Get All Access for $5/mo

როგორ გადავაქციოთ კრიზისი შესაძლებლობად? სირთულეებთან გამკლავების 5 გზა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ანტრეპრენერები გაღვიძებისთანავე დგებიან სირთულეების წინაშე, დამოუკიდებლად იმისა, ინვესტორების დაკმაყოფილებას ცდილობენ, პრობლემები აქვთ ხელფასების გადახდასთან დაკავშირებით, მოულოდნელ გართულებებს უმკლავდებიან თუ ახალი პროდუქტი გააქვთ ბაზარზე.

ბუნებრივია, ჩვენ ყველა არ ვართ დაბადებული მშფოთვარე და ქარიშხლიანი ცხოვრებისთვის, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებული თვისებები აქვს ცხოვრების ისეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებსაც ინვესტორი და მრჩეველი ბენ გოროვიცი, "რთულს" ეძახის.

სწორედ ასეთ ანტრეპრენერებს შეუძლიათ მთელი რიგი სირთულეების უპირატესობად გადაქცევა. ისინი დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ გაცილებით ძლიერები და წარმატებულები ხდებიან. იმ დროს, როდესაც სხვები თავს კარგავენ, ისინი სიმშვიდესაც ინარჩუნებენ და ამავე დროს, შეტევებსა და შესაძლებლობებსაც სათავისოდ იყენებენ. როგორც ენდი გროუვი, Intel-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, ამ ანტრეპრენერების ტრანსფორმაციის გზა ასეთია: "კრიზისები ცუდ კომპანიებს ანადგურებს, ხოლო კარგი კომპანიები გადაურჩებიან მათ. დიდი კომპანიები სრულყოფას ამ კრიზისების წყალობით აღწევენ".

როგორც აღმოჩნდა, არსებობს იმ დაბრკოლებებში გარკვევისა და მათზე ზემოქმედების მეთოდი, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს. არსებობს საშუალება, უკეთესი გახდეთ მისი გამოყენებით. რომის იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა ეს ფორმულა საუკუნეების წინ თვითონ მოიფიქრა და ყოველდღიურად იხსენებდა მას:

"ობიექტური განსჯა − ახლავე, ამ წუთას"

"უანგარო მოქმედება − ახლავე, ამ წუთას"

"მზადყოფნა ყველაფრის მისაღებად, რასაც ცხოვრება მოიტანს − ახლავე, ამ წუთას"

აი, ეს არის ყველაფერი, რაც გჭირდებათ.

ამავე ფორმულას იყენებენ ისეთი ცნობილი ანტრეპრენერები, როგორებიც ჯონ როკფელერი, თომას ედისონი და სტივ ჯობსი არიან. როდესაც მათ სირთულეებთან უხდებოდათ შეჯახება, ამ ვითარებას თავიანთი უზარმაზარი ამბიციების გასაღვივებლადაც კი იყენებდნენ. თითოეული მათგანისთვის დაბრკოლებები იყო წარმატებისკენ მიმავალი გზა.

შემდეგ უკვე ის ხუთი სტრატეგია მოდის, რომელიც ამ ძველი პრინციპის საფუძველზე წარმოიშვა. ეს სტრუქტურა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა და მარადიულ სიბრძნეს ღაღადებს, რომლის გამოყენებაც ყველას შეგვიძლია, რომ ჩვენი და საკუთარი კომპანიების დიდ ტრიუმფებად ვაქციოთ პრობლემები, რომლებსაც ვეჯახებით. ეს არის ის, რაც საერთო აქვს ყველა დიდ ანტრეპრენერს.

1.შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჯონ როკფელერმა ორი წელი თუ იმუშავა თავის პირველ სამსახურში, როდესაც 1857 წლის პანიკა დაიწყო. ის დეპრესიაში უნდა ჩავარდნილიყო და პარალიზებულიყო იმ სავალალო გარემოებების გამო, რომლებშიც აღმოჩნდა, მაგრამ ეკონომიკურ გადატრიალებაზე წუწუნის ნაცვლად, თანატოლებისგან სრულიად განსხვავებულად გადაწყვიტა მოვლენების შეფასება. მან ეს სწავლის შესაძლებლობად, ბაზარზე საბრძოლო ნათლობად მიიჩნია. როგორც თვითონ ერთხელ აღნიშნა, მას თანდაყოლილი თვისება ჰქონდა, ყოველ კატასტროფაში შესაძლებლობა დაენახა.

ამ პირველი კრიზისის 20 წლის განმავლობაში, მხოლოდ როკფელერი აკონტროლებდა ნავთობის ბაზრის 90 პროცენტს.

როკფელერის მსგავსად, თანამედროვე ანტრეპრენერები მშფოთვარე დროს ცხოვრობენ. ჩვენს წარმოდგენებს ჩვენსავე აზროვნების დაბინდვისა და მასზე გავლენის მოხდენის საშუალება კი არ უნდა მივცეთ, არამედ ისეთ კომპანიებს უნდა შევხედოთ, როგორებიცაა LinkedIn და Microsoft − ორივე ეკონომიკური კრიზისების დროს შეიქმნა. როდესაც სხვებს თავგზა ებნევათ, დარდობენ ახალი კონკურენტის გამოჩენას ან იმას, რომ ინვესტორს გულის შეტევა დაემართა, ჩვენ შეგვიძლია ასეთი ზემოქმედებისას როკფელერის სიმშვიდით შესაძლებლობების ძიება დავიწყოთ კრიზისში.

2.სხვაგვარად იფიქრეთ.

სტივ ჯობსი თვისებით იყო ცნობილი, რომელსაც დამკვირვებლები "რეალობის დამახინჯების ველს" უწოდებდნენ. მას არაფრად მიაჩნდა ფრაზები, როგორიცაა მაგალითად, "ამის გაკეთება შეუძლებელია". როდესაც მან თავისი პირველი iPhone-ისთვის სპეციალური მინა შეუკვეთა, მწარმოებლები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, იმდენად მცირე დრო ჰქონდათ მის დასამზადებლად. "ნუ გეშინიათ", − უთხრა მათ ჯობსმა, − "თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება. უბრალოდ, მთელი თქვენი აზრები ამისკენ მომართეთ. თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას".

თითქმის ერთ ღამეში, მათ თავიანთი საწარმო გიგანტურ მინისმწარმოებელ სივრცედ აქციეს და ექვსი თვის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს ტელეფონის პირველი გაშვებისთვის. ჯობსის დაჟინებამ აიძულა ისინი თავიანთ შეხედულებაზე უარი ეთქვათ.

ჩვენც შეგვიძლია საკუთარ პირველ მოსაზრებებზე და მისგან გამომდინარე დასკვნებზე ვთქვათ უარი, რომ რაღაც შეუძლებელია. იმაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ სინამდვილეში, დაბრკოლებების გადალახვა შესაძლებელია. Apple-ის ლიდერივით, ჩვენც უნდა გვწამდეს საკუთარი უნარების, რომ რაღაცის გაკეთება შეგვიძლია იმ სფეროში, სადაც ადრე არაფერი იყო. ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Facebook და Google, დაარსების წლებში, კარგი იყო ის, რომ ამგვარი არავის არაფერი ჰქონდა გაკეთებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს მათ უნდა გაეკეთებინათ.

3. წესების იგნორირება.

სამუელ ზემურეიმ, ხილის მცირე კომპანიის მფლობელმა, ერთხელ განაცხადა, რომ მას არ შეეძლო მდინარეზე ხიდის აშენება ცენტრალურ ამერიკაში, რომელიც სჭირდებოდა. ეს იმიტომ, რომ სამთავრობო ჩინოვნიკები United Fruit-ს, შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან კომპანიას, ჰყავდა მოსყიდული.

ამიტომ, ზემურეიმ უბრძანა თავის ინჟინრებს, ორი გრძელი ბურჯი აეშენებინათ, რომელიც მდინარის ცენტრისკენ მიდიოდა. აუცილებლობის შეთხვევაში, ისინი დროებით პონტონებზე ხიდს გადაჭიმავდნენ, რომელსაც მათი შეერთება შეეძლო რამდენიმე საათში. როდესაც United Fruit-მა ამაზე პროტესტი განაცხადა, ზემურეიმ მხოლოდ გაიცინა და უპასუხა: "ეს ხომ ხიდი არ არის, მხოლოდ ორიოდე ძველი ნავსაყუდელია". ჩვენ ასეთივე ტიპის სტოიკური საზრიანობის დანახვა შეგვიძლია ისეთ სტატაპებში, როგორებიცაა Uber და Tesla. არსებობს მომენტები, როდესაც ჩვენ თამამად უნდა ვიმოქმედოთ, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი ბიზნესგეგმების მისაღწევად, იგნორირება უნდა გავუწიოთ მოძველებულსა და სასტიკ წესებს. სწორია და გამართლებულია ის, რაც მუშაობს.

4. მოლოდინი (ცუდს ელოდეთ).

არსებობს პოპულარული ტექნიკა, რომელსაც გარკვეული ადამიანები იყენებენ Fortune 500-ის სტარტაპებსა და კომპანიებში, რომელსაც Harvard Business Review-მ pre-mortem ("სიკვდილისწინა") უწოდა. ეს მენეჯერული ტექნიკა, ფსიქოლოგმა გარი კლეინმა დაამუშავა. ეს წინასწარი ვარჯიშია, როდესაც წარმოიდგენთ, რომ თქვენი იდეა ჩავარდა, რა დროსაც ხდება ვითარების წინასწარ შეფასება და პოტენციური საფრთხეების გაანალიზება. მაგრამ როგორც სხვა დიდ იდეებში, აქაც არაფერია ახალი. ეს ძველი სტოიკოსების დამსახურებაა. მათ ამისთვის უკეთესი სახელიც კი ჰქონდათ შერჩეული: premeditatio malorum (ბოროტების წინასწარ განჭვრეტა).

ჩვენი გეგმები იშვიათად თუ ჰგავს იმას, რაც სინამდვილეში გამოდის. მაგრამ, როგორც სტოიკოს ანტრეპრენერებს, ჩვენც შეგვიძლია გონებაში გავიმეოროთ, რაც შესაძლოა არასწორად წავიდეს, რათა სიურპრიზი არ აღმოჩნდეს ჩვენთვის. ამ პროცესის გამოყენებით, კონკურენტებს გავუსწრებთ, რომლებიც შოკირებულნი დაიხევენ უკან, განადგურებულები იმით, რომ ვერც წარმოიდგენდნენ, ასე რომ მოხდებოდა.

5. Amor fati (ანუ გიყვარდეთ საკუთარი ბედი).

როდესაც ტომას ედისონის მთელი კვლევითი და საწარმოო კამპუსი ბოლომდე დაიწვა, ის არ გაბრაზებულა და არც იმედი დაუკარგავს. ნაცვლად ამისა, ენერგიული და მხნე გახდა. მისი ფაბრიკა სულ სამ კვირაში ნაწილობრივ აღდგა და ამუშავდა კიდევ, და ეს იმის გამო, რომ ედისონს ის სწამდა, რასაც ძველი სტოიკოსები amor fati-ს ეძახდნენ, ანუ საკუთარი ბედის სიყვარული.

ჩვენც შეგვიძლია ედისონის მაგალითს მივბაძოთ, როდესაც ინვესტორს ვკარგავთ ან თანამშრომელი მოულოდნელად მიდის ჩვენი სტარტაპიდან. როდესაც ჯეკ დორსი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს, ამას მისი პარალიზება ან დათრგუნვა არ გამოუწვევია. ნაცვლად ამისა, ეს მდგომარეობა მიიღო, წავიდა და Square იპოვა, გადახდების დამუშავების ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპი მსოფლიოში. ცრემლები, მრისხანება ან იმედგაცრუება არაფერს მოგვიტანს. ყველაფერს დაუცხრომელი შრომის ფასად ვიღებთ.

ყველა ეს დიდი ანტრეპრენერი ძველი სტოიკოსების სტრატეგიას იყენებდა, რათა დაბრკოლებები თავდაყირა დაეყენებინათ და მათში ახალი შესაძლებლობები დაენახათ. ისინი მარკუს ავრელიუსის აქსიომებით ცხოვრობდნენ, თუმცა შესაძლოა არც ჰქონდათ წაკითხული ეს აქსიომები და იმ ჯგუფის მიმდევრები იყვნენ, რომელსაც ციცერონი "ერთადერთ ნამდვილ ფილოსოფოსებს" ეძახდა − ისინი ძველი სტოიკოსები იყვნენ.

შესაძლოა, საკუთარი თავი ფილოსოფოსად არ მიგაჩნდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, არც ამ მამაკაცებისა და ქალების უმრავლესობას მიაჩნია. ეს ადამიანები აკადემიკოსები კი არა, მოქმედების ადამიანები არიან. მაგრამ ფილოსოფიის არსი მოქმედებაა, რაღაც კარგის გაკეთება, ჩვენს გონებაში შესაძლებლობების თავდაყირა გადატრიალებით. დღევანდელი ავტორი და ინვესტორი ტიმ ფერისი, სტოიციზმს საკუთარ საოპერაციო სისტემას უწოდებს, იმ ტრადიციებით ცხოვრობს, რაც წარმატებით დაამკვიდრა მთელ სილიკონის ველზე. ჩვენც შეგვიძლია მის მაგალითს მივბაძოთ და ის გამოვიყენოთ წარმატების მისაღწევად, რაც სხვებს დაბრკოლებად მიაჩნიათ.