DR. Gvantsa - როგორ იქცა საყვარელი საქმე ბიზნესად "მინდა, რომ თავის მოვლა, სილამაზე და სიჯანსაღე ყველა ქალისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყოს"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როცა გვანცა გვანცელაძემ გადაწყვიტა, ესთეტიკის სფეროში ემუშავა, ზუსტად იცოდა – ეს არ იქნებოდა უბრალოდ პროფესია. ეს იქნებოდა მისი საქმე, რომელიც ქალებს თავდაჯერებას შემატებდა. სტატიაში გაგაცნობთ ახალგაზრდა ესთეტიკოს-ინიექციონისტს, რომელმაც თავისი პროფესია ბიზნესად აქცია და თელავში საკუთარ ესთეტიკურ კაბინეტს DR. Gvantsa-ს მართავს.
გვანცასთვის ყველაფერი კი დაიწყო სურვილით, ემუშავა იმაზე, რაც მართლა აინტერესებდა და სურდა საკუთარი პროფესიული რესურსი ამ საქმისთვის მიეძღვნა.
"ჩემი ბიზნესი ემსახურება ქალბატონების სახის კანთან დაკავშირებული იმ სასურველი შედეგების მიღწევას, რაც სურთ – კორექციას, გალამაზებას, სიჯანსაღის შენარჩუნებას. იდეა იმისა, რომ საკუთარი ბიზნესი მქონოდა, გაჩნდა მაშინვე, როცა ჩემი თავი ამ სფეროში სრულიად წარმოვიდგინე. მინდა, რომ თავის მოვლა, სილამაზე და სიჯანსაღე ყველა ქალისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყოს. ჩემი პაციენტები კმაყოფილი და ბედნიერებით სავსენი რომ მიდიან, ახალ სიცოცხლეს და ენერგიას მმატებს", – ამბობს გვანცელაძე.
გვანცა გვანცელაძის ესთეტიკური კაბინეტი DR. Gvantsa არა მხოლოდ კანის მოვლის პროცედურებს, არამედ სწორი რჩევებისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. მიუხედავად დღევანდელი წარმატებისა, ჩვენთან საუბრისას გვანცა გვანცელაძე აღნიშნავს, რომ გზა ამჟამინდელ წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა:
"სიმამაცე ყოველთვის აუცილებელია, როცა რაღაც ახალს იწყებ. განსაკუთრებით რთულია ფინანსური მხარე, პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილებების მიღება. ამ ყველაფერს ემატება პირადი ცხოვრება – მე საკუთარი საქმე ორსულობის ბოლო თვეებში დავიწყე და შემდეგ ორი შვილით გავაგრძელე. დაღლას ვგრძნობდი, მაგრამ არასდროს მიფიქრია გაჩერებაზე".
როგორც გვანცა გვანცელაძე აღნიშნავს, მისთვის ანტრეპრენერი ასოცირდება რისკთან, გამბედაობასთან, ახალ დასაწყისთან, შემოქმედებასა და შეუპოვრობასთან.
გვანცასთვის ესთეტიკა მხოლოდ გარეგნობაზე ზრუნვა არ არის. მისთვის ესაა კომფორტისა და თავდაჯერებულობის შექმნის პროცესი, რასაც სწორად შერჩეული პროცედურები და პროფესიონალური მიდგომა სჭირდება. ამბობს, რომ განვითარების მუდმივი პროცესი მომავალი წარმატების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად მიაჩნია.
გვანცა გვანცელაძე:
"ჩემი გამოცდილებით შემიძლია გარკვეული რჩევაც მივცე იმ გოგოებს, რომლებსაც უნდათ, საკუთარი თავი შემდგარ და წარმატებულ ქალებად იხილონ. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ეს ის საქმეა, რომელიც გიყვართ, თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ და სიამოვნებას განიჭებთ. დაფიქრდით და წარმოიდგინეთ, სად ხედავთ საკუთარ თავს, შემდეგ კი დაიწყეთ ნაბიჯების ეტაპობრივად გადადგმა. ყოველი დღე აქციეთ რაღაც ახლის სწავლისა და და პრაქტიკის მიღების დღედ. გახსოვდეთ, რომ ქალს შეუძლია ყველაზე წარმატებული, ჭკვიანი და ორგანიზებული იყოს. საკუთარი თვისებები უნდა აღმოაჩინო და გამოიყენო. ჩემი პირადი კარიერული გზა არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა ჯერ დასაწყისია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ცხოვრება კიდევ უამრავ რამეს მასწავლის".