Get All Access for $5/mo

"ბიგ დეი" ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი დღეების გალამაზების სამსახურში და ნესტან წურწუმიას ბიზნესთავგადასავალი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნესტან წურწუმიამ "ბიგ დეის" შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა, თუ რამხელა გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა მის მიერ ორგანიზებულ წვეულებას შვილის 1 წლის იუბილეზე.

როცა ბავშვის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო, აღმოაჩინა, რომ დასავლეთ საქართველოში მსგავსი წვეულებების დაგეგმვის სერვისი ძალიან დაბალ დონეზე იყო განვითარებული. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, თავად ყოფილიყო წვეულების ორგანიზატორი.

"აღმოვაჩინე, რომ დასავლეთ საქართველოში არ არსებობს ისეთი კომპანია, რომელიც ორგანიზაციას გაუწევდა და დააკმაყოფილებდა ყველა ჩემს მოთხოვნას. არ არსებობდა მაღალი ხარისხის ესთეიკური ვიზუალის მქონე ზღაპრის პერსონაჟები, არ იყო დეკორაციების არჩევანი, თბილისიდან კი ამ ყველაფრის მობილიზება ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული", - იხსენებს ნესტანი.

"ბიგ დეის" დაფუძნება პანდემიას დაემთხვა - პერიოდს, როცა წვეულებები, შეკრებები სრულად აკრძალული იყო. ნესტანის თქმით, იმ პერიოდში მუშაობა ძალიან რთული და შრომატევადი საქმე გახდა. რეგულაციების გამო ხშირად შეჩერება უხდებოდათ, განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვა კი კიდევ უფრო გართულდა.

ნესტანი ამბობს, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო თანამშრომლების შენარჩუნება. სწორედ ამიტომ პანდემიის პერიოდში "ბიგ დეი"" რომ არ გაჩერებულიყო, სოციალურ ქსელში გააქტიურდნენ და ასე ცდილობდნენ მომხმარებლებთან კომუნიკაციის შენარჩუნებას, პარალელურად კი დასაქმებულებსაც უნარჩუნებდნენ სამუშაო ადგილს.

"სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ დავიწყეთ გამოძახებებით სიარული სხვადასხვა ქალაქში, იქიდან გამომდინარე, რომ ვაჩვენებდით მაღალ ხარისხს, გვყავდა გამორჩეული ზღაპრის პერსონაჟები, ტრენინგგავლილი ანიმატორები, განსხვავებული გასართობი პროგრამები და დეკორაციები, თან ეს ყველაფერი ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად, ჩვენი შეკვეთების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა".

შეკვეთების ზრდასთან ერთად გაჩნდა იდეა, ბიზნესი გაფართოებულიყო - სწორედ ასე გაიხსნა საბავშვო-გასართობი ცენტრები ზუგდიდსა და ფოთში. "ბიგ დეის" გუნდი მუშაობს ქუთაისში ფილიალის გახსნაზეც - აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ცენტრი პირველ სტუმრებსაც მიიღებს.

ამჟამად "ბიგ დეის" გასართობ პროგრამაში შედის 100-ზე მეტი ზღაპრის გმირი, მრავალნაირი დეკორაცია, ქაფის შოუ, რობოტი ტრანსფორმერები, გიგანტური დინოზავრი, უნიკალური კოსტიუმები. მოქმედებს გამოძახების სერვისიც.

"მთელი დასავლეთ საქართველოს მაშტაბით ვზრუნავთ ბავშვების და მათი მშობლების განწყობაზე", - ამბობს ნესტანი.

დამწყებ თუ მომავალ ანტრეპრენერებს ნესტანი ურჩევს, ჰქონდეთ მკაცრი დისციპლინა და არასდროს დაიღალონ შრომით. რაც მთავარია, აკეთონ საქმე, რაც უყვართ და, შესაბამისად, არ იყვნენ მხოლოდ ფინანსურ მხარეზე ორიენტირებულნი.

"შრომისმოყვარეობისა და საქმის სიყვარულის გარეშე რთულია სირთულეების გადალახვა, რაც ყველა საქმიანობას თან სდევს წარმატების გზაზე".

"ბიგ დეის" მრავალფეროვანი სამომავლო გეგმები აქვს. ქალი ანტრეპრენერი ინტერვიუში გვიმხელს, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა საკვირაო სკოლაზე მანანა ბერიკაშვილთან ერთად. ამგვარად კომპანია ბავშვებსა და მათ მშობლებს არა მხოლოდ გასართობ, არამედ ინტელექტუალურ ზრდაზე ორიენტირებულ სერვისებსაც შესთავაზებს პატარებისთვის.

ნესტანი გვიყვება, რომ საკვირაო სკოლაში მოწვეული სპეციალისტები იმუშავებენ, მათ შორის, თბილისიდან და სწორედ ისინი გაუძღვებიან სასწავლო პროცესს.

"საქართველოს ბევრ რეგიონში ტარდება სხვადასხვა ფესტივალი. ამ ფესტივალთა ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ეწყობა სხვადასხვა სახის მასტერკლასები, რაც ჩვენს რეგიონს ნამდვილად აკლია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი წამოწყება სამეგრელოს რეგიონშიც დაუდებს საფუძველს კულტურული ცხოვრების გააქტიურებას". - ამბობს ნესტანი.

გარდა ამისა, ნესტანის მიზანია, "ბიგ დეი" იყოს საქართველოს მასშტაბით მომუშავე კომპანია და არ შემოიფარგლოს მხოლოდ დასავლეთ საქართველოთი თუ მისი რომელიმე რეგიონით.

"გვაქვს უამრავი შემოთავაზება სხვადასხვა მიმართულებით, რომლებსაც აქტიურად განვიხილავთ და ვფიქრობ, "ბიგ დეი" უმოკლეს დროში იმუშავებს როგორც არა მხოლოდ გასართობი ცენტრი. ვაპირებთ, სხვა მიმართულებებიც განვავითაროთ".

ფინანსები

სტარტაპის დაფინანსების სხვადასხვა გზები

თქვენი იდეის დასაფინანსებლად რთულ კომპრომისებზე მოგიწევთ წასვლა.