Get All Access for $5/mo

რობოტების სასაფლაო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ანტონიო ვივალდი დაიბადა 1678 წელს, ვენეციაში.

15 წლის ვივალდიმ სწავლა დაიწყო სასულიერო სასწავლებელში. მაშინ მისი მიზანი იყო, მღვდელი გამხდარიყო. 1703 წელს ის ეკურთხა კიდეც, მისი მეტსახელი იყო "წითელი მღვდელი", სავარაუდოდ მისი წითელი თმის გამო.1703 წელს ვივალდი გახდა ოსპედალე დე ლა პიეტას თავშესაფარში მაესტრო დი ვიოლინო. ვენეციაში სულ 4 ასეთი დაწესებულება გახლდათ. მათი მიზანი იყო მიეცათ განათლება და აღეზარდათ მიტოვებული, ობოლი და ღარიბი ოჯახის შვილები. ისინი ფინანსდებოდნენ რესპუბლიკის ფონდებიდან, ვაჟები შეისწავლიდნენ ვაჭრობას და თავშესაფარს ტოვებდნენ 15 წლის ასაკში, ხოლო გოგონები იღებდნენ მუსიკალურ განათლებას და ყველაზე ნიჭიერები გუნდისა და ორკესტრის წევრები ხდებოდნენ.

ანტონიო ვივალდის ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ მალე, ობოლთა თავშესაფრის აღსაზრდელთა გუნდმა მოიპოვა დიდი სახელი და პატივისცემა რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც. სწორედ ვივალდიმ დაწერა მათი კონცერტების, კანტატების და სასულიერო მუსიკის უმეტესი ნაწილი. თუმცა, კომპოზიტორის დამოკიდებულება ოსპედალე დე ლა პიეტას მმართველობასთან საკმაოდ დაძაბული იყო. მმართველთა საბჭო ყოველ წელს აწყობდა კენჭისყრას მასწავლებელთა არჩევის თაობაზე, თუმცა ვივალდის დატოვებაზე კენჭისყრა ყოველთვის დავით სრულდებოდა და 1709 წელს დიდმა კომპოზიტორმა დაკარგა ეს სამუშაო 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ. ხოლო ერთი წლის შემდეგ, როგორც შტატგარეშე მუსიკოსი, კვლავ დააბრუნეს. 1713 წელს ის გახდა ამ დაწესებულების მუსიკალურ შემოქმედებაზე პასუხისმგებელი. 1716 წელს დააწინაურეს და მიიღო წოდება მაესტრო დი' კონცერტი.

სწორედ ამ წლებში დაწერა ვივალდიმ თავისი მუსიკალური ნაწარმოებების უმრავლესობა, მათ შორის − უამრავი ოპერა და კონცერტი.

1732 წელს მან დაწერა ცნობილი "წელიწადის დროები", რომლებიც წარმოადგენს ვიოლინოს 4 კონცერტს. ამ მუსიკის დაწერის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მანტუას ირგვლივ მდებარე ლამაზი სოფლის გარემო. ამ ნაწარმოებმა მუსიკალურ კონცეფციაში რევოლუცია მოახდინა.

ვივალდი გარდაიცვალა 1741 წლის 27 ან 28 ივლისს შინაგანი ორგანოების ინფექციით, ნაქირავებ სახლში. 28 ივლისს დაკრძალეს ღარიბთა საავადმყოფოს ეზოში, რომელიც მდებარეობდა წმინდა კარლის სახელობის ეკლესიასთან. ამ სასაფლაოზე ასაფლავებდნენ სიკვდილმისჯილ დამნაშავეებსაც. იმის გამო, რომ ეს სასაფლაო 1783 წელს დაიხურა, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად არის დაკრძალული ანტონიო.

2019 წლის 7 მაისი,

თბილისი, გზაში 11:59

გამარჯობა, ბატონო ლ.გ., ტექნოპარკიდან გაწუხებთ.

დიახ, გისმენთ.

თქვენ მეილზე გადმოგეგზავნათ შესავსებად კითხვარი და გთხოვთ შეავსოთ.

უკაცრავად, მაგრამ მე მუდმივად ვცდილობ ჯიტას* მიერ გამოგზავნილ მეილებს ვუპასუხო და თუ არ შეწუხდებით, რომელ კითხვარზეა საუბარი, რომ ვიცოდე? იქნებ არ მიმიღია, რადგან არ მახსენდება.

იცით, 12 დღის წინ გადმოგეგზავნათ და უნდა შეგევსოთ.

და რას ეხება ეს კითხვარი, ან არადა, სავალდებულო თუა ახლა ამის შევსება? რამეთუ სულ ვავსებ ამ კითხვარებს როცა დრო მაქვს, მაგრამ ახლა არ მცალია ასეთი რამეებისთვის, თუ აუცილებლობას არ მოითხოვს.

იცით, მე არ ვიცი კითხვარის შინაარსი, უბრალოდ დარეკვა დამავალეს. სავალდებულოა იმდენად, რამდენადაც ეს ყველაფერი ისევ თქვენთვის კეთდება და რაც მთავარია − ანონიმურია.

ანუ, წარმოდგენა არ გაქვთ რა კითხვარზეა საუბარი, რომელიც ორი კვირის წინ გამოიგზავნა, და რადგან მოპასუხე ანონიმურია, არც იმაზე გაქვთ წარმოდგენა, მე შევავსე თუ არა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, მაინც მთხოვთ, ჩემი დრო, რომელიც რეალურად არ მაქვს, იმიტომ, რომ საქმე ჩემიც უამრავი მაქვს, მოვცდე მეათასე სისულელე კითხვარის შესავსებად?

დიახ, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი, ბატონო ლ.გ. დიდი მადლობა.

იცით რა, ნახვამდის!

იგივე დღე 12:39, ოფისში

მოგესალმებით. თქვენ დაუკავშირდით მაგთიკომს, მობილურ სერვისებთან და მაგთიფიქსთან დასაკავშირებლად დააჭირეთ ერთს, ფიქსირებულ ინტერნეტთან და ტელევიზიასთან დასაკავშირებლად დააჭირეთ ორს, კრედიტის მიღებასთან დასაკავშირებლად დააჭირეთ ერთს, ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მოსასმენად დააჭირეთ ორს, ოპერატორთან დასაკავშირებლად დააჭირეთ ერთს, ახალი აბონენტის რეგისტრაციასთან დასაკავშირებლად დააჭირეთ ორს, სხვა შემთხვევაში დაელოდეთ ოპერატორს. ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია, გთხოვთ დაელოდოთ, თქვენ მალე გიპასუხებენ (სამჯერ), მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება, ოპერატორი ნ. ს. გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

გამარჯობა, ჩემი ორგანიზაციის მეილი მიბმულია თქვენს ჰოსტინგზე და მეილები არ შემოდის. თუ შეიძლება გადამრთეთ პასუხისმგებელ განყოფილებაში.

თქვენი სახელი, ბატონო, როგორ მოგმართოთ და ორგანიზაციის დასახელება?

ლ.გ. XWYZ.

ახლავე გადაგრთავთ ტექნიკოსთან, ბატონო, − მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, თქვენი საუბარი იწერება, გთხოვთ დაელოდოთ ოპერატორს, თქვენ მალე გიპასუხებენ.

გამარჯობა, ოპერატორი ა.დ. გისმენთ, როგორ მოგმართოთ?

გამარჯობა, ალექსანდრე. იცით დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ ჩემს მეილზე არ შემოდის წერილები.

თქვენი ორგანიზაციის დასახელება, თუ შეიძლება?

ლ.გ. XWYZ.

თქვენი მეგაბაიტების ლიმიტი ამოწურულია, ბატონო ლ.გ. 37 ლარში მხოლოდ X მეგაბაიტი ზომის მეილების რაოდენობა ეტევა. თუ დაამატებთ და 67-ლარიან პაკეტს შეიძენთ, გაგეზრდებათ ლიმიტების რაოდენობა, თუმცა…

კი, დამიმატეთ!

იცით, ამისათვის ორგანიზაციის დირექტორმა ბლანკზე უნდა ამობეჭდოს განცხადება, ხელი მოაწეროს და ეს დასკანერებული დოკუმენტი პირადობის მოწმობასთან ერთად ელექტრონულად მოგვაწოდოს. ჩვენ განვიხილავთ და შემდგომ ოპერატორი დაგიკავშირდებათ, ან მიბრძანდით მაგთიკომის ფილიალში.

იცით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოფისიდან ხედია ასწლოვან ნაძვნარზე, კალენდარზე ოცდამეერთე საუკუნე და ტექნოლოგიური რევოლუცია დგას. შეგიძლიათ ამიხსნათ, ოცი ლარით იმეილის ტევადობის გაზრდას რად უნდა ბლანკი და პირადობის მოწმობის ასლი?

იცით, ბატონო, ასეთია კომპანიის შინაგანაწესი და მე სხვანაირად ვერ დაგეხმარებით.

კარგი, სხვა გამოსავალი რომ შემოგთავაზოთ, მე წავშლი აბსოლუტურად ყველა მეილს, რაც აქამდე შემოსულა და აქედან გამომდინარე გადამიტვირთეთ ეს მომსახურება, რომ ახლა მომეცეს წერილის გაგზავნის და მიღების საშუალება.

ღილაკიდან ღილაკზე სწორად დაჭერის მოლოდინში, ვივალდის ოთხივე სეზონი გაჟღერდა.

უკაცრავად, მაგრამ ორმოცდამეთორმეტე წუთია ვცდილობ ერთი ციდა პრობლემის მოგვარებას და რატომ არის ეს ასეთი უსაშველოდ უტოპიური? სხვა ვინმესთან გადამრთეთ.

უკაცრავად, ბატონო ლ.გ. გთხოვთ, მიბრძანდეთ სერვისცენტრში, თუ არ გამოაგზავნით ბლანკს და პირადობას, ვერაფრით დაგეხმარებით!

გამომიგზავნეთ ჩვენი საუბრის ჩანაწერი.

ეს მე არ მეხება და ამ ჩანაწერს ვერ გამოგიგზავნით, ნახვამდის.

ოფისის აივანზე 14:15

ალო, გამარჯობა, ქალბატონო მ.ა.

გამარჯობა, მე ვარ...

ვიცი მე, ვინც ხართ, გიცნობთ, გისმენთ.

აჰ, სასიხარულოა, საქმე იმაშია, რომ საკონკურსო განაცხადი გამოვაგზავნე, მაგრამ ტექნიკური შეფერხების გამო არ მოვიდა და მგონი დედლაინზე ვაგვიანებ და თუ აქვს საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაინტერესებს.

არა უშავს, დაგელოდებით და თქვენს განაცხადს რომ მივიღებთ, მერე დავხურავთ დედლაინის დროს, ბატონო ლ.გ.

დიდი მადლობა, ნახვამდის.

ოფისის ეზოს სკამზე 15:15

ოპერატორი თ.გ. გისმენთ, ბატონო ლ.გ. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

იცით, დასუფთავების დავალიანების გადახდა დამვიწყებია და ინტერნეტბანკი რატომღაც ვერ ხედავს აბონენტის ნომერს. თუ შეიძლება, დამეხმარეთ.

მიკარნახეთ აბონენტის ნომერი, თუ შეიძლება.

აქ კიდევ ერთი სეტი იყო ვივალდის "ზამთრის".

თხუთმეტ წუთში გასწორდება, ბატონო ლ.გ. და თავიდან სცადეთ, თუ შეიძლება.

შეხვედრამდე ათი წუთით ადრე

თქვენ დაუკავშირდით კომპანია თელასს. სასურველი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ აკრიფოთ შესაბამისი ღილაკი, თელასის თანამშრომლებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ ერთი, ინფორმაცია ელექტროენერგიის შეწყვეტის ან ახალ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ − ღილაკი ორი, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თქვენი საუბარი იწერება.

ოპერატორი ნ.დ. გისმენთ...

იცით, დასუფთავების გადახდა დამვიწყებია გუშინ, როცა ელექტროენერგიის თანხა გადავიხადე. ახლა, ამის გამო სინათლის მოწოდება შეგვიწყდა. ხუთი წუთის წინ გადავიხადე თანხა და თუ შეიძლება გადაეცით, რომ აღგვიდგინონ ელექტროენერგია.

არ არის ასახული, ბატონო. ათ-თხუთმეტ წუთში გადმორეკეთ.

გადატვირთეთ, ქალბატონო თქვენი პროგრამა და ახლა, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, უნდა ჩანდეს, რომ თანხა ჩარიცხულია.

რას კადრულობთ, ბატონო, მე აქ ვმუშაობ და ზუსტად ვიცი, რა დრო სჭირდება მაგას. მოგვიანებით დარეკეთ!

ვერ დავრეკავ, ქალბატონო, შეხვედრაზე შევდივარ და იქიდან რომ გამოვალ, ვერ ვიბანავებ ანუ?..

უბრალოდ მარჯვენა ზედა კუთხეში ღილაკია, "რეფრეშ" აწერია და დააწექით, ახლავე გამოჩნდება გადახდა და გადაეცით განცხადება ჩართვაზე.

მოგვიანებით დარეკეთ, ბატონო!

1815 და 1818 წლებში იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაფლაო იყო, აშენდა ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1978 წელს, ანტონიო ვივალდის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წინ დაიდგა მემორიალური დაფა, რათა უკვდავეყოთ ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორის სახელი.

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი