Get All Access for $5/mo

რამდენად პერსპექტიულია შენი ბიზნესიდეა? როგორ მივხვდე, ჩემი ბიზნესიდეა შესანიშნავია თუ არა?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სანამ დავიწყებდეთ, ერთ საკითხს მოვფინოთ ნათელი: ხალხს ყოველთვის აინტერესებს, რამდენად ხელსაყრელი დროა ბიზნესის დასაწყებად. სინამდვილეში, ბიზნესის დასაწყებად ცუდი დრო არ არსებობს. მყარ ეკონომიკურ პირობებში საქმის წამოწყება რომ გონივრულია, ეს ცხადია. ადამიანებს აქვთ თანხა და მისი დახარჯვის გზებს ეძებენ. მაგრამ ბიზნესის დაწყება ეკონომიკურად რთულ ან ბუნდოვან დროს, შესაძლოა, არანაკლებ გონივრული აღმოჩნდეს. თუ "საშინაო დავალება" შესრულებული გაქვს, სავარაუდოდ, იცი, რომ არსებობს იმ ბიზნესის საჭიროება, რომელიც ჩაფიქრებული გაქვს. ვინაიდან ბევრი თავს იკავებს, საქმიანობა რთულ ეკონომიკურ დროს დაიწყოს, მეტი შანსი გაქვს, შენმა ბიზნესმა ყურადღება მიიქციოს. შენი იდეიდან გამომდინარე, არახელსაყრელი ეკონომიკის პირობებში, ხშირად აღჭურვილობას (მთლიან ბიზნესსაც კი) შეიძლება იაფად გადააწყდე.

მონაცემები ცვალებადია, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად, საშუალოდ, ნახევარი მილიონი ბიზნესი იხსნება. და მაინც, ყოველ ამერიკელზე, რომელიც ბიზნესს იწყებს, მოდის გაცილებით მეტი, რომელიც ყოველ წელს იწყებს ფრაზით − "მოდი, წელს საკუთარ ბიზნესს მოვკიდებ ხელს" და შემდეგ ასე არ იქცევა.

ყველას საკუთარი ბარიერი აქვს − ის, რაც ხელს უშლის ამ გადამწყვეტი პირველი ნაბიჯის გადადგმაში. უმეტესობას დაწყება აშინებს; შესაძლოა, აფრთხობდეს გაურკვევლობა, მარცხი ან თუნდაც, წარმატება. ზოგისთვის რაიმეს წამოწყება სტრესულია, რადგან ჰგონია, რაიმე ისეთი უნდა მოიფიქროს, რაც მანამდე არავის გაუკეთებია − ახალი გამოგონება, უნიკალური სერვისი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიქრობენ, რომ ბორბალი თავიდან უნდა გამოიგონონ.

მაგრამ თუ ტექნოლოგიური გენიოსი არ ხარ − ახალი ბილ გეიტსი ან სტივ ჯობსი − ბორბლის ხელახლა გამოგონება მხოლოდ დროის კარგვაა. ბიზნესის დაწყების მსურველთა უმეტესობისთვის საკითხი არ უნდა იდგეს რაიმე უნიკალურის გამოგონებაზე. ისეთის, რომლის მსგავსიც არავის სმენია. ამის ნაცვლად, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას: "როგორ შემიძლია გავაუმჯობესო ის?" ან "შემიძლია გავაკეთო უკეთ ან განსხვავებულად, ვიდრე ამას ეს ტიპი აკეთებს?" ან "არის რაიმე არსებული პრობლემა, რომელიც მომხმარებელს აწუხებს და რომლის გადაჭრის გზასაც ვიპოვი? ან მარტივად − "არის ამ დარგში ისეთი საბაზრო წილი, რომელიც ჯერ თავისუფალია და შეიძლება, რომ ახალმა ბიზნესმა აითვისოს?"

შეასხი ფრთები შემოქმედებით აზროვნებას

როგორ დაიწყო იდეების გენერირების პროცესი? უპირველესად, აიღე ფურცელი და ზემოთ დაწერე: "ჩემ შესახებ". ჩამოწერე ხუთი-შვიდი რამ, რისი კეთებაც გიყვარს ან რაც ძალიან კარგად გამოგდის, პირადული რამ (ცოტა ხანში, საქმიან ცხოვრებაზეც გადავალთ). სია შეიძლება მოიცავდეს: "ადამიანებთან ურთიერთობა მშვენივრად გამომდის, მიყვარს ბავშვები, მიყვარს კითხვა, მიყვარს კომპიუტერები, მიყვარს რიცხვები, კარგად გამომდის მარკეტინგული კონცეფციების მოფიქრება, პრობლემების გადაჭრა მეხერხება". უბრალოდ, ჩამოწერე, რაც თავში მოგივა; არ არის აუცილებელი, ლოგიკური იყოს. როცა დაასრულებ, ჩამოწერილი სია ფურცლის ერთ მხარეს დანომრე.

ფურცლის მეორე მხარეს ჩამოწერე ის, რაშიც შენი აზრით, კარგი არ ხარ ან რისი კეთებაც არ გიყვარს. შესაძლოა, მარკეტინგულ კონცეფციებს კარგად შეიმუშავებ, მაგრამ ხალხთან შეხვედრა არ გიყვარს. ბავშვები ძალიან გიყვარს, მაგრამ სიტყვით გამოსვლა არ მოგწონს. ან მოგზაურობა არ გსურს. ზედმეტს ნუ იფიქრებ.

როცა დაასრულებ, საკუთარ თავს ჰკითხე: რომ არსებობდეს სამი-ხუთი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც ჩემს ცხოვრებას გააუმჯობესებდა, რა იქნებოდა ის? ეს ეხება შენს პირად ცხოვრებას, როგორც მამაკაცის, ქალის, მამის, ქმრის, დედის, ცოლის, მშობლის, ბებიის თუ პაპის რანგში − შენი პირადი სიტუაციიდან გამომდინარე. განსაზღვრე, რომელი პროდუქტი ან მომსახურება გაგაბედნიერებდა, ცხოვრებას გაგიმარტივებდა, გაცილებით ეფექტიანს და პროდუქტიულს გაგხდიდა, ან უბრალოდ, მეტ დროს დაგიზოგავდა.

შემდეგ საკუთარ თავს იგივე კითხვა შენი საქმიანი ცხოვრების შესახებ დაუსვი. გამოავლინე, რა მოგწონს და რა არა საქმიანობაში. ასევე, რა მოსწონთ და რა არა შენი თვისებებიდან სხვებს.

დაბოლოს, საკუთარ თავს ჰკითხე, რატომ გსურს ბიზნესის წამოწყება. ამ ყველაფერს რომ მორჩები, დააკვირდი თანხვედრას (მაგალითად, თუ არის ისეთი ბიზნესის საჭიროება, რომელიც გულისხმობს იმ საქმეთაგან რომელიღაცის კეთებას, რაც გიყვარს ან რაც გეხერხება). პროცესის გაადვილების მიზნით, წარმოგიდგენთ "სამუშაო ფურცელს ჩემ შესახებ", რომელიც შეგიძლია შეავსო (იხ. გვერდი 46).

მოტანილი შედეგი

ბიზნესსტარტაპის ამბავი, რომელიც საჭიროების გამოვლენისა და გამოყენების კარგი მაგალითია. Entrepreneur-ის სათავო ოფისი მდებარეობს ირვინში, კალიფორნიაში, განაშენიანებულ ნაწილში. მრავალი წლის წინ ტერიტორიაზე სწრაფი კვების ბევრი ობიექტი არ იყო. უმეტესობა მდებარეობდა ქალაქის მეორე ბოლოში, დასახლებულ უბანში. ირვინში ორი ახალგაზრდა იმედგაცრუებული იყო ლანჩის შესვენების დროს არსებული ვითარებით. ღია სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომ ფასად არსებობდა კვების რამდენიმე დახლი, მაგრამ საპარკინგე სივრცე მცირე იყო, რიგები კი − საშინელი.

ერთ დღესაც, ამ პრობლემაზე წუწუნისას, ერთ-ერთმა თქვა: "კარგი არ იქნებოდა, გემრიელი საჭმლის მიტანის სერვისი წამოგვეწყო?" გონებაში "ნათურა აინთო"! შემდეგ მათ გააკეთეს ის, რასაც ბევრი არ აკეთებს − საკუთარი იდეა აამოქმედეს. მოხდა ისე, რომ მათ შეიძინეს Entrepreneur Press-ის "სტარტაპის გზამკვლევი ნაბიჯ-ნაბიჯ" და წამოიწყეს მიტანის სერვისი.

დღეისათვის მათი ბიზნესით 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა! ეს საქმე არც რთულია და არც ორიგინალური. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია თანდათან გაიზარდა, მათი ბიზნესი კვლავ არაჩვეულებრივად კარგად მუშაობს. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ საკუთარ იმედგაცრუებას მოუსმინეს და გადაწყვიტეს, რაღაც ემოქმედათ. მათ არ იცოდნენ, რომ კვლევების მიხედვით, ლანჩის შესვენების ხანგრძლივობის შემცირება ამერიკელი დასაქმებულების უკმაყოფილების ერთ-ერთი უდიდესი მიზეზია. ამ ახალგაზრდა ანტრეპრენერებს რომ ეგონათ მხოლოდ საკუთარ საჭიროებას აგვარებდნენ, საყოველთაო პრობლემას გამოეხმაურნენ.

იდეების მოფიქრების ერთ-ერთი გზაა, მოუსმინო საკუთარ (შენი თანამშრომლების, ოჯახის წევრების თუ მეზობლების) იმედგაცრუებებს. შესაძლებლობები შენ გარშემოა, უბრალოდ, უნდა ეძებდე. თუ შენი გონება ყოველთვის იდეების გენერირებაზეა მომართული, მაშინ ბევრი იდეა მოგივა, მარტოოდენ, გარშემო მიმოხედვით ან პუბლიკაციის კითხვით. მაგალითად, თუ გაეცანი სტატიას, სადაც საუბარია ლანჩის შესვენების შეკვეცაზე და ანტრეპრენერივით აზროვნებ, იტყვი: "ვაუ, შეიძლება ეს ხელსაყრელ შესაძლებლობად ვაქციო. საკითხს შევისწავლი".

მომენტები, რომელიც შთაგონებით გავსებს

შთაგონების წყაროს პოვნა ყველგან არის შესაძლებელი. აი, კიდევ ერთი კლასიკური სტარტაპული ისტორია: იქამდე, სანამ შესაძლებელი გახდებოდა, ფილმები საკაბელო ქსელით ან ვიდეო სტრიმინგ-სერვისების მეშვეობით სასურველ დროს გენახა, დაჯარიმებულხარ ვიდეოკასეტის ვადაზე გვიან დაბრუნების გამო? სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ეს არაფრად ჩაგიგდია. აი, როცა რიდ ჰატინგსი, რომელმაც დაგვიანებით დაბრუნებისთვის 40 აშშ დოლარის ოდენობის უზარმაზარი ჯარიმა მიიღო, გაბრაზების ნაცვლად შთაგონებით აივსო. ჰასტინგსი დაფიქრდა: რატომ არ მუშაობენ ფილმების გამქირავებლები ჯანმრთელობის ცენტრების პრინციპით, სადაც, მიუხედავად იმისა, მომსახურებით ხშირად სარგებლობ თუ იშვიათად, მაინც ერთსა და იმავე თანხას იხდი? ამ ფიქრიდან დაიბადა Netflix-ი. 1999 წლიდან, ანუ დაფუძნებიდან, Netflix-ი იქცა ბიზნესად, რომლის შემოსავალმა 2018 წლის ბოლოსთვის 15 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

იდეა შესაძლოა მოგივიდეს მარტივად, ბოლო დროის ტრენდულ ბიზნესებზე თვალის აქტიურად მიდევნებით; ამის მაგალითი ძალიან ხშირია. ბევრმა ადგილობრივმა ანტრეპრენერმა უამრავი ფული იშოვა თავიანთ ქალაქებში Starbucks-ის ტიპის ყავის სახლების კონცეფციის გადმოტანით და შემდეგ ამ იდეის განვითარებით. კარგი მაგალითია მინეაპოლისში მდებარე Caribou Coffee. 1990 წელს კომპანიის დამფუძნებლებს ჰქონდათ "აჰა" მომენტი, როგორც თავად უწოდეს. ორი წლის შემდეგ წამოიწყეს საქმე, რომელიც აშშ-ში გურმანული ყავის სახლის ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციულ ქსელად იქცა. ყავის ინდუსტრიის სხვა ანტრეპრენერებმა ადგილობრივ ბაზარზე დარჩენა ამჯობინეს.

გვერდს ნუ აუვლი იმას, რაც უკვე გამოცდილია და წარმატება მოუტანია. ტრენდული ბიზნესები ხშირად ციკლს გადიან. მაგალითისთვის მებაღეობა ავიღოთ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაღის მოვლის პროდუქციასა და დანადგარებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მებაღეობას 21-ე საუკუნის ბიზნესს ვერ უწოდებ. იგივე შეიძლება ითქვას დასუფთავების ბიზნესზე, შინაური ცხოველების მოვლასა ან თუნდაც, ძაღლის გასეირნებაზე; ვინაიდან განრიგი უფრო მეტად დაკავებული აქვთ, ადამიანები ეძებენ დამხმარეს იმ საქმეებისთვის, რისთვისაც თავად დრო აღარ რჩებათ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იღებ რაიმე იდეას და მას დროსა და სამიზნე საზოგადოებას არგებ. ნებისმიერ კონცეფციას შენი კრეატიულობა შესძინე. მეტიც − იდეის კონკრეტულ მიზანზე მორგება არის არა არჩევანი, არამედ საჭიროება, თუ გსურს, ბიზნესმა წარმატებას მიაღწიოს. არ შეიძლება, იდეა უბრალოდ აიღო, წინ დაიდო და თქვა: "ესეც ასე. ეს ისაა, რაც მინდა". McDonald's-ის, Subway-ის და რამდენიმე დიდი ფრანჩაიზინგული კონცეფციის გარდა, იშვიათად თუ მოიძებნება ბიზნესი, რომელიც წარმატებით მუშაობს "ყველაფერი- ყველასთვის" მიდგომით.

ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რათა განსაზღვრო, რამდენად წარმატებით იმუშავებს შენი იდეა ადგილობრივ საზოგადოებაში, არის იმ ადამიანებთან გასაუბრება, ვისაც იცნობ. თუ ეს ბიზნესიდეაა, დაელაპარაკე თანამშრომლებსა და კოლეგებს, ინდივიდუალური იდეები კი ოჯახის წევრებს ან მეზობლებს გააცანი. ნუ შეგეშინდება, რომ იდეას მოგპარავენ. ამის შანსი თითქმის არ არსებობს. აქცენტი ზოგად კონცეფციაზე გაამახვილე; დეტალების ჩამორაკრაკება აუცილებელი არ არის.

უბრალოდ, გააკეთე!

იმედია, ამ დროისათვის, გარკვეულწილად, ნათელი მაინც არის, თუ როგორ უნდა შეაფასო, რამდენად საშენოა ბიზნესი. უნდა გააცნობიერო, რომ სტარტაპი რთული მეცნიერული განტოლება არ არის. რა თქმა უნდა, ბიზნესის წამოწყება სულაც არაა, მაგრამ არც ისეთი რთული და საშიშია, როგორადაც ბევრი ადამიანი აღიქვამს. ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ და გონივრულად წარმართული პროცედურა. ჯერ ერთი ნაბიჯი, შემდეგ მეორე. პირველი ნაბიჯი: გადაწყვიტე, რისი კეთება გინდა. როგორც კი იდეას შეარჩევ, გაესაუბრე ხალხს და აზრი გაიგე. ჰკითხე: "შეიძენდი/გამოიყენებდი ამას და სანაცვლოდ რამდენს გადაიხდიდი?"

გაითვალისწინე, რომ შენ მიერ არჩეულ ანტრეპრენერულ გზაზე უმეტესობა მხარს არ აგიბამს (ზოგიც, პირიქით − მოტივაციას ჩაგიკლავს). ზოგიერთი გეტყვის, რომ შენთვის კარგი უნდათ; უბრალოდ, რეალური სიტუაცია სურთ დაგანახონ. ნაწილს შეშურდება შენი გამბედაობის; ნაწილს გააღიზიანებ იმიტომ, რომ აღმოგაჩნდა რაიმეს რეალურად გაკეთების გამბედაობა. ასეთ კრიტიკოსებს უფლება არ უნდა მისცე, გადაგარწმუნონ და შეაჩერონ შენი მსვლელობა, სანამ მას დაიწყებდე.

რეალურად, ბიზნესიდეის მოფიქრების შემდეგ რა არის ანტრეპრენერისთვის ყველაზე საჭირო თვისება? − შეუპოვრობა. როდესაც ბიზნესს წამოიწყებ, უფრო ხშირად მოისმენ "არა"-ს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს. პირადად არ უნდა მიიღო; უნდა გასცდე "არა"-ს და სხვასთან გადაინაცვლო − რადგან ოდესმე აუცილებლად მიიღებ "დიახ"-ს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გაფრთხილება, რომელსაც მიიღებ, შეეხება რისკს. ყველა გეტყვის, რომ საკუთარი ბიზნესის წამოწყება ძალიან სარისკოა, მაგრამ განა არსებობს ისეთი რამ, რასაც რისკი არ ახლავს? თანაც, სულელურ და გაანგარიშებულ რისკს შორის განსხვავებაა. თუ ზედმიწევნით აწონ-დაწონი საკუთარ ქმედებებს, მიიღებ საჭირო დახმარებას და მუდმივად დასვამ შეკითხვებს, რისკის შერბილება შესაძლებელია.

არ უნდა მისცე საშუალება რისკს, შენი წინსვლა შეაჩეროს. ჰკითხე საკუთარ თავს: რეალურად რას ვრისკავ? და შეაფასე რისკი. რას თმობ? რას დაკარგავ, თუ წარუმატებელი იქნები? თუ არ გიღირს, ნუ გარისკავ. არ დააყენო რისკის წინაშე შენი სახლი, ოჯახი და ჯანმრთელობა. ჰკითხე საკუთარ თავს: თუ არ გამომივა, ახლანდელზე უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდები? თუ მხოლოდ გარკვეულ დროს, ენერგიასა და თანხას დაკარგავ, მაშინ გარისკვა, სავარაუდოდ, ღირს. იცოდე, რისი გაკეთება გინდა, მხოლოდ პირველი ეტაპია. წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო და კვლევა გელოდება. ყველაზე მნიშვნელოვანია: გააკეთე რამე. აქციე ეს წელი რეალური ქმედების წლად!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა ბიზნესის წარმატებისთვის

Develor International-ის და Develor საქართველოს გამოცდილება ორგანიზაციების მხარდაჭერის პროცესში