Join our Waitlist for Expert Advice!

PROCRASTI-NATION: ანუ როგორ არ გადავდოთ? პროკრასტინაცია ჩვეულებრივი ჩვევაა, ხშირად მავნეც.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინო ცქვიტაია

მაშინაც კი, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ, გიწევს ისეთ ამოცანებთან შეხება, რომელთა შესრულებაც სიამოვნებას არ განიჭებს, ან რუტინული, ერთფეროვანი პროცესია. ასეთი ამოცანების რაოდენობა "სასიამოვნო" ამოცანებს ხშირად აჭარბებს და საბოლოო ჯამში საყვარელი საქმე, რომელიც ოდესღაც შეიძლება შენი ჰობიც კი იყო, "სამსახურად" იქცევა და ნელ-ნელა გაკარგვინებს ინტერესს.

უნივერსიტეტი 2004 წელს დავამთავრე. სადიპლომო რომ დასაწერი მქონდა, მეორე კურსიდან ვიცოდი. სადიპლომოს თემა დიპლომის დაცვამდე წელიწადნახევრით ადრე შევარჩიე და რომ გეკითხა, მუშაობაც დავიწყე დიპლომის წერაზე. რაღა თქმა უნდა, ყველაფერი იმით გაგრძელდა, რომ დაცვამდე ორი თვით ადრე სიტყვაც არ მქონდა დაწერილი და დასრულდა იმით, რომ ბოლო ხუთი დღის (და ოთხი ღამის) განმავლობაში მომიწია 80-გვერდიანი ნაშრომის დაწერა, რედაქტირება, აკინძვა, ჩაბარება და შემდეგ დაცვა. ნაცნობი სიტუაციაა? თუ შენც გქონია ასეთი ისტორიები (ან ახლაც გაქვს), იცოდე: შენ მარტო არ ხარ.

სინამდვილეში, როგორც კვლევები აჩვენებს, ადამიანების 20% აღიარებს, რომ რეგულარულად ეძლევა პროკრასტინაციას (ბოლო მომენტამდე გადადებს გასაკეთებელ საქმეს). 20% რომ აღიარებს, ალბათ ხვდები, რამდენი პროცენტია სინამდვილეში, ხომ? მოკლედ, დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანების უმეტესობა, ვისთანაც დღეს შეხება გქონდა, ხშირად თუ არა, იშვიათად მაინც დგას დედლაინის პირისპირ ბოლო დღეს და საქმის კეთებას მაშინ იწყებს. ზოგი ადამიანი სიამაყითაც კი ამბობს, რომ პროკრასტინატორია და ეს მისი ხასიათის ნაწილია. ამ ფენომენს, რა თქმა უნდა, ინტერნეტში მომრავლებული ისეთი სტატიებიც უწყობს ხელს, სადაც "გენიოსებში" და "შემოქმედებით ადამიანებში" პროკრასტინაციის სიხშირეზეა საუბარი. გენიოსობა ხომ ყველას გვინდა. ჰოდა, წავიკითხავთ მორიგ სტატიას, სახელწოდებით "გენიოსების უმეტესობა იგვიანებს" ან "ბილწსიტყვაობა შემოქმედებითობის ნიშანია", და ვიწყებთ უცენზუროდ საუბარს და საქმეების ბოლო მომენტამდე გადადებას.

ჩემი აზრით, პროკრასტინაცია არ არის ადამიანის თვისება ან ხასიათის ნაწილი. ის ჩვეულებრივი ჩვევაა, ხშირად მავნეც. რეალურად, პროკრასტინაცია სტრესისგან თავის არიდების მექანიზმია, რომელსაც ქვეცნობიერად მივმართავთ ხოლმე და რაც უფრო ხშირად მივმართავთ, მით უფრო ვეჩვევით. ისევე, როგორც დანარჩენ მავნე ჩვევებთან, მასთან შებრძოლებაც, ჩემი გამოცდილებით, რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება (ამ მეთოდით ვებრძვი ყველა მავნე ჩვევას, რომლის "გადაგდებაც" მინდა ხოლმე და იმედი მაქვს, შენც გამოგადგება):

  1. დაინახე და გაიაზრე ტრიგერი: რა გაძლევს იმპულსს, რომ გადადება დაიწყო? ზოგჯერ ეს კონკრეტული მოვლენაა, ან რაღაც უფრო საინტერესოს გაკეთების სურვილი; ზოგჯერ ამა თუ იმ ამოცანის ტიპზე გაქვს "ალერგია". ზოგჯერ უბრალოდ ამინდიც კი შეიძლება იყოს ტრიგერი. ამ ეტაპზე მთავარია, დაინახო ნამდვილი ტრიგერები და გაიაზრო, თუ რატომ გიჩნდება საქმის გადადების სურვილი. შეეცადე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დააკვირდე საკუთარ თავს და მოინიშნო, როდის რომელმა ტრიგერმა გამოიწვია შენი მავნე ჩვევის "ჩართვა".
  2. გაწყვიტე მავნე ჩვევის აქტი: როდესაც ტრიგერი და მავნე ჩვევის "სიმპტომები" ცნობილია, აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტო უშუალოდ ჩვევის აქტი. ამ ეტაპზე აუცილებელია მყისიერი რეაგირება. მას შემდეგ, რაც დაკვირვებების შედეგად გაიარე ტრიგერები, უსაფრდები მათ და იწყება ბრძოლა. ანუ როგორც კი იგრძნობ, რომ რომელიღაც საქმის გადადებას იწყებ, მაშინვე უნდა გაჩერდე, გაიაზრო, რა ხდება, სახელი დაარქვა და... იმოქმედო.
  3. დაუპირისპირე მავნე ჩვევას სასარგებლო: მოქმედება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. ჩემი გამოცდილებით, ყველაზე ეფექტურია, მავნე ჩვევას დაუპირისპირო სასარგებლო. მაგალითად: თუ ზედმეტი ტკბილეულის ჭამას მინდა გადავეჩვიო, ყოველთვის, როცა ტკბილეული მომინდება, ვცდილობ წყლის დალევას. ტკბილეულის მიღებას მთლიანად ასე არ შევწყვეტ, თუმცა ჩვევას ნამდვილად მოვიშორებ.
  4. გაიმეორე ეს პუნქტები სტაბილურად, ერთი თვის განმავლობაში: იმისათვის, რომ ზემოთ ნახსენები მეთოდები ეფექტიანი იყოს, აუცილებელია პირველი ერთი თვე მაინც სტაბილურად გაიმეორო ისინი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მავნე ჩვევის ჩამნაცვლებელი სასარგებლო საქმიანობა ჩვევად იქცეს. ამიტომ, ერთი თვის განმავლობაში ყველა შემთხვევა, როცა საქმის გადადების მცდელობა გექნება, უნდა აღკვეთო და ჩაანაცვლო შენ მიერ არჩეული სასარგებლო საქმიანობით.
  5. ისიამოვნე ახლად შეძენილი, სასარგებლო ჩვევით.

ქვემოთ ჩამოვწერ რამდენიმე უფრო კონკრეტულ რჩევას, თუ როგორ შეიძლება შეებრძოლო შენში პროკრასტინაციას, სიზარმაცესა და არაპროდუქტიულობას. ჩამოთვლილიდან ყველაფერი ეფუძნება ჩემს გამოცდილებას და ძალიან მეხმარება ყოველდღიურად წარმადობის ამაღლებაში. იმედია, შენც გამოიყენებ და გამოგადგება. დავიწყეთ:

  • გაიაზრე, რატომ "გეზარება". იფიქრე რეალურ მიზეზზე და არა ზედაპირულ სიმპტომებზე. სიზარმაცეც, როგორც პროკრასტინაცია, არის სტრესისგან და არასასიამოვნო გამოცდილებებისგან თავდაცვის საშუალება, რომელსაც შენი ქვეცნობიერი მიმართავს თავის დასაცავად. ამიტომ, მისი დაძლევისთვის აუცილებელია, კარგად დაფიქრდე, რატომ გეზარება ესა თუ ის საქმე? ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი ხუთი "რატომ"-ის პრინციპია: მიყოლებით უნდა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა "რატომ" მინიმუმ ხუთჯერ, სანამ რეალურ მიზეზამდე არ ჩაღრმავდები (ამ მეთოდზე ინფორმაცია ინტერნეტში მრავლადაა, ასე რომ, თავს არ შეგაწყენ). რეალურ მიზეზს რომ გაიგებ, ბევრად უკეთ გაიცნობ შენში მცხოვრებ "პროკრასტინატორს" და შესაბამისად, მასთან მოლაპარაკებას უკეთ შეძლებ.

  • გააკეთე სია და მიჰყევი (შეძლებისდაგვარად, ყოველდღე). დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეები ხშირად ერთმანეთში "იზილება" და გვაბნევს. იმისათვის, რომ მეთოდურად ვიმოქმედო და არ დავიბნე, დილით ხშირად ვწერ დღის "პროგრამა მინიმუმს", რომელშიც მოყვანილია 3-4 ისეთი ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა გავაკეთო დღის განმავლობაში, რომ კმაყოფილი ვიყო. რაც უნდა მოხდეს, შეეცადე ჯერ ამ სიაში მოცემული ამოცანები მოიშორო და მხოლოდ შემდეგ გააკეთო სხვა რამ. ასე თავიდან აირიდებ დაბნეულობას და ყოველდღე საკუთარი თავით კმაყოფილი იქნები.

  • მიირთვი გომბეშო (მადლობა სანდრო ჯეჯელავას, ამ მეთოდზე მისი ლექციებიდან გავიგე). დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეებიდან ყოველთვის არის ისეთი, რომელიც დანარჩენზე უფრო ნაკლებად "გვეხალისება". ასეთი ამოცანების გადადება ხშირად პროკრასტინაციის ჩვევის გაღვივებას უწყობს ხელს. ამიტომ დღის საქმეების "გომბეშოთი" დაწყება ძალიან მოგეხმარება პროკრასტინაციის მავნე ჩვევის გადაგდებაში. ამავდროულად, ზოგჯერ სჯობს, გემრიელი ლუკმით დაიწყო, რომ სასიამოვნო განწყობაზე დადგე და პროდუქტიულობა აგიმაღლდეს. ეს ინდივიდუალურია და საკუთარ თავს უნდა დააკვირდე, უკეთ რომელი მეთოდი მუშაობს შენზე.

  • დაადელეგირე, რომ არ მოკვდე. ჩვენი ყოველდღიური ამოცანების დიდი უმეტესობა უჩვენოდაც მშვენივრად შესრულდებოდა, რომ არა ჩვენი ეგოიზმი. დიახ, შენი ყოველდღიური ამოცანების უმეტესობის შესრულებას შენ საერთოდ არ სჭირდები. როგორც კი ამას გაიაზრებ, მიხვდები, თუ რამდენ დროს აკლებ ისეთ საქმეებს, რომლებიც მართლა შენი გასაკეთებელია. საბოლოო ჯამში, ეს იწვევს სტრესს და "გადაწვასაც" კი. ამიტომ, მენეჯმენტის ამ ოქროს წესს თუ მიყვები და შეეცდები ყველა დელეგირებადი (სხვისთვის − გადაბარებადი) სამის ვინმესთვის გადაბარებას, ბევრად გაგიადვილდება ცხოვრება და პროდუქტიულობაც მოიმატებს. ნუ ცდილობ, ყველაფერში კონტროლს ფლობდე − ეს შენ არაფერს გმატებს.

  • დაყავი და იბატონე: ძალიან ხშირად, ამოცანები, რომლებსაც ვასრულებთ, კომპლექსური და დიდია ერთი დღისთვის. რაც უფრო დიდია ასეთი ამოცანა და რაც უფრო მეტი დრო სჭირდება მას შესასრულებლად, მით მეტად "გვეზარება" და მით უფრო გვგონია, რომ "ხვალ გავაკეთებთ". ამ დროს გამოსავალი მარტივია: გააიოლე ამოცანა, დაყავი ის "მარტივ მამრავლებად" და ჩამოწერე ქრონოლოგიურად (რომელი ნაბიჯი რის შემდეგ უნდა გაიარო). აუცილებლად დაყავი ამოცანა ისეთ ნაბიჯებად, რომელიც ერთ დღეში ჩაეტევა. ჩამოწერილი ნაბიჯები აქციე ამოცანებად და შეუდექი საქმეს. დღის ბოლოს მიხვდები, რომ იმ "დიდი" ამოცანის გარკვეული ნაწილი უკვე გაკეთებულია და ბევრად გაგიადვილდება დაწყებული საქმის მეორე დღეს გაგრძელება. რაც უფრო მეტ ასეთ "პატარა" საქმეს შეასრულებ, მით მეტი ენთუზიაზმით გააგრძელებ მუშაობას ამ "დიდ" საქმეზე.

  • იზეიმე მცირე გამარჯვებები. პროდუქტიულობის ამაღლებაზე ფიქრში და დიდი შედეგების დევნაში ხშირად გვავიწყდება − ადამიანს ძალიან ეხმარება შეგრძნება, რომ მისმა შრომამ შედეგი გამოიღო. ისევე, როგორც დიდ მწვერვალზე ასვლა შედგება პატარა აღმართებისა და პლატოების გადალახვისგან, დიდი შედეგის მიღწევაც პატარა ამოცანებით ხდება შესაძლებელი. ნუ დაგავიწყდება ასეთი პატარა წარმატებების აღნიშვნა და შეეცადე, ხშირად გააკეთო რაიმე სასიამოვნო, როცა რომელიღაც ამოცანის შესრულებას მორჩები. ეს შესაძლოა კომპიუტერული თამაში იყოს, შენი საყვარელი ჰობით დაკავება ერთი საათით ან თუნდაც უბრალოდ, გარეთ გასეირნება ნახევარი საათით.

  • მეთოდი 50+10. ყოველდღიური ამოცანების შესრულებაზე მთელი დღე რომ არ წავიდეს და დასვენების დროც დაგრჩეს (თან ეს დრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია), ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ფოკუსირებულად იმუშაო, შეფერხებების გარეშე. სამუშაო ფოკუსის და ყურადღების ამაღლების ჩემი ერთ- ერთი საყვარელი მეთოდი (მადლობა სერგო კარაკოზოვს) 50+10-წუთიანი სეგმენტებით მუშაობაა. აიღე წამზომი და დაინიშნე 50 წუთი. ამ 50 წუთის განმავლობაში იმუშავე მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე და საერთოდ არაფერზე მოცდე. გაუთიშე ხმა ტელეფონს, გათიშე სოც. ქსელები და ირგვლივმყოფებს სთხოვე, არ შეგიშალონ ხელი (ან ყურსასმენები მაინც გაიკეთე, რომ ნაკლებად შეგაწუხონ). როგორც კი ზარი დარეკავს და 50 წუთი ამოიწურება, სულ რომ წინადადების შუაში იყო, შეწყვიტე მუშაობა და დასვენება დაიწყე. ადექი, გაისეირნე, წყალი დალიე ან თანამშრომლებს/მეგობრებს/ ოჯახის წევრებს დაელაპარაკე. დასვენებისთვის სულ 10 წუთი გაქვს. როგორც კი 10 წუთი გავა, დაუბრუნდი საქმეს და ისევ 50 წუთიანი "სპრინტი" მოაწყე. ამ მარტივ წესებს თუ ზედმიწევნით დაიცავ, გპირდები: შენი პროდუქტიულობა გასამმაგდება.

  • გამოიყენე ტექნოლოგია სწორად. დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიური საშუალებები იმდენად ხელმისაწვდომი და ადვილად მოსახმარია, რომ მათი გამოყენება თითქმის ყველა ამოცანისთვისაა შესაძლებელი. პროდუქტიულობის ასამაღლებლად და პროკრასტინაციასთან ბრძოლისთვის მე ორ ძირითად საშუალებას ვიყენებ ყოველდღიურად: Google Keep (ჩანაწერებისთვის, დღის ამოცანების სიებისთვის, მაღაზიაში შესაძენი ნივთების სიისთვის და ხმოვანი ჩანაწერებისთვის) და Google calendar (ნებისმიერი ტიპის შეხსენებისთვის, შეხვედრების ჩასანიშნად, ამოცანების დედლაინების მოსანიშნად და თვითმფრინავის ფრენების შესანახადაც კი). ორივე პროდუქტი მიერთებულია შენს Gmail-მომხმარებელზე და შენს ნებისმიერ მოწყობილობაში (კომპიუტერი, ტელეფონი, პლანშეტი) სინქრონიზებულია. ჩემს კალენდარში ზოგჯერ ასეთ შეხსენებასაც წავაწყდები ხოლმე: "კიდევ არ დაგისრულებია სტატია? იცოდე, ხვალ ბოლო ვადაა!"

  • მოუყევი ვინმეს შენი ამოცანის შესახებ. ზოგჯერ პროკრასტინაციის შეწყვეტაში ძალიან მეხმარება, თუ ვინმეს მოვუყვები, რას ვაკეთებ და როდისთვის მინდა, რომ მოვრჩე. ეს რაღაცნაირად მმატებს პასუხისმგებლობის გრძნობას, თითქოს იმ ადამიანის წინაშე ანგარიშვალდებული ვხდები ამ ამოცანის დროზე შესრულებაზე. თითქოს, ამ დროს ეს საქმე "კარგი იქნებოდა, დროზე მომესწრო"-ს რანგიდან გადადის "ახლა აუცილებლად მოვასწრებ" რანგში.

  • წარმოიდგინე მომავალი. ვიზუალიზაცია ცხოვრებაში ბევრ რამეში მეხმარება. აქაც აქტიურად ვიყენებ ხოლმე. ზოგჯერ წარმოვიდგენ, როგორი სასიამოვნო იქნება, ამა თუ იმ საქმეს რომ დავამთავრებ და ეს ძალიან მეხმარება მუშაობის გაგრძელებაში. მომავლის რაც უფრო მეტ დეტალს წარმოვიდგენ ხოლმე, მით სახალისო და სასიამოვნო ხდება ამოცანის დასრულებისკენ სიარული.

  • ცეცხლს ებრძოლე ცეცხლით: პროკრასტინაცია მხოლოდ სიმპტომია და არა დიაგნოზი. ეს რომ გავიაზრე, დავიწყე "შიდა სიმპტომების" ძებნა, რომელიც იგივე დიაგნოზისკენ მიუთითებს. რა თქმა უნდა, სიზარმაცე (დაზარება) და რომელიღაც საქმის არ გაკეთების "საბაბის ძიება" ამოტივტივდა. ამიტომ, როდესაც რომელიღაც საქმე მაქვს გასაკეთებელი და ვგრძნობ, რომ მეზარება ან მიზეზებისა და საბაბის ძიებას ვიწყებ, რატომ არ უნდა გავაკეთო ეს საქმე ახლა, მაშინვე ვაქტიურდები და ვიწყებ სხვა რამის კეთებას. ეს შეიძლება სულ სხვა ამოცანა იყოს, დღევანდელთან დაუკავშირებელი, მთავარია, სიზარმაცე "გააქტიურების ტრიგერად" ვაქციო ჩემი ქვეცნობიერისთვის. ამით საკუთარ თავს ვაჩვევ იმას, რომ სიზარმაცე მაინც ვერ ამარიდებინებს თავს საქმის გაკეთებისგან, უბრალოდ მიმდინარე საქმეს "გადაავადებს" და კიდევ უფრო უკომფორტო დროისთვის გადაწევს (როცა კიდევ უფრო სასწრაფო გახდება ეს საქმე). მინდა, სიზარმაცე და პროკრასტინაცია სასიამოვნო და "მხსნელი" საქმიანობის რანგიდან ჩამოვაქვეითო არასასურველ და არასასიამოვნო საქმიანობამდე.

  • სპეციალურად დაამთავრე ადრე. ყოველთვის შეეცადე საქმის დათქმულ დროზე ადრე დასრულებას. ყოველ ჯერზე, როცა საქმეს ადრე დაასრულებ, იგრძნობ, რომ შენი პროკრასტინაციის ჩვევა და სიზარმაცე სუსტდება. ამიტომ ყოველთვის შეეცადე, კიდევ უფრო შეავიწროვო ამა თუ იმ საქმის შესრულების ვადები (შენთვის) და აუცილებლად იპოვი მეტ რესურსს საკუთარ თავში.

  • შეეშვი საკუთარი თავის დამუნათებას (shaming). ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენება ყოველთვის არ მუშაობს და ზოგჯერ სიზარმაცე თითქოს იმარჯვებს. ამ დროს შენი თავის "ჭამას" იწყებ და საყვედურობ, რომ "კიდევ ერთხელ" დაგაღალატა. ეს ძალიან დესტრუქციული საქციელია და ისევ შენში მცხოვრები "პროკრასტინატორის" წისქვილზე ასხამს წყალს. გაიაზრე, რომ ადამიანი ხარ და ზოგჯერ უბრალოდ დასვენება გჭირდება, ფიზიკურად ცუდად ხარ ან უბრალოდ, მუშაობის გუნებაზე არ ხარ. ეს ნორმალურია და იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავს საყვედურები უთხრა, ისიამოვნე და შეირგე დასვენების პატარა "სპრინტები". აი, ნახავ, რამდენად უკეთ იგრძნობ თავს და შესაბამისად, რამდენად ეფექტიანი გახდები, თუ საკუთარ თავს "შეურიგდგები" და ადროვებ ცხოვრების შერგებას. საბოლოო ჯამში, ჩვენი მუშაობის მთავარი მიზანიც ხომ ცხოვრების "შერგებაა"? ჰოდა, შევირგოთ და სიამოვნებით ვეძიოთ ჩვენს თავში უკეთესობისკენ მოძრაობის ძალა.

  • დიდი მადლობა, რომ ბოლომდე წაიკითხე ეს ვრცელი ნაწერი. იმედი მაქვს, ღირებულებას შევქმნი შენთვის და ჩემი გამოცდილება გამოგადგება. შეეცადე, დღესვე გააკეთო ის, რისი გადადებაც შეგიძლია ზეგისთვის, მაგრამ რაც მთავარია, ძალიან შეეცადე, სრულყოფილად იცხოვრო! თუ კითხვები, რჩევები ან შენიშვნები გექნება ჩემს სტატიებთან დაკავშირებით, გთხოვ, მომნიშნე სოციალურ ქსელში და მომწერე.
ნიკოლოზ გოგოჭური

VRex - ის თანადამფუძნებელი

Business News

TikTok-ი და Facebook-ი არის "დროის სულელური ფლანგვა" და ადამიანებმა წიგნები უნდა წაიკითხონ

JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა ახალგაზრდებს - ჯეიმი დიმონის რჩევა ახალგაზრდებს