BUBBLEHEAD - პლატფორმა, რომელიც ცოდნის მიღებასა და ტვინწყობის განვითარებაში გეხმარებათ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ბაბლჰედი" არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის საზრისს ცოდნის გავრცელება წარმოადგენს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი მიზანია ტვინწყობის (Mindset) ჩამოყალიბება.
"ჩვენი მისიაა შთაგონება და გზამკვლევის შექმნა მათთვის, ვისაც საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა სურს", - მარიამ გიორგაძე, Bubblehead-ის პარტნიორი.
მარიამი გვიყვება, რომ პირველად ორმა ახალგაზრდა ლიდერმა წაიკითხა წიგნი "ბიზნესის გული: ლიდერობა კაპიტალიზმის მომდევნო ერაში" და სურვილი გაუჩნდა, ეს წიგნი ქართულენოვანი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. წიგნი "სოლოსა" და "ვიზას" მხარდაჭერით გამოიცა.
"ეს ადამიანები ძმები და ჩემი ბიძაშვილები, ლევან და გივი გიორგაძეები არიან. საგამომცემლო სფეროში უკვე წლებია ვსაქმიანობ და არა მხოლოდ ქართულ საგამომცემლო სახლთან, არამედ საერთაშორისო გამომცემლობებთან თანამშრომლობის გამოცდილებაც მაქვს.
ყველაფერი ერთი წიგნით დაიწყო. მათ დავეხმარე წიგნის გამოცემასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში და მაშინ არც კი გვიფიქრია, რომ ეს შეძლებოდა ცალკე, დამოუკიდებელ საქმედ გვექცია.
წიგნის მომზადების ეტაპები საკმაოდ კომპლექსურია, თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, თუ ერთხელ შეისუნთქე წიგნისა და სტამბის "მტვერი", ეს საქმე მოგაჯადოებს. ამიტომ ეს პროცესი მხოლოდ ერთი წიგნის თარგმნა-გავრცელებით ვერ დასრულდებოდა".
მარიამი იხსენებს, რომ ამ პროცესში მათ თავიანთი საზრისი დაინახეს და მიხვდნენ, რომ სურდათ, ეთარგმნათ წიგნები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა.
Bubblehead-ი, გარდა წიგნების თარგმნისა, სხვა საგანმანათლებლო პროექტებსაც ახორციელებს, მაგალითად, ასეთი იყო "სოლო ლაუნჯში", "ბიზნესის გულის" ავტორის, უბერ ჟოლის, ონლაინშეხვედრა.
როგორც მარიამი აღნიშნავს, ჟოლი ჰარვარდის ბიზნესის მიმოხილვამ მსოფლიოს 100 საუკეთესო უფროს აღმასრულებელ ოფიცერს შორის დაასახელა. "ბარონსმა" იგი 30 საუკეთესო უფროსი აღმასრულებლის სიაში შეიყვანა, ხოლო Glassdoor-ის ყოველწლიურ დასაქმებულთა მიერ იგი აშშ-ის 10 საუკეთესო უფროს აღმასრულებელ ოფიცერთა შორის დასახელდა.
"ქართველ საზოგადოებას საშუალება მივეცით, ჰარვარდის ბიზნესსკოლის ლექტორის ლექციას უსასყიდლოდ დასწრებოდნენ. ვფიქრობ, ასეთი დონის პროფესიონალებთან შეხვედრები, დისკუსიები ქართული აუდიტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანებს "ტვინწყობის" შეცვლაში ეხმარება, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დადებით შედეგებს მოიტანს.
Bubblehead-ი ითარგმნება, როგორც თავგასივებული. ეს ტერმინი გულისხმობს ცარიელთავიან ადამიანს, რომელიც ამ ცარიელი თავის ცოდნით შევსებისკენ უნდა მიისწრაფოდეს. ჩვენი საზრისია, მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, თავიანთი გონება ღირებული ინფორმაციით, ცოდნითა და ახალი გამოცდილებით შეავსონ".
მარიამი ამბობს, რომ საკუთარ ბიზნესზე ბავშვობიდან ოცნებობდა, თუმცა სხვადასხვა ეტაპზე ამისთვის გამბედაობა არ ჰყოფნიდა. დროთა განმავლობაში ცხოვრება და გამოცდილება დაეხმარა საკუთარი მიზნის პოვნასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში.
"გაბედულება, დისციპლინა, თანმიმდევრულობა, ცივი გონება და მოთმინება - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც საკუთარ ბიზნესს იწყებ. ანტრეპრენერი ჩემთვის არის ჯიუტი ბავშვი, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მიზნის მიღწევას ცდილობს.
Bubblehead-ი იქნება კულტურის ფორმირების კატალიზატორი საქართველოში ლიდერობისა და უწყვეტი განვითარებისთვის. მოყოლილი ისტორიებისა და ტრანსფორმაციული იდეების ძალით ჩვენ ადამიანებს შთავაგონებთ, ორგანიზაციებს გავაძლიერებთ და ქართულ საზოგადოებას განვავითარებთ, რათა მომავალ თაობებს მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დავუტოვოთ.