ბიზნესი, რომელიც პირადი გამოცდილებიდან დაიბადა – გვანცა ბლიაძის უგლუტენო სამზარეულო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როცა გვანცა ბლიაძემ შვილის დიაგნოზის შესახებ გაიგო, მის წინაშე სრულიად ახალი რეალობა გაჩნდა. ის აღმოჩნდა სამყაროში, სადაც გემრიელი, უსაფრთხო და ჯანსაღი უგლუტენო პროდუქტების პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. ეს არ იყო მხოლოდ კვების საკითხი - ეს ცხოვრების ხარისხის, ყოველდღიური კომფორტისა და არჩევანის თავისუფლების საკითხი გახდა.
სწორედ მაშინ გაჩნდა Gvantsa's Gluten Free-ის იდეა. გვანცას არ სურდა, უგლუტენო კვება ყოფილიყო უბრალოდ, აუცილებლობა, რომელსაც ალტერნატივის არარსებობის გამო ირჩევენ. მისი მიზანი იყო, ეს პროდუქტი ისეთივე მიმზიდველი, სრულფასოვანი და სასიამოვნო გაეხადა, როგორიც ტრადიციული საკვები.
"Gvantsa's Gluten Free სწორედ ამ პრობლემას აგვარებს - ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომლითაც ადამიანები მშვიდად და სიამოვნებით მიირთმევენ ყოველგვარი შიშისა და კომპრომისის გარეშე", - გვიყვება გვანცა ბლიაძე.
ბიზნესის დაწყება მარტივი არ ყოფილა. ჯერ ბაზარი მზად არ იყო, ცნობიერება - დაბალი, არჩევანი - მინიმალური. სკეპტიციზმიც საკმარისად ხვდებოდა გზაზე, მაგრამ გვანცასთვის ეს არ იყო მხოლოდ კომერციული იდეა. ეს ფახლდათ დედის ბრძოლა შვილისთვის, რომელიც მალე სხვა ადამიანების ცხოვრებასაც შეცვლიდა. ხოლო როცა საქმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ეხება, აუცილებელია გაბედულება, და სწორედ ამ სიმამაცემ მისცა მას ძალა, არ გაჩერებულიყო.
უგლუტენო პროდუქტის წარმოება უდიდეს სიზუსტეს მოითხოვს. თითოეული ინგრედიენტი, მთელი პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა მომხმარებელი სრულიად დაცული იყოს. გვანცასთვის ყველაზე დიდი გამოწვევა თავიდან სწორედ სტაბილური ხარისხის პროდუქტის შერჩევა და მომხმარებლის ნდობის მოპოვება იყო.
ბაზარზე შესვლის პირველივე დღიდან მას არასდროს გადაუხვევია მთავარი პრინციპიდან -პროდუქტის უსაფრთხოება და ხარისხი. სწორედ ეს მიდგომა გახდა წარმატების საფუძველი. დღეს Gvantsa's Gluten Free არა მხოლოდ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს, არამედ ამ სფეროს სრულიად ახალ სტანდარტს უწესებს.
"ეს საქმე ბიზნესზე მეტი იყო, რომელიც რეალურად შეცვლიდა ადამიანების ცხოვრებას. სწორედ ამ რწმენამ მომცა ძალა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ჩემი გზა გამეგრძელებინა".
ქალ-მეწარმედ ყოფნა კვების ინდუსტრიაში, მითუმეტეს, სრულიად ახალ და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სექტორში, მარტივი არ არის. ზოგჯერ ქალებს უფრო მეტი შრომა და მტკიცება სჭირდებათ, რათა მათი იდეები სერიოზულად მიიღონ. თუმცა გვანცა არასდროს ფიქრობდა, რომ ვინმესთვის რამე უნდა დაემტკიცებინა. მისი მიზანი ერთი იყო შეექმნა საუკეთესო პროდუქტი.
"წარმატება არ იცნობს გენდერს - ის მხოლოდ შრომას, ცოდნასა და მონდომებას აღიარებს", ამბობს ის.
ბიზნესმა მას ბევრი რამ ასწავლა - მოთმინება, გამძლეობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გაგება. წარმატება არ მოდის მხოლოდ ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებით. ის იქმნება მაშინ, როცა ადამიანი გულით აკეთებს იმას, რისიც სჯერა. ამიტომ გვანცა დამწყებ ანტრეპრენერებს ურჩევს, არასდროს დაკარგონ მთავარი მიზანი, არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ბოლომდე დაიჯერონ საკუთარი იდეის, მაშინაც კი, როცა არავის სჯერა.
მისთვის ანტრეპრენერი სწორედ ეს არის - ადამიანი, რომელსაც შეუძლია პრობლემა შესაძლებლობად აქციოს. ადამიანი, რომელიც ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და მზადაა, ამ ხედვისთვის ბოლომდე იბრძოლოს.
რაც შეეხება მოტივაციას, ყველაზე დიდ სტიმულს გვანცას თავისი შვილი აძლევს. მისმა დიაგნოზმა მთლიანად შეცვალა გვანცას დამოკიდებულება კვებისა და მისი მნიშვნელობის მიმართ. ახლა გვანცას მისიაა, ეს ცვლილება სხვების ცხოვრებაშიც შეიტანოს. სწორედ ამიტომ Gvantsa's Gluten Free-ის განვითარება არ ჩერდება - ბრენდი გეგმავს პროდუქციის ხაზის გაფართოებას, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და იმ სტანდარტის ჩამოყალიბებას, რომელიც უგლუტენო კვებას ახალ დონეზე აიყვანს.
"ჩვენ არ მივდივართ კომპრომისზე ხარისხისა და გემოს ხარჯზე - ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს და ვცვლით წარმოდგენებს გლუტენისგან თავისუფალ კვებაზე. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს უგლუტენო პროდუქციის წამყვანი და ნდობით აღჭურვილი მწარმოებელი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზეც ღირსეულად დაიმკვიდრებს თავს".