Cyber Week Sale! 50% Off All Access

დეცენტრალიზაცია ანტრეპრენერულად - მაკო ჟორჟიკაშვილი სათემო კავშირი "ნიყვის კომუნა" | სოფელი კურსები, ტყიბული, იმერეთი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

მაკო (მარიამ) ჟორჟიკაშვილი 2006 წლიდან ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობს. მისი გამოცდილება მოიცავს როგორც ტურისტულ კომპანია Explore Georgia-ს და ავიაკომპანია LOT-ში მუშაობას, ასევე სასტუმროში გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობას სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისსა" და "როიალ ბატონში".

განსაკუთრებული ემოციებით ტურისტულ კომპანიაში მუშაობაზე საუბრობს, რადგან სწორედ აქედან დაიწყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი. მაკოს სამუშაო სპეციფიკა დაკავშირებულია ახალი, საინტერესო ტურისტული პროდუქტების მოძიებასთან და საქმიანი ტურისტებისთვის ექსკლუზიური პროექტების დაგეგმვასთან. მისი ინტერესი ე.წ. ნიშური ტურიზმია, ამიტომ ის დაკავებულია ნაკლებად ცნობადი ადგილების მოკვლევით, სადაც თვითმყოფადი გარემო და უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა სტუმრისთვის.

გამოცდილებამ დაანახა, რომ ასეთ ადგილებში მოგზაურობა, გარდა სტუმრის უსაზღვრო კმაყოფილებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემებისთვის, სოფლის უბრალო მცხოვრებლებისთვის, რაც მათი მხარდაჭერის ტოლფასია.

რეგიონში სამეწარმეო და სათემო განვითარების საქმიანობის შესახებ

სოფელ კურსებში საცხოვრებლად წელს "გადაბარგდა". მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე საკუთარი საქმის განვითარებით არის დაკავებული, კვლავ აქტიურად განაგრძობს კომპანიაში საქმიანობას − უკვე სოფლიდან, რაც მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი სრულიად არ არის. მაკოს ტყიბულში ბებია-ბაბუისდროინდელი სახლი ჰქონდა, სადაც ყოველ ზაფხულს დასასვენებლად ოჯახთან ერთად ჩადიოდა. დასავლეთ საქართველოს კოლორიტული დედაქალაქიდან და კულტურის შუქურიდან, ანუ ქუთაისიდან, სულ რაღაც 10 კილომეტრი აშორებს, რაც ადგილს მოსახერხებელს ხდის სამოგზაუროდ.

მას სურდა შეეცვალა რეგიონში არსებული მწვავე ვითარება, რომელიც მაღალ მიგრაციასთან და სიღარიბესთან არის დაკავშირებული. წლიდან წლამდე ხედავდა ტენდენციას, როგორ იცლებოდა სოფელი ახალგაზრდა თაობისგან. მისი თაობის წარმომადგენლები თითზე ჩამოსათვლელადღაა დარჩენილი, რადგან მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქება-გაუმჯობესების მიზნით, ისინი ტოვებენ სოფელს და თბილისში ან ქვეყნის გარეთ მიდიან სამუშაოდ. ხშირად იქიდან უკან აღარ ან ვეღარ ბრუნდებიან, ადგილზე კი მხოლოდ "ბებიები და შვილიშვილები" რჩებიან.

ამიტომ, მაკომ გადაწყვიტა, ახალი შესაძლებლობები გაეჩინა სოფელში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ხალხის ადგილზე დასაქმებისთვის. "ტყიბულში სოკო უხვად მოიპოვება. შარშან ზაფხულს გამიჩნდა იდეა, რომ სწორედ ეს გამხდარიყო ე.წ. ნიშური პროდუქტი, რომელსაც ჩავეჭიდებოდი და სოფელ კურსებში შევეცდებოდი სოფლის ტურიზმის განვითარებას. გასულ ზაფხულს, სხვა სოკოებთან ერთად, ნიყვის განსაკუთრებით უხვი მოსავალი გვქონდა ტყეში. საწყის ეტაპზე გადავწყვიტე, მეზობელი ქალბატონები შემომეკრიბა და შემეთავაზებინა მათთვის სეზონის განმავლობაში ნიყვის შეგროვება, რომლის თბილისში დისტრიბუციას მე უზრუნველვყოფდი. მოთხოვნა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. სოფლის მცხოვრებთ ფაქტობრივად შინიდან გაუსვლელად გაუჩნდათ შემოსავლის წყარო, თანაც ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე", – ამბობს მაკო.

ადგილობრივ ქალბატონებთან ერთად დააფუძნა ქალთა სათემო კავშირი "ნიყვის კომუნა". მიზანი ისეთი გარემოს შექმნა იყო, სადაც სოფლისა და ეკოტურიზმის მოყვარულები თავს ადგილობრივებად იგრძნობდნენ და უშუალო შეხება ექნებოდათ სოფლის ცხოვრებასთან. სოკო აქტიურად დაუკავშირა ხელოვნებას, რასაც არტისტული ვორქშოფებისა და არტ-ფლორ დიზაინის საშუალებით ხშირად გამოხატავს.

არტი და ხელოვნებასთან კავშირი უწყვეტ დინამიკაში მთავარი მამოძრავებელი ხაზია ჩვენი კომუნის განვითარების საქმეში. სახლის ერთ-ერთ ნაწილში სივრცეც კი გამოვყავით შემოქმედებითი საქმიანობისთვის", – ამბობს მაკო.

კოლეგა ტუროპერატორების დახმარებით, ხშირად მასპინძლობენ ტურისტულ ჯგუფებს. წელს უკვე უმასპინძლეს სტუმრებს საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან და ბელგიიდან, რომლებიც აზიარეს ადგილობრივ გასტრონომიულ გამოცდილებებს. პროექტ "არტისტერიუმი 2019"-ის ფარგლებში 10 დღის განმავლობაში უმასპინძლეს ამერიკელ ფუდ-არტის სპეციალისტ ეშლინ მორგანს, რომელმაც სოკოს ინსპირაციით და ადგილობრივი ინგრედიენტების გამოყენებით, არაჩვეულებრივი კულინარიული ნიმუშები შექმნა. მათ შორის, ადგილობრივი ქალების დახმარებით, გააცოცხლეს მივიწყებული იქაური კერძი – ნიყვის საცივი, რომელიც ძველ დროში ტრადიციულ საახალწლო კერძად მიიჩნეოდა.

მაკოს თაოსნობით, მოხდა ადგილობრივი რესურსების მობილიზება საერთო ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნისთვის. სათემო კავშირის ირგვლივ გაერთიანებამ და რესურსების სწორად გამოყენებამ, სოკოზე მოთხოვნა იმდენად გაზარდა, რომ მის შეგროვებაში უკვე სოფელ კურსების გარდა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც არიან ჩართული. ერთი ადგილის წარმატება, საბოლოო ჯამში, გადამდები ეფექტის აღმოჩნდა მთელი რეგიონისთვის.

გამოწვევები

ყველაზე რთული დაწყებითი ეტაპი იყო. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ადგილობრივების დარწმუნება, რომ სოფელ კურსებს აქვს სოფლის ტურიზმის განვითარების პოტენციალი და სოკოს შემგროვებლობა შეიძლებოდა მათი მუდმივი შემოსავლის წყარო გამხდარიყო. თუმცა, მაკოს დანებება არ სჩვევია.

გამოწვევებზე როცა ვსაუბრობთ, ეს ტყიბულის შემთხვევაში ამოუწურავია. თუმცა მაკომ სოფლის ტურიზმის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ასევე კომპლექსურ გადაწყვეტას საჭიროებს.

მისი თქმით, მეტი მუშაობაა საჭირო რეგიონის ცნობადობის გაზრდის, ტურისტული ღირსშესანიშნაობების ინფრასტრუქტურული მოწესრიგების, ტურისტული კვლევების, პროფესიული უნარების მქონე კადრების მომზადების, ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების გადამზადებისა და საგზაო მანიშნებლების განვითარების კუთხით. "აქვე დავძენ, რომ საქმე ამ ეტაპამდე მხოლოდ ჩემი რესურსით და მეგობრების დახმარებით მოვიყვანე. ცხადია, არ შემწევს უნარი უფრო მასშტაბურ საჭიროებებს მარტო გავუმკლავდე", – ამბობს მაკო.

გამოწვევებს შორის საკვანძოა სპეციალიზებული განათლების პრობლემა, რაც რეგიონს აგრორესურსების ეფექტურ გამოყენებაში უშლის ხელს. მართალია, სარწყავი, სამაცივრე და საშრობი სისტემებისა და მოწყობილობების მოწესრიგების გარეშე ვერ ხდება პროდუქტის ეკონომიკური რესურსის სრულად გამოყენება და სეზონურობის რისკის შემცირება, თუმცა მოკლევადიან გამოსავალს დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებში ხედავს, რაც სამეურნეო პირობებში სოკოს კულტივაციის ცოდნის გაღრმავებასა და თანამედროვე გამოცდილების გაზიარებაში შეუწყობდა ხელს. მათთვის სპეციალისტების წერტილოვანი დახმარება უმნიშვნელოვანესია.

სამომავლო გეგმები

სამომავლო გეგმებში სოკოს ფერმერული მეურნეობების გამართვა და სოკოს ტურიზმის გაფართოებაა მთელ რეგიონში. მსგავსად ღვინისა და თაფლის გზისა, მაკოს მიზანია თემატური ქსელის შექმნა და სოკოს გზის დაარსება ქართულ ტურიზმში. რატომაც არა? "აქტიურად მოვიაზრებთ ტექნოლოგიის დახვეწას, რაც როგორც სეზონურ, ისე არასეზონურ პერიოდში, ჩვენს წარმადობასა და გაყიდვებს გაზრდის. ეს ასევე დაგვეხმარება სოკოს პროდუქციის დივერსიფიცირებასა და ბაზარზე ახალი პროდუქციის გაჩენაში", – ამბობს მაკო.

ფართო მიზანი ტყიბულის შესახებ ცნობადობის გაზრდა და საერთაშორისო ასპარეზზე საპატიო ადგილის დაკავებაა. ამ მიზნით, სოფლის ტურიზმზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მიზნობრივ ჯგუფებთან კავშირების დამყარებას აპირებს.

გეგმავს დააფუძნოს ყოველწლიური კულინარიული ფესტივალი − Mushroom Art Fest, რომელსაც საერთაშორისო ხასიათი ექნება. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან მზარეულები, კულინარები და არტისტები, სადაც ისინი მოამზადებენ სოკოს კერძებს საკუთარი რეცეპტით, არტისტები ადგილზე არსებული მასალით მოამზადებენ ინსტალაციებს, ჩაატარებენ ვორქშოფებს, შექმნიან სოკოებს სხვადასხვა მასალის გამოყენებით, რომლებსაც განათავსებენ Mushroom Art Houses-ის საგამოფენო სივრცეში, რაც მომავალში სოკოს მუზეუმად გადაიქცევა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

extra express - ახალი კატეგორია ექსტრასგან

express კატეგორიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მარკეტის პროდუქტებია