Get All Access for $5/mo

600 ლარით დაწყებული ოჯახური ბიზნესის სწრაფი ზრდის საიდუმლო გჯერათ თუ არა, რომ შესაძლებელია მთელი ქართული სამზარეულო ერთ მომცრო კოლოფში ჩაეტიოს?! სჯობს დაიჯეროთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

გჯერათ თუ არა, რომ შესაძლებელია მთელი ქართული სამზარეულო ერთ მომცრო კოლოფში ჩაეტიოს?! სჯობს დაიჯეროთ, რადგან მაკო ქავთარაძემ მოახერხა და ჩვენი ნაციონალური სიამაყით აღფრთოვანებული ტურისტებისთვის შექმნა პროდუქტი, რომელიც ხინკლით, ლობიოთი თუ კუბდარით მოხიბლულთ საშუალებას აძლევს, თავად შექმნან ქართული კერძების ფრანგული, იტალიური, ჩინური თუ უკრაინული ვერსიები. Spy Recipe – ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც 6 ქართული ტრადიციული კერძის რეცეპტს ამხელს და 50-გრამიანი შეფუთვით ყიდის იმ ყველაზე განსაკუთრებულ ინგრედიენტთა ნაზავს, რომელიც უბრალო ღვეზელს სვანურ კუბდარად აქცევს. სანელებლები ჯერჯერობით 17 ქართულ მაღაზიაში იყიდება და იცოდეთ, რომ "ჯერჯერობით" ამ წინადადებაში საკვანძო სიტყვაა...

სურნელოვანი ყუთის შექმნის ისტორია

მაკო ქავთარაძე 4 წლის განმავლობაში ტურისტულ გიდად მუშაობდა და ძირითადი საქმიანობის გარდა ხშირად უწევდა კულინარიული მრჩევლის როლის შეთავსებაც. მას მერე, რაც ტურისტები ქართულ კერძებს აგემოვნებდნენ, გიდს რეცეპტის დაწერას სთხოვდნენ, შემდეგ კი ბაზარში გაყოლასა და იმ სანელებლების ყიდვაში დახმარებას, რომელთა გარეშე ქართული სამზარეულო იმ უნიკალურ არომატს კარგავს, რომლითაც მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული. და ასე, უსასრულოდ მეორდებოდა ისტორია. ყოველი ახალი ტურისტული ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა, მაკო ქავთარაძეს ერთი და იგივე თხოვნით მიმართავდა.

"ბაზარში სანელებლებს ცელოფნის პარკებში უყრიდნენ, შემდეგ კი ტურისტებს ავიწყდებოდათ, რომელი სუნელი რომელი კერძისთვის იყო. ზოგიერთი ღამის სამ საათზე მირეკავდა, მეუბნებოდა: ხომ გახსოვს, ვინც ვარ? კერძი გავამზადე და ახლა კიდევ ერთხელ ამიხსენი, ეს სანელებლები როგორ და რა დოზით გამოვიყენოო", – იხსენებს მაკო.

"დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო სვეტიცხოველზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, ისტორიაზე, თბილისზე, მაგრამ ეს გაუთავებელი ზარები და რეცეპტის ჩამოწერის თხოვნები ძალიან მღლიდა". სწორედ ასეთი შეკითხვებით გაჯერებული მორიგი ტურისტული ჯგუფის სამშობლოში გასტუმრების შემდეგ გაუჩნდა იდეა, შეექმნა ბრენდი, რომელიც საქმეს მაკოსაც გაუმარტივებდა და მის სტუმრებსაც.

Spy Recipe საქართველოში ჩამოსულ, ტრადიციული სამზარეულოთი მოხიბლულ ტურისტებს ან თუნდაც ადგილობრივებს ნაციონალური კულინარიის მთავარ საიდუმლოს – კერძის რეცეპტს უმხელს. სწორედ ამიტომ ჰქვია Spy Recipe. Spy ხომ ინგლისურად "ჯაშუშს" ნიშნავს. სუნელების თითოეულ შეფუთვას სხვადასხვა ენაზე 6 კერძის მომზადების წესი ახლავს – ნიგვზიანი ბადრიჯნის, ლობიოსი, ხინკლის, ჩაშუშულის, საცივისა და კუბდრის. თითო შეფუთვაში ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის შესაზავებლად საჭირო სანელებლების 50-გრამიანი მიქსია შესაბამისი რეცეპტით.

ბიზნესი რამდენიმე წლის წინ 600 ლარით დაიწყო. Spy Recipe ოჯახური ბიზნესია , მაკო ქავთარაძე კი იდეის ავტორი და კომპანიის "ლოკომოტივი". მარკეტინგში ერთი ძმა ეხმარება, გრაფიკული დიზაინის შექმნაში – მეორე. სანელებლების შეზავებასა და დაფასოებაში მისი მშობლები არიან ჩართული. საწარმო პირდაპირ სახლში, ერთ-ერთ ოთახში აქვთ მოწყობილი. ბაზარსა და რეგიონებში სუნელებს ყიდულობენ, მაკოს დედის რეკომენდაციით აზავებენ, 50-გრამიან ერთეულებად აფასოებენ და მაღაზიებში აბარებენ.

ბაზარზე გამოჩენიდან მალევე, მაკოს ტურისტული სააგენტოები და სასტუმროები დაუკავშირდნენ და მისი სანელებლების მიქსი სასაჩუქრე პაკეტში შეიტანეს.

"2 თვე ვმუშაობდით სუნელების საუკეთესო ნაზავის მისაღებად. ვყიდულობდით ბაზარში, რეგიონებში. თუკი ადრე 5 კილოგრამი ზაფრანა საკმარისი იყო, ახლა 150 მჭირდება", – გვიყვება მაკო ქავთარაძე.

მაღაზიებიდან Spy Recipe-ის სუნელები ქრებოდა – "მინიმალური რაოდენობა, რომელსაც ტურისტი ყიდულობს, 3 კოლოფია, ყველაზე დიდი რაოდენობით კი ერთ ადამიანს 33 ცალი შეუძენია", – იხსენებს მაკო.

მოთხოვნა დიდია ქართველ მომხმარებელშიც. "ამ პროდუქტით, რეალურად, ფულს ზოგავ. საკვები დანაკარგი, ფაქტობრივად, არ გაქვს. კოლოფზე რეცეპტია დატანილი. ასე რომ, შეგიძლია ზუსტად იმდენი კილო ლობიო და იმდენი თავი ხახვი იყიდო, რაც კერძს სჭირდება. არც მეტი და არც ნაკლები. რაც შეეხება სანელებლებს, სათითაოდ შეძენა არ გიწევს. ასეთ შემთხვევებში, ხომ ხშირად გვავიწყდება, რომელი სუნელი რისთვის ვიყიდეთ, შემდეგ ძველდება და გადასაყრელი ხდება. ფულს, დროს და ინგრედიენტებს ამ შემთხვევაში ერთდროულად ზოგავ. სწორედ ამიტომ შეიძინა ამ ბიზნესმოდელმა მაღალი ღირებულება და ინოვაციური აღმოჩნდა. ჩვენ ხომ მხოლოდ სანელებელს არ ვყიდით, არამედ ვყიდით რეცეპტს თავისი საიდუმლოთი".

ამჟამად სუნელების შეფუთვაზე 6 რეცეპტი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა დატანილი. თუმცა, ივრითზე, პოლონურ და უკრაინულ ენებზეც დაუბეჭდავს. გიდობის გამოცდილება გამოადგა – მშვენივრად იცის, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იხიბლებიან ქართული სამზარეულოთი ყველაზე მეტად. შესაბამისად, ცდილობს რეცეპტები ნებისმიერი მათგანისთვის მარტივად გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს.

Spy Recipe-მა არსებობა ყოველგვარი რეკლამის გარეშე დაიწყო. დროთა განმავლობაში შეიქმნა ვებგვერდი და ბრენდი სოციალურ მედიაშიც გამოჩნდა. თითოეულ შეფუთვაზე ბარკოდია დატანილი, რომლის გაშიფვრის შემდეგ ვებგვერდზე გადადიხართ და კერძის მომზადების გრაფიკულ ვიდეოს ნახულობთ.

Spy Recipe-ის სანელებლები 17 მაღაზიაში იყიდება. მათ შორის ერთ-ერთი ონლაინმაღაზიაა – www.soplidan.ge სადაც შეგიძლიათ სუნელებთან ერთად ყველა ის ინგრედიენტიც შეუკვეთოთ, რომლითაც კონკრეტულ რეცეპტს უკვე სამზარეულოში მოამზადებთ.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთა: თუკი შეძლო და მთელი ქართული სამზარეულოს საიდუმლო არომატი ერთ 50-გრამიან შეფუთვაში მოაქცია, რატომ არ უნდა დააფასოოს და გაყიდოს მექსიკური, ფრანგული თუ ჩინური სამზარეულოს საიდუმლოებები?!

პირველი გამოწვევები

იდეამ განხორციელებისთანავე გაამართლა. მაკომ 600 ლარად შესაფუთი მასალაც შეიძინა, სუნელებიც და მიქსიც შექმნა. მაკო პრობლემის წინაშე მაშინ დადგა, როცა აღმოაჩინა, რომ სუნელების პირველი ნაკადი გაიყიდა, მომდევნოს შესაქმნელად და ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი 600-ის ნაცვლად 1500 ლარი სჭირდებოდა.

"აპრილში მაღაზიაში 600 კოლოფი მიგაქვს, თანხას კი ივლისში გირიცხავენ. ამასობაში საჭიროა პროდუქცია განაახლო, კოლოფები დაბეჭდო. მინიმალური როდენობა, რომელიც სტამბას უნდა შევუკვეთო, 3600 ცალი კოლოფია. გაყიდვებს რაც შეეხება, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ვერ ვიტყვი, რომ სტაბილურად იყიდება".

შესაფუთ კრაფტის ქაღალდს თბილისის ერთადერთ სტამბაში მიაგნო. აღნიშნული მასალის შესყიდვასა და მომცრო ყუთის აწყობაზე 3-ჯერ მეტი თანხა მიდის, ვიდრე თავად პროდუქციაზე.

პროდუქტის თვითღირებულება 1,05 ლარია, მაღაზიებში ჩაბარების ღირებულება 2 ლარს შეადგენს, გასაყიდი ფასი კი – 4,9 ლარს.

"16 წლიდან ვმუშაობ. ბანკშიც ვმუშაობდი, ჰოსტელიც მქონდა, ბარიც, არასამთავრობო ორგანიზაციაც. სხვაზე ფინანსურად დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. საკუთარი ბიზნესის დაწყებისას კი აღმოვაჩინე, რომ კარგა ხანს მომიწევდა უკაპიკოდ ყოფნა".

Spy Recipe ჯერჯერობით დიდ სუპერმარკეტებში არ შესულა. მიუხედავად იმისა, რომ "კარფურის", "გუდვილის" თუ "აგროჰაბის" მხრიდან დაინტერესება დიდია, მაკო ქავთარაძე საკუთარი პროდუქციის მათ დახლებზე განთავსებას ვერ ახერხებს.

"მზად არიან, ითანამშრომლონ, მაგრამ ამისთვის ბევრი ბიუროკრატიული პროცესის გავლა და ფულია საჭირო – მარაგი არ უნდა გამომელიოს, თორემ დავჯარიმდები. მითხრეს, რომ კარგი პროდუქტია, რომელსაც მომავალი აქვს და ამიტომ მითმობენ დახლს. ეს ჩემთვის უდიდესი წარმატებაა".

Spy Recipe-ის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, თუმცა დღემდე, მაკოსთვის ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება დიდ ენერგიასა და შრომასთან არის დაკავშირებული. "ბიზნესი თავს ინახავს, თუმცა მოგებაზე არ გავსულვართ. მაგალითად, Facebook-ის რეკლამის დავალიანება დღემდე 15 დოლარი მაქვს..."

არსებობისა და განვითარებისთვის ბრძოლის ახალი სტრატეგიები

წარუმატებლობების სერია რამდენიმე თვის წინ დასრულდა, როცა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო – საპარტნიორო ფონდის ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში "სტარტაპ საქართველო" განაცხადი შეეტანა.

"გადავწყვიტე, ბიზნესმოდელი გავყიდო და არა მაინცდამაინც ქართული სამზარეულო. ამან მიბიძგა, საპარტნიორო ფონდის პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა. მანამდე რამდენიმე გრანტზე მქონდა შეტანილი განაცხადი და უარი მივიღე. სრულიად დემოტივირებული და განადგურებული ვიყავი", – იხსენებს მაკო.

პროექტი წარდგენის ვადის ამოწურვამდე 10 წუთით ადრე გაგზავნა, მეორე ტურში გადასვლის შეტყობინებას კი რამდენიმე საათი გაუნძრევლად ელოდა. "განაცხადი ქართულ და ინგლისურ ენებზე გავაკეთე, დავწერე ბიზნესგეგმა, ყველას აზრი გამოვიკითხე, შინაგანად კი უარისთვის მოვემზადე. მეორე ეტაპზე გადასვლის დღეს, დილით 10-ის ნახევრიდან 3-ის ნახევრამდე კომპიუტერთან ვიჯექი და ელ.ფოსტას "ვარეფრეშებდი". დადებითი პასუხი რომ მოვიდა, ჩემი კივილი მთელ უბანს ესმოდა".

მაკომ ტრენინგების მთელი სერია გაიარა: " მენტორებმა ჩვენს მომზადებაში მთელი სული და გული ჩადეს. როცა ჩვენი გამოსვლის დღე დადგა, თითოეული მონაწილის იდეებს ვისმენდი, ყველა მათგანი ძალიან ტექნოლოგიური იყო. გავიფიქრე, ვის რაში სჭირდება ჩემი სანელებლები-მეთქი. არც წინა ღამით მეძინა, არც იმ დღეს, ვნერვიულობდი. გამოსვლის პირველი 50 წამი იმას ვამბობდი, რაც მასწავლეს. მერე კი მაინც ჩემი სიტყვებით მოვყევი ყველაფერი".

დაძაბულობისა და წინასწარი იმედგაცრუების მიუხედავად, მაკო იყო ერთადერთი კონკურსანტი, რომელსაც გამოსვლის დასრულებისთანავე უთხრეს, რომ დაფინანსებას მიიღებდა.

თანაინვესტირების ფონდის 100 ათასი ლარით Spy Recipe წარმოებას გააფართოებს. უახლოეს გეგმებში ფართის ქირაობისა და დამატებითი თანამშრომლების – იურისტისა და ფინანსისტის დაქირავების გარდა, სერტიფიკატების აღებაც შედის. პირველადი გეგმა HACCP-ია, რომელიც ქართულ ბაზარზე სურსათის უვნებლობის სერტიფიკატს გასცემს. მისი ღირებულება 5 ათას ლარს შეადგენს. გეგმაშია ასევე ISO-ს სერტიფიკატის აღება, რომლის მიღების შემდეგ Spy Recipe-ს ექსპორტზე გასვლის საშუალება ექნება. ISO-ს აღება კომპანიას 12 ათასი ლარი დაუჯდება.

მაკო უკვე ექსპორტის საკითხსაც განიხილავს. Spy Recipe-ის სუნელების მიქსი შესაძლოა უახლოეს მომავალში უკრაინაში, ისრაელსა და შეერთებულ შტატებში გაიყიდოს. "ოქტომბერში მეგობართან სტუმარი ჩამოვიდა. ქალაქი დავათვალიერებინე და ჩემს ბიზნესზეც მოვუყევი. მოგვიანებით კი BBC-ის Travel Blog-ზე Spy Recipe-ის შესახებ დაწერა. ასე დაინტერესდნენ აშშ-ში ჩემი პროდუქციით და თავად დამიკავშირდნენ".

Spy Recipe-ის მცირე ოჯახურ ბიზნესს ყოველდღიურად დიდი გამოწვევების გადალახვა უწევს როგორც მომწოდებლებთან, ისე სტამბებთან თუ მაღაზიებთან კომუნიკაციის დროს.

"ჯერჯერობით სასაცილოდ არაფერი მახსენდება, ყველაფერი ლოდივით მაწევს გულზე. ლოგისტიკის პრობლემა მაქვს, რადგან თითოეულ შეხების წერტილთან ქართული Maybe Time მუშაობს. მაგალითად, ეუბნები სტამბას, რომ 15 აგვისტოს გჭირდება გარკვეული რაოდენობის კოლოფი. მას კი მოაქვს ნაკლები და თანაც, გადღაბნილი წარწერით. მომწოდებლებთანაც ხშირად მაქვს პრობლემა. მაგალითად, შეკვეთილ ქონდარს ერთ-ერთმა ცოცხის ღეროები შეურია... ეგონა, ვერ მივხვდებოდი. ცოტა ხნის წინ დაიკეტა მაღაზია, რომელშიც 56 ცალი კოლოფი დარჩა. მეპატრონეს ვერ ვუკავშირდები, გაქრა..."

და მაინც, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, მაკო ქავთარაძე საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ბრძოლას არ წყვეტს, პირიქით – უკვე ახალი გეგმების განხორციელებაზე ფიქრობს.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინდუსტრიული ტრენდები

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით