Get All Access for $5/mo

ედისონის სახ. სკოლა "ნოვაცია" - თამარ ჯანგულაშვილის ანტრეპრენერული მოგზაურობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თამარ ჯანგულაშვილმა ედისონის სახ. სკოლა "ნოვაცია" 2022 წელს დააფუძნა. მისი თქმით, მიზანია "ჯანსაღ და უსაფრთხო სასკოლო გარემოში მოსწავლეებს მისცეს განათლება მდგრადი განვითარებისთვის და აღზარდოს ისინი მაძიებელ, შემოქმედ, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად".

როგორც თამარი ამბობს, ამ მისიას სკოლა სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ასრულებს.

Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, რომ სკოლის დაფუძნების გადაწყვეტილებამდე ხარისხიანი განათლების მიწოდების საჭიროების დანახვით მივიდა. თამარ ჯანგულაშვილი ამბობს, რომ სკოლამ არამხოლოდ ცოდნა, არამედ ცოდნის პრაქტიკული გამოყენებაც უნდა ასწავლოს მოსწავლეებს.

"ამისთვის კი შესაბამისი გარემოა საჭირო, რაც სკოლამ უნდა შექმნას ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლებით, უცხოური კარგი გამოცდილების გაზიარებით და მასწავლებელთა მუდმივი გადამზადებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვა, მოსწავლეთა მონაწილეობა სასწავლო და საგანმანათლებლო პროექტებში და მასწავლებელთა უცხოეთში გადამზადება", - ამბობს ის.

თამარის თქმით, საგანმანათლებლო ბაზარი მაღალი კონკურენციით გამოირჩევა და აქ შესვლა როგორც ბიზნეს, ისე ზოგადი ხედვითაც გამბედაობას საჭიროებს - საქმე მომავალი თაობების აღზრდას ეხება. ამავდროულად, ამბობს იმასაც, რომ მათი ხედვა და განათლების ის დონე, რასაც მოსწავლეებს სთავაზობენ, იმთავითვე აძლევდა სკოლის დამფუძნებელს გამბედაობას.

ანტრეპრენერი ქალი ფიქრობს, რომ არამხოლოდ საწყის, არამედ მთელი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მუდმივი სიახლეების ძიება და ამ ყველაფრის სკოლაში დანერგვა, სასწავლო პროცესის გადახალისება.

"ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა და დანერგვის პროცესში ციფრული ტრანსფორმაცია საგანმანათლებლო ბიზნესში მთავარი გამოწვევაა, ვინაიდან ტექნოლოგიური წინსვლა ბევრ შესაძლებლობასთან ერთად ბევრ გამოწვევას აჩენს, თუმცა ვცდილობთ სამომავლოდ მოსწავლეებს შევთავაზოთ სწავლების ინოვაციური მეთოდები და მეტი ტექნოლოგიური შესაძლებლობა გამოვიყენოთ საგაკვეთილო პროცესში", - გვეუბნება თამარ ჯანგულაშვილი.

თამარი ინტერვიუში ამბობს, რომ ბიზნესის მართვა დინამიკური პროცესია და დამოუკიდებელმა საქმიანობამ კიდევ უფრო ნათლად დაანახვა, თუ რამდენად სწრაფად უნდა შეეძლოს გარემოს ცვლილებაზე ადაპტაცია და რისკის მყისიერი მენეჯმენტი, დროის სწორი განაწილება. აუცილებელია რესურსებისა და ფინანსების ადეკვატური მართვაც.

"მნიშვნელოვანია დავამყაროთ საქმიანი კონტაქტები ინდივიდებსა და კომპანიებთან პარტნიორობის გაღრმავების და ახალი ინოვაციური იდეებისა და შესაძლებლობების გაზიარების მიზნით, რაც ერთი მხრივ, გაზრდის ჩვენი, როგორც ბიზნესის ცნობადობას, ასევე გაზრდის ახალ და საინტერესო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას და სიახლეების დანერგვას".

მთავარი, რასაც დამწყებებს ურჩევს, რიცხვებზე, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაა. თამარი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯები უწყობს ხელს ბიზნესის წარმატებასა და ფინანსურ სარგებელს. ასევე, მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ რომელმა სიახლემ იმუშავა, რა მოუტანა ბიზნესს და რამ არ გაამართლა.

კითხვაზე, ვინ არის მისთვის ნამდვილი ანტრეპრენერი, თამარ ჯანგულაშვილი ასე გვპასუხობს:

"ანტერპრენერი ეს არის ადამიანი, ვინც ინოვაციური და კრეატიული იდეებით ქმნის არამარტო ღირებულ მომსახურებას ან პროდუქტს, არამედ ქმნის ღირებულებას საზოგადოებისა და ბიზნესისთვის, რომელსაც მოაქვს ფინანსური სარგებელი და ხშირად მიზნის მისაღწევად პერსონალური რისკების გაწევა უხდებათ".

თამარს მოტივაციას, პირველ რიგში, მისივე მოსწავლეები და მათი ენთუზიაზმი აძლევს. გარდა ამისა, მისთვის მნიშვნელოვანია კონკურენცია, რაც აძლევს ბიძგს სიახლეების ძიებისა და დანერგვისთვის, არ აძლევს მოდუნების საშუალებას და საქმის ხარისხიანად კეთებისთვის ავსებს ენერგიით.

გრძელვადიან სამომავლო გეგმებში სკოლის გაფართოებაა ჩაფიქრებული - თამარი ამბობს, რომ ამჟამინდელი ტერიტორია ამის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, თამარის გუნდი მუშაობს, რომ სკოლა SAT-ის ავტორიზებული ცენტრი გახდეს. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. იგეგმება Erasmus-ის საერთაშორისო პროექტებში ჩართვაც. ასევე, გეგმაა უფრო მეტი სასწავლო და შემეცნებითი კლუბის შეთავაზება სკოლის ბაზაზე - ამ ეტაპზე სკოლაში მოქმედია რობოტიკის, პროგრამირების, ჟურნალისტიკისა და ლიტერატურული კლუბები.

"გავაგრძელებთ თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ჩვენი სკოლის 16 მასწავლებელი გადაგვემზადებინა ბრიუსელისა და მადრიდის სასწავლო ცენტრებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების, სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვისა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით", - ამბობს თამარი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია