სისხლის უანგარო დონორები "მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, სადაც უანგარო დონაციის მაჩვენებელი ისედაც ძალიან დაბალია, არსებობდეს ერთიანი პოლიტიკა, რომლითაც სისხლის ყველა ბანკი იხელმძღვანელებს. "
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სისხლის დონაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის მეშვეობით უამრავი ადამიანისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება შესაძლებელი ხდება. ამ პროცესში კი სულ უფრო მეტი დონორის ჩართულობა, სისხლის გაღება და ეფექტური კომუნიკაცია არაერთ დაავადებასთან გამკლავების ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს. ამ პროცესის მხარდაჭერისთვის, უანგარო დონორების კეთილ ნებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა იმ ორგანიზაციების არსებობასა და ფუნქციონირებას ენიჭება, რომელიც ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ითავსებს და დონორებსა და სისხლის საჭიროების მქონე ადამიანებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციაში ეხმარება. მათ მიერ კოორდინირებულ პროცესებს, მყისიერ რეაგირებასა და გამართულ მუშაობას კი მართლაც მრავალი ადამიანის გადარჩენა შეუძლია. სწორედ ამ მისიითა და მიზნით შეიქმნა მელანო დურმიშიძისა და გიორგი ექსეულიძის მიერ საქართველოში ორგანიზაცია "სისხლის უანგარო დონორები", რომლის გუნდიც უკვე წლებია მოხალისეობრივადაა ჩართული ამ საქმიანობაში. თუ რა მოდელით მუშაობს და აკავშირებს ორგანიზაცია დონორებსა და სისხლის მიმღებებს ერთმანეთთან, ამის შესახებ Entrepreneur Health-ს "სისხლის უანგარო დონორების" დამფუძნებლები უყვებიან:
"ეს ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როდესაც სოციალურ ქსელში გვერდი "სისხლის უანგარო დონორები" ერთად შევქმენით. თავდაპირველად, ჩვენი მიზანი იყო, ინფორმაცია სისხლის საჭიროების შესახებ მაქსიმალურად სწრაფად გაგვევრცელებინა. თუმცა, მოგვიანებით, კერძოდ კი პანდემიის პერიოდში, გადავწყვიტეთ ამ საქმისთვის უფრო ორგანიზებული სახე მიგვეცა და შევქმენით ბაზა, რომელშიც სისხლის უანგარო დონორობის მსურველები რეგისტრირდებიან. ასე ბევრად მარტივად და სწრაფად ვაკავშირებთ მათ სისხლის საჭიროების მქონე ადამიანებთან. ჩვენი მუშაობა მართლაც შედეგიანი აღმოჩნდა, მოგვემატა მომართვიანობა და დავდექით საჭიროების წინაშე, უფრო გავზრდილიყავით. ამიტომ, ჩვენს გუნდს თინა როგავა და ანასტასია კილაძე შემოემატნენ, რომლებიც სისხლის დონორებსა და მიმღებებს შორის კომუნიკაციაში გვეხმარებიან. მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში სოციალური მედია რამდენად დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ, გავზარდეთ ჩვენი საკომუნიკაციო არხების რაოდენობაც. გვაქვს როგორც Facebook-გვერდი, ასევე ჯგუფი და ინსტაგრამი. ლამაზი და რაც მთავარია, საინფორმაციო ბროშურების შექმნაში კი გრაფიკული დიზაინერი ელენე ჩხაიძე გვეხმარება".
როგორია ორგანიზაციის მართვისა და ოპერირების მოდელი? როგორ ხდება თქვენთან მომართვა როგორც დონორობის მსურველების, ასევე სისხლის საჭიროების მქონე ადამიანების მხრიდან, და როგორ აკავშირებთ მათ სწრაფად ერთმანეთთან?
(მელანო): ჩვენი საქმიანობის პროცედურები ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაბიჯი ჩვენს ბაზაში სისხლის უანგარო დონორობის მსურველთა გაწევრიანებაა. გვაქვს სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც პირველ გვერდზე დართული აქვს დონორობის ის წინაპირობები, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებს ეფუძნება. თავად შესავსები ფორმა კი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: სახელი-გვარი, ტელეფონის ნომერი, სისხლის ჯგუფი, ფიზიკური მისამართი; სურვილისამებრ, კომპანია, ელექტრონული ფოსტა და მეორე საკონტაქტო ნომერი.
იმის გამო, რომ ძალიან ხშირად მოგვმართავენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან თავიანთი სისხლის ჯგუფი, სარეგისტრაციო ფორმაში გვაქვს მისათითებელი ვარიანტი − "დასაზუსტებელია, თუმცა მაქვს დონორობის სურვილი". ასეთ დონორებს ვუკავშირდებით მაშინ, როდესაც სისხლის ბანკი ნებისმიერი სისხლის ჯგუფს იღებს და შემდეგ ცვლის საჭირო ჯგუფში. ამ შემთხვევაში, დონორი საკუთარი სისხლის ჯგუფს ადგილზე იგებს.
რაც შეეხება სისხლის საჭიროების მიმართულებას, ჩვენ გვიკავშირდებიან პაციენტის ოჯახის წევრები, ან იშვიათ შემთხვევაში − უშუალოდ პაციენტები, რომლებსაც ვთხოვთ შემდეგ ინფორმაციას, რათა შესაბამის დონორებს დავუკავშირდეთ:
- სახელი-გვარი, და თუ რომელ საავადმყოფოშია ის?
- სისხლის ჯგუფის, რამდენი დონორის საჭიროებაა და როდის?
- რომელ ბანკში ხდება ჩაბარება?
- პირის ნომერი.
ამის შემდეგ, ჩვენს ბაზაში ვეძებთ შესაბამისი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს, ვუკავშირდებით მათ და ვამოწმებთ, რამდენად არიან ხელმისაწვდომი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ მომენტში. იმ შემთხვევაში, თუ დონორს ჯანმრთელობა ხელს უწყობს და შეუძლია სისხლის გაცემა, ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას − თუ სად უნდა მივიდეს, ვის დაეხმაროს, და სხვა.
რამდენ დონორს აერთიანებს ორგანიზაცია და რამდენი ადამიანისთვის შეძელით დახმარების გაწევა ამ დროის განმავლობაში?
(გიორგი): ამ მომენტისთვის ჩვენს ბაზაში რეგისტრირებულია 700- ზე მეტი დონორი. რაც შეეხება გადარჩენილ სიცოცხლეს − უნდა აღინიშნოს რომ 2017 წლიდან 2020 წლის ბოლომდე ჩვენ არ გვქონდა სისხლის უანგარო დონორების ერთიანი ბაზა და არ ვაწარმოებდით სტატისტიკას, რის გამოც ძნელია იმაზე ზუსტი საუბარი, თუ რამდენ ადამიანს დავეხმარეთ ან რამდენი დონორი დაეხმარა მათ, თუმცა თუ ჩვენს გვერდზე პაციენტების მადლიერი ახლობლების წერილებით ვიმსჯელებთ, ამ პერიოდში დაახლოებით 200 ადამიანს დავეხმარეთ. 2020 წლის ბოლოდან კი, როდესაც ჩვენმა პროექტმა ბევრად ორგანიზებული სახე მიიღო, ჩვენი გუნდი 104 უანგარო დონორის მეშვეობით 56 ადამიანს დაეხმარა.
უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად, რომელ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს დონორობის მსურველი?
(მელანო): იმისათვის, რომ დონორმა შეძლოს სისხლის გაღება, იგი უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე ასაკის და 50 კგ-ზე მეტი წონის. სისხლის ჩაბარებისას, თავს უნდა გრძნობდეს კარგად და იყოს ნასაუზმები.
სისხლის ჩაბარება აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუ:
- მაინც გაგიკეთებიათ საინიექციო ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე;
- გაქვთ ან ატარებთ შემდეგ დაავადებებს: ჰეპატიტი B ან C, აივ ინფექცია/შიდსი ან სიფილისი.
თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში:
- გაქვთ ქირურგიული ოპერაცია;
- გაქვთ ტატუ, პირსინგი, აკუპუნქტურა;
- სქესობრივი კავშირი ვინმესთან, ვისაც ჰქონდა B ან C ჰეპატიტი, აივ ინფექცია/შიდსი, სიფილისი;
- ცოფის საწინააღმდეგო აცრა;
- გაქვთ ნემსი ექიმის დანიშნულების გარეშე.
ასევე, თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში:
- აბორტი ან ყოფილხართ ორსულად.
აგრეთვე, თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში:
- გაქვთ COVID-19;
- სტომატოლოგიური ქირურგიული მანიპულაცია (კბილის ამოღება);
- საერთო ჰიგიენური საშუალებები (საპარსი, კბილის ჯაგრისი).
ბუნებრივია, არსებობს ინდივიდუალური შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს, ან კიდევ აქვთ გარკვეული სპეციფიკური შემთხვევები. ასეთ დროს ყოველთვის გავდივართ კონსულტაციას შესაბამის ექიმთან და ვწყვეტთ, რამდენად რეკომენდებულია კონკრეტულ შემთხვევაში სისხლის დონაცია.
როგორ აპირებთ ორგანიზაციის "სისხლის უანგარო დონორები" განვითარებასა და გაძლიერებას, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის შეძლოთ დროულად დახმარების აღმოჩენა?
(გიორგი): ბოლო დროს ჩვენს ორგანიზაციას ძალიან გაეზარდა ცნობადობა. მედიის მხრიდანაც დიდი დაინტერესებაა, რაც ძალიან გვახარებს. ცხადია, როგორც დონორობის მსურველების რაოდენობა, ასევე მომართვიანობაც პირდაპირპროპორციულად გაიზარდა. გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით სრულიად ვუმკლავდებით მოთხოვნების დაკმაყოფილებას, თუმცა მომავალში ამ მხრივ ზრდას ვგეგმავთ.
ამ ეტაპზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დაფინანსების წყაროების მოპოვებაზე, რომლის გამოყენებასაც სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიისთვის ვგეგმავთ. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა სისხლის დონაციასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებთან ბრძოლაა. იმისათვის, რომ საზოგადოებაში სისხლის უანგარო დონაციის შესახებ ცნობიერება ავამაღლოთ, კომპანიებს, სტარტაპებს, ორგანიზაციებს შევთავაზეთ, რომ სოციალური პასუხისმგებლობების ფარგლებში შემოგვიერთდნენ სხვადასხვა საჩუქრითა თუ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობის შემოთავაზებით, რაც შეუძლიათ. ამ ეტაპზე, ოთხი მეგობარი კომპანია გვყავს: "მაქნანი", "ფრიქიდოგი", "სუში მოვა" და "პიცა მოვა". სულ მალე კი გაეშვება პირველი საჩუქრები იმის აღსანიშნად, რომ ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, უანგარო დონორების გარეშე ვერაფერს შევძლებდით.
რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, სადაც უანგარო დონაციის მაჩვენებელი ისედაც ძალიან დაბალია, არსებობდეს ერთიანი პოლიტიკა, რომლითაც სისხლის ყველა ბანკი იხელმძღვანელებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოება თუ სხვა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ ქვეყნებს, წინ წამოსწიონ სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობა, რათა ფორსმაჟორულ სიტუაციებში საჭირო რაოდენობის სისხლის მოგროვება აღარავისთვის აღმოჩნდეს პრობლემა. ვმუშაობთ ადვოკატირების კონცეფციებზე, რათა ქვეყანაში არსებული დონაციის კულტურა წარმატებული პრაქტიკის ქვეყნების პროცესებთან თანხვედრაში იყოს.