Get All Access for $5/mo

უბრალოდ, დაიწყეთ იმის კეთება, რაზე ფიქრსაც თავს ვერ ანებებთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wealthy Gorilla

როდესაც ცხოვრების ერთი დონიდან შემდეგზე გადასვლას ცდილობთ, ყველაზე სასარგებლო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, სწავლის პერიოდის გახანგრძლივება და რაიმეს საფუძვლიანად შესწავლაა.

ადრე, როდესაც ახალგაზრდები რომელიღაც ხელობას ეუფლებოდნენ, როგორც წესი, ინტენსიური სწავლისა და დაოსტატების პერიოდები უნდა გაევლოთ. ამას შეგირდობის პერიოდი ერქვა და ამ დროს, მათი მთავარი ამოცანა ოსტატობის ისეთი დონის მიღწევა იყო, რომელიც მხოლოდ პრაქტიკით, წლების განმავლობაში ცდებითა და შეცდომების დაშვებითაა შესაძლებელი.

ამ სისტემის სახელწოდება ეს არის − "ისწავლეთ, კიდევ სცადეთ, მარცხი იწვნიეთ, გაიმეორეთ", და სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც დღეს საუნივერსიტეტო სისტემა გვასწავლის, რომელიც რეალობას მოწყვეტილი პროფესორებისა და წიგნების გარშემო ტრიალებს და საერთოდ არ აქვს პრაქტიკული გამოყენება. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში რეალურ შედეგებზე საერთოდ არ ამახვილებენ ყურადღებას, მხოლოდ ტესტების შედეგებზე ფიქრობენ. ამ დროს, საკუთარ პროფესიაში ბოლომდე ჩაწვდომა მხოლოდ პრაქტიკული გამოყენებით არის შესაძლებელი.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ნოვატორები ის მეცნიერები კი არ არიან, რომლებსაც MENSA-ს გამოცდაში (ინტელექტის ტესტის ერთ-ერთი სახესხვაობა) უმაღლესი შედეგები აქვს მიღებული, არამედ ისინი, ვისაც მათემატიკისა და ფიზიკის სახელმძღვანელოებიდან რთული პრინციპების აღება, მათი გამარტივება და სამყაროს რეალური სცენარებისთვის მისადაგება შეუძლიათ, იმ საშუალებების შესაქმნელად, რაც კაცობრიობას აუმჯობესებს.

სამყაროს საუკეთესო კომედიანტებმა მხოლოდ ის ფორმულა კი არ იციან, რომელიც სასაცილო სცენარების დასაწერადაა აუცილებელი, არამედ ისიც იციან, თუ როგორ გამოიწვიონ ემოციები, რომლებიც აუდიტორიას აიძულებს მთლიანად ჩაერთოს ამ ისტორიაში და მათ თითოეულ სიტყვას გულისყურით მოუსმინოს.

ისე რომ ვთქვათ, სამყაროს საუკეთესო მოკრივეები ისინი კი არ არიან, ვინც მთელ თავის დროს სადღაც დარბაზში, ჩრდილში ვარჯიშს და წარმოსახვით მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ატარებს, არამედ ნამდვილი ჩემპიონები ისინი არიან, რომლებსაც რინგზე არაერთი დარტყმა აქვთ მიღებული.

თქვენი ნამდვილი პოტენციალის გამოსავლენად და გასავითარებლად, უპირველესად, საკუთარი თავი უნდა დაინახოთ, თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები აღმოაჩინოთ − ეს არის მთავარი, და ეს არც ისე იოლია, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს.

შესაძლოა, ეს მტკივნეული იყოს და ამ პროცესის რაც შეიძლება შორეულ მომავალში გადატანა გინდოდეთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი ფაქტად რჩება: პიროვნული და პროფესიული ზრდის ერთადერთი გზა − ცვლილებებისა და გაურკვევლობებისთვის მზადყოფნაა.

ამ ცვლილებებისთვის თავის არიდების ნაცვლად, გთავაზობთ, დაუყოვნებლივ გადახვიდეთ სწრაფი შესწავლის, სწრაფი წარმოებისა და სწრაფი გამოცდის ეტაპზე, რომ გაცილებით შემოქმედებითად შეხედოთ თქვენს საქმიანობას და საკუთარ უნარებსა თუ შესაძლებლობებში უკეთ გარკვევა შეძლოთ.

საბოლოო მიზნად უნდა დაისახოთ, რომ ყველაფერი ამოიგდოთ თავიდან და საკუთარ თავს რაიმეს შექმნისკენ უბიძგოთ. ბოლოსდაბოლოს, პროდუქტიულობის არსი ხომ რაღაცის შექმნაა.

თითოეული ჩვენგანი ვალდებულია რაღაც განსაკუთრებული შექმნას და მთელ სამყაროს გაუზიაროს, ამის გამო ვართ დედამიწაზე. და თუ ახალს არაფერს აკეთებთ, გამოდის, რომ აქ ცხოვრების საფასურსაც არ იხდით.

თუ რაღაც იდეა მოგივათ თავში და მის განხორციელებაზე ზრუნვას არ დაიწყებთ, იდეა იდეად დარჩება, და მხოლოდ გასხივოსნებისთვის არავინ დაგიწერთ ქულებს.

ცხოვრება ისე გაივლის, რომ უკან დაბრუნებას და რაც უნდა გაგეკეთებინათ, იმის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ.

რა იდეაც უნდა მოგივიდეთ თავში, მის განხორციელებაზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ, ნებისმიერ ფასად უნდა გაუხსნათ გზა ამ სამყაროში.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცის შექმნის ფაქტია − არ აქვს მნიშვნელობა, რას შექმნით ან როგორი ხარისხისა იქნება თქვენი ქმნილება. საქმე ისაა, რომ უმრავლესობის ცხოვრება ისე გადის, რაიმე ხელშესახებს არ ქმნის, ისეთს, რომელსაც ყველას უჩვენებს და იტყვის: "ეს მე შევქმენი" (ბუნებრივია, აქ ბავშვების შექმნა არ იგულისხმება. ამის გაკეთება ყველას შეუძლია).

მთავარი პრობლემაა ისაა, რომ წლები გადის და ზოგჯერ ათწლეულებიც, და ჩვენი შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას საერთოდ არ ვცდილობთ, ბოლოს ეს ნიჭი თითქმის მთლიანად იკარგება, და ქვეცნობიერად იმის რწმენასაც ვკარგავთ, რომ საერთოდ რაღაცის შექმნის უნარი გვაქვს.

თქვენი ცხოვრების ყოველი დღე რაღაც ახლის შექმნის შესაძლებლობაა.

თუ უკეთეს ჩვევებს შეიძენთ, საკუთარ თავში ბევრის შეცვლას შეძლებთ. სხვებშიც ბევრის შეცვლა შეგიძლიათ, უბრალოდ, უნდა უბიძგოთ და ფეხზე მაშინ წამოაყენოთ, როდესაც ხედავთ, რომ სიარულის უნარი აღარ აქვთ, შესაძლებლობები უნდა მისცეთ. მთელი სამყაროს შეცვლაც შეგიძლიათ, რაღაც ისეთის დატოვება, რაც უნიკალურია და თქვენი შექმნილი.

ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, უკვე მზად ხართ თუ არა რაიმეს შესაქმნელად, და დარწმუნებული ხართ თუ არა საკუთარ თავში.

უბრალოდ, დაიწყეთ და დააკვირდით, რა მოხდება.