Get All Access for $5/mo

პროფესიები, სადაც წარმატებისთვის საუნივერსიტეტო განათლება არ გჭირდებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლებია გვჯერა, რომ წარმატებული კარიერის შესაქმნელად ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ფორმალური საუნივერსიტეტო განათლებაა. მაგრამ ბოლო დროს უფრო და უფრო პოპულარული ხდება მიდგომა, რომ გარკვეულ სფეროებში არაფორმალურად მიღებულ განათლებას აფასებენ − ეს განსაკუთრებით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სამუშაოს ეხება.

ამ სტატიაში გაგაცნობთ პროფესიებს, რომელთა დაუფლება, სადაც წარმატების მიღწევა უნივერსიტეტის გარეშეც შეგიძლიათ.

ფიდელ კონტრერასი Amazon-ში

ფიდელ კონტრერასი Amazon-ის ვებსერვისების დეპარტამენტში მონაცემთა ცენტრის ოპერაციებს ხელმძღვანელობს. როცა არჩევანი ჰქონდა, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე უარი თქვა მოსალოდნელი დიდი ვალისა და სტრესის გამო.

ტრადიციული გზის ნაცვლად კონტრერასმა გამოცდები Amazon-ის ვებსერვისების დეპარტამენტის მიერ შეთავაზებულ პროგრამაზე ჩააბარა და როგორც შეგირდმა, პროფესიის შესწავლა დაიწყო.

თავიდან კონტრერასი მამის გზის გაგრძელებას აპირებდა და მექანიკოსობას სწავლობდა მშობელთან მუშაობით, თუმცა მისმა სიძემ დაარწმუნა, რომ თავიდან სკოლის კარიერული განვითარების ცენტრში მისულიყო რჩევების მისაღებად. კონტრერასი Business Insider-თან ჰყვება, რომ ყოველთვის სურდა კარიერა STEM-ში (Science, technology, engineering, and mathematics) ჰქონოდა, თუმცა მისი ოჯახის შემოსავლებით სწავლის იმედი არ ჰქონია.

"გავიგე, რომ არსებობდა ტექნიკური სწავლების პროგრამა ადგილობრივ კოლეჯში, რომელსაც Amazon აფინანსებდა. მოვიძიე ინფორმაცია და შევიტანე საბუთები. სკოლის დამთავრების შემდეგ კი შეგირდად დავიწყე Amazon-ის აღმოსავლეთ ორეგონის ცენტრში მუშაობა და სწავლა", − გვიამბობს კონტრერასი.

სწორედ აქედან დაიწყო მისი ოცნების ახდენა − Amazon-ში მოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ, ფიდელ კონტრერასი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექგიგანტში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს.

ვესკო ტრეკისკი − Fifty.io

"გაოცებული ვიყავი იმის გაგებით, რომ ჰარვარდში "შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებებში" ონლაინ უფასო კურსია და მისი სწავლა ყველას შეუძლია", − ამბობს ვესკო ტრეკისკი BBC-სთან ინტერვიუში.

მან სკოლაში სწავლას თავი 15 წლისამ დაანება და გადაწყვიტა, რაიმე ტექნიკური ესწავლა, მაგალითად − ვებდიზაინი. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ჰარვარდის კურსი და სწავლაც დაიწყო. 17 წლის ასაკში დამწყებ დეველოპერად სამსახური მიიღო.

ორი წლის შემდეგ ციფრული მარკეტინგის სააგენტო Fifty.io-ს შეუერთდა ჯუნიორი დეველოპერის პოზიციაზე. რვა წლის შემდეგ სტარტაპი 10-ჯერ უფრო დიდ კომპანიად იქცა, ხოლო ტრეკისკი მისი ტექნოლოგიური დირექტორია.

"უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ რომ დამეწყო სამსახურის ძებნა, ვერ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ", − ამბობს ის.

ტრეკისკი ფიქრობს, რომ ტექინდუსტრიაში დიპლომის ფლობა არაა საჭირო იმისათვის, რათა კარიერა მოიწყო. მისივე თქმით, ერთი შეხედვით სარისკოდაც კი შეიძლება ჩანდეს გაუკვალავ გზაზე შედგომა და არატრადიციული გზიდან გადახვევა, მაგრამ "თუკი ზუსტად იცი, რა გინდა და სად ხედავ საკუთარ თავს, გარკვეულ დროს შენთვის განსხვავებული ბილიკები იხსნება".

დენიელ სერვედეი − Sellix

Sellix-ის თანადამფუძნებელიც თვითნასწავლია ტექინდუსტრიაში − კოდის წერა დამოუკიდებლად ისწავლა და შემოსავლის წყაროდ აქცია. ის ბიზნესის თანამფლობელია − 2021 წელს დაფუძნებული კომპანია Sellix ადამიანებს საშუალებას აძლევს, ციფრული პროდუქციის შექმნით ფინანსური მოგება ნახონ. ამ დროისთვის კომპანიაში $80 მლნ-ის გადახდებია განხორციელებული.

სხვა ისტორიებისგან განსხვავებით, დენიელმა მაინც გადაწყვიტა კომპიუტერული მეცნიერებების უნივერსიტეტში შესწავლა. ამბობს, რომ ამ სფეროში რაღაც ახლის სწავლა ყოველთვის შეიძლება და ფაქტობრივად, ამოუწურავი ცოდნის საბადოა, მაგრამ თავად ფორმალური განათლების მიღება სხვა მიზეზით გადაწყვიტა. როგორც დენიელი BBC-სთან ამბობს, მისი მთავარი მიზანი უნივერსიტეტში კონტაქტების შეძენაა.

დენიელი ამბობს, რომ სწავლების ორივე სტილს აქვს დადებითი მხარეები. მაგალითად, თუკი ვებდეველოპმენტის დამოუკიდებლად შესწავლას გადაწყვეტთ, შეძლებთ პროცესი საკუთარ თავზე მოირგოთ. თუმცა ფორმალურად განათლების მიღებისას აღმოაჩენთ, რომ რთულ საკითხებს პროფესიონალი პედაგოგები უფრო სწრაფად გიხსნიან, სასწავლო პროგრამაც მეტად ლოგიკური და თანმიმდევრულია.

სერვედეი დამწყებებს ურჩევს, უნივერსიტეტში სწავლის შემთხვევაში არ შეწყვიტონ Self study-პროცესი და ყოველთვის იზრუნონ განვითარებაზე, ახალი უნარების გამომუშავებაზე, პროფესიულ ზრდაზე.

Forbes-ის ათეული

Forbes-მა 31 აგვისტოს გამოაქვეყნა 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა, რომელსაც ფორმალური საუნივერსიტეტო განათლება არ სჭირდება.

სია ასე გამოიყურება:

სიის სათავეში ანტრეპრენერობაა − საკუთარი ბიზნესის ფლობა, გამოცემის მიხედვით, შემოსავლიანია და, რაც მთავარია, განსაკუთრებულ აკადემიურ შესწავლას არ საჭიროებს. მეორე ადგილზეა ქოუჩინგი − ეს პროფესიაც აკადემიურ სივრცეში არ ისწავლება, თუმცა არსებობს კურსები, რომელთა გავლა შეგიძლიათ.

უძრავი ქონების აგენტებს, ზემოჩამოთვლილის მსგავსად, ფორმალური განათლების მიღება არ სჭირდებათ. თუმცა, ლიცენზიის მოსაპოვებლად გარკვეული კურსების გავლა და სერტიფიკატის აღება სავალდებულოა.

კიდევ ერთი პროფესია, რომელში დასაქმებაც სპეციფიკური განათლების გარეშე შეგიძლიათ, გაყიდვებია − გარდა ამისა, ამ სფეროში კარიერული წინსვლაც მთლიანად თქვენს მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე იქნება დამოკიდებული.

პირადი პილოტები, ავიახაზებზე მომუშავეთაგან განსხვავებით, არ საჭიროებენ აკადემიურ განათლებას. ეს პროფესია საკმაოდ მაღალანაზღაურებადია და დასაქმებისათვის მხოლოდ ლიცენზიის აღებაა საჭირო, რაც უნივერსიტეტში სწავლას არ მოითხოვს.

კიდევ ერთი კარგად ანაზღაურებადი, არააკადემიური პროფესია მომარაგება და ამ ქსელის მენეჯმენტია. გაყიდვების მსგავსად, ამ სფეროშიც დაბალი პოზიციიდან მენეჯერულ რგოლამდე დაწინაურება ნაკლებად ბიუროკრატიულია.

Forbes-ის მიხედვით, ვებდეველოპმენტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, რომელსაც აკადემიური განათლება და უნივერსიტეტის დიპლომი არ სჭირდება. აქ საშუალო წლიური შემოსავალი $100 000-ს აჭარბებს.

კიდევ ერთი თანამედროვე პროფესია, რომელიც უნივერსიტეტებში, როგორც წესი, არც კი ისწავლება, პროექტების მენეჯმენტია. სფერო ძალიან მრავალმხრივია და მომუშავე ადამიანებს საინტერესო გამოცდილებას სძენს.

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში საუნივერსიტეტო განათლება არც პოლიციის ოფიცრებს ესაჭიროებათ, მაშინ, როცა პროფესია კარგ შემოსავალს იძლევა. პოლიციის ოფიცრებსა და პატრულებს სპეციალური გადამზადების გავლა უწევთ, თუმცა სავალდებულო მხოლოდ 12-კლასიანი განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენაა.

ასისტენტი ნებისმიერი მენეჯერისთვის უმნიშვნელოვანესი თანამშრომელია − ისინი პასუხისმგებელნი არიან მიმოწერებზე, შეხვედრების დაგეგმვაზე, მოგზაურობასა თუ სხვა შეთანხმებებზე. მიუხედავად დატვირთვისა, ამ პროფესიით მომუშავეებს რაიმე კონკრეტული საუნივერსიტეტო განათლება არ სჭირდებათ, კარიერა კი ბევრი საფეხურიდან შეუძლიათ დაიწყონ, მათ შორის − ოფისმენეჯერობიდან.

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"