Get All Access for $5/mo

''სადაც შენი დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიიო''

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

როდესაც კარიერის შუა გზაზე ანტრეპრენერობას გადაწყვეტ, აღმოაჩენ, რომ წარმატებულად ყოფნის სიმძიმე უეცრად დამწყების სიმსუბუქემ ჩაანაცვლა. ეს საშუალებას გაძლევს შენი ცხოვრების ყველაზე შემოქმედებითი ნაწილი დაიწყო, თუმცა უეცრად აღმოცენებული "ანალიტიკოსების" წყალობით მეორე ფრონტიც იხსნება − შენი თვითშეფასება, მოტივაცია, ენთუზიაზმი დიდ დარტყმას იღებს, ადამიანები გეუბნებიან, რომ დამარცხდები... და თავგადასავალიც იწყება.

ანტრეპრენერობის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენებიდან საკმაოდ შთამბეჭდავია მოხალისე ექსპერტების ჯგუფი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი "უკვეთს" და ელოდება წარუმატებლობას, გიწინასწარმეტყველებენ წაგებას და თან ამაზე ენერგიული სჯა-ბაასი შეუძლიათ გამართონ. ამ დროს აშკარავდება, რომ ენთუზიაზმის ნაკლებობას არ განიცდიან − უბრალოდ, მიმართულებაა მცდარი. წინასწარვე გაგულიანებენ − "არ გამოგივა ძმა" და იქვე გითანაგრძნობენ. ვაკვირდები ამ პროცესებს შორიდან ჩვენი უსაფრთხოებისა და წინსვლისთვის და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს. მთავარი საკითხი − "ცოდნის ნაკლებობა" კომპლექსური, ღრმა და მასშტაბურია. ყველაფერი კი გაცილებით ადრე − ჩვენი ბავშვობიდან იწყება.

სიტყვა კონკურენციაზე რა გახსენდებათ? − ეკონომიკური კონცეფცია თუ იდეოლოგია, რომელიც ძვალსა და რბილში გასჯდომია საზოგადოებას და ამახინჯებს მთელ სოციუმს. ჩვენ ვაღმერთებთ კონკურენციას, თავგამოდებით ვამტკიცებთ მის აუცილებლობას და ვასრულებთ მის დირექტივებს. შედეგად, ვებმებით მახეში, რომლიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია, რადგან რაც უფრო აქტიურად ვებმებით ბრძოლაში, მით ნაკლებ ფულს ვშოულობთ. განათლების სისტემა კონკურენციისკენ ჩვენი ლტოლვის წამახალისებელია.

სკოლის ნიშნებიც სხვა არაფერია, თუ არა თითოეული მოსწავლის კონკურენტუნარიანობის შეფასება. რეალურად, უკლებლივ ყველა ბავშვს ერთი და იგივე მეთოდიკით ვასწავლით ერთსა და იმავე საგნებს და საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას მოსწავლეთა ინდივიდუალურ უნარებსა თუ მიდრეკილებებს. მაღალი ნიშნების მქონე მოწაფეები მაღალ სტატუსსა და კარგ დახასიათებას იმსახურებენ, ცუდი მოსწრების მქონე მოწაფეები კი თავს არასრულფასოვან ადამიანებად აღიქვამენ. ისინი ვინც საკონტროლო წერებით და სხვა სტანდარტული საზომებით სხვებს სჯობნიან, საკუთარ თავს ხელოვნური, სკოლის სამყაროს გადმოსახედიდან აფასებენ, რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ ილუზორულ შედეგებს ვზომავთ და ვიღებთ.

მანამ ვმეტოქეობთ აბსტრაქტულ ცხრილებში ერთი პოზიციით მაღლა აწევისთვის, სანამ კონკურენცია სამუდამოდ არ გამოგვიბერტყავს თავიდან ბავშვობის ოცნებებს, მოგვიანებით კი უნივერსიტეტში გააფთრებით ვიბრძვით კონსულტანტის ან ბანკირის სტანდარტული კარიერის შექმნის უფლების მოსაპოვებლად. მუდმივად გასწავლიან, რომ ცხოვრებას თავისი წესები აქვს და მას უნდა დაემორჩილო. ჩვენ არ გვამზადებდნენ რეალური ცხოვრებისთვის! ისინი, რომელთაც ყოფნით სიგიჟე, იფიქრონ, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. არიან კიდეც ადამიანები, რომლებიც ამას ახერხებენ. არიან გიჟები, მეამბოხეები, რომლებიც ყველაფერს სხვანაირად ხედავენ, წესებს მიღმა. შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ, მაგრამ შეუძლებელია უგულებელყო − ისინი პიედესტალზე დგანან.

მაგრამ რა ხდება "აუდიტორიაში"..?

ყველაფერს ჩემი შინაგანი გამოცდილების საფუძველზე ვამბობ და თუ ზოგჯერ რაღაცას ზედმეტად ენერგიულად ვამტკიცებ, ამას გონების იმ სქელი ფენების გასარღვევად და თქვენში იმ წერტილის მისაღწევად ვაკეთებ, რომელშიც ჭეშმარიტებას უმალ ვცნობთ, როცა ის გვესმის. ვისაც საკუთარი სიმდიდრე არ დაუნახავს და მისი თანამდევი სიმშვიდე არ შეუგრძნია, გაძარცვულივითაა, რაც უნდა დიდი მატერიალური კეთილდღეობის პატრონი იყოს.

ეგოს მთლიანობის ძიებაში მუდმივად დაგვყვება უკმაყოფილების ან დაუმთავრებლობის, მთლიანობის არარსებობის ღრმად ფესვგადგმული შეგრძნება. ეს შეგრძნება შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი, ან გაცნობიერებული. თუ გაცნობიერებულია, მუდმივი მღელვარების სახით ვლინდება, გეჩვენებათ, რომ ცხოვრება არ ღირს, ან ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. ადამიანები ორივე შემთხვევაში გამოსავალს ეძებენ და მცდარ არჩევანს აკეთებენ − ცდილობენ ეგოს ასიამოვნონ. ყველაზე ხშირად ეგო თავს ქონებასთან, საქმიანობასთან, სოციალურ სტატუსთან და აღიარებასთან, ცოდნასა და განათლებასთან, ფიზიკურ გარეგნობასთან, განსაკუთრებულ უნარებთან, ურთიერთობებთან აიგივებს, მაგრამ თქვენ არცერთი არ ხართ. ადრე თუ გვიან ამ ყველაფერზე უარი უნდა თქვათ.

ეგოს როლი ძალიან ორიგინალურად არის გადმოცემული "ოსკაროსან" ანიმაცია "რატატუის" პერსონაჟით − ანტონ ეგო. თუმცა ჩვენი მხრივ ამის პასუხად ქართულ ზღაპრებში გვხვდება ჩემთვის ძალიან საინტერესო შტრიხების მქონე ხასიათის გმირი, რომელიც სახელგანთქმულია ფრაზით: "სადაც შენი დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიიო".

ეს ჩემთვის ფიზიკურ ბრძოლაში გამარჯვებასთან ერთად სახელისა და ფორმის მიღმა არსებული თქვენი ჭეშმარიტი ბუნების ძალის აღმოჩენაა. როცა ამ კავშირს ვერ გრძნობთ, საკუთარი თავისა და გარშემო არსებული რეალობისგან განცალკევებულობის ილუზია გიჩნდებათ. შიში იბადება და თქვენსა და თქვენს მიღმიერ რეალობას შორის კონფლიქტი არსებობის ნორმა ხდება. რა აბრკოლებს რეალობის შეგრძნებას ყველაზე მეტად? − საკუთარი თავის გონებასთან გაიგივება. გონების უწყვეტი ხმაური არ გაძლევთ საშუალებას შინაგანად დამშვიდდეთ და აწმყოს შეგრძნებას მიაგნოთ. ამ ხმას მიუკერძოებლად მოუსმინეთ. ნუ განსჯით, ნუ დაგმობთ იმას, რაც გესმით, რადგან ასეთ შემთხვევაში იგივე აზრი "უკანა კარიდან შემოიპარება".

"ჩემს თავთან ასე ცხოვრება აღარ შემიძლია − აკვიატებულად მიტრიალებდა თავში. მერე მივხვდი, რომ ეს განსაკუთრებული აზრი იყო. ერთი ვარ, თუ ორი? თუ ჩემს თავთან ცხოვრება აღარ შემიძლია, გამოდის, ორი ვყოფილვარ − მე და ჩემი თავი, რომელთან ცხოვრებაც აღარ შემიძლია. მაშინ პირველად ვიფიქრე: "იქნებ რეალური ერთია და არა ორი. იმ ღამით ძლიერი ტანჯვის გამო ჩემი ცნობიერი თავის უბედურ და შეშინებულ "მე"-ს გამოეყო − მას, რომელიც გონების ფიქცია იყო. ამ გამოყოფის შემდეგ ჩემი ყალბი, ნატანჯი "მე" უეცრად ისე ჩაიფუშა, თითქოს გასაბერი სათამაშო ქსელიდან გამოთიშესო. მას შემდეგ ჩემი ნამდვილი ბუნება, ჩემი მუდმივი, წმინდა ცნობიერება დარჩა იმ სახით, რომელიც მანამდე არსებობდა სანამ იგი ფორმასთან გააიგივებდა თავს", − ეკჰარტ ტოლე.

ახალი ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის მილიონობით ადამიანს აქვს მზადყოფნა. ვუახლოვდები წერტილს, რომელზედაც მემკვიდრეობით მიღებული კოლექტიური აზროვნების მოდელების გარღვევას შევძლებთ. ეს მოდელი უხსოვარი დროიდან ადამიანებს ტანჯვის მარწუხებში ამყოფებს. ნებისმიერი, ვინც სრულად აიგივებს თავს იმ ხმასთან, რომელიც გარედან მუდმივად ჩაესმის, ტანჯვის ამ მარწუხებშია მოქცეული.

მუდმივი პრობლემებისა და კონფლიქტების რთულ სამყაროში ტკივილის დიდი ნაწილის თავიდან არიდება შესაძლებელია. მას თავად ქმნით, როცა თავის ნებაზე მიშვებულ გონებას თქვენი ცხოვრების სადავეებს უთმობთ. გონება ჩინებული ინსტრუმენტია, როცა მას სწორად ვიყენებთ. არასწორი გამოყენების შემთხვევაში, ის გვანგრევს. გონება გიყენებთ. თავს გაუცნობიერებლად მასთან აიგივებთ და არ იცით, რომ მას ემონებით. შეპყრობილი ხართ, მაგრამ ამაზე წარმოდგენა არა გაქვთ. თავისუფლება მაშინ იწყება როცა ხვდებით, რომ ის, ვინც ფიქრობს, თქვენ არ ხართ. როცა ამას მიხვდებით, მასზე დაკვირვებას დაიწყებთ − ამ დროს ირთვება უმაღლესი დონის ცნობიერება.

გონება გამუდმებით ცდილობს აწმყო მომენტის გადაფარვას წარსულითა და მომავლით კონტროლის შენარჩუნების მიზნით. როდესაც აწმყოში ყოფნისა და თქვენში მიმდინარე მოვლენების დაკვირვების უმთავრეს პრინციპს დაეუფლებით − და მას გამოცდილებით "გაიგებთ"− ხელთ გექნებათ ტრანსფორმაციის ყველაზე მძლავრი იარაღი და ჯანსაღი დამოკიდებულებები მომავალ ანტრეპრენერთა მიმართ.

თათია მამნიაშვილი

ფსიქოლოგი, ანტრეპრენერი პიროვნული ზრდის და ლიდერობის მენტორი

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი