Get All Access for $5/mo

ანი ვალენთინ-ბაზირაშვილი - ნატურაფარმი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ხშირად, ანტრეპრენერული ისტორიები საკმაოდ ექსტრემალურ და არაორდინარულ ვითარებებში იღებს სათავეს და ამის ნათელი მაგალითი ანი ვალენთინ-ბაზირაშვილია, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთ წარმატებულ კომპანია "ნატურაფარმის" დამფუძნებელი და საუკუნოვანი ისტორიის მქონე ევროპული ბრენდის ავტორიზებული პარტნიორია საქართველოში.

ყველაფერი 1989 წლის აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ დაიწყო, როდესაც ანი მოწამლულების დასახმარებლად დისპანსერში მოხალისედ წავიდა და სამი წლის განმავლობაში იმუშავა.

"იმ დროს, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ბრენდ Weleda-ს წამლები შემოვიდა. დისპანსერში კომპლემენტარული მკურნალობის მეთოდით დავინტერესდი, გავიარე პრაქტიკები Weleda-ს გერმანიისა და საფრანგეთის საწარმოებში, გავეცანი პროდუქტების წარმოების პროცესს და შედეგად, გავხდი Weleda-ჯგუფის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში. 1997 წელს მეუღლესთან ერთად დავაარსე შპს "ნატურაფარმი". ამის მიზეზი კი იყო რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის Weleda-ს წამლებისა და კოსმეტიკის ხელმისაწვდომობის შექმნა საქართველოში. გასული საუკუნის 90-იან წლებში პრემიუმხარისხის ნატურალური და ბიოპროდუქცია, ისევე, როგორც მარკეტინგი, "უცხო ხილი" იყო. ცარიელი ხელებითა და ნულოვანი ფინანსებით, ბიზნესის დაწყება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო და ვცდილობდი ამაზე არც მეფიქრა. სამაგიეროდ მქონდა დიდი სურვილი და მოწოდება, Weleda-ს ბრენდინგი დამეწყო საქართველოში", − აცხადებს ანი ვალენთინ-ბაზირაშვილი.

კომპანია "ნატურაფარმი" არის სააქციო საზოგადოება Weleda-ს პარტნიორი საქართველოსა და სომხეთში. პროდუქციის დისტრიბუციის გარდა, "ნატურაფარმი" ავრცელებსWeleda-ს ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომლებიც 100 წლის წინ დაედო საფუძვლად ამ კომპანიის დაარსებას, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად აქტუალურია. Weleda ჯანმრთელობისა და სილამაზის დაცვაზე, ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში ზრუნავს, ხოლო მისი პროდუქციის შეძენისას და გამოყენებისას ნიადაგს და ბიომრავალფეროვნებას ვიცავთ. გარდა ამისა, როგორც ანი აღნიშნავს, Weleda ხელს უწყობს სოციალური პირობების გაუმჯობესებას მსოფლიოს ბევრ რეგიონში, სადაც ნედლეული მოჰყავთ. კომპანია აქტიურად იცავს ეკოლოგიას და მდგრადი წარმოების იდეოლოგიას ემხრობა. სწორედ ამ გაცხადებული მიზნების ფარგლებში, Weleda ბიოდეგრადირებად შესაფუთ მასალებს იყენებს და 2022 წლიდან კლიმატ-ნეიტრალური (ბალანსი, როდესაც სითბური გაზების გამოყოფა შეესაბამება მათ შთანთქმას ატმოსფეროში) ხდება.

"1990-იან წლებში ბიზნესის დაწყება მოითხოვდა გამბედაობას, შეუპოვრობას და მრავალი დაბრკოლების გადალახვას. ის, რაც პირად და საქმიან ცხოვრებაში გადამხდა, შესაძლოა ბედთან იყოს დაკავშირებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, ინდივიდუალურ სიფხიზლესა და გონიერებაზეა დამოკიდებული შესაძლებლობებისა და რისკის ამოცნობა და მათზე სწორი რეაგირება.Weleda-ს პროდუქციის ხარისხის რწმენა და გერმანელი მეგობრების მხარდაჭერა დაგვეხმარა ყველა სირთულის დაძლევაში. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩვენი ანტრეპრენერული სულიც. ჩემი აზრით, მთავარი განსხვავება ანტრეპრენერსა და ბიზნესმენს შორის მოტივშია. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ რეალური ხარისხი, გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ წარმატებაშიც გამოიხატება. ჩემი გადმოსახედიდან, როდესაც მდგრადი კორპორაციული მიზნების პრიორიტეტულობა აღემატება სუფთა მოგების მაქსიმიზაციაზე ფიქრს, ეს პასუხისმგებელი მეწარმის დამახასიათებელი ნიშანია", − აღნიშნავს ანი.

ანის თქმით, დღევანდელი გლობალური კრიზისები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, საარსებო წყაროს განადგურება ბუნების გადაჭარბებული ექსპლუატაციის გზით, სოციალური უთანასწორობის ზრდა, ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, მოგვიწოდებს გავიაზროთ, რომ კურსის შეცვლა აუცილებელია. როგორც "ნატურაფარმის" დამფუძნებელი Entrepreneur-თან საუბრისას განმარტავს, თუკი ჩვენ გვინდა ვიყოთ მსოფლიო მოძრაობის ნაწილი, რომელიც ამ დესტრუქციულ იმპულსებს გამაჯანსაღებელი იმპულსებით უპირისპირდება, აუცილებელია ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიის ხელახლა აღმოჩენა.

"დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში არ არსებობდა ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქტების მდგრადი ხარისხის გაგება და შესაბამისად მათზე მოთხოვნა. ამის მიუხედავად, ჩვენ არ დავნებდით. დღეს სიტუაცია შეიცვალა და ჩვენ ვხედავთ მზარდ ცნობიერებას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, როგორც წამახალისებელ სიგნალს მომავალი განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მეწარმე გააცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ეკონომიკურად, ეკოლოგიურად და სოციალურად მდგრადი მეწარმეობისთვის. მჯერა, რომ მსგავსი ახალი, მდგრადი მოძრაობა განვითარდება საქართველოშიც", − გვიამბობს ანი ვალენთინ-ბაზირაშვილი, კომპანია "ნატურაფარმის" დამფუძნებელი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში

"ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა."