვის უნდა ეჩვენებინა, თუ როგორ ერჩინათ თავი საყვარელი საქმით", რადგან ადამიანები მას ანდობდნენ ამაზე საუბარს. ჰაუსი ჯერ კიდევ 2015 წელს იყენებდა ინტერნეტმარკეტოლოგის რანგში მოპოვებულ ავტორიტეტს, შემდეგ კი ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და მთელ სამუშაოზე ისაუბრა. მომდევნო დიდი ნაბიჯი 2018 წლამდე არ გადაუდგამს − მაშინ გადახედა თავიდან მთელ თავის ბიზნესს.

2018 წლისთვის მისი პოდკასტი და პირადი პროფილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ორი ბესტსელერიც დაწერა, მაგრამ კვლავ ძველი ბიზნესმოდელით მუშაობდა: თავისი პოდკასტის მონეტიზაციაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, მას კვლავ კურსების გასაყიდად და იდეური მოგზაურობების ორგანიზებისთვის იყენებდა. ეს კარგი ფული იყო − წელიწადში დაახლოებით $5 მილიონი მოუტანა, მაგრამ ამავე დროს, დამღლელიც. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჰაუსი მუდამ ზემოქმედებას გრძნობდა, მას გასაოცარი ღონისძიებები უნდა მოეწყო ადამიანთა მცირე ჯგუფისთვის, რაც მთლიანად ართმევდა პოდკასტის შესაქმნელად აუცილებელ ენერგიასა და დროს. და აქ მიხვდა, რომ შესაძლოა ჰაუსის მისია მისი მეგზური ყოფილიყო. "წელიწადში 30, 40, 50 ადამიანზე გავლენის მოხდენა, 100 მილიონზე გავლენის მოხდენაში მიშლის ხელს", − ამბობს ჰაუსი, − "და ამიტომ ვიკითხე: "რა უნდა გავაკეთო?"

მან საკუთარი ბიზნესის ყველა ასპექტი გააანალიზა თავის მეგობარ-კონსულტანტთან, რორი ვადენთან ერთად, Brand Builders Group-იდან. ბოლოს ვერდიქტი გამოიტანეს: ჰაუსი რომ გაზრდილიყო, ძველ მოდელზე უნდა ეთქვა უარი და მოეფიქრებინა, როგორ მოეხდინა მედიაში ყოფნის მონეტიზაცია. როგორ შეეძლო პოდკასტს ფულის მოტანა? კიდევ საიდან მოვიდოდა შემოსავალი?

"შესაძლოა ეს გარდამავალი წელიწადი მტკივნეული იყოს, როდესაც გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებ", − როგორც ჰაუსი იხსენებს, ასე უთხრა ვადენმა, − "მაგრამ საძირკველს ჩაყრი, საკუთარ თავს ხელახლა გამოიგონებ, რებრენდირებას მოკიდებ ხელს, ყურადღებას გაამახვილებ მედიაში რეგულარულად გამოჩენაზე, წევრობაზე, და ყველაფერზე წახვალ. პროცესს უნდა მიენდო".

აი, ეს გააკეთა ჰაუსმა და მომხმარებლები იმედგაცრუებულები დარჩნენ. "ზოგიერთები ამბობდნენ: "ჰეი, თქვენ თუ პატარა 20-კაციან ჯგუფებს გააკეთებთ, $100 000-ს გადავიხდით", − ამბობს ჰაუსი, − "და ძნელია წელიწადში $100 000-ზე უარის თქმა, როდესაც ქოუჩი ხარ! ეს ნამდვილად რთულია. მაგრამ მე უბრალოდ დავფიქრდი, ემსახურება თუ არა ეს მისიას? კი თუ არა? რაც მეტს ვუკვირდებოდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს მისიას არ ემსახურებოდა".

როდესაც ჰაუსმა შემოსავლის ძირითადი წყაროები გადაიკეტა, იძულებული გახდა შემოქმედებითად შეეხედა, თუ როგორ შეექმნა რაიმე უფრო მდგრადი. ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა განხორციელებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება თავის ბიზნესში. ის უკვე აღარ წარადგენდა საკუთარ თავს, როგორც სამუშაო სფეროს ექსპერტს და იმაზე ლაპარაკობდა, რომ 100 მილიონ სიცოცხლეზე მოახდენდა გავლენას, რაც დაიმსახურა თავისი აუდიტორიის მხრიდან: მისი საუბარი სამუშაოზე, ამბიციების, მისწრაფებებისა და პირადი სურვილების განხილვაში გადაიზარდა. ჰაუსმა უკვე აღიარა, რომ მისი ძალა შემოქმედებითი მიმართულება იყო და არა ოპერაციები, და ძველი მეგობარი მოიყვანა, რათა ბიზნესის მართვაში დახმარებოდა.

ისინი მწერლების, პროდიუსერებისა და მარკეტოლოგების გუნდს ქმნიდნენ, რათა ბიზნესს განვითარებაში დახმარებოდნენ. ახლა როგორ უნდა გამოეყენებინათ ის? ზოგიერთი შესაძლებლობა მათ პირდაპირ სახეში უყურებდა. შედეგი აშკარად ჩანდა: ბრენდთან პარტნიორული ურთიერთობები, რეკლამები პოდკასტში და უფრო მეტი გამოსვლა. ის არც YouTube-ს აღიქვამდა სერიოზულად, წლების განმავლობაში თავისი პოდკასტის ინტერვიუების ვიდეოებს მხოლოდ იმისთვის აქვეყნებდა, რომ მსმენელები მის პოდკასტში დაბრუნებულიყვნენ.

მაგრამ მისმა გუნდმა YouTube-ზე რეკლამებით დაიწყო ექსპერიმენტები − თავიდან მხოლოდ რამდენიმე ვიდეო იყო, შემდეგ კი − მთელ კატალოგი. დღეს YouTube-ის რეკლამებს, მისი თქმით, წელიწადში დაახლოებით $2 მილიონი მოაქვს, და მისმა გუნდმა ვიდეოების დუბლირებით დაიწყო გასვლა უცხო ენებზეც (პირველად ესპანურად, ხოლო შემდეგ პორტუგალიურად). "ეს მოგვცემს საშუალებას ისე გავფართოვდეთ, რომ მეტი ინფორმაციის შექმნა არ მომიწიოს", − ამბობს ის. მან მუდმივი შემოსავლის მომტანი პროდუქტებიც შექმნა, როგორიცაა "გენიალობის აკადემიის" წევრთა ონლაინგანათლების ჯგუფი.

გასულ წელს, ჰაუსის თქმით, მისი კომპანიის წლიურმა შემოსავალმა $10 მილიონს გადააჭარბა.

ახლა ჰაუსი, რომელიც ყოველთვის ყველაფრის გადახედვას ცდილობს, უკვე ფიქრობს, თუ რა იქნება შემდეგ. მე ჰაუსს იანვარში ველაპარაკე, მას შემდეგ, რაც ახალ წლამდე დაურეკა თავის გუნდს და უთხრა, რომ მისი აზრით, ნამდვილი მუშაობა ახლა იწყებოდა. ბოლო 10 წელიწადი ექსპერიმენტები იყო და ახლა, როცა გამარჯვების ფორმულა აქვთ, ყველაზე მთავარი ზრდაა. და ის დიდი არალოგიკური იდეითაა განსაკუთრებით აღფრთოვანებული: რა მოხდება, თუ ლუის ჰაუსის მომავალში უფრო ნაკლები ლუის ჰაუსი იქნება?

ის ფიქრობს, რომ ამ წლების განმავლობაში ეს ჯერ კიდევ არ დაუდგენია. მან აუდიტორიაც შექმნა და "გენიალობის" იდეის გარშემო ორიენტირებული მთელი მედიაეკოსისტემაც. რა მოხდება, თუ მისი პერსონალური ბრენდი შეძლებს და გარდაიქმნება… რად და, ბრენდად?

"მახსოვს, ხუთი წლის წინ როგორ ვფიქრობდი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა", − ამბობს ჰაუსი, − "მე არ შემიძლია ყველაფერი უბრალოდ LewisHowes.com-ის ქვეშ შევქმნა. ეს არ არის გაყიდვადი აქტივი. ის შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, თუ ნიშას და ელ.ფოსტის სიას შევქმნი, ტრაფიკი და საზოგადოება მექნება, მაგრამ თუ მხოლოდ ჩემი სახელი ექნებოდა, გარკვეულ ფარგლებს იქით ვერ გავიდოდა. მე მჭირდება, რომ ის ჩემზე უფრო დიდი გახდეს. იგი შთაგონების სიმბოლო უნდა იყოს, რაც არ არის დამოკიდებული იმაზე, ვამბობ თუ არა რაიმე სწორს, მოვწონვარ თუ არა ადამიანებს, ვარ თუ არა მოდური".

ჰაუსი არ არის პირველი, ვინც ბრენდის შექმნას ან კიდევ მერჩენდაიზინგს მოჰკიდა ხელი. ასეთია ემილი ვაისი, რომელიც პოპულარული ბლოგერიდან კოსმეტიკური კომპანია Glossier-ის დამფუძნებელი გახდა. MrBeast-მა სარესტორნო ბრენდი MrBeast Burger დააარსა. ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სრულიად ახალი ბიზნესის დაწყებას ჰაუსისთვის, ან შემოსავლის სხვა წყაროს ძიებას. იმ ისტორიების კიდევ და კიდევ დახვეწაზეა საუბარი, რომლებსაც იგი საზოგადოებას უამბობს, რაც ყოველთვის მეტ ადამიანზე გასვლის სურვილით იყო განპირობებული. ახლა, თუ ის სწორად გაიგებს, შეუძლია თავისი აუდიტორია იმ ადამიანების მიღმაც კი გააფართოოს, ვისაც ლუის ჰაუსი უყვარს.

ეს გეგმა ჯერ კიდევ ჩანასახოვან ეტაპზეა. მან რამდენიმე წლის წინ შეიძინა Greatness.com (იაფი არ ყოფილა) და გუნდი დაიქირავა გარკვეული რაოდენობის გრძელი, შთამაგონებელი ინფორმაციის შესაქმნელად, რომელიც ზოგადად მასთან არ არის დაკავშირებული. ჰაუსის ახალი წიგნის "როგორ გახდე გენიალური" გარეკანზე, მისი სახე არ არის, რადგან საკუთარი აუდიტორიის ფარგლებიდან გამოსვლა სურს და სხვა გზებს იკვლევს, რათა თავისი ბრენდი გააფართოოს საკუთარ პიროვნებაზე იმედის დამყარების გარეშე. "აი, მაშინ კი გახდება ბოლოსდაბოლოს ის ჩემზე დიდი", − ამბობს ჰაუსი, − "იმიტომ, რომ ეს სიმბოლო სახელზე ბევრად დიდია".

პერსონალური ბრენდის შექმნაში არის რაღაც სახალისო: დიახ, შეიძლება უცნაურად ან დაუჯერებლად მოგეჩვენოთ პიროვნების ბრენდად ჩამოყალიბება, მაგრამ სინამდვილეში რა არის ბიზნესი? ბიზნესი − სხვა ადამიანებთან ურთიერთობაა. ეს არის ნდობის მოპოვება და სხვების საჭიროებების გაგება. თავისი არსით, ეს პირადი მისწრაფებაა. ასე რომ, როგორც კი პირადი ცხოვრების ბიზნესად ქცევის ხელოვნებას დაეუფლებით, ერთსაც შეძლებთ და მეორესაც.

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას