ანტრეპრენერი თეთრი ხალათით: ლიდერობის გზა, რომელიც ღიმილით იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარიამ მანჯგალაძის პროფესიული გზა მხოლოდ სტომატოლოგიას არ უკავშირდება, ეს არის ისტორია პასუხისმგებლობაზე, გამბედაობაზე, ზრუნვასა და იმ ტრანსფორმაციაზე, რომელიც ღიმილით იწყება და ადამიანის მთელ ცხოვრებას ცვლის.

მარიამის ბიზნესი კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებაზე ბევრად მეტს გულისხმობს: ეს არის სივრცე, სადაც მკურნალობა პოზიტიურ ცვლილებად იქცევა.

როგორც თავად აღნიშნავს, მისი მთავარი მისია ადამიანებზე ზრუნვაა, მათი მკურნალობა, გაბედნიერება და გალამაზება. თუმცა, ასევე განმარტავს, რომ პროცესი მხოლოდ ესთეტიკურ შედეგს არ მოიცავს.

"ძალიან ბევრს ვმუშაობ იმაზე, რომ ადამიანმა ღიმილის ტრანსფორმაციის ეს გზა კომფორტულად, შიშისა და დისკომფორტის გარეშე გაიაროს. ეს ტრანსფორმაცია მხოლოდ კბილებს არ ეხება, ეს პროცესი მათ მთლიანად ცვლის", – მარიამ მანჯგალაძე, სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი.

მარიამი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება იმ ცვლილებებს, რომლებიც პაციენტებში მკურნალობის შემდეგ იჩენს თავს.

"იცვლება ემოციების გამოხატვის გზები, ადამიანები მეტად იღიმიან, უფრო თამამად აჩვენებენ საკუთარ განცდებს და ზოგადად უფრო ბედნიერები ხდებიან. ხშირად ეს ცვლილება გარეგნობაშიც აისახება, იცვლება ჩაცმის სტილი და ზოგჯერ მთლიანად იმიჯიც კი".

მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კლინიკა ასოცირდებოდეს არა სტრესთან, არამედ ჯანმრთელობასთან, თავდაჯერებასა და ბედნიერებასთან. სწორედ ასეთ გარემოს ქმნის ის, სივრცეს, სადაც სტომატოლოგიური მკურნალობა პოზიტიურ გამოცდილებად იქცევა.

საკუთარი კლინიკის გახსნის სურვილი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას ვერ ბედავდა. ბიძგი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, მოულოდნელი და რთული აღმოჩნდა. იხურებოდა კლინიკა, სადაც მუშაობდა, ხოლო პაციენტების დიდი რაოდენობა სასწრაფოდ საჭიროებდა ახალ სივრცეს.

ასე, უცბად და ნაჩქარევად დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი მარიამის ცხოვრებაში. ამ დროს იგი 7 თვის ორსული იყო, მეუღლე კი სამუშაოდ უცხოეთში იმყოფებოდა.

როგორც მარიამი გვიყვება, ყველა საორგანიზაციო საკითხი თავად მოაგვარა. საჭირო მასალისა და ინვენტარის შესაძენად თავად დადიოდა მაღაზიებში, აგვარებდა ბიუროკრატიულ პროცესებს, ატარებდა გასაუბრებებს და პარალელურად, პაციენტებს ძველ სამსახურშიც აქტიურად იღებდა.

საკეისრო კვეთიდან ორი კვირის შემდეგ მუშაობას დაუბრუნდა და იმავე ტემპით გააგრძელა საქმიანობა. დღეს, როდესაც ამ პერიოდს იხსენებს, განსაკუთრებულ სიმამაცედ აფასებს საკუთარ გადაწყვეტილებას.

"იმ დროს ორსულად ვიყავი, წინ იყო სრული გაურკვევლობა, დიდი პასუხისმგებლობა, სტრესი და რისკი. თუმცა, როცა გაქვს მიზანი და ზუსტად იცი, რატომ აკეთებ ამას, შიში აღარ არის მთავარი. მთავარი ხდება პასუხისმგებლობა, საკუთარი თავის, ოჯახისა და პაციენტების წინაშე".

მარიამი ხაზს უსვამს, რომ გზა მარტივი არ ყოფილა, თუმცა მუდმივად გრძნობდა ოჯახის, განსაკუთრებით მეუღლის, ასევე მეგობრებისა და პაციენტების მხარდაჭერას, რამაც სირთულეების გადალახვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ერთდროულად იყო კლინიკის ხელმძღვანელიც და ექიმიც რამდენიმე სტომატოლოგიურ მიმართულებაში, მისი თქმით, განსაკუთრებულად რთულია.

მართვა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, პაციენტებთან მუშაობა კი უზარმაზარ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას განდობს. მიუხედავად სირთულეებისა, მარიამი და მისი გუნდი თავდაუზოგავად შრომობენ მაქსიმალური შედეგისთვის.

"როცა ხედავ, რომ პაციენტი ბედნიერი ტოვებს კლინიკას, იღიმის და მადლობას გიხდის, ხვდები, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს. საჭიროა უდიდესი მოთმინება და სითამამე.

ნუ შეგეშინდებათ დაწყების. იდეალური დრო არ არსებობს. თუ ელოდებით, რომ ყველაფერი სრულყოფილი იქნება, შეიძლება საერთოდ ვერასდროს დაიწყოთ. ნუ მისცემთ პერფექციონიზმს უფლებას, უკან დაგხიოთ.

თქვენ ძალიან ძლიერები, ჭკვიანები და დიპლომატიურები ხართ. ხშირად უფრო მეტი წინაღობა გვხვდება გზაზე, მაგრამ ეს კიდევ უფრო გვაძლიერებს. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ოცნების".

მისთვის ანტრეპრენერი არის მეგობრული ლიდერი და სტრატეგი, თანამშრომლებსა და კლიენტებზე, მის შემთხვევაში – პაციენტებზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც არ უშინდება სიახლეებს და ადვილად ეგუება ცვლილებებს.

საქმიანობაში ყველაზე დიდ ინსპირაციას სწორედ პაციენტები აძლევენ. მათი ემოციები, სიხარული და მადლიერება ყოველდღიური მოტივაციის მთავარი წყაროა.

"როდესაც პაციენტი სარკეში იყურება, საკუთარი თავი მოსწონს, იღიმის, ბედნიერია და კმაყოფილი, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. მე მხოლოდ ღიმილს არ ვცვლი. მე ვცვლი ადამიანის თვითშეფასებასა და ცხოვრებას".