Get All Access for $5/mo

ზვიად სულიკაშვილი: შრომა, შრომა და შრომა! რა სჭირდება მკლავჭიდელს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ჩვენი მორიგი სტუმარი კიდევ ერთი საამაყო პარასპორტსმენი, მკლავჭიდელი ზვიად სულიკაშვილია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ზედიზედ მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ჯამში ზვიადი საქართველოს ერთგზის, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია, ეს შედეგები კი უდიდესი შრომისა და თავდადების გარეშე ვერ დაფიქსირდებოდა. ზოგადად, მკლავჭიდი საკმაოდ რთული სახეობაა – ფიზიკურ მონაცემებთან ერთად, საჭიროა ძლიერი ფსიქოლოგიური მზადყოფნა, შემართება, მუხტი, ტაქტიკა და ტექნიკა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როცა პარასპორტსმენი ხარ და თუნდაც ამიტომ არის ზვიად სულიკაშვილის ეს ღვაწლი დასაფასებელი.

საინტერესოა, რომ სულიკაშვილი პროფესიულ მკლავჭიდში სრულიად შემთხვევით მოხვდა: "ჩემი კარიერა 2015 წლის სექტემბრიდან იწყება. ამავე წლის 26 მაისს, როცა უწმინდესის დაცვაში ვმუშაობდი, ღონისძიებაზე მკლავჭიდში შეჯიბრიც გაიმართა, სადაც ბედი მეც ვცადე და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებსა და ევროპის პრიზიორებს ვაჯობე, რის შემდეგაც მირჩიეს, რომ სპორტის ამ სახეობაზე შევსულიყავი. ბევრი ვიყოყმანე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მკლავჭიდი ავირჩიე".

პირველი ვარჯიში და ემოციები

"პირველი ვარჯიში "არენას" დარბაზში ჩამიტარდა. მეორე დღეს იყო ტურნირი წეროვანში და როცა ნახეს ჩემი შესაძლებლობები, მითხრეს, რომ 60 კგ წონით კატეგორიაში გავსულიყავი და პირველივე შეჯიბრი ოქროს მედლით დავასრულე".

მისაბაძი მაგალითი

"გენადი კვიკვინიას ჩემს განვითარებაში უდიდესი როლი აქვს. გარკვეული პერიოდი უსახსრობის გამო ვერ ვვარჯიშობდი, მაგრამ შემდეგ ისევ განვაახლე. გარდა ამისა, ასევე უღრმესი მადლობა ვილენ გაბრავას, ლევან პოღოსიანს, დავით სამუშიას. მათი ხელშეწყობით დავაფიქსირე ეს შედეგები. უზომოდ რთულია მკლავჭიდელობა, რადგან ძალზე შრომატევადი სახეობაა და პლიუს ამას, უდიდესი კონკურენციაა. საქართველოში მკლავჭიდელთა რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს, რაც ნამდვილად მახარებს. ჩემთვის მკლავჭიდელობა არის მომენტი, როცა საქართველოს დროშას მაღლა აღმართავ და საკუთარ ქვეყანას ასახელებ".

გულის აცრუება და თავიდან მოტივირება

"2015 წლის 6 დეკემბერს გარდაბანში ჩატარდა ჩემპიონატი, სადაც აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვიასპარეზე და მესამე ადგილზე გავედი. ერთ-ერთი დაპირისპირება მქონდა ვალიკო იშხინის წინააღმდეგ, რომელმაც მყესი ორ ადგილას გამიწყვიტა, რის შემდეგაც 6-7 თვის განმავლობაში ვერ ვვარჯიშობდი, მაგრამ საბედნიეროდ, ევროპის ჩემპიონატზე მაინც გავედი და პირველი ადგილი ავიღე. მადლობა მეტოქესაც, რომ მიუხედავად ტრავმისა, თავიდან მოტივირების საშუალება მომცა. მასთან დღემდე ვმეგობრობ".

რა სჭირდება მკლავჭიდელს?

"არსებობს ორი კატეგორია: ძალისმიერი მკლავჭიდელი და ე.წ. "სტარტის მკლავჭიდელი", რომელიც სწრაფ გადაწევაზეა ორიენტირებული. ჩემი აზრით, ორივე კომპონენტი უნდა განავითარო. სხვაგვარად შედეგი წარმოუდგენელია".

მწვრთნელის როლი

"უკვე დიდი ხანია, ჩემი მწვრთნელი გენადი კვიკვინიაა, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა. გარდა მწვრთნელობისა, ჩვენ ოჯახებით ვახლობლობთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მწვრთნელი მაქსიმუმს აკეთებს, გენადი უდიდესი პროფესიონალია და დანარჩენი უკვე ჩემზეა დამოკიდებული".

ნიჭი თუ შრომა?

"მოდი, ასე ვიტყოდი: შრომა არის საუკეთესო საშუალება, საკუთარი ტალანტი წარმოაჩინო და განავითარო. ცნობილი გამოთქმაა – "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი". შესაძლოა უდიდესი ტალანტი გქონდეს, მაგრამ შრომის გარეშე წარმატების მიღწევა უბრალოდ გამორიცხულია".

სამომავლო გეგმები

"სამომავლოდ ვაპირებ 70კგ-ში გადასვლას და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ წარმატებული სვლა არ შევწყვიტო".

რჩევა დამწყებ სპორტსმენებს

"უპირველესად, არავითარი სიზარმაცე! დაუჯერეთ მწვრთნელს, იყურეთ წინ. ჩემი სპორტიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ არ დაიწყონ თვითნებური ვარჯიშები, არ მოერიდოთ შეკითხვების დასმა, რაც საჭირო ტექნიკის დახვეწაში დაეხმარებათ. შრომა, შრომა და შრომა!"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია