რატომაა სასარგებლო არაკომფორტული მდგომარეობა და მცდარი გადაწყვეტილებები ბიზნესკონსულტანტისა და თერაპევტის, პიტერ შელარდის რჩევები ანტრეპრენერებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სანამ მის შეხედულებებს გავეცნობოდეთ, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ პიტერ შელარდის ცხოვრებაშიც იყო ანტრეპრენერული ნაბიჯები – კლინიკური თერაპევტობიდან ბიზნესკონსულტანტობამდე. 2006 წელს გაბედულად მოფუსფუსე ადამიანების სამყაროში შეაბიჯა და დღემდე მათ გვერდით დგას: არის მასწავლებელი, მოტივატორი, მეგობარი. დამწყებ თუ უკვე შემდგარ ანტრეპრენერებს ეხმარება ადეკვატური ემოციების, ქცევებისა თუ ჩვევების აღმოჩენასა და შენარჩუნებაში, რაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მათ ცხოვრებაში.
ანტრეპრენერული გზის გავლა უსაზღვრო ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. ეს არის მცდელობების, უწყვეტი ფიქრისა და შრომის მდგომარეობა, რაც თავისთავად, არ ასოცირდება კომფორტთან.
ადამიანები უმეტესწილად არსებული რესურსებით კმაყოფილდებიან და უკეთესის ძიებაში დროს "ფუჭად არ კარგავენ". თუმცა, ჩვენ ხომ აქ ანტრეპრენერებზე ვსაუბრობთ – მოუსვენარ, იდეებითა და მიზნებით დახუნძლულ ინდივიდებზე, რომლებიც კომფორტის ზონის დატოვებას არ უშინდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტ-ნაკლებად ყველასთვის არასასიამოვნო გრძნობაა.
შელარდის რჩევით, ანტრეპრენერები არ უნდა შეუშინდნენ დისკომფორტს. იგი იმედსაც კი გვაძლევს, რომ ეს არასასურველი მდგომარეობა აუცილებლად იმუშავებს როგორც კომპასი, რომელიც მიგვიყვანს ნამდვილი ღირებულებების კუნძულთან. მისი აზრით, არაკომფორტულობას რომ შევხედოთ, როგორც კომფორტს, ამაში იმის გააზრებაც დაგვეხმარება, რომ დისკომფორტი ყოველთვის ახლოს დგას ფასეულობებთან და რომ მის გარეშე პროგრესს ვერ ვიზეიმებთ.
ანტრეპრენერმა უნდა იფიქროს, რომ ადამიანი, რომელიც ცხოვრებას კომფორტში ატარებს, საბრალოა და ვერასდროს მიხვდება, რამხელა ბედნიერების მოტანა შეუძლია წინგადადგმულ ნაბიჯსა და პატარა მცდელობებს. პიტერ შელარდი გვეუბნება, რომ როცა არაკომფორტულობაში კომფორტულად ვიგრძნობთ თავს, მხოლოდ მაშინ მივაღწევთ უმთავრესს: ნამდვილ და დამსახურებულ გამარჯვებას.
არაკომფორტული მდგომარეობის შემქმნელი მიზეზი უამრავია, ერთ-ერთი კი, მცდარი გადაწყვეტილებებია. ხშირად, იმის შიშით, რომ არასწორ არჩევანს გავაკეთებთ, ჩვენ საერთოდ ვწყვეტთ მოქმედებას. პასიურობას კი, დამეთანხმებით, ანტრეპრენერულ წარმატებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
პიტერ შელარდს ათასზე მეტ მოტივირებულ, დიადი მიზნების მქონე ადამიანთან ჰქონია საქმიანი ურთიერთობა და მათზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ ანტრეპრენერული წარმატების გასაღები სწორი გადაწყვეტილებებია, მაგრამ მის მისაღებად საჭიროა იცოდე სწორისა და მცდარის გარჩევა. ეს მახასიათებელი კი ადამიანს ეხმარება, უფრო წარმატებული გახდეს.
ბიზნესკონსულტანტისა და თერაპევტის აზრით, აუცილებელია მივიღოთ ცოდნა, რომელიც გამოცდილებით მიიღება, გამოცდილებას კი გვძენს როგორც სასარგებლო, ისე ზიანის მომტანი გადაწყვეტილებები.
ანტრეპრენერი სწავლობს უკეთ, როცა მას აქვს "ნაიარევები", რომლებიც თავს ხშირად ახსენებს. შელარდმა ასეთი მიმართება იპოვა ცუდ გადაწყვეტილებასა და წარმატებას შორის:
ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც დაბეჯითებით შევასრულეთ, გვაძლევს გამოცდილებას, გამოცდილება გვწვრთნის კარგი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც თავის მხრივ წინ უძღვის წარმატებას.
შესაბამისად, გამოდის, რომ მცდარ ნაბიჯებს შეუძლიათ მიგვიყვანონ წარმატებამდე, თუმცა ალბათ მხოლოდ ისეთებს, რომლებიც შემდგომში გავიაზრეთ და გავაანალიზეთ. ამ შეხედულებების დასამტკიცებლად შეგვიძლია მრავალი ცნობილი ადამიანის ცხოვრება მოვიშველიოთ, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთს დავეყრდნოთ – ამერიკელ კალათბურთელ მაიკლ ჯორდანის ინტერვიუს ნაწყვეტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ რეგრესი და წარმატება ხშირად ძლიერ ურთიერთკავშირშია. "მე მუდმივად განვიცდიდი მარცხს და სწორედ ამიტომ მივაღწიე წარმატებას".
ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, ანტრეპრენერებს ვუსურვოთ ყველა მიღებული გადაწყვეტილებით სარგებლის ნახვა და არაკომფორტულ გარემოში კომფორტის აღმოჩენა.