თუ მხოლოდ ერთ საქმეს ასრულებთ და თავს ხაფანგში გრძნობთ, გარი ვაინერჩუკი გამოსავალს გთავაზობთ
By Jason Piper
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ გსურთ გაიგოთ, როგორი იქნება სამუშაოს მომავალი, უბრალოდ, გადახედეთ გარი ვაინერჩუკის პირად შეტყობინებებს. მან მთელი თავისი კარიერა ადამიანების მოქმედებისკენ წახალისებას მიუძღვნა, რომ მათ რაღაც შექმნან, რაღაცას ფლობდნენ, საკუთარი ცხოვრება და ფინანსური მომავალი თავად აკონტროლონ.
დღეს მილიონობით ანტრეპრენერი და კარიერის განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი მას რჩევისთვის მიმართავს და პირად შეტყობინებებში ყველაზე აქტუალურ და პირად კითხვებს უზიარებს. მათი შფოთვის განმეორებადი ნიმუშები ერთ მნიშვნელოვან ისტორიას გვიყვება: აი, რა სჭირდებათ ადამიანებს დღეს. აი, რა აწუხებთ მათ ყველაზე მეტად.
დღეს ვაინერჩუკი რაღაც ახალსა და საინტერესოს ამჩნევს.

"ისინი თავს ხაფანგში გამომწყვდეულებად გრძნობენ, – მეუბნება ვაინერჩუკი, – ისინი იქ შიმშილით იხოცებიან".
რატომ? იმიტომ, რომ მათ ერთი ძირითადი სამსახური ან ერთი მთავარი ბიზნესი აქვთ, თუმცა მეტი სურთ. შესაძლოა ეკონომიკური გაურკვევლობა და ფინანსური შფოთვა მათ დამატებითი შემოსავლის მიღებისკენ ან შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისკენ უბიძგებს.
შესაძლოა ისინი აკვირდებიან ხელოვნური ინტელექტის სწრაფ აღმავლობას. ფიქრობენ, კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ საკუთარი დროისა და შესაძლებლობების გამოყენებით. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, მათ გაფართოება სურთ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ამის უფლება არ აქვთ.
ანტრეპრენერებსა და პროფესიონალებს წლების განმავლობაში ერთსა და იმავე გზავნილს აწვდიდნენ: წარმატება დაუღალავ კონცენტრაციას მოითხოვს. მთელი თქვენი ენერგია ერთ საქმეში ჩადეთ. მთლიანად მას მიუძღვენით თავი. როგორც დევიდ პაკარდმა (Hewlett-Packard-ის თანადამფუძნებელმა) თქვა, "უფრო მეტი ბიზნესი იღუპება გადატვირთვისგან, ვიდრე შიმშილისგან". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ძალიან ცოტას კეთება კი არა, ზედმეტის კეთებაა.
ვაინერჩუკი ამას ნაწილობრივ ეთანხმება. მისი თქმით, ბევრი ადამიანი სწორედ ერთ საქმეზე კონცენტრირებით აღწევს წარმატებას. ბიზნესსაც სჭირდება ერთგული ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ ფიქრობენ მის საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ბევრი ადამიანი სხვაგვარად არის მოწყობილი. ისინი შემოქმედებითი მოაზროვნეები არიან. მოუსვენარი კრეატორები. ადამიანები, რომლებსაც იდეები არასდროს ელევათ.
მათ უსაზღვრო ენერგია და ამბიცია აქვთ, რაც ახალი ბიზნესის დაწყებისკენ ან ყოველდღიური სამსახურის მიღმა ახალი შესაძლებლობების ძიებისკენ უბიძგებთ. და აი, ყველაზე მნიშვნელოვანი: ამ ტიპის ადამიანებისთვის მხოლოდ ერთი საქმით დაკავება დამთრგუნველია. ეს მათ ენერგიას აცლის და ნაკლებად პროდუქტიულს ხდის. მაგრამ როდესაც მათ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა ეძლევათ, ყველაფერი, რასაც აკეთებენ, გაცილებით წარმატებული ხდება.
ამიტომ, თუ მეტი გსურთ, ამბობს ვაინერჩუკი, საკუთარ თავს მეტის გაკეთების უფლება უნდა მისცეთ. ამ შემთხვევაში "მეტი" ნიშნავს უფრო მეტ პირად და პროფესიულ კმაყოფილებას.
"თქვენგან, ვინც ამას კითხულობს, ფაქტობრივად, 50%-ზე მეტს, – ამბობს ის, – ეს თქვენი სულისთვის გჭირდებათ". თუმცა, ამის განხორციელებას ცოდნა და სწორი მიდგომა სჭირდება, რადგან "მეტი" სტრატეგიასა და გააზრებულ მიზანს მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიახ, არსებობს საფრთხე, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, მართლაც დაინგრეს.
ვაინერჩუკი საკუთარ თავს ცოცხალ მაგალითად მიიჩნევს იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ მიდგომამ იმუშაოს. ის შეიძლება ყველაზე მეტად სოციალური მედიის სფეროში თავისი საქმიანობით იყოს ცნობილი, თუმცა ამავე დროს არაერთი წარმატებული კომპანიის დამფუძნებელიცაა. მან დააარსა სარეკლამო სააგენტო VaynerMedia, საპროდიუსერო კომპანიები VaynerWatt და Eva Nosidam, მედიაგამომცემლობა Gallery Media Group, მარკეტინგული სააგენტოები The Sasha Group და ChukMedia, კორპორაციული ბარტერისა და სავაჭრო კომპანია Tingley Lane Trading, აზროვნების ლიდერობის პლატფორმა Marketing for the Now, ასევე VeeFriends, VeeCon, სპიკერების სააგენტო, სპორტული სააგენტო, კვებისა და სტუმართმოყვარეობის მიმართულებები, ორიგინალური კონტენტის წარმოება და კიდევ ბევრი სხვა პროექტი.
და რა მოხდებოდა, ეს ყველაფერი რომ არ გაეკეთებინა?
"დავიღლებოდი,– ამბობს ვაინერჩუკი, – რადგან საკმარისად ბედნიერი არ ვიქნებოდი".
მას სურს გაჩვენოთ, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.
მე ვაინერჩუკის ამ ფილოსოფიას იმიტომ ვიზიარებ, რომ ვფიქრობ, ის მართალია. ამასთან, ეს საკითხი პირადად მეც მეხება. ჩემი კარიერის განმავლობაში ხშირად ვეძებდი ახალ სამსახურს, რადგან არსებული საქმე მალე მომბეზრდებოდა და თავს უბედურად ვგრძნობდი.

"თუ მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებ, მხოლოდ ერთგვარ გამოცდილებას აგროვებ. ხოლო როცა მეტს აკეთებ, ფართოვდება როგორც შენი გამოცდილება, ასევე იმ ადამიანების წრეც, რომლებთანაც ურთიერთობ და თანამშრომლობ".
დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილზე მუშაობის შემდეგ, მოწყენას ვიწყებ. ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. სიახლე მჭირდება. ალბათ, იგივე დაემართებოდა ჩემს საქმიანობას Entrepreneur-შიც, სადაც უკვე ათი წელია მთავარი რედაქტორი ვარ... თუმცა აქ ვისწავლე, როგორ გავმხდარიყავი ანტრეპრენერი.
ამ ჟურნალის ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს არაერთ გარე პროექტსაც ვუძღვები: ვქმნი კომპანიებს, სხვადასხვა კომპანიის საკონსულტაციო საბჭოების წევრი ვარ და საკუთარ მედიაპლატფორმებსაც ვავითარებ. შედეგად, ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია.
რამდენიმე წლის წინ გავიცანი მილიარდერი, რომელსაც ჩემი მენტორობა სურდა. ყოველთვიური სატელეფონო საუბრები დავიწყეთ. თუმცა, თითქმის ყოველ ჯერზე, როცა ვსაუბრობდით, ერთსა და იმავე საკითხს მომიტრიალებდა:
"ძალიან ბევრ რამეს აკეთებ, – მეუბნებოდა, – ერთი რამ აირჩიე და მასზე კონცენტრირდი. ჩამოწერე ყველაფერი, რაზეც მუშაობ, და გადაწყვიტე, რომელ მათგანს შეწყვეტ".
ეს ძალიან მაღიზიანებდა. ჩემ წინ იდგა უკიდურესად წარმატებული ადამიანი, რომელსაც უამრავი ადამიანი იცნობდა და აღმერთებდა, და რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მასწავლიდა. მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ მისი რჩევა ჩემთვის მისაღები არ იყო. არ მინდოდა მხოლოდ ერთი საქმის არჩევა. ეს ჩემთვის შემზღუდველი და დამთრგუნველი იყო.
საბოლოოდ, იმის ნაცვლად, რომ მისი რჩევა მიმეღო, უბრალოდ, შევწყვიტე მასთან ყოველთვიური ზარების დაგეგმვა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და დღემდე ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი თუ არა.
შემდეგ, რამდენიმე თვის წინ, გარი ვაინერჩუკმა დამირეკა და ამ სტატიის იდეა შემომთავაზა. მითხრა, რომ სურდა "ჟონგლიორობაზე" ესაუბრა, რადგან საკუთარ თავსაც სწორედ ასეთ ადამიანად მიიჩნევს და სურს, სხვებსაც მისცეს უფლება, იმავე გზით იარონ. მან ისიც იცოდა, რომ ამ თემას მეც კარგად გავუგებდი.
ჩვენ პირველად 2009 წელს შევხვდით, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ის VaynerMedia-ს აფუძნებდა, მე კი ეროვნულ ჟურნალებში ვიწყებდი მუშაობას. მას შემდეგ ჩვენი კარიერა თითქმის პარალელურად, სწრაფი ტემპით ვითარდებოდა.
ამიტომ ვაინერჩუკის ოფისში მივედი, იმ სივრცეში, რომელიც მისი აუდიტორიისთვის კარგად არის ნაცნობი: სპორტისა და პოპკულტურის სუვენირებით სავსე თაროებით, რომლებიც მისი სოციალური მედიის კონტენტის მნიშვნელოვანი ნაწილის ფონად გვევლინება.
საუბრისას მან იწინასწარმეტყველა, რომ ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, ხუთი წლის შემდეგ, სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ დაუბრუნდება.
შემდეგ კი წარმოსახვითი მომავალი დიალოგი ასე აღწერა:
"გარი,– ეტყვიან ისინი, – ხუთი წლის წინ Entrepreneur-ში თქვენი სტატია წავიკითხე, თქვენს რჩევას მივყევი და ახლა რეალურად ნაკლებ ფულს ვშოულობ".
"ჰო-ო?"– უპასუხებს ვაინერჩუკი.
"დიახ. ადრე, როცა მხოლოდ ადვოკატად ვმუშაობდი, წელიწადში 530 000 დოლარს ვიღებდი. ახლა ისევ ადვოკატი ვარ, მაგრამ პარალელურად ლუდის ბაღსაც ვფლობ და მხოლოდ 330 000 დოლარს ვშოულობ".
"მაგრამ უფრო ბედნიერი ხარ?" – ეკითხება ვაინერჩუკი თავის წარმოსახვით თანამოსაუბრეს.
ის დარწმუნებულია, რომ პასუხი დადებითი იქნება.
სწორედ ამან დამაფიქრა, რადგან ეს ეხება იმ მთავარ კითხვას, რომელიც ყველა ანტრეპრენერმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას: რას ველოდები ჩემი საქმისგან? სწორედ ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.
ვაინერჩუკმა თავისი პასუხი უკვე იცის.
"ამ ყველაფერს საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, – ამბობს ის, – მინდა გავიგო, რამდენად კარგი ანტრეპრენერი ვარ".
გარის მიზანი ერთი კონკრეტული კომპანიის შექმნა არ არის. მისი მიზანი თავად შექმნის პროცესია, ახალი საქმის წამოწყება, ახალი გამოწვევების მიღება და შემქმნელის ცხოვრებით ცხოვრება, რადგან ეს მისი ბუნებაა. სწორედ ამიტომ, მისთვის ერთი კომპანია არასოდეს იქნება საკმარისი.
ამან გამახსენა მილიარდერი, რომელიც ერთ დროს ჩემი მენტორი იყო.
რა არის მისი მიზანი?
ერთხელ მითხრა, რომ მისი მიზანი ისეთი კომპანიების შექმნაა, რომელთა ძალიან მაღალ ფასად გაყიდვას შეძლებს. საკუთარ წარმატებას ის უკიდურესი სიმდიდრის დაგროვებით ზომავს. თუ ასე უყურებ წარმატებას, ბუნებრივია, ერთ საქმეზე კონცენტრირება გინდა. ის მთელ ენერგიას ერთ კომპანიაში დებს, რადგან სწორედ ასე ზრდის მის ღირებულებას საბოლოო გაყიდვამდე. ეს გზა მან არაერთხელ წარმატებით გაიარა.
მაგრამ მე? და შესაძლოა თქვენც?
ფული არ არის მთავარი, რაც მამოძრავებს. ალბათ სწორედ ამიტომ ვერ გავუგეთ მე და იმ მილიარდერმა ერთმანეთს.
დიახ, ფულის გამომუშავება მომწონს, მაგრამ მისი უსასრულო დაგროვება ჩემი მიზანი არ არის. ყველაზე მეტად მინდა ვიცხოვრო ჩემი არჩევანით, ვიყო თავისუფალი უფროსების, კორპორაციული გარემოს მოთხოვნებისა და შეზღუდვებისგან. მინდა სრულად ვაკონტროლო საკუთარი დრო. მინდა გამოვიკვლიო მოულოდნელი შესაძლებლობები და მუდმივად გავაფართოო ჩემი შესაძლებლობებისა და გავლენის საზღვრები.
ამიტომ ვეკითხები ვაინერჩუკს:
როგორ ახერხებ ამას?
როგორ გახდი ჟონგლიორი?
ვაინერჩუკი დგება. ორივე ფეხს მყარად დგამს მიწაზე, ერთმანეთის გვერდით. შემდეგ კი ნახევარ ნაბიჯს მარჯვნივ დგამს.
სწორედ ამ მარტივი მოძრაობის წარმოდგენა სურს, რომ მკითხველმა შეძლოს.
თავდაპირველად მთელი თქვენი წონა ერთ ფეხზეა გადატანილი. შემდეგ მეორე მხარეს ნახევარ ნაბიჯს დგამთ. ამ მომენტში თქვენი წონა ნაწილობრივ ახალ საყრდენზე გადადის, რამაც შეიძლება დროებით არასტაბილურობაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ მეორე ფეხისთვისაც ისეთივე მყარი საყრდენი არსებობს, როგორიც პირველისთვის. სწორედ ასე უნდა მიუდგეთ გაფართოებასაც, სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალისტურად უნდა შეაფასოთ.
ჰკითხეთ საკუთარ თავს: რაში ხართ მართლაც გამორჩეული? და რომელ სფეროებში გჭირდებათ ისეთი ადამიანების დახმარება, რომლებიც ამ საქმეს თქვენზე უკეთ აკეთებენ?
ყველაფერი საკუთარი თავის შეფასებით იწყება.
ვაინერჩუკი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც თითქმის ყველას ეჭვი ეპარებოდა, რომ VaynerMedia-ს წარმატებით დააარსებდა. იმ დროს ის მხოლოდ ის ბიჭი იყო, რომელიც მშობლების ღვინის მაღაზიისთვის YouTube-ზე ვიდეოებს იღებდა, შემდეგ კი მოულოდნელად სარეკლამო სააგენტოს გახსნა გადაწყვიტა. ბევრი ამას არასერიოზულად უყურებდა.
დღეს VaynerMedia მრავალბრენდიანი ჰოლდინგური კომპანიის, VaynerX-ის, ფლაგმანი კომპანიაა, რომლის ბიზნესის მოცულობა თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს.
მაშ, როგორ შეძლო ამის გაკეთება? და როგორ შეძლო შემდეგ ისეთი საპროდიუსერო კომპანიის შექმნა, რომელიც Amazon Prime-ისა და History Channel-ისთვის კონტენტს აწარმოებს? როგორ მოახერხა VeeFriends-ის მეშვეობით რვანიშნა ღირებულების აქტივების გაყიდვა? ან როგორ შეძლო მანჰეტენზე მხოლოდ წევრებისთვის განკუთვნილი კლუბის, Flyfish Club-ის, გახსნა?
ამ ყველა კითხვაზე, მისი თქმით, ერთი და იგივე პასუხი არსებობს.
"იმიტომ, რომ მარკეტინგი ძალიან კარგად გვესმის. თუ დონატების მაღაზიას, ატომურ ელექტროსადგურს ან SaaS-კომპანიას გავხსნი, ჩემი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ის იქნება, რომ ნებისმიერ სექტორში კონკურენტებზე უკეთ შევძლებ საკუთარი პროდუქტის ბაზარზე გატანას".
სწორედ ეს არის მთავარი.
ერთი ძირითადი უნარი, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში ერთნაირად მუშაობს. ამ უნარის წყალობით მას შეუძლია მაყურებელი მიიზიდოს სატელევიზიო შოუსთვის, ინტერესი გააჩინოს VeeFriends-ის მიმართ და ახალი წევრები მიიზიდოს კლუბში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარიმ უბრალოდ იცის, როგორ აკეთოს მარკეტინგი.
და სწორედ ამიტომ, ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ბიზნესების ეს მრავალფეროვანი პორტფელი სინამდვილეში სრულიად თანმიმდევრულია. მათ ყველას ერთი საერთო საფუძველი აერთიანებს, მარკეტინგის ფუნდამენტური ცოდნა და ამ სფეროში გამორჩეული კომპეტენცია.

"უნდა შეგეძლოს მისცე სხვა ადამიანებს გამონათების უფლება, თუნდაც ამ ნათების მიზეზი თავად შენ იყო".
როგორც კი თქვენი დღეების ასე ორგანიზებას დაიწყებთ და თქვენს გუნდს საშუალებას მისცემთ, თქვენ გარეშე იმუშაოს, ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდება: თქვენ თქვენი საუკეთესო თანამშრომლებისთვისაც ახალ შესაძლებლობებს შექმნით, რადგან მათ მეტი სივრცე ექნებათ პასუხისმგებლობის ასაღებად და საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად.
ვაინერჩუკს ამის საილუსტრაციო მაგალითიც მოჰყავს. მისი ერთ-ერთი თანამშრომელი VaynerMedia-ში უკვე ცხრა წელია მუშაობს. ის გამორჩეული პროფესიონალია, თუმცა გარკვეულ ეტაპზე მისი კარიერული ზრდა შეჩერდა, რადგან მის ზემოთ მყოფი ხელმძღვანელი თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა. სწორედ ასეთ დროს კარგავენ კომპანიები ყველაზე ნიჭიერ თანამშრომლებს, უბრალოდ, მათ აღარ რჩებათ განვითარების შესაძლებლობა.
ამ შემთხვევაში კი სხვა რამ მოხდა. თანამშრომელმა უფრო მაღალი აღმასრულებელი პოზიცია ვაინერჩუკის სხვა კომპანიაში დაიკავა.
"ასე რომ, ეს არა მხოლოდ ჩემთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს, – ამბობს ის, – არამედ შესაძლებლობებს უქმნის ყველას".
ვაინერჩუკმა იცის, რომ მის კომპანიაში მხოლოდ მას არ სურს მეტის გაკეთება. სწორედ ასეთი ამბიციური აზროვნების მქონე ადამიანებს იზიდავს და ინარჩუნებს თავის გვერდით.
თუ ამ ყველაფერს იმ მილიარდერის თვალით შევხედავდით, რომელიც ერთ დროს ჩემი მენტორი იყო, ალბათ ასეთ კონტრარგუმენტს მოვისმენდით:
თუ საკუთარ ენერგიას მრავალ პროექტზე ანაწილებ, თითოეულ მათგანს მხოლოდ მისი მცირე ნაწილი ხვდება. შესაბამისად, კომპანიებიც უფრო ნელა იზრდება, ვიდრე მაშინ, როცა მთელი ყურადღება ერთ საქმეზეა მიმართული.
ეს მოსაზრება მეც გავუზიარე ვაინერჩუკს და მანაც აღიარა, რომ ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.
დიახ, თუ მთელი თავისი ყურადღება მხოლოდ VaynerMedia-ზე ექნებოდა გადატანილი, მისი თქმით, კომპანია "გაცილებით მეტ შემოსავალს გამოიმუშავებდა". თუ მხოლოდ VaynerWatt-ზე იმუშავებდა, შესაძლოა დღეს ათის ნაცვლად უკვე ორმოცდაათი სატელევიზიო პროექტი ჰქონოდა წარმოებაში ან განვითარების ეტაპზე.
მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ასეთ შემთხვევაში თავს წარმატების ხაფანგში იგრძნობდა. ეს წარმატება მისთვის კმაყოფილების მომტანი არ იქნებოდა. და, მისი აზრით, ეს საბოლოოდ თავად კომპანიებისთვისაც საზიანო აღმოჩნდებოდა.
ვაინერჩუკი კვლავ იმავე მთავარ აზრს უბრუნდება: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რისთვის აკეთებთ ოპტიმიზაციას.
თქვენი მთავარი მიზანი ზრდაა? თუ ბედნიერება? რომელი გჭირდებათ უფრო მეტად? მისთვის გაფართოება ბედნიერების წყაროა.
და, როგორც თავად ამბობს, ბედნიერი "ნახევარ განაკვეთზე" მომუშავე ვაინერჩუკი გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე უბედური "სრულ განაკვეთზე" მომუშავე ვაინერჩუკი.
"მე ამ ყველაფერს საკუთარი თავისთვის ვაკეთებ. მინდა ვნახო, რამდენად კარგი ანტრეპრენერი ვარ".
მახსენდება, როგორ საუბრობს ტვინის მუშაობის სპეციალისტი, ჯიმ კვიკი, გადაღლილობაზე.
ზოგჯერ გადაღლილები ან გამოფიტულები ვართ არა იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრს ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ცოტა დროს ვუთმობთ იმ საქმეებს, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას გვმატებს".
ვაინერჩუკს ეს აზრი ძალიან მოსწონს. და მას სურს, თქვენც დაფიქრდეთ ერთ მნიშვნელოვან, დასკვნით კითხვაზე:
რა ხდება მაშინ, როდესაც იმ საქმეებს აკეთებთ, რომლებიც ენერგიასა და სიცოცხლის ხალისს გმატებთ?
მისი პასუხი მარტივია:
მაშინ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ერთმანეთის სასარგებლოდ იწყებს მუშაობას. და სწორედ ამით შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ის მილიარდერი ცდებოდა.
ვაინერჩუკი ასეთ მაგალითს გვთავაზობს.
წარმოიდგინეთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სააგენტოს მართავთ, თუმცა ყოველთვის ოცნებობდით საკუთარი ყავის მაღაზიის გახსნაზე.
"თქვენს ქალაქში ყავის მაღაზია არ გაგიხსნიათ, რადგან ყველამ გითხრათ, მხოლოდ ერთ საქმეზე უნდა იყო კონცენტრირებულიო", – მბობს ვაინერჩუკი.
მაგრამ ამ ყავის მაღაზიის გარეშე თქვენი ყოველდღიურობა მოსაწყენი და უინტერესო გეჩვენებათ. ამიტომ, ბოლოს მაინც ხსნით.
თავდაპირველად თქვენი PR-კომპანია მცირედით ნელდება, რადგან ენერგიის ნაწილი ახალ საქმეზე გადაგაქვთ. მაგრამ შემდეგ ყველაფერი იცვლება.
ყავის მაღაზია ენერგიას გაძლევთ. ამასთან, ის გაცნობთ ახალ ადამიანებს, რომელთაგან ზოგი თქვენი PR-კლიენტი ხდება. ეს ახალი გარემო ახალ იდეებსაც გაწვდით. უკეთ იგებთ, როგორ უნდა მიაღწიოთ ადამიანებამდე და როგორ უნდა მოუყვეთ ბრენდების ისტორიები. შედეგად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროშიც უფრო ძლიერი პროფესიონალი ხდებით და თქვენი სააგენტოც უფრო სწრაფად იზრდება.
"სწორედ ამან მოგცათ ის ენერგია და იმპულსი, რომელიც გჭირდებოდათ", – ამბობს ვაინერჩუკი.
ამ აზრის ცოცხალი მაგალითი მეც ვარ. ხალხს ხშირად უკვირს, რამდენად უჭერს Entrepreneur მხარს ჩემს პირად სამეწარმეო საქმიანობას. მაგრამ Entrepreneur-მა იცის, რომ კომპანია პირდაპირ სარგებელს იღებს ჩემი გარე საქმიანობიდან. უპირველეს ყოვლისა, მე უფრო ბედნიერი ვარ, და ალბათ სწორედ ამიტომ ვმუშაობ აქ უკვე ამდენი წელია.
ამასთან, მუდმივად ვხვდები ახალ ადამიანებს, ვსწავლობ ახალ საკითხებს და ვაწყდები იდეებს, რომლებიც შემდეგ Entrepreneur-ში მომაქვს. ხშირად ჩემი პირადი კონტაქტები ჩემი დამსაქმებლის პარტნიორები ან ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროებიც ხდებიან.
ამაში გასაკვირი არაფერია, თუ მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებთ, მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანებთან ამყარებთ ურთიერთობას და მხოლოდ ერთგვარ გამოცდილებას აგროვებთ. მაგრამ თუ მეტს აკეთებთ, ფართოვდება როგორც თქვენი პროფესიული ქსელი, ისე თქვენი გამოცდილება.
თქვენ ხდებით სხვადასხვა სფეროში დაგროვილი ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გამაერთიანებელი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთი გარემოდან მიღებული გამოცდილება მეორეში წარმატებით გადაიტანოს.
ვაინერჩუკი ამას საკუთარ საქმიანობაშიც ყოველდღიურად ხედავს – როგორ სწავლობს რაღაც ახალს თავისი ერთ-ერთი კომპანიის გამოცდილებიდან და შემდეგ ამ ცოდნას სხვა ბიზნესში წარმატებით იყენებს.
"ჩემს გამოცდილებას წარმოუდგენელი სიღრმე აქვს. ნებისმიერ შეხვედრაზე შეუჩერებელი ვარ, რადგან ძალიან ფართო კონტექსტი მაქვს," – ამბობს გარი.
ვაინერჩუკი იშვიათად ისვენებს. მაგრამ როდესაც შვებულებას იღებს, მთლიანად ითიშება.
ბოლოს ის ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე ისვენებდა. სანაპიროზე სკამი დაიდგა, ყურსასმენები გაიკეთა და ცხრა საათის განმავლობაში უსმენდა Lil Wayne-ს, Jay-Z-სა და The Notorious B.I.G.-ს.
სანამ უსასრულო ლურჯ ჰორიზონტს გაჰყურებდა, მისი ყურადღება ახლომახლო პატარა ბიჭმა მიიპყრო, რომელიც ქვიშის ციხესიმაგრეს აშენებდა, ალბათ ყველაზე სრულყოფილს, რაც ვაინერჩუკს ოდესმე ენახა.
დაახლოებით დილის რვიდან საღამოს ხუთ საათამდე ბიჭი დაუღალავად მუშაობდა და თითოეულ დეტალს გულდასმით ამუშავებდა. დეტალებისადმი მისი ყურადღება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს შუა საუკუნეების ტაძრის არქიტექტორი ყოფილიყო. ნამდვილი შედევრი იქმნებოდა.
საღამოს კი, როდესაც დაღამება დაიწყო, დედამ ვახშამზე დაუძახა.
"ვუყურებდი, როგორ შეხედა ბავშვმა თავის ციხესიმაგრეს, – ამბობს ვეინერჩუკი, – შემდეგ თავადვე დაანგრია, ადგა და წავიდა. მე კი იქ ვიჯექი და ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო... მე სწორედ ეს ბავშვი ვარ".
რატომ აშენებენ ანტრეპრენერები?
ზოგისთვის მთავარი საკუთრების განცდაა. ისინი ქმნიან რაღაცას, რომელთანაც საკუთარ თავს აიგივებენ, რომელშიც მთლიანად ეფლობიან და რომლის ნაწილადაც თავს გრძნობენ.
ზოგისთვის მთავარი საბოლოო შედეგია. ისინი ბიზნესს აშენებენ იმისთვის, რომ ერთ დღეს წარმატებით გაყიდონ, დიდი ფინანსური სარგებელი მიიღონ და ამ მიღწევით ისარგებლონ.
მაგრამ არიან სხვებიც, ვაინერჩუკის, იმ პატარა ბიჭისა და, ალბათ, ჩემნაირები... და შესაძლოა თქვენნაირებიც.
ჩვენც გვიყვარს ჩვენი საქმე და გვინდა, რომ ჩვენი შრომა დაჯილდოვდეს. მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ საკუთარი თავისთვის ვქმნით. ვქმნით იმიტომ, რომ ასე ვიკვლევთ სამყაროს. ვქმნით იმიტომ, რომ ერთი საქმე არასოდეს იქნება ჩვენთვის საკმარისი. ვქმნით იმიტომ, რომ ეს გვაბედნიერებს. ვქმნით იმიტომ, რომ გვინდა საკუთარი შესაძლებლობების ნამდვილი საზღვრები აღმოვაჩინოთ. ამიტომ, თუ გსურთ შექმნათ, შექმენით. ნუ განსაზღვრავთ საკუთარ თავს სხვისი წარმატებით.
შექმენით მანამ, სანამ ერთ დღეს არ დადგება დრო, თავადვე დაანგრიოთ ყველაფერი, რაც ააშენეთ, და ახალი გზით განაგრძოთ სვლა. რადგან საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა ის, რაც ააშენეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის თავად შექმნის პროცესი იყო.