Get All Access for $5/mo

"ჩოკომია" - მაია რატიანის გზა ჰობიდან წარმატებულ ბიზნესამდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მაია რატიანის "ჩოკომია" მისი კონდიტერიისადმი სიყვარულის ერთგვარი გაგრძელებაა - ანტრეპრენერმა ქალმა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, რომ ჰობი შემოსავლის წყაროდ ექცია და ასეც მოიქცა.

მისი დაინტერესება ყველიანი შოკოლადის ტრიუფელებით ასე დაიწყო:

"კონდიტერია ყოველთვის ჩემი მოწოდება იყო, ჩემს ოჯახში ყველა სადღესასწაულო სუფრა სახლში მომზადებული სხვადასხვა ტკბილეულით იყო სავსე. ვცდილობდი რაღაც ახალი, განსაკუთრებული და უჩვეულო ტკბილეულის მომზადება მესწავლა. როცა ვეძებთ, ყოველთვის ვპოულობთ, და აი, მეც წავაწყდი საინტერესო თემას - ყველიანი შოკოლადის ტრიუფელების მასტერკლასს. ამ თემამ ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე მესწავლა და ჩემი მეგობრებისა და ახლობლებისთვის მიმენიჭებინა სიამოვნება".

მაია იხსენებს, რომ მალევე გადაწყვიტა, ბიზნესსაქმიანობა დაეწყო და ყველისა და შოკოლადის გაერთიანებული გემოვნური თვისებები ფართო საზოგადოებისთვის წარედგინა.

ამჟამად მომხმარებელს სთავაზობს შოკოლადის ტრიუფელებს ყველით DorBlue (ყველი ლურჯი ობით), პარმეზანით, ყველით ბრი. თუმცა,მუშაობს ქართული ყველის მწარმოებლებთანაც და იმედი აქვს, რომ მალე ქართული დავარგებული ყველით დამზადებული შოკოლადის ტრიუფელების დამზადებასაც შეძლებს.

ანტრეპრენერი ქალი იხსენებს, რომ ბიზნესის დაწყება განსაკუთრებულ გამბედაობას მოითხოვდა იმის გათვალისწინებით, რომ მას ამ კუთხით გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა. სირთულეს წარმოადგენდა სოციალური ქსელების მართვაც, რაშიც ასევე არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება.

გარდა ამისა, გამოწვევა იყო მისივე პროდუქციის დამზადების ტექნოლოგია - როგორც მაია ამბობს, მიუხედავად კონდიტერიით გატაცებისა, შოკოლადის დამუშავებასთან აქტიური შეხება 2022 წლამდე არ ჰქონია.

"საჭირო იყო ყველაფრის სწავლა, ექსპერიმენტების ჩატარება რა და როგორი გამოვიდოდა, იმ უნარების განვითარება, რომელიც შოკოლადის ნაწარმთან სამუშაოდ არის საჭირო. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დროის მანძილზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და კარგი გამოცდილება მივიღე", - ამბობს მაია.

Entrepreneur-თან ინტერვიუში მაია რატიანი ამბობს, რომ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ, პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენა გაუმყარა.

სწორედ მისივე გამოცდილების მაგალითზე ფიქრობს, რომ მთავარია, ადამიანებს ჰქონდეთ მიზანი და სურვილი, მიაღწიონ იმ კონკრეტულ წერტილამდე.

"მიზნისკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის, ამ გზაზე ბევრი წინააღმდეგობაა, მაგრამ როცა ყველაფერს გადალახავ, წინ უდიდესი სიამოვნება გელის. ეს არის საკუთარ თავზე გამარჯვება, საკუთარი შიშების დამარცხება".

სწორედ ყველა აღნიშნული თვისების ქონას მიიჩნევს ნამდვილი ანტრეპრენერის მახასიათებლებად - მიზანსწრაფულობა, საკუთარი თავის რწმენა და ჯიუტად სვლა ოცნებისკენ, განურჩევლად იმისა, თუ რამდენი წინაღობა ხვდებათ გზად.

მაია რატიანისთვის მთავარი მოტივაცია და შთაგონების წყარო თავად კონდიტერიაა - სიახლეები, ინდუსტრიაში არსებული ტრენდები და ცვლილებები, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს.

სამომავლო ხედვას რაც შეეხება - "ჩოკომიას" დიდი გეგმები აქვს. მაია გვიყვება, რომ სურს მომხმარებელს სრულად გადასცეს თავისი დადებითი ემოციები, რაც შოკოლადს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბაზარზე მხოლოდ შოკოლადის ნაწარმით არის წარმოდგენილი, "ჩოკომიაში" მალე იაპონური დესერტის, მოჩის დამატებაც იგეგმება.

ასორტიმენტის გამდიდრება მხოლოდ ამ მიმართულებით არ შემოიფარგლება - მაია აპირებს, დაამატოს ფრანგული ხაზის საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც ასევე ადგილზე მომზადდება.

"მომხმარებელს საშუალება ექნება, ერთ სივრცეში მიიღოს მომსახურება, დააგემოვნოს უგემრიელესი ტკბილეული როგორც ადგილზე, ასევე შეუკვეთოს და თან წაიღოს. სადღესასწაულო დღეებზე მომხმარებელი მიიღებს თემატურ პროდუქციას, პარალელურად იმუშავებს ონლაინმომსახურება", - გვეუბნება მაია რატიანი.