Cyber Week Sale! 50% Off All Access

წარუმატებელი ბიზნესი - დასასრული თუ დასაწყისი? რა ხდება, როდესაც ადამიანი იწყებს ბიზნესს და ეს ბიზნესი არ გაამართლებს?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ბევრს წერენ და საუბრობენ იმ ადამიანებზე, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს კარიერაში თუ ბიზნესში. ჟურნალები და ონლაინგამოცემები გვიყვებიან ამ ადამიანების ხუთ განსაკუთრებულ თვისებაზე, რომელმაც განაპირობა მათი წარმატება. წიგნებში გვიწერენ მათ მიერ განვლილი გზების ისტორიებს, ან გვასწავლიან წარმატების სამ საიდუმლო რეცეპტს და ა.შ. თუმცა ჟურნალებისა და წიგნების გვერდების მიღმა, რეალურ სამყაროში ცხოვრობენ რეალური ადამიანები, რომლებმაც სცადეს ბიზნესის დაწყება, მაგრამ მათი მცდელობა ამა თუ იმ მიზეზის გამო წარუმატებელი გამოდგა. ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია, რადგან სინამდვილეში ბევრად უფრო ცოტაა წარმატებული ბიზნესი, ვიდრე ჩაფლავებული, და ეს განსაკუთრებით ეხება სტარტაპებისა და ანტერპრენერების სამყაროს, სადაც სტატისტიკის მიხედვით, ერთ წარმატებულ სტარტაპზე, 99 წარუმატებელი მოდის.

რა ხდება, როდესაც ადამიანი იწყებს ბიზნესს და ეს ბიზნესი არ გაამართლებს? ადამიანი კარგავს ფულს, და ფულთან ერთად უამრავ აუნაზღაურებელ დროსა და ენერგიას, რომელიც ამ ბიზნესიდეის განხორციელებას მოახმარა. ანტრეპრენერისთვის თავად ის ფაქტი, რომ მისმა შემოქმედებითმა იდეამ არ გაამართლა, ძალიან მტკივნეულია, ხშირად ფულის დაკარგვაზე უფრო მტკივნეულიც კი. ეს იმდენად უსიამოვნო და გულდასაწყვეტი გამოცდილებაა, რომ ბევრი ადამიანისთვის ხელის ჩაქნევის მიზეზი ხდება და იმის ალბათობაც დიდია, რომ ისინი აღარასოდეს შეეცდებიან ახალი ბიზნესის წამოწყებას. არადა, ძალიან დასანანია, რადგან წარუმატებელი მცდელობა ხშირად სულაც არ ნიშნავს დასასრულს და თუ სწორად შეხვედავთ და გავაანალიზებთ მას, შესაძლოა ჩვენი სამომავლო წარმატების საწინდარიც კი აღმოჩნდეს.

წარუმატებელი გამოცდილებაც გამოცდილებაა, თანაც − ძალიან ღირებული

თუ ჩვენს წარუმატებლობას შევხედავთ არა ისე, როგორც მხოლოდ ნეგატიურ მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში, არამედ როგორც შეცდომებზე სწავლის კარგ შესაძლებლობას, მაშინ მივხვდებით, რომ ხელის ჩასაქნევად სულაც არ გვაქვს საქმე, და პირიქით − არ უნდა დავნებდეთ, ისევ უნდა მოვიკრიბოთ ძალა (და შესაბამისად, ფინანსებიც) და ჩვენი ახალი იდეების განხორციელებას შევუდგეთ. ისევე, როგორც ცხოვრებაში, ბიზნესშიც, ყველა გამოცდილება სასიამოვნო და დადებითი არ არის, მაგრამ ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა, და ხშირად კარგზე უფრო მეტსაც გვასწავლის. ამიტომ პირველი ბიზნესწარუმატებლობა შეგვიძლია თამამად ჩავთვალოთ პირველ მნიშვნელოვან გაკვეთილად, რომელიც თუ საჭიროებისამებრ ვისწავლეთ, აუცილებლად დაგვეხმარება წარმატების გამოცდის კარგად ჩაბარებაში.

ხანდახან რაღაც არ გამოგვდის, იმიტომ, რომ გამოგვივიდეს რაიმე უკეთესი

ეს სათაური შეიძლება დამაბნევლად ან ბანალურად ჟღერდეს, თუმცა საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ხანდახან რომელიღაც კონკრეტული საქმე სწორედ იმიტომ არ გამოდის, რომ მასზე არ გავჩერდეთ და უკეთესი შესაძლებლობა მოგვეცეს. 4 წლის წინ, როდესაც პირველად განვიზრახე საკუთარი ბიზნესის წამოწყება, ჩემი შეზღუდული ბიუჯეტიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ე.წ. კრეპების (ბლინების) სტენდის გაკეთება, რომელიც სავაჭრო ცენტრებში დაიდგმებოდა. რამდენიმე სავაჭრო ცენტრმა ქირის ძალიან მაღალი საფასური მომთხოვა, რამდენიმემ იდეა დამიწუნა, ხოლო ერთადერთი სავაჭრო ცენტრი, რომელიც დამთანხმდა და სადაც ქირის საფასურიც შედარებით მისაღები იყო, აღმოჩნდა, რომ გამდინარე წყლის მოყვანას ჩემს სტენდამდე ვერ შეძლებდა. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნების მიხედვით კი, ნებისმიერ ობიექტს, რომელიც შენობაში ყიდის საკვებ პროდუქტს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს წვდომა გამდინარე წყალთან. შესაბამისად, როდესაც მეგონა, რომ ამ პროექტზე რამდენიმე თვის ჩემი შრომა დაფასდებოდა და სულ მალე საკუთარ, პატარა ბიზნესს წამოვიწყებდი, ვერაფერიც ვერ წამოვიწყე, თანაც დაკარგულ ფულს, დროსა და ენერგიასაც აღარაფერი ეშველებოდა. მაშინ რომ გეკითხათ, ყველაზე წარუმატებელ და იმედგაცრუებულ ადამიანად ვგრძნობდი თავს, თუმცა გავიდა რამდენიმე თვე და ახალი ბიზნესიდეით შეპყრობილი, ახალი ძალებით შევუდექი მუშაობას. სწორედ ასე შეიქმნა "ალტერსოქსი"− ფერადი წინდების კომპანია, რომელიც მეოთხე წელია წარმატებით საქმიანობს ქართულ და უცხოურ ბაზრებზე. დღეს, უკან რომ ვიხედები, ძალიან მიხარია, თავის დროზე კრეპების იდეა რომ არ გამოვიდა, რადგან თუ გამოვიდოდა და კარგად იმუშავებდა, დღესდღეობით ალბათ კრეპების სტენდის ბიზნესი მექნებოდა, რომელიც არც იმდენად საინტერესო და ვერც ისეთი შემოქმედებითი საქმიანობა იქნებოდა ჩემთვის, როგორიც "ალტერსოქსია".

წარუმატებლობა არის კარგი "ტესტი", თუ რამდენად გვინდა ის, რის მიღწევასაც ვცდილობთ

როდესაც რომელიღაც საქმეში ძალიან დიდი ძალისხმევა, მონდომება, რესურსი და დრო ჩავდეთ, მაგრამ მაინც არ გამოვიდა, უპირველესად წყენისა და გაბრაზების ემოცია ჩნდება, შემდეგ კი აზრი, რომ ამ საქმეს სამუდამოდ უნდა შეეშვა. თუმცა, თუ ანტრეპრენერობა შენი მოწოდებაა, მართლა მთელი გულით გსურს წარმატებული კომპანიის შექმნა და ამ გზით საკუთარი სიტყვის თქმა, მაშინ თითო მარცხისა და თითო წარუმატებლობის გამო არ დანებდები, გააგრძელებ ბრძოლას და მაშინვე და არსებული იდეით თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ სხვა, ახალი იდეით შეიარაღებული და აღტკინებული კიდევ შეეცდები წარმატების მიღწევას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ წარუმატებლობა არის ერთგვარი ტესტი იმისა, თუ რამდენად ძლიერად გვინდა ის, რის მიღწევასაც ვცდილობთ და რამდენადაა ეს საქმე ჩვენი ნამდვილი მოწოდება. თუ მარცხისა და ჩაფლავების მიუხედავად, მაინც გვაქვს სურვილი კიდევ გავრისკოთ და თავით ხელახლა გადავეშვათ ამ საქმეში, ესე იგი ნამდვილად ძალიან გვდომებია და ის მარცხიც, უსიამოვნო გამოცდილებაც და გარისკვაც გვიღირს ამ ყველაფრისთვის.

დაბოლოს: დავეთანხმები ცნობილ ფრაზას, რომ მარცხი უფრო კარგი მასწავლებელია, ვიდრე წარმატება, ასე რომ, ყველა ჩვენგანს, ვისაც გამოცდილი გვაქვს წარუმატებლობა ბიზნესში, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ერთხელ არ გაგვიმართლა და ყველაფერი ისე არ გამოგვივიდა როგორც წარმოგვედგინა, ეს მხოლოდ დასაწყისია; და თუ ანტრეპრენერობა ნამდვილად ჩვენი მოწოდებაა, მაშინ კიდევ ერთხელ, და კიდევ იმდენჯერ უნდა წამოვდგეთ ფეხზე და შევეცადოთ, რამდენჯერაც ეს საჭირო იქნება ჩვენი წარმატების მისაღწევად!

ნინა მენთეშაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

სიახლეები

UpGaming სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს შორის ავტომობილს გაათამაშებს

ყველა თანამშრომელი, ვინც 30 სექტემბრამდე ორჯერადად იქნება აცრილი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ