"ანიმა" – რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა, სადაც იმედი თავიდან იბადება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უშვილობა ხშირად მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი არ არის – ეს არის ხანგრძლივი ემოციური გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში თან სდევს ოჯახებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით შეიქმნა სივრცე, სადაც პაციენტები იღებენ არა მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და მაღალტექნოლოგიურ მკურნალობას, არამედ თავს გრძნობენ უსაფრთხო და სანდო გარემოში. რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა "ანიმას" კონცეფცია და დიზაინიც მიზანმიმართულად არის ჩამოყალიბებული ისე, რომ შექმნას ოჯახური, მშვიდი ატმოსფერო და პაციენტებს დამატებითი ემოციური მხარდაჭერა შესთავაზოს.

"როდესაც წყვილი მოდის ჩვენთან, ხშირ შემთხვევაში, მათ უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება და გავლილი აქვთ რთული გზა. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა მათ მიმართ განსაკუთრებული ემპათიური დამოკიდებულების განვითარება.

მთელი კლინიკის გუნდი მიმართულია წყვილების ოჯახური გარემოს, კომფორტისა და ახალი სიცოცხლის შექმნისკენ.

ჩვენი კლინიკა მხოლოდ მკურნალობის ადგილი არ არის – ეს არის სივრცე, სადაც იმედი თავიდან იბადება", – ამბობს თეონა ანთია, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და "ანიმას" დამფუძნებელი.

მისი თქმით, ახალი საქმის დაწყებამ ნამდვილად მოითხოვა განსაკუთრებული სიმამაცე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მედიცინასა და ადამიანების უსაფრთხოებას.

"ეს არის დიდი პასუხისმგებლობა როგორც დარგის, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შვილზე ოცნებობენ. სწორედ ეს გახდა ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია.

როდესაც საქმე ეხება ადამიანის ოცნებას, გახდეს მშობელი – გაბედულება არჩევანი აღარ არის, ის პასუხისმგებლობა ხდება", – აღნიშნავს ის.

თეონა ანთიასთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ისეთი მიკროეკოსისტემის ფორმირება იყო, სადაც ერთიანდება ჯანმრთელი გარემო, ოჯახური თანადგომა და გუნდური მუშაობის პრინციპები, ხოლო რეპროდუქტოლოგიის სფეროში დიაგნოსტიკა, მიზანმიმართული მკურნალობა და თანამედროვე ტექნოლოგიები მაღალი სტანდარტის ნაწილად იქცევა.

"რეპროდუქციული მედიცინა სიზუსტესა და პროფესიონალიზმის მაღალ დონეს მოითხოვს, თუმცა ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს მთავარი – თითოეული პაციენტის ემოცია და იმედი. სწორედ ამიტომ კლინიკისთვის ყოველი პაციენტი მხოლოდ სამედიცინო შემთხვევა არ არის – ეს არის ოჯახი, რომელიც საკუთარ მომავალს განდობს", – ამბობს ის.

კლინიკის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ის მუდამ ცდილობდა, საქმეს თავად ელაპარაკა მასზე, ზედმეტი მარკეტინგის გარეშე.

"როდესაც შენი შრომის შედეგი ადამიანების ბედნიერებაა, სტერეოტიპები თანდათან კარგავს მნიშვნელობას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის ის ოჯახები, რომლებმაც შეძლეს ახალი ცხოვრების დაწყება, და ასევე, კლინიკის ბედნიერი, ერთიანი გუნდი. სწორედ ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ ქალის ძალა ყველაზე მეტად მაშინ ვლინდება, როცა ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და ლიდერობას საკუთარ თავზე იღებს".

თეონა ანთიასთვის დამოუკიდებელი საქმიანობა ნიშნავს უწყვეტ განვითარებას, დაუღალავ შრომას, მაღალი პასუხისმგებლობის აღებას და მიზნისკენ სვლას ისე, რომ დანებება არასოდეს გახდეს არჩევანი.

"ამ გზაზე გამოწვევებმა მომცა რესურსი, რომ უფრო მეტი გავაკეთო. დიდი მადლობა ჩემს გუნდს ამ საინტერესო პროცესში მუდმივი კოლაბორაციისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის გუნდი და სწორი ღირებულებები. როდესაც ადამიანები ერთ მიზანს ღირსეულად ემსახურებიან, შედეგიც გარდაუვალია.

ქალებსა და გოგონებს ვეტყოდი: ნუ შეგეშინდებათ საკუთარი იდეების. ხშირად ყველაზე დიდი ბარიერი სწორედ საკუთარი შიშია. ყველაზე დიდი რისკი არის მაშინ, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებს არ ენდობი".

კლინიკა "ანიმას" დამფუძნებლისთვის ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ პრობლემას კი არ აფიქსირებს, არამედ იღებს პასუხისმგებლობას მის გადაჭრაზე და მოქმედებს.

"ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც იმედს სისტემად აქცევს", – ამბობს ის.

თეონა ანთია ინსპირაციას იმ მომენტში პოულობს, როდესაც წყვილი, რომელმაც რთული გზა გაიარა, ბავშვის დაბადებას ზეიმობს. მისი თქმით, განსაკუთრებით დაუვიწყარია ემოცია, როდესაც იმ ოჯახებისა და ქალების თვალებში, რომლებიც ამ პროცესს გადიან, ტკივილის ნაცვლად სიხარულის ცრემლები ჩნდება – ეს არის აუხსნელი განცდა, გამარჯვების შეგრძნება, რაც ნებისმიერ გაწეულ შრომას ამართლებს.

"თითოეული ახალი სიცოცხლე, თითოეული დაბადებული ბავშვი ჩვენთვის საერთო გამარჯვებაა".

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ხელოვნური განაყოფიერების კლინიკა "ანიმას" მიზანი მუდმივი განვითარება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც პაციენტი მიიღებს მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის უსაფრთხო მომსახურებას.

"ყველა დაბადებული ბავშვი გვახსენებს, რატომ ავირჩიეთ ეს გზა – რომ იმედი რეალურ შედეგად ვაქციოთ", – ამბობს თეონა ანთია, კლინიკა "ანიმას" დამფუძნებელი.