Get All Access for $5/mo

როგორ ზრუნავენ საკუთარ თავზე წარმატებული ანტრეპრენერები - 5 სასარგებლო ჩვევა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავტორი: ჯინი სარასვატი

ანტრეპრენერობა შესაძლოა ამაღელვებელიც იყოს, თქვენს ჟინსაც აკმაყოფილებდეს და ფინანსური მოგებაც მოჰქონდეს, თუმცა, ამასთან ერთად, ცხოვრების ამგვარი წესი უზომოდ დამღლელია ემოციურად და ადამიანისგან დიდ ფსიქოლოგიურ მზადყოფნას მოითხოვს. თუ ანტრეპრენერი სერიოზულ ყურადღების არ მიაქცევს საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, შესაძლოა, მისი ხედვა შეიცვალოს, დამახინჯდეს კიდევაც, და ამან მიზნების მიღწევაში შეუშალოს ხელი. ანტრეპრენერებს, როგორც წესი, ადამიანთა უმრავლესობაზე მეტი და დიდი სტრეს-ფაქტორები აქვთ, რის გამო უფრო ადვილად იღლებიან. რასაც უნდა აკეთებდეთ, ეს ტრადიციული მაღაზიის მართვა იქნება, კლიენტების სტაბილური ნაკადისთვის სერვისის მიწოდება თუ პოპულარული პოდკასტის მასპინძლობა, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატების მისაღწევად საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა იყოს პრიორიტეტული ანტრეპრენერულ "წყლებში" ნავიგაციისას.

ანტრეპრენერები კი, ხშირად ქანცგაწყვეტამდე მუშაობას ამჯობინებენ და საერთოდ არ ზრუნავენ საკუთარ თავზე. თუმცა, არ დაივიწყოთ, რომ საკუთარი თავისთვის თუნდაც ერთი ნაბიჯის გადადგმა გრძელვადიან პერსპექტივაში პროდუქტიულობის გაზრდაში დაგეხმარებათ და არჩეულ კარიერულ გზაზე გაცილებით კმაყოფილად იგრძნობთ თავს. ქვემოთ რამდენიმე შესანიშნავ ჩვევას გაეცნობით, რომლებსაც სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი იმპერიის მართვის დროს.

  1. თქვენს სხეულს კარგი "საწვავი" მიაწოდეთ

ბიზნესის სამართავად ენერგიაც აუცილებელია და გამძლეობაც, ამიტომ უპირველესად, ჯანსაღი საკვები უნდა მიაწოდოთ თქვენს სხეულს, დაისვენოთ და ივარჯიშოთ კიდევაც. თვითდასაქმებული ადამიანები ხშირად გვიანობამდე არ იძინებენ, შუაღამემდე მუშაობენ, რათა საკუთარი ოცნებები რეალობად აქციონ.

თუმცა, გადაქანცულმა შესაძლოა ყველაფერი შეჭამოთ, რაც კი ხელმისაწვდომი იქნება, მათ შორის ისეთი ხემსი, რომელიც თქვენს სხეულს არ კვებავს. თუნდაც ამისათვის მზად არ იყოთ, მაინც უარი უნდა თქვათ გვიანობამდე საათობით მუშაობაზე და დაბალანსებულ დიეტაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ამაში საკვების მიწოდების სერვისი დაგეხმარებათ, რომელიც ულუფებად ანაწილებს სხვადასხვა ინგრედიენტს და საშუალებას გაძლევთ კერძები გააცხელოთ და ისე მიირთვათ.

ასეთივე მნიშვნელოვანია სხეულის დატენიანება, ამიტომ თქვენს მაგიდაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ წყალი!

  1. ძილი პრიორიტეტად აქციეთ

როგორც აღვნიშნეთ, ანტრეპრენერები იმით არიან ცნობილნი, რომ ძილზე უარს ამბობენ და მუდამ ბიზნესის შენებაზე ფიქრობენ. თქვენს პროდუქტიულობას ერთსა და იმავე დროს დაძინება და ძილის გრაფიკის დაცვაც გაზრდის, თქვენ უფრო მეტი სივრცე გექნებათ საკუთარი ფანტაზიებისთვის და ეს თქვენი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო იქნება. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ყოველ სამ ზრდასრულს საკმარისად არ სძინავს ღამით. ამ დროს, საშუალო ზრდასრულ ადამიანს 7 საათი უნდა ეძინოს და ეს თქვენც წესად უნდა გაიხადოთ.

დასვენება აუცილებელია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ ბევრ ანტრეპრენერს უბრალოდ არ შეუძლია გათიშვა. ისინი მუდამ ცდილობენ, კიდევ ერთი ელექტრონული წერილი წაიკითხონ, ან კიდევ რაიმეს მოსწრება მოახერხონ, ეს კი ხშირად იმას ნიშნავს, რომ სხვა დანარჩენი გამორიცხულია. ძილის რეგულარული ციკლის შემუშავებისას დაადგენთ, რამდენი საათი უნდა იძინოთ. დასვენება სულაც არ არის რთული, რთული საკუთარი თავისთვის დასვენების უფლების მიცემაა.

  1. ბიზნესს მტკიცე საზღვრები დაუწესეთ

თქვენი ბიზნესის შენებისას შესაძლოა გაგიჩნდეთ ცდუნება და დღის ნებისმიერ დროს უპასუხოთ ზარებს, დაუყოვნებლივ გასცეთ პასუხი წერილებს და ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოთ, განსაკუთრებით, თქვენი კლიენტებისა და გუნდისთვის. თუმცა, როდესაც საზღვრები არ არსებობს, ეს შეიძლება ძილის რეჟიმის დარღვევას, კვებით აშლილობასა და დაღლილობას იწვევდეს, რასაც "პროფესიულ გადაწვასაც" უწოდებენ.

ადამიანები, რომლებიც სხვა სფეროებში მუშაობენ, როგორ წესი, დარწმუნებულნი არიან, რომ ანტრეპრენერები თავად ადგენენ წესებს ბიზნესში და შეუძლიათ ის გააკეთონ, რაც სურთ, დრო და თავისუფლება კი მათ ხელშია.

შესაძლოა, ამ სიტყვებში ჭეშმარიტების მარცვალია, მაგრამ საქმე ისაა, რომ კომპანიები და ანტრეპრენერები ბიზნესს თავიანთი კლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ან პრობლემების გადასაჭრელად ქმნიან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თქვენი კლიენტების ინფორმირება სამუშაო საათების შესახებ და ისიც, თუ როდის შეიძლება თქვენთან დაკავშირება. ეს თქვენი წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

  1. რეგულარულად დაისვენეთ

სავარაუდოდ, შეამჩნიეთ, რა თემებია აქტუალური საკუთარ თავზე ზრუნვასთან დაკავშირებით. უდავოა, რომ ანტრეპრენერებს ზედმეტი შრომისკენ აქვთ მიდრეკილება. ამიტომ, თუ სამუშაოსგან მოწყვეტა გჭირდებათ, ეცადეთ, როდესაც შესაძლებელია, მცირე შესვენებები გააკეთოთ, თუნდაც ეს მხოლოდ სუფთა ჰაერზე ჯდომა და სიამოვნების მიღება იყოს კარგი დღისგან. ასე ცოტა ხანს მაინც მოწყდებით ეკრანს, პროცესზე ფიქრსაც შეწყვეტთ, პრობლემის გადაჭრაზეც და ენერგიის დახარჯვაზეც ზარებზე პასუხის გაცემისას, ეს კი უკვე ძალების სერიოზული აღდგენაა.

  1. ამოცანები სხვას გადაეცით

საკუთარ თავზე ზრუნვა იმის ცოდნას ნიშნავს, თუ როდის უნდა თქვათ "არა" და რომელი სამუშაოს გადაცემა სჯობს სხვებისთვის. შესაძლოა რაღაცის კეთების სურვილი გქონდეთ და ისიც იცოდეთ, თუ როგორ გააკეთოთ ეს. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ რაც მეტ უფლებას მისცემთ საკუთარ თავს თქვენს კომფორტის ზონაზე იფიქროთ, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

რას ნიშნავს დღეს საკუთარ თავზე ზრუნვა? შეხედულებები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს საკუთარ თავზე ზრუნვა, მუდამ იცვლება. ოდესღაც ამის გაფიქრებისას, გონებაში შესაძლოა მხოლოდ თვალებზე დადებული კიტრის ნაჭრები და ქაფით სავსე თბილი აბაზანა გიტივტივდებოდათ.

თუმცა, დღეს საკუთარ თავზე ზრუნვა შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, რაც ადამიანს ყურადღების კონცენტრირებაში, დასვენებასა და განტვირთვაში დაეხმარება. კერძოდ, იოგა, მედიტაცია, მძლეოსნობა, მხატვრული აქტივობა და მეგობრებთან ერთად გასეირნებაც კი.

ბოლო დროს მოდური გახდა საკუთარ თავზე ზრუნვა, მაგრამ ეს არ ამცირებს მის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ანტრეპრენერებისთვის. ბიზნესის შექმნა და მისი განვითარება უზარმაზარი ამოცანაა. ვინც კარგად ისვენებს, კარგად იკვებება და საკუთარ განწყობაზე ზრუნავს, პრობლემებთან გამკლავებასაც შესანიშნავად შეძლებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

როგორ მივიყვანოთ Agile თვითმკვლელობამდე

Agile გუნდური თამაშია და როდესაც ერთი მოთამაშე არ თამაშობს წესებით, ეს აისახება მთელი გუნდის შედეგზე