როგორ უნდა მიბაძოთ ლეონარდო და ვინჩის გენიალური მხატვრისა და მოაზროვნის სისტემას ერთდროულად თქვენი ორგანიზებაც შეუძლია და მოტივირებაც
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თქვენი გასაკეთებელი საქმეების სიას გადაავლეთ თვალი. თუ ჩემსას გავს, საკმაოდ მოკლე და ადვილად გასაგები უნდა იყოს. ჩემი გასაკეთებელი საქმეების სიისთვის მხოლოდ შენიშვნების ჩასაწერი პატარა ფურცლები მაქვს მომარაგებული. თუმცა, ისეთებსაც ვიცნობ, რომლებიც დიდ ჟურნალებს, ან აპლიკაციებს იყენებენ, ან სულაც თავიანთი სამუშაოების სია, ბლოკების დაგეგმვით აქვთ ჩანაცვლებული.
როდესაც შესასრულებელი საქმეების სიაზე მიდგება საქმე, უნდა ითქვას, რომ ნამდვილად არ არსებობს მისი შედგენის სწორი ან არასწორი გზა. თუმცა, ერთ საერთო ტენდენციას მაინც უნდა გავუსვათ ხაზი, ამგვარი სიები, უმეტეს შემთხვევაში, სრულიად მარტივია. საინტერესოა, გეხმარებათ თუ არა, ეს სიები ორგანიზებულობისა და ნაყოფიერების შენარჩუნებაში? ნამდვილად გეხმარებათ, არა? მაგრამ, საკითხავია, ამ სიაში ამბიციური პუნქტებიც თუ გაქვთ შეტანილი, რომ როდესაც ბიძგი აშკარად დაგჭირდებათ, მოტივაცია შეგინარჩუნონ.
როგორ უნდა აქციოთ თქვენი სია მოტივატორად
ისტორიკოსისა და ავტორის, ტობი ლესტერის აზრით, ლეონარდო და ვინჩის უბის წიგნაკში მართლაც გასაოცარი დავალებათა სიაც იყო, რაც მიუთითებს, რამდენად მოტივირებული და მიზანმიმართული იყო იგი. ამასთან, იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ გულმოდგინედ სწავლობდა და ქმნიდა, თუნდაც, ეს ერთი შეხედვით, შეუძლებელიც კი ყოფილიყო.
NPR- ის ჟურნალისტმა, რობერტ კრულვიჩმა ლეონარდო და ვინჩის 1490-იანი წლების ბოლოთი დათარიღებული ერთ-ერთი სია თარგმნა და სრულიად ზედაპირულად რომ ვთქვათ, ის მართლაც შთამბეჭდავია. ქვემოთ, ჩამონათვალის მხოლოდ რამდენიმე პუნქტია მოყვანილი:
- [გამოთვალე] მილანისა და გარეუბნების ფართობი;
- დაუკავშირდი არითმეტიკის ოსტატს, რომ სამკუთხედის ფართობის გამოთვლა გაჩვენოს;
- დაუკავშირდი ფაზიოს (მედიცინის და სამართლის პროფესორი პავიაში), პროპორციასთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად;
- ბენედიტო პოტინარისთან (ფლორენციელი ვაჭარი) გაარკვიე, თუ როგორ დადიან ყინულზე ფლანდრიაში;
- დახატე მილანი;
- მაესტრო ანტონიოსთან გაარკვიე, თუ როგორ არის განლაგებული ნაღმსატყორცნები ბასტიონებზე, დღისით ან ღამით;
- დაათვალიერე მაესტრო ჯანეტოს არბალეტი;
- მოძებნე ჰიდრავლიკის ოსტატი და სთხოვე, გაგარკვიოს, როგორ უნდა შეაკეთო საკეტი, არხი და წისქვილი ისე, როგორც ამას ლომბარდიაში აკეთებენ;
- [დაადგინე ] თუ როგორ უნდა გაიზომოს მზე. ამას მაესტრო ჯოვანი ფრანჩეზე დამპირდა.
მისმა გენიალობამ და ამბიციურობამ კი არ უნდა შეგაშინოთ, პირიქით, და ვინჩის გასაკეთებელი საქმეების სია, თქვენი შთაგონების წყაროდ უნდა აქციოთ. უბრალოდ დაფიქრდით, მისი ჟინისა და ცნობისმოყვარების ნამცეციც რომ გქონდეთ, ალბათ, ერთ - ერთი ყველაზე პროდუქტიული ადამიანი იქნებოდით დედამიწაზე. ამის თქმა ნამდვილად ადვილია, გაკეთებაა ძნელი. მაგრამ, ქვემოთ, რამდენიმე გზას გთავაზობთ, რომლებითაც საკუთარი სიის შედგენას შეძლებთ, რომელიც ლეონარდო და ვინჩის გასაკეთებელი საქმეების ტიპის იქნება.
1. ყოველთვის თან იქონიეთ ბლოკნოტი
ლეონარდო და ვინჩი არ იყო ერთადერთი წარმატებული ადამიანი, რომელიც თავისი უბის წიგნაკს ყოველთვის თან ატარებდა. ცნობილია, რომ ისააკ ნიუტონს, ბეთჰოვენს, ბენჯამინ ფრანკლინს, თომას ედისონს, ჯონ დ. როკფელერს, ბილ გეიტსსა და რიჩარდ ბრენსონს - ყოველთვის თან აქვთ ჯიბის ბლოკნოტი. რატომ? ეს ყველაზე უკეთ არისტოტელე ონასისმა, ცნობილმა ბერძენმა გემთმფლობელმა მაგნატმა ახსნა:
"ყოველთვის თან გქონდეთ ბლოკნოტი. ყველაფერი ჩაიწერეთ. როდესაც იდეა გაქვთ, ჩაიწერეთ. როდესაც ახალ ადამიანს შეხვდებით, ყველაფერი ჩამოწერეთ, რაც კი მის შესახებ იცით. ასე თქვენ უკვე გეცოდინებათ, რამდენი დრო უნდა დაუთმოთ მათ. როდესაც რაიმე საინტერესოს მოისმენთ, ჩაიწერეთ. თუ ჩაიწერთ, შესაბამისადაც მოიქცევით. თუ არ ჩაიწერთ, დაგავიწყდებათ. ეს გაკვეთილი მილიონი დოლარი ღირს და მას ბიზნეს სკოლაში არ ასწავლიან! "
მაგრამ, ბლოკნოტი მხოლოდ სხვადასხვა მოვლენების გასახსენებლად და აზრების ჩასაწერად არ უნდა გქონდეთ. შერილ სენდბერგი თავის ბლოკნოტს, ყოველდღიური საქმეების დასაგეგმად იყენებს, სადაც ის თავისი გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალს წერს. მას შემდეგ, რაც თავის სიაში თითეულ პუნქტს შეასრულებს, მთელ გვერდს ხევს. ეს აძლევს მას სტიმულს, გზას არ ჩამორჩეს.
გირჩევთ, თქვენც დიდი ჟურნალი გამოიყენოთ, როგორც ამას და ვინჩი აკეთებდა. ამ გზით, ჟურნალიც გექნებათ თქვენი იდეების ჩამოსაწერად, და თქვენი დავალებებისა და ღონისძიებებისთვის დღის განმავლობაში თვალყურის მიდევნებასაც შეძლებთ.
2. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მოულოდნელ აზრებსა და გაუცნობიერებელ ნახატებს
როგორც NPR- მა აღნიშნა, შემოქმედებითი აზროვნების აუცილებელი პირობაა, თქვენს გონებას "თავისუფალი ლივლივის" საშუალება მისცეთ. სინამდვილეში, შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს, თუ ყურადღებას აღარ ვამახვილებთ და ჩვენს გონებას ხეტიალის საშუალება მივცემთ.
კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ყურადღებისა და ჰიპერაქტივობის დეფიციტის სინდრომის (ADHD) მქონე ადამიანები, როგორც წესი, უზომოდ შემოქმედებითი ბუნებისანი არიან. Scientific American იუწყება, რომ ამ ადამიანების გონება დამუხრუჭებულია ან შეზღუდული, მაგრამ მათ "გაცილებით მაღალი დონის შემოქმედებითი აზროვნებისა და მიღწევების დემონსტრირება შეუძლიათ, მათთან შედარებით, ვისაც გარკვეული თვისებები არ აქვთ. კერძოდ, "იდეების სპონტანურად მოფიქრების განსაკუთრებული უნარი, გონების ხეტიალი, ოცნება, შეგრძნებების ძიება, ენერგია და იმპულსურობა".
თუნდაც, ეს მახასიათებლები არ გქონდეთ, უყოყმანოდ მიეცით თქვენს ტვინს თავისუფლება, ხატვა დაიწყეთ ან შემთხვევითი ამოტივტივებული აზრების გარკვევა, რომლებიც თქვენს ბლოკნოტში ან გასაკეთებელი საქმეების სიაში გაქვთ ჩაწერილი. წინასწარ ვერასოდეს გაიგებთ, სად მიგიყვანთ ეს გზა.
3. ეცადეთ ყოველთვის გამოიჩინოთ ცნობისმოყვარება
უოლტერ ისააკსონი, ლეონარდო და ვინჩიზე დაწერილ წიგნში აღნიშნავს: "ლეონარდო წლების განმავლობაში, ისევ და ისევ, თავიდან იწყებდა ჩამოთვლას თუ რა უნდა გაეკეთებინა და ესწავლა. მათგან, ზოგიერთი პუნქტი ყურადღებით დაკვირვებას გულისხმობს, რასაც ჩვენი უმრავლესობა იშვიათად აკეთებს. მაგალითად, "დააკვირდი ბატის ფეხს. ის რომ ყოველთვის გაშლილი ან ყოველთვის შეკეცილი იყოს, ეს არსება ვერანაირ მოძრაობას ვერ შეასრულებდა". ლეონარდო და ვინჩის წიგნაკის კიდევ ერთი მარგალიტია: "აღწერე კოდალას ენა."
და ვინჩის მსგავსად, ყოველთვის ცნობისმოყვარე უნდა იყოთ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცნობისმოყვარება სწავლასა და ცოდნის შენარჩუნებაში, პიროვნულ ზრდაში დაგეხმარებათ და იმაშიც, რომ თამამად მიიღოთ ახალი გამოცდილებები, რომლებსაც სტერეოტიპების დამარცხება შეუძლიათ.
ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც ცნობისმოყვარება შეგიპყრობთ და რაღაც ძალიან დაგაინტერესებთ, ეს აზრი თქვენი გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალში ჩაწერეთ, რათა უფრო მეტი შეიტყოთ იმ იდეებსა და აზრებზე, რომლებსაც თქვენი გონება აქვთ დაპყრობილი.
4. ნუ შეგაშინებთ დიდი მიზნების დასახვა
"დახატე მილანი" - ეს უზომოდ დიდი და ამბიციური მიზანია, მაგრამ ამ მასშტაბის მიზნების დასახვაში ცუდი არაფერია. ეს იმიტომ, რომ დიდი მიზნების დასახვა შანსს გაძლევთ.
- იოცნებეთ. როდესაც რაღაც დიდზე ვოცნებობთ, ამ ოცნების მიღწევის პერსპექტივა გვაღელვებს;
- რაღაც გააუმჯობესეთ და თან, გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი მიზნების რეალიზაციისთვის შესაძლოა, სტრუქტურული ცვლილებები გახდეს აუცილებელი;
- გაცილებით მოქნილი გახდით მოკლევადიან პერიოდში. დიდ მიზანს რომ მიაღწიოთ, დრო ფუჭად არ უნდა დახარჯოთ, რაც უფრო მოქნილს გაგხდით მოკლევადიან პერიოდში. მაგალითად, შეიძლება დღეს არ გინდოდეთ მუშაობა, მაგრამ თუ ასე არ გააკეთებთ, თქვენი ბიზნესი კრახით დასრულდება. ამის გააზრება, შესაძლოა საწოლიდან წამოდგომასა და სამსახურში წასვლაში დაგეხმაროთ.
- შეეწინააღმდეგეთ რეალობას. დიდი მიზნების დასახვა მდგომარეობის რეალურად შეფასების საშუალებას მოგცემთ. უნდა გააცნობიეროთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი მიზანი რეალობად აქციოთ. ზოგჯერ ეს გზა ამართლებს, მაგრამ იქნებ ისედაც ხვდებით, რომ უმჯობესია, დანაკარგები შეამციროთ და გზა გააგრძელოთ.
- ძლიერი ჩვევები გამოიმუშავეთ. თუ მიზნის მიღწევა გსურთ, ახალი ჩვევების ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნოთ. მიზნების მიღწევა ეფექტური სისტემებისა და პროცესების გარეშე შეუძლებელია.