ანამარია თუშიშვილი – ქალი ანტრეპრენერი, რომელმაც რეკრუტინგი ადამიანების პოტენციალის აღმოჩენად გადააქცია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როდესაც ანამარია თუშიშვილმა TalentVibe-ი დააარსა, ზუსტად იცოდა, რომ მხოლოდ ბიზნესის შექმნა არ იყო მისი მიზანი. მისთვის ანტრეპრენერობა ბევრად მეტია – ეს არის თავისუფლება, გავლენა და შესაძლებლობა, შეცვალო თამაშის წესები.
გადაწყვეტილება, რომ კორპორაციულ იერარქიაში მუშაობის ნაცვლად აერჩია საკუთარი საქმე, სიღრმისეული იყო და კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა. მისი სურვილი იყო, შეექმნა პლატფორმა, სადაც რეკრუტინგი იქნებოდა არა უბრალოდ ვაკანტური პოზიციების შევსების პროცესი, არამედ ადამიანების პოტენციალის ამოცნობის და მათი პროფესიული ტრაექტორიის სწორად წარმართვის საშუალება.
"TalentVibe-ი დავაფუძნე ერთი მიზნისთვის – რომ რეკრუტინგი გამეხადა სტრატეგიული გადაწყვეტილება. მივხვდი, რომ კომპანიებს არ სჭირდებათ უბრალოდ თანამშრომლები. სჭირდებათ სწორი ადამიანები, რომლებიც რეალურად ცვლიან ბიზნესს", – ამბობს ანამარია.
მისი ხედვა სცდება ტიპურ "HR პროცესებს" – ის ესაუბრა ადამიანებს, იკვლია წარუმატებელი კარიერული გადაწყვეტილებების მიზეზები და დაინახა, როგორ შეიძლება სწორად შერჩეულ ადამიანებს ფუნდამენტურად შეეცვალათ კომპანიის დინამიკა. სწორედ ამიტომ, TalentVibe-ის მთელი ფილოსოფია ეფუძნება ინდივიდუალურ მიდგომას და რეალური ღირებულების აღმოჩენას თითოეულ კანდიდატში.
Entrepreneur-ის კითხვაზე, მოითხოვდა თუ არა ეს გზა სიმამაცეს, ანამარია პასუხობს:
"ფრთხილი თამაში არასდროს მყვარებია. ვიცი, რომ ნამდვილი წარმატება იქ იწყება, სადაც გაბედულობა შიშს აჭარბებს. თუმცა შიშიც საჭიროა – ის გაძლევს სტრატეგიულ ხედვას, გიკარნახებს, როგორ იმოქმედო, რომ შრომა წყალში არ ჩაიყაროს".
მისი მოტივაცია მხოლოდ საკუთარი პროფესიული ზრდა არასდროს ყოფილა. უნდა, იმ ადამიანებსაც დაეხმაროს, ვისაც შესაძლოა, არ ჰქონდეს ანამარიას მსგავსი რესურსი, მაგრამ აქვს დიდი პოტენციალი.
"ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა, რომ ადამიანს ჰქონდეს სივრცე, სადაც სრულად გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს. ყოველთვის მტკენდა გულს, როცა ნიჭიერი ადამიანები ვერ პოულობდნენ იმ ადგილს, სადაც მათი ნიჭი დაფასდებოდა", – ამბობს ანამარია.
როგორც ყველა წამოწყებას, TalentVibe-საც ჰქონდა თავისი სირთულეები. ანამარიას თქმით, მისთვის ყოველი დეტალი არის გამოწვევა, რომელსაც სათითაოდ ხვდება და ნაბიჯ-ნაბიჯ აგვარებს.
"ყველაფერს ვუდგები კითხვით: როგორ გადავჭრა?"
როდესაც საქმე სხვა კულტურულ კონტექსტებში მუშაობას ეხება, მაგალითად – არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, სადაც TalentVibe-ი აქტიურად ოპერირებს, ანამარია აღნიშნავს, რომ გენდერული სტერეოტიპების მიუხედავად, ყოველთვის ცდილობს პროფესიონალიზმითა და კეთილგანწყობით მოიპოვოს ნდობა – და ამას წარმატებითაც ახერხებს.
ხშირად წარმატებას იღბალს მიაწერენ. ანამარიას ამაზე მარტივი პასუხი აქვს:
"მჯერა, რომ იღბალი მაშინ იწყებს მუშაობას, როცა არ ჩერდები. რწმენას ძალიან დიდი ძალა აქვს".
მისი საქმიანობა, ხედვა და ენერგია მოტივაციას აძლევს მათაც, ვინც ჯერ კიდევ ეჭვით უყურებს საკუთარ ძალებს. ანამარიამ იცის: სწორ დროს გამოჩენილი ადამიანი კომპანიაში მხოლოდ "კადრი" არ არის – ისაა ენერგია, რომელიც მიზნებს ამოძრავებს. და სწორედ ამიტომ TalentVibe-ი დღეს უკვე ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, რეკრუტმენტ სააგენტო. ეს არის პლატფორმა ადამიანებისთვის, რომლებსაც სჯერათ თავიანთი უნარების, და კომპანიებისთვის, რომლებიც იმსახურებენ მათ.