Get All Access for $5/mo

ვინ არიან შენი სამყაროს ცენტრში? - კრის ჰემსვორტის ანტრეპრენერული თავგადასავალი

By Paul Kix

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კრის ჰემსვორტი ბევრ პრობლემას უმკლავდებოდა და ხშირად გამოსავალი არ ჩანდა. გარკვეულ ეტაპზე კი უბრალოდ აღმოაჩინა, რომ მისი სურვილების ნაცვლად ადამიანების საჭიროებაზე უნდა კონცენტრირებულიყო.

გმირების შესახებ ფილმებში ყოველთვისაა სცენა, როცა მთავარი პერსონაჟი იწყებს ფიქრს, რას აკეთებს, რატომ იქცევა ასე და, საერთოდაც, უნდა აკეთებდეს თუ არა რაიმეს. კრის ჰემსვორტს მსგავსი შემთხვევა 15 წლის წინ ჰქონდა − ავსტრალიაში სერიალების მეგავარსკვლავმა ლოს ანჯელესში გადასვლა გადაწყვიტა. სურდა, სერიალებისგან განსხვავებული გამოცდილებაც მიეღო.

თუმცა ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც იმედოვნებდა − თვეების განმავლობაში მხოლოდ უარს იღებდა. შობის მოახლოებასთან ერთად კი უფრო მეტად აწუხებდა შეკითხვა − ხომ არ იქნებოდა სწორი, ბარგი ჩაელაგებინა, ჰოლივუდურ ოცნებაზე უარი ეთქვა და მშობლებთან, ავსტრალიაში დაბრუნებულიყო. ყველა ლოგიკური მსჯელობა სწორედ ამ პასუხამდე მიდიოდა.

შემდეგ კი ასეთი შეკითხვა დაუსვა თავს − რატომ დავიწყე ეს ყველაფერი? კრისმა იპოვა მიზეზი, რის გამოც ავსტრალიაში დაბრუნება არც ისე ლოგიკური აღარ ჩანდა. მან ლოს ანჯელესში ჩასვლა და მსახიობობა იმისთვის გადაწყვიტა, რომ მშობლებს ფინანსურად დახმარებოდა.

კრის ჰემსვორტი არც ისე მდიდარ ოჯახში გაიზარდა − მშობლებს, შეიძლება ითქვას, საშუალოზე ცუდი შემოსავალიც კი ჰქონდათ. შუათანა ძმას ყოველთვის უნდოდა, რომ მოსიყვარულე, თუმცა ხელმოკლე ოჯახს დახმარებოდა.

როცა ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ იმუშავებდა, ვიდრე მშობლების იპოთეკას მაინც არ დაფარავდა. სურდა, ე.წ. A-list ვარსკვლავი გამხდარიყო და მშობლებს, ოჯახს უზრუნველად ეცხოვრათ. თუმცა ასე არ ხდებოდა, ნელ-ნელა თვითკრიტიკაც იმატებდა და ყოველი მომდევნო კასტინგი უარესდებოდა.

მისი "ბნელი ღამიდან" კრისმა ახალი პირობით მოახერხა გამოსვლა − გადაწყვიტა, ადამიანებისთვის გამოსადეგი, მნიშვნელოვანი გამხდარიყო და მათზე ეზრუნა, ხოლო როცა სხვების საჭიროებებზე იწყებ ფიქრს, სხვანაირად იქცევი, სხვაგვარად აზროვნებ. მაგალითად, ბევრი შეუმჩნეველი ნიუანსი არ გეპარება − თუკი ინვესტორთან ხარ მოლაპარაკებებზე, ფიქრობ, თუ რას აქცევს ყურადღებას ის და არ ხარ მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე კონცენტრირებული. ამიტომაც, ყოველ კასტინგზე ჰემსვორტი შემდეგი შემართებით მიდიოდა − როგორ დავაკარგინო ჭკუა რეჟისორს? − და აღარ ჰქონდა ჩაციკლული შეკითხვა, მიიღებდა თუ არა როლს. როგორც ჩანს, ხანდახან წარმატება მაშინ მოდის, როცა სხვებზე ფიქრობ.

"როცა შენი სამიზნე გასწორებულია და მხოლოდ "მე"-ზე არ არის ფოკუსი, საქმის კეთება ბევრად კომფორტული ხდება", − ამბობს ის.

სწორედ ამ სტრატეგიას იყენებს "თორისა" და "შურისმაძიებლების" სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გმირი როგორც სამსახიობო, ისე ბიზნესკარიერაში. მან ჰოლივუდშიც მოიპოვა აღიარება და ფიტნესის სამყაროშიც წარმატებული პროექტის მფლობელია.

როგორც თავად ჰყვება, ბავშვობაში ვარჯიში ძალიან უყვარდა − მისი ფიზიკური შესაძლებლობების ლიმიტების შემოწმება და მუდმივად მეტის კეთება ვიდრე შეეძლო, ერთგვარ სიამოვნებასაც კი ანიჭებდა. სავარჯიშო ადგილას კი არნოლდ შვარცენეგერის პოსტერები ჰქონდა გაკრული. სწორედ ვარჯიშმა და სხეულზე ზრუნვამ მიიყვანა ლოგიკურ ეტაპამდე − კვებაზე ზრუნვამდე.

მან ჯანსაღი კვების მნიშვნელობა პირადადაც გამოცადა. მამამისი, ქრეიგ ჰემსვორტი, კრისის მსგავსად ერთ დროს ფეხბურთს თამაშობდა. სწორედ მამამ შეაჩვია მომავალი ვარსკვლავი, თამაშამდე მაქსიმალურად ჯანსაღი კალორიები და ენერგია მიეღო. ისიც ხედავდა, რომ თანაგუნდელებისგან განსხვავებით, უფრო ენერგიულად და უკეთ თამაშობდა მაშინ, როცა მისი მეგობრები გაზიან სასმელებსა და ტკბილეულს მიირთმევდნენ.

ვიდრე ჰემსვორტი ნორდიკული მითოლოგიის ღმერთის მსგავს ვიზუალს მიიღებდა, სწორედ მისი გმირივით ვარჯიშობდა. როცა კრისის კარიერული წინსვლა დაიწყო და "შურისმაძიებლებშიც" აიყვანეს, მსოფლიოს საუკეთესო ტრენერებთან და ნუტრიციონისტებთან მუშაობდა, რაც დამატებითი გამოცდილება იყო მისთვის. ხალხი მსახიობს ხშირად ეკითხებოდა, თუ როგორი რეჟიმით იკვებებოდა, როგორ ვარჯიშობდა და ა.შ. ამ ინტერესმა კი აჩვენა, რომ მომსახურების ამ სახეობაზე მოთხოვნა იყო. ამჯერად როგორ შეეძლო, სხვების ინტერესებზე ეფიქრა? რა აქვს მას ისეთი, რაც სხვებს სჭირდებათ?

პირველი ნაბიჯი ძალიან აშკარა იყო − ცოდნა უნდა გაეზიარებინა, თუმცა, როგორ? ყველაზე მეტად ჰემსვორტს ვებგვერდისა და აპლიკაციის შექმნის იდეა მოეწონა. მართალია, ასეთი ბევრი აპლიკაცია არსებობს, თუმცა არცერთი მათგანი არ აძლევს მომხმარებელს იმ გამოცდილებას, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. მათი უმრავლესობა მხოლოდ ვარჯიში და სტანდარტული დიეტაა. ეს კი კრისისთვის საკმარისი არ იყო. ფიზიკური სიძლიერისთვის საჭიროა ძალას შინაგანად გრძნობდე, თუმცა ეს არც ისე მარტივია. ხანდახან თავად ვერ გრძნობს ამ შინაგან ენერგიას და იცის, რომ ასეთი ბევრია.

გარედან მაყურებლებისთვის კრის ჰემსვორტის ცხოვრება შეიძლება მხოლოდ თავბრუდამხვევი ჰოლივუდური წვეულებები, ოჯახთან სერფინგი და ვარჯიში იყოს, თუმცა ეს სიმართლე არაა. ცხადია, ხანდახან მხოლოდ ეს პოზიტივია მის ცხოვრებაში, მაგრამ უმეტესწილად ბევრი სანერვიულო აქვს. ჰემსვორტი ღარიბ ოჯახში გაზრდილი ბიჭია, რომელმაც ყველაფერს მიაღწია ზრდასრულობაში და ამ იმპერიას შენარჩუნება სჭირდება. კრიზისული ღამეების შემდეგაც კი ხშირად დგებოდა ხანგრძლივი პერიოდი, როცა ჰემსვორტი თვითკრიტიკასა და შფოთვაში იყო ჩაძირული.

წლების განმავლობაში ეძებდა გზას, თუ როგორ დაეძლია ეს ჩვევა − ყველაფერზე ბევრი ფიქრი და ნერვიულობა. ასე მიაგნო მედიტაციას. ეს ეხმარება მსახიობს, გათავისუფლდეს ყველანაირი ფიქრისგან. სწორედ მედიტირებით გააანალიზა, რომ ფიქრები მხოლოდ ჩვენს თავშია და იქიდანაც შეგვიძლია განვდევნოთ. ხანდახან ზოგიერთ შეგრძნებასა და ფიქრს სახელსაც არქმევს, რაც დამოკიდებულების შეცვლაში ეხმარება. მაგალითად, შიშს შეიძლება მიუსადაგოს ეპითეტი "ამაღელვებელი".

"ამ ყველაფრის ისე ყურება დავიწყე, თითქოს ისინი დადებითი აქტორები არიან, რადგანაც, განურჩევლად იმისა, გეშინია, აღელვებული ხარ თუ ნერვიულობ, შენი სხეულის პასუხი ერთია".

ჰემსვორტმა დაინახა, რომ რაც სხვებისთვის იყო სასარგებლო, მისთვისაც წარმატებული ხდებოდა. ამიტომ დაფიქრდა, შეეძლო თუ არა იგივე გაევრცელებინა ფიქრებზე. მაგალითად, სტრესი საშიშად მიიჩნევა, რადგან ჩვენ თავად ვუყურებთ ასე. თუკი ვიფიქრებთ, რომ ესეც ემოციაა, რომელიც გვეხმარება ახალი გამოცდილების მიღებაში და გვაძლიერებს, ცხადია, მეტის გაკეთებას შევძლებთ.

ეს იყო მისი იდეაც, სხვებისთვის ესწავლებინა ყველაფერი, რაც თავად იცოდა − ფიტნესი, ჯანსაღი კვება, მედიტაცია − საერთო ჯამში, ჯანსაღი ცხოვრება და კარგად ყოფნა.

რამდენად გაქვს კვალიფიკაცია, სხვებს ასწავლო? − კარგი შეკითხვაა. მართლაც, რა ხდის ადამიანებს კარგ მასწავლებლად, ან ღირსად იმისა, რომ მოუსმინონ? საკუთარ თავში დაეჭვებისგან ჰემსვორტი წიგნმა იხსნა: ჯეფ უოკერის "დასაწყისი"/ Jeff Walker 'Launch'. ავტორი ამბობს, რომ არაა საჭირო, რომელიღაც საკითხში დოქტორის ხარისხი გქონდეს იმისათვის, რომ სხვებს გამოცდილება გაუზიარო. ვინც საერთოდ არაფერი იცის იმაზე, რაც შენთვის კარგად ნაცნობია, შეიძლება თავისუფლად იყოს შენი მოსწავლე.

გარდა ამისა, ჰემსვორტმა გამოიყენა საკუთარი ნაცნობები − ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელებს, ნუტრიციოლოგებსა და აზროვნების გურუებს იცნობს, რომლებიც დათანხმდნენ მასთან თანამშრომლობას. ჰემსვორტს აღარ მოუწევდა ეთქვა, რომ რომელიღაც კონკრეტული ფაქტი უბრალოდ იცის, მას ეყოლებოდა თანავარსკვლავები და აჩვენებდა მომხმარებელს, თუ ვისგან ისწავლა. ეს რეპორტინგის ხერხია, რომელიც ანტრეპრენერულ მოგზაურობაში ძალიან მნიშვნელოვანია − გყავდეს წყარო, ვისაც ციტირებ.

როცა სხვებისთვის რაიმეს სწავლებას გადაწყვეტ, კომპეტენციის დამადასტურებლად რაღაც უნდა გქონდეს − სოციალური მედიის მიმდევრები, პროფესიული ბექგრაუნდი, კარგი ფიდბექი და ა.შ. ამ მხრივ ჰემსვორტს ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა − მითური ღმერთის აღნაგობა, რომელსაც მთელი ჰოლივუდი შენატრის, და "ინსტაგრამის" გვერდი, სადაც 57 მლნ გამომწერი სიამოვნებით უყურებს მისი ვარჯიშის ვიდეოებს.

როცა Centr-ის ჩაშვების დრო ახლოვდებოდა, 2019 წლის იანვარში ჰემსვორტის ნერვიულობა უკვე პიკში იყო. თუკი ჩაფლავდება, ამას რა მნიშვნელობა ექნება? − მისი შფოთვებიც თითქოს დაბრუნდა. ისევ მედიტაციის დახმარებით შეძლო ნაკლები ეფიქრა შედეგზე და მომენტით ეცხოვრა.

აპლიკაცია მოხმარებაში ჩაეშვა − მისი ერთთვიანი პაკეტის შეძენა $30 ღირს, ხოლო მთელი წლისა − $120. როგორც USA Today-ის მიმომხილველი, სარა ჰენდრიქსი ამბობს, ეს ყველაზე ძვირფასი აპლიკაციაა, რითაც უსარგებლია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი გამოყენება.

Centr-ის მოქნილობა, ყველაფერი ერთად შეეთავაზებინა კლიენტებისთვის, მალევე გახდა მისი ნიშა. ძალიან მარტივია, დილით მედიტაციით დაკავდე კრის ჰემსვორტთან ერთად, საღამოს კი მის ტრენერთან ივარჯიშო. გარდა ამისა, არ დაგჭირდებათ განსაკუთრებული აღჭურვილობის ყიდვა − შინ მოწყობილი სავარჯიშო სივრცე სრულიად საკმარისი იქნება. გარდა ამისა, აპლიკაცია არ აძალებს მომხმარებლებს, გახდნენ ჰემსვორტები − ის თქვენს საჭიროებებს ერგება და გთავაზობთ გზას, სასურველ ფორმას მიაღწიოთ.

აპლიკაციამ იმუშავა. 2022 წლისთვის მას 200 000-მდე გამომწერი ჰყავდა, ჰემსვორტმა და მისმა გუნდმა კი აპლიკაცია HighPost-ს მიჰყიდა. კომპანიის მფლობელი ჯეფ ბეზოსის უმცროსი ძმა, მარკია. Centr-ის შემდეგ HighPost-მა კომპანია Inspire Fitness იყიდა, რომელიც სავარჯიშო აღჭურვილობას ყიდის.

ჰემსვორტი HighPost-ის შემდეგ ყველაზე დიდი წილის მფლობელად რჩება და ჩართულია აპლიკაციის მუშაობაში. მაგალითად, ამ შემოდგომაზე დაგეგმილია ახალი ვარჯიშების დამატება, რომლებიც პირადად მისი ჩართულობით შეიქმნა ან გარდაიქმნა. გარდა ამისა, ისინი Walmart-ის მაღაზიებში ფიტნესპროდუქციას გაყიდიან. როგორც Centr-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ამ გზით ისინი ცდილობენ, "გახდნენ უფრო დემოკრატიულები და ხელმისაწვდომნი დიდი აუდიტორიისთვის".

ჰემსვორტს დღემდე ისე უყვარს სხვების დახმარება, როგორც თინეიჯერობისას უყვარდა.

"ჩემი ხედვა არ შეცვლილა. მინდა სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ წვდომა ყოველივე იმაზე, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა".

ჰემსვორტისთვის ძალიან ემოციურია იმ ადამიანების გამოცდილების შესახებ კითხვა, რომლებმაც აპლიკაცია გამოიყენეს და ამბობს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

"ეს ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც ცხოვრებაში მიმიღია".

ალბათ სწორედ ესაა უანგარობის პარადოქსი − რაც უფრო მეტი გინდა სხვებისთვის, მით მეტად სამყარო გაჯილდოებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ტექნოლოგიური ტრენდები

როგორ იქცა "სილიკონ ველი" სამოთხედ ანტრეპრენერთათვის

იცოდით, რომ "სილიკონ ველიში" 180 ათასი მილიონერი ცხოვრობს?

სიახლეები

10 სიგიჟე, რომელიც "სილიკონ ველის" აზრით, ნორმალურია

შეგიძლიათ შეიძინოთ ორსაძინებლიანი აპარტამენტი ნახევრად ჩაძირულ ცათამბჯენში