Get All Access for $5/mo

სამსახურიდან მიდიხართ, რომ ანტრეპრენერი გახდეთ? სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები შეიმუშავეთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Perfectlancer

თუ ანტრეპრენერული მისწრაფებები გაქვთ და ამ დროს 9-იდან 5-მდე მუშაობთ, იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ გამონაკლისი. Fortune-ის ინფორმაციით, გასული წლის მონაცემებით, 35 წლამდე ასაკის ამერიკელების 49 პროცენტს სამსახურის გარდა სხვა დამატებითი სამუშაოც ჰქონდა, ეს ნახევარ განაკვეთზე Uber-ში მძღოლად მუშაობა იყო თუ მცირე ბიზნესის მართვა. ბევრი არაფერს შეცვლის, კმაყოფილი იქნება თუ ძირითადი და დამატებით სამუშაოებით ჟონგლირებას მოახერხებს, განსაკუთრებით დღევანდელ არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში. თქვენს სამუშაოზე და სტაბილურ ხელფასზე ერთ მშვენიერ დღეს უარის თქმაზე ფიქრი შესაძლოა ძალიან სარისკო ჩანდეს, თუმცა სხვები იმის დადგენას ცდილობენ, როგორ უნდა შეძლონ ნიადაგის მომზადება და სამსახურიდან მშვიდად წამოსვლა, რათა თავიანთი ბიზნესიდეის განხორციელებაზე შეძლონ მუშაობის დაწყება.

კარგი ამბავი ისაა, რომ ნიადაგის მომზადებაზე ზრუნვა შესაძლოა უფსკრულში გადაშვებაზე გაცილებით ნაკლებად საშიშად მოგეჩვენოთ. თუ ზუსტად შეგიძლიათ განსაზღვრა, როდის დაემშვიდობებით იმ კომპანიას, რომელშიც ამჟამად მუშაობთ, ისეთი დეტალების დაგეგმვასაც მოახერხებთ, როგორიცაა თქვენი ფინანსები, იმისაც, თუ როგორ უნდა დაიწყოთ თქვენი ახალი ბიზნესი, ან როგორ უნდა დაიწყოთ მასზე სრული დროით მუშაობა. თუ ამას მოახერხებთ, გაცილებით შეუფერხებლად გადახვალთ ანტრეპრენერულ სამყაროში. თუ მზად ხართ დასაწყებად, შემდეგი საკითხები უნდა გაითვალისწინოთ.

დაუმტკიცეთ საკუთარ თავს, რომ თქვენს ბიზნესზე იმედის დამყარება შეგიძლიათ

დაუოკებელი ჟინი ნამდვილად დიდი რამაა, მაგრამ უფრო ლოგიკური იქნებოდა, დარწმუნებულიყავით, რომ თქვენს ბიზნესს რეალურად შეუძლია ფულის, თანაც საკმარისი ფულის, მოტანა. თქვენი ბიზნესიდეის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის დასამტკიცებლად საუკეთესო გზა, საქმიანობის ისე დაწყებაა, თითქოს თქვენი საარსებო წყარო მთლიანად ის იყოს. თქმა არ უნდა, რომ ბაზრის კვლევა და კონკურენციის ანალიზი იმის დადგენაში დაგეხმარებათ, თუ როგორ განვითარდება თქვენი ბიზნესი. თუმცა, ვერაფერი დაგეხმარებათ ობიექტურად გაიაზროთ, რამდენად რეალურია თქვენი იდეის განხორციელება, თუ არა, თავის ისე დაჭერა, თითქოს უკვე შეგიძლიათ თქვენს ბიზნესზე მთელი იმედის დამყარება.

კამილა ლავი eInvest-ის მმართველი დირექტორია, რომელიც ინვესტიციებს სთავაზობს მომხმარებელს რეალური დროის რეჟიმში. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური და ფსიქიკური უსაფრთხოების სისტემის არსებობა. როგორც ის ამბობს, "საკმაოდ რთულია, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების სისტემა გქონდეთ შემუშავებული. ამ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა მრჩეველთა საბჭოს გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ, მიმართულებას მოგცემთ, იდეებსა და პრობლემებს განიხილავს, რათა ყველა ბრძოლაში თქვენ არ მოგიწიოთ მონაწილეობის მიღება. პირადად მე, დღის განმავლობაში აუცილებლად ვიტოვებ დროს, რომ ბიზნესზე ვიმუშაო, და არა ბიზნესში მივიღო მონაწილეობა. თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი მდგრადი იყოს".

ერთდროულად ორივეთი მიიღეთ სიამოვნება

უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბიზნესი ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად თქვენს ძირითად სამსახურში სრულ განაკვეთზეც უნდა იმუშაოთ და თქვენი ბიზნესის მართვაც უნდა შეძლოთ. ზოგიერთმა ანტრეპრენერმა შესაძლოა სიფრთხილე გამოიჩინოს, ერთდროულად ორივე რთულად მოეჩვენოს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ პარალელურად ორ ფრონტზე ბრძოლას შეიძლება საკუთარი უპირატესობებიც ჰქონდეს. მარკეტინგის სტრატეგი დორი კლარკი The Harvard Business Review-ში ირწმუნება, რომ იდეალურ შემთხვევაში, ვიდრე შეძლებთ, ყოველდღიური სამსახურიც უნდა შეინარჩუნოთ და პარალელურად პირადი ბიზნესსაქმიანობაც უნდა აწარმოოთ. ამას დიდი უპირატესობა აქვს − საკუთარი ანტრეპრენერული იდეის გამოსაცდელადაც მეტი დრო გაქვთ და ამასთან, თქვენი პროფესიული განვითარების დაფინანსების შესაძლებლობებიც.

კლარკმა ასევე აღნიშნა, რომ საკმაოდ ხელსაყრელი იქნება მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება და ნაბიჯების გადადგმა, ვიდრე ფინანსები დაგჭირდებათ. "თუ დასაწყისისთვის თქვენი მთავარი მიზანი ფული არ არის, შეგიძლიათ უფრო პრესტიჟული საქმიანობა შეარჩიოთ, რომელშიც შესაძლოა თანხა საერთოდ არ გადაგიხადონ (ლექციების წაკითხვა ბიზნესსკოლებში ან კონფერენციებზე მოხსენებებით გამოსვლა), დაბალშემოსავლიან სამუშაოზე არ უნდა დათანხმდეთ და არც საეჭვო კლიენტებთან ითანამშრომლოთ, რომლებმაც შესაძლოა მოგვიანებით თქვენი ბრენდი შეაფერხონ", – წერდა იგი. თუ პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლეთ და ნაბიჯები გადადგით თქვენი და საკუთარი ახალი კომპანიის სახელით ისე, რომ სასტარტო მოედანი მზად გქონდეთ, როდესაც ბოლოსდაბოლოს სამსახურიდან წამოხვალთ.

ექვსი თვით ადრე დაგეგმეთ

როდესაც თითქმის ბოლომდე გახვალთ და თქვენი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობას საფუძვლიანად გადაამოწმებთ, ექვსთვიანი გეგმა შეადგინეთ, რომელიც დაგეხმარებათ. აღარც შფოთვა გექნებათ და უკვე სრული გარანტია გაგიჩნდებათ, რომ თქვენს სასტარტო მოედანზე ყველაფერი გაქვთ, რაც გჭირდებათ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელთანაც დამწყებ ანტრეპრენერებს უწევთ შეჯახება, ის არის, რომ კომპანიის შემოსავალი, როგორც წესი, ტალღისებრია − ხან მიედინება და ხან მოედინება. ზოგიერთი თვე თითქოს უსასრულოდ იწელება. ასე რომ, თუ კიდევ მინიმუმ ექვს თვეს მოანდომებთ გარანტიების შექმნას, შეგიძლიათ გაცილებით მშვიდად გადახვიდეთ ახალ რეჟიმზე.

როგორც წესი, ექვსთვიანი დანაზოგი აუცილებლად უნდა გქონდეთ. თუ თქვენი ყოველთვიური ხარჯები $3 000-ს შეადგენს, $18 000 უნდა გქონდეთ გადადებული. ბუნებრივია, თქვენი ბიზნესის პოტენციალს ოპტიმისტურად უნდა აფასებდეთ, მაგრამ თუ მხოლოდ ახლა იწყებთ, გონივრული სვლების გაკეთება აუცილებელია. არასდროს ინანებთ, თუ დამატებით თანხებს დაზოგავთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ძირითად სამსახურში იმაზე დიდხანს მოგიწევთ დარჩენა, ვიდრე ფიქრობდით.

როგორც Debt Roundup-ის დამფუძნებელი გრეისონ ბელი წერს Mint.com-ისთვის, "შეიძლება ფიქრობთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში დაზოგვის რეჟიმზე ყოფნა და მიმდინარე ხარჯებთან გამკლავება რთული იქნება. სინამდვილეში, ეს დანახარჯები იქამდე უნდა მოიცილოთ, ვიდრე სამსახურს დატოვებთ. ფულის დაზოგვა ბევრად ადვილია, როდესაც მუშაობთ".

მნიშვნელოვანი მომენტი მაშინ დგება, როდესაც საბოლოო მიზანს ნათლად ხედავთ და გსურთ საკუთარი თავის ბოსი თვითონ იყოთ. ეს უკვე ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს, რომელსაც მრავალი ანტრეპრენერი აუცილებლად რეალობად აქცევს. ეს თქვენი ტემპით გააკეთეთ და ისე წარმართეთ საქმიანობა, რომ თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვისაც კარგი იყოს. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, როდის დადგება შესაფერისი დრო და როდის უნდა ენდოთ შინაგან ხმას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი