Sponsored Content

საიდან მოდის ყველაზე კარგი ბიზნესიდეები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ელოდებით, როდის გაგიელვებთ გონებაში კარგი იდეა? მაშინ შეწყვიტეთ ლოდინი. ჩვენ შევისწავლეთ დამფუძნებლები, რომლებმაც წარმატებული ბიზნესი წამოიწყეს და აღმოვაჩინეთ, რომ მათ იდეებს სამი საერთო აქვთ, რასაც "იდეების ჩამოყალიბების სამკუთხედი" ვუწოდეთ.

ყოველი სტარტაპი კონკრეტული იდეით იწყება. საინტერესოა, რამდენ მეწარმეს უჩნდება სინამდვილეში ეს იდეები? რეალობამ შესაძლოა გაგაკვირვოთ. ჩვენ ვართ ანგელოზი ინვესტორები, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში წიგნისთვის, სახელწოდებით Smart Startups ჰარვარდის ბიზნესსკოლის 18 კურსდამთავრებული გამოვკითხეთ და შევისწავლეთ მათი გამოცდილება კომპანიების დაარსების შესახებ.

ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ბიზნესის დაწყების პროცესში "გონების განათების" მომენტი არ ჰქონიათ. თითოეულმა მათგანმა ბიზნესიდეის ჩამოყალიბების ხანგრძლივი გზა განვლო, გამოცადეს ათასობით იდეა კვირების, თვეებისა თუ წლების განმავლობაში.

კურსდამთავრებულებთან ინტერვიუების საფუძველზე გამოვყავით იდეების ჩამოყალიბების ორი ტიპი: ორგანული და განუსაზღვრელი. ორგანული მეთოდი გულისხმობს იმას, რომ მეწარმე იდეას დროთა განმავლობაში პირადი ცხოვრებისეული გამოცდილების ან ოჯახისა და მეგობრების გამოცდილების საფუძველზე ავითარებს. მეორე მეთოდის შემთხვევაში კი მეწარმეს არ აქვს კონკრეტული იდეა, რომლითაც ბიზნესის დაწყება სურს, ამის ნაცვლად იგი იწყებს ქმედებას, რომ იდეა იპოვოს.

ჩვენმა ინტერვიუებმა დამფუძნებლებთან აჩვენა, რომ ნებისმიერ წარმატებულ ბიზნესიდეას აქვს სამი ფაქტორი: დიდი ბაზრის შესაძლებლობა, დამფუძნებლის შესაბამისი უნარები და უდიდესი ენთუზიაზმი პროექტისადმი. ამ ფაქტორების ერთიანობას შეგვიძლია "იდეების ჩამოყალიბების სამკუთხედი" ვუწოდოთ.

იმისათვის, რომ ვნახოთ, როგორ აიდგა ფეხი წარმატებულმა ბიზნესმა, საჭიროა ერთ-ერთი დამფუძნებლის ისტორიას გადავავლოთ თვალი. ჩვენ გამოვიყენებთ მეთ[1] ზალცბერგის ისტორიას, რომელმაც ჰარვარდის ბიზნესსკოლა 2010 წელს დაამთავრა და 2012 წელს საკვები პროდუქტების მიწოდების სერვისი Blue Apron დააარსა. კომპანიამ 2015 წელს 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2017 წელს საჯარო გახდა, ახლახან კი იგი Wonder Group-მა შეიძინა.

1. დიდი შესაძლებლობა

კარგი იდეა იწყება დიდი შესაძლებლობის პოტენციალით, რაც ლოგიკურად ჟღერს. მაგრამ დიდი შესაძლებლობა არ უნდა აგვერიოს დიდ ბაზარში. შესაძლებლობა ჩნდება პრობლემის გადაჭრის ან ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისგან და არა მხოლოდ დიდი ბაზრის იდენტიფიცირებიდან. იდეალურ შემთხვევაში, თქვენ გსურთ გადაჭრათ დიდი პრობლემა დიდ ბაზარზე.

ზალცბერგმა გამოიყენა იდეის ფრთხილი ჩამოყალიბების მეთოდი - მაშინ, როდესაც კონკრეტულ იდეას ეძებდა Blue Apron-ის შესაქმნელად, დაიწყო მაკროინდუსტრიის რამდენიმე ხელსაყრელი ტენდენციის დათვალიერებით.

2000-იანი წლების შუა პერიოდში მან დააფიქსირა სწრაფი ზრდა ელექტრონული კომერციის კატეგორიებში და შეამჩნია რომ, სასურსათო პროდუქციის კატეგორია ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული. "ჩვენ დავავიწროვეთ ეს იდეა იქამდე, რომ ხალხს მივაწოდოთ რეცეპტები და ინგრედიენტები", - ამბობს იგი.

ინტერნეტმა შეცვალა საცალო ვაჭრობის სხვა ვერტიკალები, ამიტომ ზალცბერგმა განაცხადა, რომ შემდეგი სამიზნე სასურსათო მაღაზია იქნებოდა. ამავდროულად, მან სწრაფად გააცნობიერა, რომ ყოველივე ამას მნიშვნელოვანი ქცევითი ცვლილება დასჭირდებოდა.

"იმ დროისთვის Amazon Fresh არ იყო ბიზნესი, Instacart არ არსებობდა", - ამბობს იგი. "ამ კატეგორიის პროდუქტები ონლაინსივრცეში თითქმის არ არსებობდა და ამას უამრავი მიზეზი ჰქონდა. საკვები მალფუჭებადია, ლოგისტიკა რთული. ადამიანების უმეტესობა პირადად მიდის სასურსათო მაღაზიაში, ისინი პროდუქტს ეხებიან და გრძნობენ მანამ, სანამ შეიძენენ. სწორედ ამიტომ, სურსათის მიტანის სერვისის ხარისხი გასაოცარი და ღირებული უნდა ყოფილიყო. ჩვენ უნდა დაგვერწმუნებინა ადამიანები, რომ მათთვის ბოსტნეულს კარგად შევარჩევდით. ეს იყო ქცევის დიდი ცვლილება".

"ჩვენ არ ვიგონებდით ტვიტერს, როგორც სრულიად ახალ პროდუქტს", - ამბობს იგი. "ჩვენ ვცდილობდით ხალხს სახლში საჭმლის უკეთესად, მარტივად და უფრო ხელმისაწვდომ ფასად მომზადებაში დავხმარებოდით".

"ინოვაციების" უმეტესობა არ შემოაქვს სრულიად ახალ კონცეფციებს. დამფუძნებლებიდან, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, უმეტესობა არათუ ტექნოლოგიებს იგონებდა, არამედ მისი გამოყენების ახლებურ გზებს ეძებდა, მაგალითად, როგორ შეიძლებოდა არსებული პროდუქტების ან სერვისების უკეთ დაპროექტება, მიწოდება პრობლემის გადასაჭრელად, მეტი კომფორტის შექმნა ან წარმოება და გაყიდვა უფრო დაბალ ფასად. უმეტესი მათგანი მიზნად იღებდა არსებულ ბაზარს, მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილით.

2. შესაბამისი უნარები

იდეების ჩამოყალიბების მეორე ნაწილი შესაბამის უნარებს გულისხმობს, მაგრამ უნარები არ უნდა აგვერიოს ინდუსტრიის გამოცდილებასთან.

ინდუსტრიის გამოცდილებას შეუძლია თქვენს წინააღმდეგაც იმოქმედოს, თუკი შექმნით ახალ ბიზნესმოდელებს და შეეცდებით სტატუს ქვოს განადგურებას.

როგორც დამფუძნებელს, ან დამფუძნებელთა გუნდს, თქვენ არ გჭირდებათ ინდუსტრიის შიდა უნარების ფლობა, თუმცა საჭიროა გქონდეთ გარკვეული უნარები. ეს არა მხოლოდ გადამწყვეტი ფაქტორია პროდუქტის ოპტიმალური ჩაშვებისა და გუნდის ზრდისთვის, არამედ გავლენას იქონიებს იმაზე, თუ როგორ ხედავენ ინვესტორები დამფუძნებლის შესაძლებლობებს.

იმ დამფუძნებლების თქმით, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, არსებობს ორი უნარი, რომლებიც მნიშვნელოვანია - გესმოდეს საკუთარი მომხმარებლების და იცოდეთ ბიზნესის წარმართვის საფუძვლები.

იმის გასაგებად, თუ რა არის უკეთესი თქვენი მომხმარებლისთვის, ალბათ, კარგი იქნება, თუ თავად იქნებით საკუთარი კომპანიის მომხმარებელი, არა? ბევრი დამფუძნებელი სწორედ ასე იქცეოდა, მაგრამ ეს არ არის საჭირო. ზალცბერგი არ იყო სახლის შეფმზარეული. მას ასევე არ ჰქონდა საოპერაციო გამოცდილება, მაგრამ იცოდა სტრატეგია და სახსრების მოზიდვა, ეს უნარები კი Blue Apron-ისთვის 200 მილიონი დოლარის შესაგროვებლად გამოიყენა.

"მე არ ვიცოდი არაფერი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მემართა ხალხი, ან როგორ მემართა მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდების ჯაჭვი, - ამბობს ის, - ეს იყო ის, რაც უნდა მესწავლა".

3. ენთუზიაზმი პროექტისადმი

"იდეების ჩამოყალიბების სამკუთხედის" ბოლო ნაწილი ენთუზიაზმს გულისხმობს. ენთუზიაზმი არის მოტივაციის წყარო რთული გზის გასავლელად, ასევ ის, რაც საშუალებას გაძლევთ, დაიქირაოთ გუნდი, დაარწმუნოთ ინვესტორები, რომ მხარი დაუჭირონ თქვენს შეთავაზებას და მოიზიდოთ მომხმარებლები.

"საჭმელი ყოველთვის იყო ჩემი გატაცება და ეს ძალიან ემოციურია", - ამბობს ზალცბერგი. "ის აკავშირებს ადამიანებს ისტორიასთან, კულტურასა და ოჯახთან. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ შევძელით ასეთი სიცოცხლის მიცემა Blue Apron-ის ბრენდისთვის".

ენთუზიაზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაც ახალი პროდუქტი შემოგაქვთ ბაზარზე, რადგან პროდუქტის ან სერვისის გაყიდვის ნაცვლად, თქვენ ასევე არწმუნებთ ადამიანებს, გამოცადონ ის, რაც არ იციან, რომ სჭირდებათ. ეს კი მათი ქცევის შეცვლას მოითხოვს.

საინტერესო კითხვა, რაც გასათვალისწინებელია, არის ის, თუ რით უნდა იყო გატაცებული, რა უნდა იწვევდეს ენთუზიაზმს? ინდუსტრია, პროდუქტი, გავლენა, რომლის მიღწევასაც ცდილობთ, ფულადი ჯილდო, დამოუკიდებლობა თუ სირთულეების გადალახვა? იდეალურ შემთხვევაში, თქვენ აღფრთოვანებული ხართ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორით. თუმცა, იმაზე დაყრდნობით, რაც HBS-ის დამფუძნებლებისგან მოვისმინე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენთუზიაზმის ყველაზე დიდი წყარო არის საბოლოო შედეგი და გავლენა, რაც პროდუქტს მოაქვს. "მინდოდა დამეწყო ბრენდი, რომელიც გავლენას მოახდენდა ადამიანების ცხოვრებაზე, - ამბობს ზალცბერგი, - მინდოდა რაღაცნაირად შემეცვალა მათი ურთიერთობა სამყაროსთან".

წიგნიდან Smart Startups: რა უნდა იცოდეს ყველა მეწარმემ - რჩევა ჰარვარდის ბიზნესსკოლის 18 დამფუძნებლისგან. ავტორები: კატალინა დენიელსი და ჯეიმს ჰ. შერმანი. საავტორო უფლება © 2023 კატალინა დენიელსისა და ჯეიმს ჰ. შერმანის მიერ. ხელახლა დაბეჭდილია Harper Business-ის ნებართვით, HarperCollins Publishers.

ჩვენმა ინტერვიუებმა დამფუძნებლებთან აჩვენა, რომ ნებისმიერ წარმატებულ ბიზნესიდეას აქვს სამი ფაქტორი: დიდი ბაზრის შესაძლებლობა, დამფუძნებლის შესაბამისი უნარები და უდიდესი ენთუზიაზმი პროექტისადმი.