Get All Access for $5/mo

წაგებული თამაში ანტრეპრენერშიფი უცხო ქვეყნებში მატარებლით მოგზაურობას ჰგავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ნოემბერი ყოველთვის ისეთი თვეა, რომ ახალ წლამდე დარჩენილი საათები წიკწიკიდან ჯახუნზე გადადის თითქოს. კარტოფილის პიურესავით იზილება გამოვლილი ამბები და შემდეგი წლის გაუმჭვირვალე გეგმები.

ამას წინათ არცთუ კარგად გაცნობილმა ადამიანმა, მას შემდეგ, რაც სტანდარტული შეკითხვები, როგორებიცაა: "როგორ მიდის შენი ბიზნესი?" "რა ხდება სტარტაპერებთან?" "ახალი საინვესტიციო რაუნდისთვის მზად ხარ?" "რამე სტარტაპს ვერ მომაფიქრებინებ?" "გრანტებს სად არიგებენ?" "სესხი სჯობს თუ ლიზინგი?" "დაგირეკო თუ მოგწერო?" "საიტს ვინ გიკეთებს?" "როგორ მოგწონს ახალი მინისტრი?" "ვიღაც ვნახე ამას წინათ სადღაც და შენ იყავი?" "ჩემს ახლობელს სასტუმროს აშენება უნდა და ტურისტები ჩამოდიან?" − ამას რომ მორჩა, რატომღაც მკითხა: დასასვენებლად სად დადიხარ ზაფხულობითო. გაუცნობიერებლად ვუთხარი, არ დავდივარ-მეთქი და ცოტა ეწყინა მე მგონი.

ამან დამაფიქრა, და რომ გადავხედე გასულ ზაფხულებს, აღმოვაჩინე, რომ არც ზაფხულში, არც შემოდგომაზე და არც სხვა სეზონებზე დასასვენებლად არ ვყოფილვარ მას მერე, რაც ანტრეპრენერობას შევეყუდე. შაბათ- კვირას და სადღესასწაულო დასვენების დღეებშიც ბევრი არაფერი მახსენდება. მერე დავფიქრდი თუ რა მოხდა, რატომ არასოდეს ვყოფილვარ დასასვენებლად.

ანტრეპრენერშიფი უცხო ქვეყნებში მატარებლით მოგზაურობას ჰგავს და ალბათ ამიტომ. აი, ყველა გაჩერებაზე რომ ჩამოდიოდე და ყველგან სხვადასხვა რამ გხვდებოდეს, და იმის სულისკვეთება და ინტერესი, რა შეიძლება დაგხვდეს შემდეგ და შემდეგ გაჩერებაზე, არაფრით გასვენებს. ვისვენებ, როცა სკამზე ჩამოვჯდები კონფერენციის დროს; ვისვენებ, როცა ყველა წავა და ტექნოპარკის ეზოში ვსეირნობ ყურსასმენებში მუსიკით. შეხვედრიდან შეხვედრამდე სწრაფად გადაყლაპული ნაყინი მერგება. ბიუროკრატიული დოკუმენტაციის ნასკვი რომ მომეშვება კისრიდან, ლიმონათი ასჯერ უფრო გემრიელად მელევინება. შეჯიბრებიდან უსაჩუქროდ წამოსულს რომელიღაც ფილმის ნახვა მამშვიდებს. მოგებული ჯილდოთი ფოტოს გადაღება მიხარია. დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობა მზრდის. შეფერხების გარეშე მომხდარი კვირა მადიდგულებს. ახალი გამოწვევების დროს ვინმე მიყვარდება. არასწორად განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებზე მეტირება. გამოტოვებულ ოჯახურ შეკრებებზე გული მწყდება. უყურადღებობით დაკარგული მეგობრები მენანება. მეილზე სწრაფად გაცემული პასუხები ჟრუანტელს მგვრის. უპასუხო ზარებზე გადმორეკილის ჩახუტება რომ შეიძლებოდეს, ჩავეხუტებოდი. ფეისბუქმა რაღაც კოლაჟი გააკეთა თავისით, თურმე ბოლო სამი წელია ახალი ტანსაცმლის ყიდვა არ გამხსენებია. სხვისი წარმატება საკუთარივით მამხნევებს და მუდამ მგონია, რომ ისედაც ძალიან მალე მომიწევს დასვენება სიბერის გამო.

საცივი, ღომი, გოზინაყი, ფხალი და კიდეებში მიმხმარი თონის პური. მსხლის ლიმონათი და უდიდესი ძალისხმევით ახდენილი ოცნებების უფრო კარგად დალაგების იმედები რომ იკიდებოდეს ნაძვის ხეზე, იმას ჩამოვკიდებდი. თოვლის ბაბუას ვთხოვ უფრო მეტი მატარებელი გამომიგზავნოს, უფრო საინტერესო გამოწვევები, მეტი გამარჯვება და თუნდაც ქარის წისქვილთან საბრძოლველი ხმლები მომცეს.

არავინ იცის, როგორი იქნება შემდეგი ოთხი სეზონი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ არც შემდეგ ზაფხულს წავალ დასასვენებლად.

მაკო ქავთარაძე

Spy Recipe-ის და რეცეპტების მუზუმის დამფუძნებელი

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

სიახლეები

Archi to Build a Five-Star Hotel at Lake Sioni

This prestigious project is a collaboration with Le Meridien, an international hotel brand under the Marriott International group