Get All Access for $5/mo

ცნობისმოყვარეობის გაღვივებაზე ზრუნვა - აი, რა ამოძრავებს ინოვაციებს ცოდნის მიღების დაუოკებელი სურვილი გახდა ბენ ლამის, Hypergiant-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის წარმატების საიდუმლო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Medium

ინოვაციების მამოძრავებელი ძალა ცნობისმოყვარეობაა. ის გაძლევთ იმპულსს თქვენს იდეას მიჰყვეთ, გამოსავალს მიაგნოთ, ახალი შესაძლებლობები ეძიოთ ან გზა გააგრძელოთ იმის დასანახად, თუ რა იქნება შემდეგ მოსახვევში. უმეტესად, ილონ მასკის დაუოკებელი ცნობისმოყვარების დამსახურებაა ის, რომ მისი კომპანია SpaceX, პირველი გახდა კერძო კომპანიათა შორის, რომელმაც ადამიანები კოსმოსური ხომალდით გააგზავნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. და კოსმოსური ტურიზმის ჩვენი ცხოვრების რეალობად გადაქცევის გზას ადგას.

მარიო ლივიოს, ასტროფიზიკოსისა და წიგნის ("რატომ?") ავტორის, მიხედვით, ორი ტიპის ცნობისმოყვარეობა არსებობს. 2017 წელს პოდკასტზე, Knowledge@Wharton გამოსვლისას ლივიომ განაცხადა: "არსებობს პერცეპციული, აღქმასთან დაკავშირებული ცნობისმოყვარეობა, რომელიც გვიჩნდება, როდესაც რაღაც გვაოცებს ან არ ეთანხმება იმას, რაც ვიცით ან რასაც ვფიქრობთ, რომ ვიცით. ეს არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს... მეორე მხრივ, არსებობს ეპისტემიური, შემეცნებასთან დაკავშირებული ცნობისმოყვარეობა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, ეს ტკბობაა ჯილდოს მიღების მოლოდინში. ეს ჩვენი ცოდნის დონეა. აი, რა არის ყველა სამეცნიერო კვლევის მამოძრავებელი ძალა, რომელიც აძლევს ბიძგს ხელოვნების ბევრ ნაწარმოებს. ის განათლებისა და მისი მსგავსი სფეროების მამოძრავებელი ძალაცაა".

ერთხელ ალბერტ აინშტაინმა ლაკონურად აღნიშნა: "მე განსაკუთრებული ნიჭი არ მაქვს, მხოლოდ უზომოდ ცნობისმოყვარე ვარ".

ცნობისმოყვარეობა და ანტრეპრენერობა

ცნობისმოყვარეობა იყო მამოძრავებელი ძალა მთელი კარიერის განმავლობაში ბენ ლამისთვის, Hypergiant-ის აღმასრულებლისა და დამფუძნებლისთვის, რამაც უდიდესი წარმატებები მოუტანა სრულიად განსხვავებულ დისციპლინებში.

ბავშვობაში, ლამი ხშირად მოგზაურობდა აფრიკაში თავის ოჯახთან ერთად, და ადრეულ ასაკში დაინახა, თუ რა დიდი განსხვავება იყო ამ კონტინენტზე და ტეხასის გარეუბანში ცხოვრებას შორის, სადაც გაიზარდა. მან დაინახა, რომ სამყარო ბევრი სხვადასხვა გზით ფუნქციონირებდა და ამ განსხვავებებში იმალებოდა სწორედ შესაძლებლობები. ამან აიძულა საეჭვოდ მიეჩნია ის საკითხები, რომლებიც მისაღები იყო ადამიანთა უმრავლესობისთვის, და არა მარტო ისინი, საკუთარი აზრები და ვარაუდებიც.

საკუთარ თავში ჩაღრმავება და შეკითხვების დასმა პერცეპციული ცნობისმოყვარების ნაწილია, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ვკარგავთ, როდესაც ვიზრდებით და საკუთარ თავში დარწმუნებულები და გაცილებით სტაბილურები ვხდებით ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისას. თუმცა, ლამი ამ საკუთარ თავში ჩაღრმავებამ მიიყვანა ადრეულ ეტაპზე წარმატებასთან, რაც მისი პიროვნული ზრდით გამოიხატა. ის უკეთესი მოსწავლე, უკეთესი მეგობარი და უკეთესი საქმოსანიც კი გახდა.

ახლა ლამს ხუთი კომპანია აქვს, და თავის ყველაზე ამბიციურ სტარტაპს, Hypergiant-ს ჰკიდებს ხელს. იგი თანამედროვე გამოგონილ კოსმოსურ კომპანიას, Stark Industries-ს ჰგავს, რომელიც კოსმოსურ ინდუსტრიას ემსახურება პროგრესული ხელოვნური ინტელექტით, მართვისა და კონტროლის ავტონომიური თანამგზავრული სისტემებით, გალაქტიკათაშორისი ინტერნეტით, რკინის ადამიანით შთაგონებული კოსმოსურის ჩაფხუტით, ხელოვნური ინტელექტით მართული ბიორეაქტორით, რომელიც CO2-ს წყალმცენარეებად გარდაქმნის და კიდევ ბევრი სხვით.

ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს ინოვაციები ისე ჟღერს, თითქოს პირდაპირ სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმებიდან იყოს გადმოსული, მაგრამ დევიზით, "მომავლის დღევანდელ დღეს გადმოტანა" და ისეთი ლიდერით საჭესთან, როგორიც ლამია, ეს ინოვაციები ბუნებრივი შედეგია იმ კულტურისა, რომელიც პირადი ცხოვრებისა და კარიერის ნებისმიერ სფეროში უწყობს ხელს ბუნებრივ სწრაფვას ცნობისმოყვარეობისკენ.

დამწყების გონება

შოშინი, იგივე, "დამწყების გონება", არის კონცეფცია, რომელიც ძენ ბუდიზმიდან მოდის და საგანზე მიუკერძოებულ წარმოდგენას გულისხმობს. ეს ახალი კონცეფციების მიღებისადმი მზადყოფნაა, ის, რაც ბუნებრივად აქვთ ბავშვებს. ბავშვები ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან ყველაფერში, რასაც აკეთებენ. ისინი დამწყების გონების სრულყოფილი განსახიერებანი არიან, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აქვთ მიკერძოებებისა და სხვადასხვა მოსაზრების დაღი, და არც ისტორიულ ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, რაც მთლიანად შლის იმ სურათს, რომელსაც ისინი აკვირდებიან.

ყველაფრის ახალბედას თვალით შეხედვა იმას ნიშნავს, რომ როდესაც საკმარისად ბევრი იცით და ექსპერტადაც კი მიიჩნევით, მაშინაც კი განუწყვეტლივ სწავლობთ გარკვეულ თემაზე ახალს, და შესაძლოა, ამ ცოდნამ ერთ მშვენიერ დღეს ის შეცვალოს, რისიც გვჯერა.

ლამი შოშინს მიმართავს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რაღაცის მიღწევა სურს, ისე სწავლობს, თითქოს ჭირვეული, უზომოდ ცნობისმოყვარე ბავშვი იყოს, რომელიც განუწყვეტლივ კითხულობს: "რატომ?" ყოველთვის ამ შეკითხვაზე აქვს გამახვილებული ყურადღება. მაგალითად, რატომ აქვს მნიშვნელობა ბიზნესგადაწყვეტილებას, რატომ არ არსებობს ნორმატიული აქტი ან რატომ არის აუცილებელი გარკვეული ინსტრუმენტი. ამ შეკითხვების დასმა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ლამისთვის, რომ ყოველთვის დამწყების განწყობა ჰქონდეს.

ანტრეპრენერად დაბადებული

მთელ მსოფლიოში მრავალი სხვადასხვა კულტურისა და ჩვევების გაცნობამ მისცა ლამს იმის შესაძლებლობა, რომ სხვებისგან განსხვავებულად დაენახა მოვლენები და ინსტინქტურად განესაზღვრა საბაზრო შესაძლებლობები. ლამს მიაჩნია, რომ სხვადასხვა ჩვევის, კულტურებისა და იდეების დანახვა მნიშვნელოვანია იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენ უამრავ სხვადასხვა მხარეს დაინახავთ ნებისმიერ ვითარებაში და იქ აღმოაჩენთ შესაძლებლობას, სადაც სხვები ვერ ახერხებენ.
ლამს თანდაყოლილი თვისება ჰქონდა, საეჭვოდ მიეჩნია ყველაფერი, რაც ნორმალურად იყო მიჩნეული, და მისთვის ანტრეპრენერობა მხოლოდ გზა კი არა, ბედი იყო. "ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ანტრეპრენერები კი არ ხდებიან, ანტრეპრენერებად იბადებიან", − აცხადებს იგი, − "ჩემი ბედი იყო, ანტრეპრენერი გავმხდარიყავი". ლამი ყველა სამსახურიდან გაათავისუფლეს, რომელიც სკოლაში ჰქონდა და თავისი პირველი კომპანია თავისი კოლეჯის პროფესორთან ერთად დააარსა, როდესაც ბოლო კურსის სტუდენტი იყო. ახლა უკვე მეხუთე სტარტაპი აქვს. წინა ოთხი წარმატებული იყო, მათგან სამი − საჯარო სააქციო კომპანიამ იყიდა, და სრულიად დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ანტრეპრენერობა ლამს სისხლში აქვს.

ისევ და ისევ თავიდან დაწყება

მიუხედავად იმისა, რომ ლამის კარიერული გზა, ერთი შეხედვით, შესაძლოა არასტაბილური ჩანდეს, მისი ცნობისმოყვარეობა და ლოგიკური აზროვნება იმას ნიშნავს, რომ მას განუწყვეტლივ ეცვლება შეხედულებები სამყაროს შესახებ და იმაზეც, თვითონ როგორ მუშაობს მასში. "ყოველთვის, როდესაც ჩემს კარიერას კიდევ ერთხელ ვქმნი", − ამბობს იგი, − "ამას ისე ვაკეთებ, თითქოს ახალბედასავით ვუყურებდე სამყაროს და თავიდან ვკითხულობ, როგორ მინდა მისი დანახვა. მე ხშირად ვამბობ, რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვისება იმის აღიარების უნარია, რაც არ ვიცი, და რაც უცნაურად მეჩვენება ამ სამყაროში. ჩემთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავია იმის თქმა, რომ რაღაც არ ვიცი ან არ მესმის, ჩემი მიზანია ყველაფრის მისაღებად ვიყო მზად და სწავლა გავაგრძელო".

ეს თვისება აძლევს ლამს საშუალებას მზად იყოს ახალი იდეების მისაღებად და თავისი კოლეგების, თანამშრომლების, ექსპერტების, მეგობრებისა და მთელი სამყაროსგან ისწავლოს ათასი რამ. ლამი ყველაფერს ახალბედასავით უყურებს, არასოდეს ეშინია თავიდან დაწყების, და სხვა გზების განსახილველადაც მზად არის. ეს ბუდიზმის სხვა პრინციპით ვლინდება, რომლის განსახიერებაც ლამია, მას არ აქვს მესაკუთრული დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა თავისი რომელიღაც იდეის მიმართ.

ის ერთ ფრაზას იხსენებს ბავშვობაში ნანახი ფილმიდან "შერკინება", სადაც რობერტ დე ნირო პოეტურად მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთო, როდესაც მეტისმეტად დიდი საფრთხის ქვეშ ხარ: "უნდა შეძლო და 30 წამში უნდა გაერიდო ყველაფერს, თუ გრძნობ, რომ საფრთხე გიახლოვდება".

ლამი კანონს არ გაურბის, და არც მაფია აიძულებს რაიმეს გაკეთებას, მაგრამ ჩვევა აქვს, არაფერს მიეჯაჭვოს, ღრმა კავშირები არ დაამყაროს რომელიღაც იდეასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ თავისი შეხედულებების შეცვლა შეუძლია, როდესაც უდავო მტკიცებულება აქვს, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რაც მას ჭეშმარიტებად მიაჩნდა. საკუთარი შეცდომების აღიარების უნარი, ცნობისმოყვარე გონებასთან ერთად მოდის, და თან, გამბედაობისა და შეუპოვრობის სულსაც აღვივებს.

უშიშარობა ცნობისმოყვარეობის გავლით

ასაკთან და სიბრძნესთან ერთად მოდის რწმენა იმისა, რომ უკვე ყველაფერი იცით და ყველაფერს მიხვდით. ამის გამო, როგორც წესი, ნაკლებად ცნობისმოყვარე ხდებით. იმდენად აღარ გაინტერესებთ, რა როგორ მუშაობს. ცნობისმოყვარეობა ნაწილობრივ ბიოლოგიური რეაქციაა შიშზე, და შესაძლოა, სიმამაცის აქტიც კი იყოს, მზად იყოთ იმაზე შეკითხვის დასასმელად, რაც არ იცით, ან რაშიც ბოლომდე არ ხართ გარკვეული. ლამს ეს შიში აიძულებს ღრმად ეძიოს პასუხები, დისკომფორტის სფეროებშიც შეიჭრას და მძიმე საუბრებშიც ხალისიანად ჩაებას.

"ცნობისმოყვარეობის გაღვივებაზე ზრუნვა შიშთან ერთად ცხოვრებას ნიშნავს", − ამბობს იგი, − "დარწმუნებული ვარ, ცნობისმოყვარეობა სადღაც შიშსა და გაოცებას შორის უნდა ცხოვრობდეს".

ლამის უნარი, რომ შიშში გაოცებულმა იცხოვროს და თავისი პერცეპციული და ეპისტემიური ცნობისმოყვარეობა დააბალანსოს, მძლავრი ინსტრუმენტია ანტრეპრენერისთვის, და ეს თავისი კარიერული წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად მიაჩნია".

შეზღუდული არაფერია

ლამს შეუძლია ერთი დღეს ღრმად ჩაეფლოს ძველ უცხოპლანეტელებში, ხოლო მეორე დღეს პროგრესულ ნანო-სამეცნიერო კვლევებში. ის მთელ დღეს გაატარებს "ნასას" გეგმების შესწავლაში მთვარეზე ცხოვრების შესახებ, მეორე დღეს კი, მთლიანად შოტლანდიის ეკოსისტემის აღდგენის თეორიაში გარკვევას მიუძღვნის. ბევრი საკითხის ცოდნა უფრო მეტად ცნობისმოყვარეს ხდის მას. შემდეგ მას ისეთი შეკითხვების დასმა შეუძლია, როგორიცაა: როგორ შეგვიძლია მთვარის ბაზებზე შეგრძნების შექმნა, თითქოს ჩვენ გარშემო ველური სამყაროები იყოს? როგორ გამოვიყენოთ ნანოტექნოლოგიები, ძველი უცხოპლანეტელების იდეის საეჭვოდ მისაჩნევად?

მისი დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა იმას ნიშნავს, რომ ის არასოდეს წყვეტს სწავლას და ახალი იდეების გამოყენებას. ლამს მიაჩნია, რომ რაც შეიძლება ბევრი წყაროდან უნდა მიიღოთ შთაგონება. მას ცოდნის ძიების დაუოკებელი სურვილი აქვს, რომელსაც ვერ იკმაყოფილებს. ის ხარბად იწოვს დოკუმენტურ, მხატვრულ და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს, ამასთან ერთად, დაინტერესებულია ხელოვნებით, ფილოსოფიით, მუსიკით და პოპკულტურით. ლამს განსაკუთრებით მოსწონს ზოგიერთი მეოცნებენი, ისეთები, როგორებიც მატი სურონენია, რომელმაც მფრინავი თეფშის მსგავსი სახლები (Futuro) ააშენა, და ფოტოგრაფი დევიდ იაროუა, რომელიც რთულ სამყაროებს ქმნის.

"მე ნამდვილად მიზიდავს ესთეტიკური პერსპექტივა", − ადასტურებს ლამი, − "კანიე უესტის ნამუშევარი ჩემთვის ძალიან საინტერესოა და გასაოცარი თავისი მრავალფეროვნებით. და კიდევ, ნამდვილად მომწონს ისეთი ადამიანების ნამუშევრები, როგორიც ლივიოა. ის იკვლევს, როგორ და რატომ მუშაობს კაცობრიობა".

ცნობისმოყვარე გონების წახალისება

მართალია, უდავოა, რომ ცნობისმოყვარეობა ლამის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ მან ნამდვილად იცის, რომ წარმატებული კომპანიის შესაქმნელად საჭირო ყველა იდეის მოფიქრება არ შეუძლია. ლამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ცნობისმოყვარების გაღვივებაა სამუშაო ადგილას და ის გარშემო მყოფ ადამიანებზე ამყარებს იმედს, რომლებიც ასეთივე ჭკვიანები, ცნობისმოყვარენი არიან და შეუძლიათ ახალი იდეები მოუტანონ ამ სამყაროს.

ამ ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად, ლამი აქტიურად უბიძგებს ადამიანებს თავიანთ შინაგან ჟინს მიაქციონ ყურადღება და მას მისდიონ. Hypergiant-ს ხშირად მოჰყავს სამსახურში ორატორები, მოაზროვნენი, აქტივისტები და ამ კულტურას აძლიერებს. იდეა ახალი იდეების, ისტორიების, მოსაზრებების ნაზავის შექმნას გულისხმობს, რომელიც უბიძგებს ადამიანებს დაინტერესდნენ, რატომ და როგორ ახდენენ ეს იდეები გავლენას მათ სამუშაოზე. იდეების ერთიანი გეგმის შესაქმნელად, კომპანიას სხვადასხვა რამ გამოაქვს თავის ეთერში, იცის რა, რომ ამ იდეების გადაკვეთა გარკვეულ სიახლეებს მოიტანს.

ლამის მთელი ცხოვრება ცნობისმოყვარეობა და მზადყოფნაა, ნებისმიერი წყაროდან მიიღოს შთაგონება, ახალი იდეები, და თან შეუძლია სრულიად დაუცველი და სხვებისადმი თანაგრძნობით განმსჭვალული ლიდერი იყოს. მან წარმატებას იმით მიაღწია, რომ მომავალი დღევანდელ დღეს გადმოიტანა.

საინტერესოა, თქვენი ცნობისმოყვარეობა სად მიგიყვანთ?

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია