Get All Access for $5/mo

ბიზნესსაქმიანობისა და პროფესიული, ფსიქოთერაპიული და ქოუჩინგური ცოდნის სინთეზით შექმნილი წარმატება - გაიცანით ეკატერინე ჩემია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ICF ქოუჩი და კლინიკა "კანის" ფსიქოთერაპევტი ეკატერინე ჩემია უკვე წლებია, რაც საკუთარი პროფესიული საქმიანობის გარდა, დამოუკიდებელ ბიზნესსაც მართავს. ეკატერინე ქართული ნაციონალური სუვენირების სალონთა ქსელის, "არტ-სუვენირიუსისა" და ბიზნესტრენინგზე მორგებული ტრანსფორმაციული თამაშების ავტორია. როგორც თავად თვლის, მისი ორივე საქმიანობა ერთმანეთთან მჭირდროდაა დაკავშირებული, ვინაიდან ადამიანები მასთან იმისთვის მიდიან, რომ საგზლად მოგონებები, მომავლის რწმენა, ინსპირაცია, მადლიერება და ბედნიერება წაიღონ.

"ჩემი ბიზნესსაქმიანობისა და პროფესიული, ფსიქოთერაპიული და ქოუჩინგური ცოდნის სინთეზით, შექმნილი მაქვს საინტერესო პროდუქტი, ეს არის ტრანსფორაციული თამაშების სერია როგორც ბიზნესსექტორისთვის, ასევე პირადი განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ტრანსფორმაციული თამაშები ,,გმირის მოგზაურობის ისტორია", არის როგორც სამაგიდო, ასევე სივრცული პროექტი. ამჟამად ვმუშაობ სასაჩუქრე ვერსიაზე, რომელიც იქნება უნიკალური და პრეზენტაბელური საჩუქარი ყველა მაძიებლისთვის, ანტრეპრენერისთვის, ბიზნესით და ცხოვრებისეული გამოწვევებით დაინტერესებული ადამიანებისთვის - მათთვის, ვისაც სურს, იყოს საკუთარი ცხოვრების მთავარი გმირი.

რატომ თამაში?!. თამაში არის უნივერსალური აქტივობა, რომელიც დიდობისთვის გვამზადებს ძალდაუტანებლად, ჩვენს შინაგან სამყაროსთან ყველაზე ავთენტურად მორგებული ფორმით, ჩვენ ხომ მხოლოდ იმ თამაშებს ვთამაშობთ, რომლებიც მოგვწონს.

დიდობის-ზრდასრულობის გააზრება კი პასუხისმგებლობის აღების მნიშვნელოვნებასა და შინაგანი საყრდენის ძიების ბიძგს გვაძლევს.

,,გმირის მოგზაურობის ისტორია" არის თამაში, რომელიც გვეხმარება ვიპოვოთ ჩვენი და ჩვენი საქმიანობის სივრცე და ადგილი სამყაროში. გავიაზროთ წარმატებისა და მარცხის მნიშვნელოვნება, გაცემისა და მიღების ბალანსის აუცილებლობა, გამარჯვების ტრიუმფი და მოპოვებული წარმატების მორგება და ღირსეულად ტარება, როგორც ყოველდღიური სამოსის.

ზოგადად, შენი ყოველდღიური საქმიანობა, შენი საყვარელი პროფესია, შენი ბიზნესი, შენი ინტერესები, სივრცე და საზოგადოება შენ გარშემო - ეს შენ ხარ... არ შევწყვიტო განვითარება, ეს ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა, შესაბამისად, ყველა იმ საქმიანობის, რომელსაც მე ვეწევი",- აღნიშნავს ეკატერინე ჩემია.

რაც შეეხება დამოუკიდებელ ბიზნესს, ქართული ნაციონალური სუვენირების სალონთა ქსელის იდეა 18 წლის წინ გაჩნდა - მაშინ, როდესაც ბაზარზე, ფაქტობრივად, არ არსებობდა ხელნაკეთი სუვენირების ფართო არჩევანი. ქვეყნის განვითარებისა და ტურიზმის ზრდის პარალელურად კი აუცილებელი გახდა იმ მწირი რესურსების აკუმულირება, რომელიც მიმოფანტული იყო კერძო საელოსნოებსა და ერთეულ ავტორთა კოლექციებში. ეკატერინე ჩემიამ იდეა "არტ-სუვენირიუსის" სახელით განახორციელა და ერთ სივრცეში გააერთიანა ქართული, ადგილობრივი სუვენირები.

"საკუთარი ბიზნესის დაწყება ყოველთვის ითხოვს გაბედულებას. კონკრეტულად, ჩვენი ბიზნესისთვის გამოწვევა იყო სპეციფიკური ადგილმდებარეობა (სალონები განთავსებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე), შეზღუდული სივრცე ნამუშევრების წარმოსაჩენად, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი, ამ სფეროში მომუშავე კადრების ნაკლებობა, ტურიზმის, როგორც სფეროს, განვითარების ტემპები, ომი და კოვიდპანდემია.

ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ საკადრო პოლიტიკა იყო. 18 წლის მანძილზე არაერთი თანამშრომელი შეიცვალა... ტურისტული სფეროს გააქტიურებასთან ერთად გაიზარდა მინიმალური მოთხოვნები კადრების შერჩევის დარგში... თუმცა ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში ყველაზე მეტად დამეხმარა ჩემი ძირითადი პროფესია - ფსიქოთერაპია. გესმოდეს ადამიანების, ზუსტად აღიქვა მათი საჭიროება და სწორად მიაწოდო მათ შენი მოთხოვნები ისე, რომ ყოველი თანამშრომლის შესაძლებლობა, შრომა და მნიშვნელოვნება იყოს აღიარებული... ეს არის ბიზნესის არსებობის, ზრდისა და განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის გარანტი.

გარდა ბიზნესწარმოებისა, დაახლოებით მეათე წელია ვეწევი აქტიურ ფსიქოთერაპიულ საქმიანობას როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ფორმატში, ჩემს პროფესიულ პრაქტიკაში ყოველდღიურად მხვდებიან ადამიანები ,რომელთა ცხოვრებაში სწორედ ეს კითხვა არის ყველაზე აქტუალური, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელთა გადაჭრაც რთულად წარმოუდგენიათ "მათთან"' ერთად, ინდივიდუალურად, სრულიად უნიკალურ მოცემულობაში, პრაქტიკულად, ყოველდღე თავიდან გავდივარ გზას წარმოუდგენლიდან რეალობამდე და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები ადამიანური შესაძლებლობების სიდიადეში, როცა მას დიდი სურვილი მართავს", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს რესპონდენტი.

ანტრეპრენერის განმარტებით, დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ რისკის მნიშვნელობა, შეცდომების აღიარება/მიღება და ამ შეცდომების ანალიზით უკეთესი რეალობის შექმნა ასწავლა. ეკატერინე ჩემიაა აზრით, სწორედ დამოუკიდებელი საქმიანობაა ის, რაც ანტრეპრენერულ სულისკვეთებას აღვიძებს ჩვენში და გვაძლევს ინსპირაციას, მუდმივად ვიმოქმედოთ. "ანტრეპრენერი არის ქვეყნის ძალა", - გვიყვება რესპონდენტი. "ქალებს, გოგონებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ბიზნესის დაწყება და სხვადასხვა მიზეზით თავს იკავებენ, ვეტყოდი: მოუსმინეთ თქვენს სურვილებს, ისინი არასდროს ტყუიან! დაფიქრდით, რა არის თქვენი სურვილების გაჩენის მიზეზი?! "თუ თქვენ აკეთებთ იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდით, მაშინ იღებთ იმავე შედეგს, რასაც იღებდით. თუ არ მოგწონთ ეს შედეგი, გააკეთეთ რამე სხვა!".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი