Get All Access for $5/mo

აზონი - ანნა ზაალიშვილი "უმთავრესი მიზანი, შემექმნა საკუთარი კომპანია, იყო ტექნოლოგიების უდიდესი სიყვარული და ინტერესი."

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აზონი

Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.

ანნა ზაალიშვილი

აზონი, დამფუძნებელი

რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის დაწყების შესახებ? რატომ გადაწყვიტეთ ანტრეპრენერობა და არა კარიერა კორპორაციულ იერარქიაში?

უმთავრესი მიზანი, შემექმნა საკუთარი კომპანია, იყო ტექნოლოგიების უდიდესი სიყვარული და ინტერესი.

თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?

ანტერპრენერის აზროვნება მასშტაბურია. მისი მთავარი ძალა გაუკვალავი გზით სიარულია. ჩვენ არ მივყვებით დადგენილ წესებს. ყველაზე მთავარი კი ჩვენში დაუმარცხებლობაა. უამრავ გზას ვცდით და აუცილებლად ვპოულობთ გამოსავალს. მეწარმეები კი მუდმივად შემოსავლის ზრდაზე ფიქრობენ და არ ცვლიან გარემოს.

რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?

"აზონი" არის კომპანია, რომელიც სრულად მოიცავს IT-ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვაწვდით ტექნიკას, ვაზღვევთ კომპანიებს კიბერშემოტევისგან, სასერვერო სისტემით უზრუნველვყოფთ მათ და ყველანაირ ინფორმაციას ვინახავთ. ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფას ვავითარებთ. გარდა სიახლეების დანერგვისა, ადაპტირებული მეთოდებით განვაახლებთ ძველ ტექნიკას.

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ აღმოგაჩნდათ?

კომპანიას დღეს სრულიად სხვა გამოწვევები აქვს. ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ, ტექნიკაზე და გამართულ IT-ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა გაზარდა, რადგან ყველაფერი ციფრულ პლატფორმაზე გადაეწყო. ბაზარზე ჩვენს პროდუქტსა და სერვისებზე მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება. ამიტომ ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ შექმნილმა ვითარებამ გვაიძულა, სწრაფად გავზრდილიყავით. გამოვიდა, რომ პანდემიის დროს "აზონი" გაიზარდა და უფრო მასშტაბური მიზნები და პროექტები იგეგმება კომპანიაში.

ამჟამად რამდენიმე მსხვილ პროექტზე ვმუშაობთ. პარალელურად, საცალო მიმართულება გავააქტიურეთ, რაც ასევე ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარეობდა. ონლაინ ყიდვა, მათ შორის ისეთი პროდუქტების, რომელსაც აქამდე დისტანციურად არ ყიდულობდა ქართველი მომხმარებელი, ახლა ჩვეულებრივ ნორმად იქცა.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

ბიზნესის დაწყება ყოველთვის რისკიანია. ბუნებრივია, ჩემთვისაც სარისკო ნაბიჯი იყო, თუმცა მე მიყვარს შამპანური და კარგად მესმოდა ძველი გამონათქვამის მნიშვნელობა. ჩემი მთავარი მოტივაცია ბიზნესის მასშტაბირება და უწყვეტი განვითარებაა.

მიუძღვის თუ არა თქვენს წარმატებაში წვლილი ბედს, იღბალს, და ზოგადად, როგორ უყურებთ იღბლიანობის ფენომენს?

ჩემს შემთხვევაში მიმაჩნია, რომ 10% იღბლის, 90% კი უდიდესი შრომის შედეგია. "რაც უფრო მეტს ვმუშაობ, მით უფრო იღბლიანი ვხდები".

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

თავის დროზე ყველაზე გადაუჭრელი მეჩვენებოდა უკმაყოფილო მომხმარებლის ლოიალობის აღდგენა, თუმცა დღეს არაფერი მიმაჩნია შეუძლებლად. მთავარია სურვილი და საკითხის მიმართ მიდგომები.

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?

დამწყებო ანტრეპრენერებო – გაბედულები იყავით, რადგან საქმიანობის დასაწყებად ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ არსებობს სურვილი, რესურსები ყოველთვის მოიძებნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი