Get All Access for $5/mo

ვინ არის ანტრეპრენერი? პირველად იყო ანტრეპრენერი, და შემდეგ ... გაჩნდა შრომის დანაწილება, შეიქმნა პროფესიები და გაფართოვდა ადამიანური საქმიანობის სფერო.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Time

"არ დაკარგო არცერთი წამი. ახლავე ჩაები ბრძოლაში, რომელსაც სახელად ცხოვრება ჰქვია. არ დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს. არასოდეს შეურიგდე დამარცხებას. სამყარო იმისთვის არსებობს, რომ დაიპყრო", –

ეს სიტყვები ლეგენდარულ ბრიტანელ პოლიტიკოსს, სერ უინსტონ ჩერჩილს, ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში აქვს ნათქვამი. ამ დროიდან მოყოლებული, იგი ყოველ გადადგმულ ნაბიჯს საოცარი სიმამაცის, ალღოსა და გამჭრიახობის ბეჭედს ასვამდა. ბრიტანეთის სამეფოს ელიტარულ პოლკში მომსახურე უინსტონს, რომელმაც თავიდან ბურების წინააღმდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცით გაითქვა სახელი და ამისთვის კავალერიის ორდენითაც დაჯილდოვდა, გარკვეული დროის შემდეგ, უკვე კოლონიურ ინდოეთში ოფიცრის ჩინით მოუწია სამსახური. ჩერჩილმა მალევე იგრძნო, რომ მის ამბიციებს უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა პროვინციაში დაბალი რანგის სამხედრო მოხელის ჩინი. ინდოეთის სამხრეთის სუბტროპიკული ჰავა და მისი თვალწარმტაცი პეიზაჟები, იქ შექმნილი კომფორტი და რუტინა, ინგლისელი ოფიცრისთვის არცთუ სასიამოვნო, დროებით მოვლენას წარმოადგენდა. ჩერჩილი საკუთარ მომავალს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას უსახავდა. იგი, ინტუიციურად, სიჭაბუკიდანვე ხედავდა თავის მომავალს დიდი სახელმწიფო მოხელის როლში. ინგლისის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი, ლონდონის საქმიანი გარემო, ძალიან მნიშვნელოვნი იყო იმ პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის, რომლებზედაც ახალგაზრდა ჩერჩილი ოცნებობდა.

"სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი საჩემო არ არის. ჩემი ვარსკვლავი მიხმობს, მინდა რაღაც შესანიშნავი ჩავიდინო, დიდება ხომ ერთადერთი ღირებული რამ არის ამ ცხოვრებაში", − ამ სიტყვებს წერს ინდოეთში მყოფი ჩერჩილი თავის დღიურში, და კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს მისი მეოცნებე და მებრძოლი ბუნების ბრწყინვალე სინთეზს, რომლის უდრეკი ძალითაც ყველა ღონეს ხმარობს, რომ სასურველი რეალობად აქციოს.

ჩერჩილს ფანატიკურად სწამდა საკუთარი შესაძლებლობების და დარწმუნებული იყო, რომ თუ ენთუზიაზმის შენარჩუნებას შეძლებდა, უამრავი მარცხის მიუხედავად, წარმატებაც აუცილებლად მოვიდოდა. ინდოეთიდან ინგლისში დაბრუნებული კი უკვე ფეხს დგამს იმ დიდების მწვერვალთან, რომლის დაპყრობასაც მას მომავალი უმზადებდა.

უინსტონს ჩერჩილი ანტრეპრენერის ფსიქოტიპის კლასიკურ ნიმუშად შეგვიძლია განვიხილოთ. მისი ორიგინალური ფიგურა გამორჩეული იუმორით, დახვეწილი ქცევის მანერებითა და ღრმა ინტელექტით იყო განმსჭვალული. მის პოლიტიკურ გავლენას სამხედრო კორპუსში სამსახურის გამოცდილება, კრიტიკული სიტუაციების მართვის, სახელმწიფო და ლამის საკაცობრიო ამოცანების გადაჭრის უნარი ედო საფუძვლად. რაციონალურ განსჯასა და პრაგმატულობასთან ერთად, ჩერჩილს ახასიათებს წარმოუდგენელი ოპტიმიზმი და მიზნისთვის თავდაუზოგავად ბრძოლის მზადყოფნა. მარცხის გააზრება, მისი მიღება და მასზე პასუხისმგებლობის აღება ანტრეპრენერობის ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუნდამენტური მაქსიმაა. ამ ეთიკურ ღირებულებებს, რასაკვირველია ჩერჩილიც გულმოდგინედ იცავდა. დღეს მას კაცობრიობის ისტორია უკვე იცნობს, როგორც "არ დანებების ფილოსოფიის" კლასიკურ გმირს.

დაბოლოს, უპრიანი იქნება კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ანტრეპრენერი არ ნიშნავს და არ არის რომელიღაც ერთი კონკრეტული სფეროს წარმომადგენელი ქარიზმატული ლიდერი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი. ანტრეპრენერები არც რომელიღაც დიდი კორპორაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეები, არც სხვა ტოპ-მენეჯერები, არც მწერლები და არც ჰოლივუდის მსახიობები არ არიან მხოლოდ. ანტრეპრენერი უპირველესად, განსაკუთრებული ხასიათისა და თვისებების მატარებელ ადამიანს აღნიშნავს და შემდეგ მისი საქმიანობის სფეროს. ანტრეპრენერობა, როგორც ასეთი, უფრო გარკვეული, სპეციფიკური ადამიანური უნარების ფლობასთანაა დაკავშირებული, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ფორმაციის საზოგადოებაში, განსხვავებულად მჟღავნდებოდა ამა თუ იმ ისტორიულ ფიგურებში, მათ შორის ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერი − სერ უინსტონ ჩერჩილიც იყო. მისი შეუპოვარი და მეოცნებე, თავგადასავლების მაძიებელი ბუნება, ანტრეპრენული სულისკვეთებისთვის განსაკუთრებულად დამახასიათებელ, მნიშვნელოვან სავიზიტო ბარათად შეგვიძლია მივიჩნიოთ.