Get All Access for $5/mo

Ehotelspace - დაჯი ლიპარტელიანი "Ehotelspace-ის ბიზნესმოდელი მუდმივ თანამშრომლობაზეა აწყობილი და ჩვენ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების, გესთჰაუსების ციფრულ მეგობრებად მოვიაზრებთ თავს"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ehotelspace.com

Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.

დაჯი ლიპარტელიანი

ehotelspace.com , თანადამფუძნებელი & CEO

რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის დაწყების შესახებ? რატომ გადაწყვიტეთ ანტრეპრენერობა და არა კარიერა კორპორაციულ იერარქიაში?

ბავშვობიდან არაერთი საქმის დაწყებაზე ვფიქრობდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ვცდილობდი, პარალელურად ჩემი ბიზნესი დამეწყო. ეს სურვილი არ იყო განპირობებული შემოსავლის მიღების წყურვილით − უბრალოდ, მინდოდა ჩემი სახელი ჰქონოდა საქმეს, რომელსაც გავაკეთებდი. ვფიქრობ, ანტრეპრენერობა ჩემი მოწოდება იყო ყოველთვის − ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ სიტყვის მნიშვნელობა არც კი ვიცოდი. სწავლასთან ერთად, მუშაობის სურვილით იმდენად ვიყავი შეპყრობილი, რომ კორპორაციულ იერარქიაში ამოვყავი თავი. ამ ნაბიჯმა ბევრი მასწავლა, მომცა შესაბამისი გამოცდილება, მაგრამ როგორც მსხვილ კორპორაციას სჩვევია, ვერ ჩამითრია და ხელი არ შემიშალა ჩემი მთავარი მიზნის მიღწევაში. ბევრი საქმე წამოვიწყე და არ გამომივიდა, ზოგმა დღის სინათლე საერთოდ ვერ ნახა. ბევრი იდეა სხვამ განახორციელა, მაგრამ თითოეული მათგანი კარგი გაკვეთილი იყო. მთავარია, ამ ეტაპზე შევძელი, ციფრულ სამყაროში შევაბიჯე ჩემი იდეით და გაჩერებას აღარ ვაპირებ.

თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?

ანტრეპრენერის სტანდარტულ განმარტებას არ მოვყვები. უბრალოდ, გადმოგცემთ ემოციას, რომელიც ამ სტატუს მოაქვს და რაც განგვასხვავებს სხვა მეწარმე ბიზნესმენებისგან. ჩვენ ბრძოლის გასაოცარი უნარი გვაქვს საკუთარი იდეის განსახორციელებლად. ჩვენ შეგვიძლია გვჯეროდეს და გვწამდეს იმ წამოწყების, რომელსაც ვაკეთებთ, თუნდაც მარტო დავრჩეთ. ჩვენ შეგვიძლია ბევრჯერ შევეჯახოთ კედელს, მაგრამ დანებების მაგივრად, ხან შემოვუვლით და ისე გავივლით, ხან კი ათასგვარი ჯადოსნობის საშუალებით კედელში გავლაც გამოგვდის.

რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?

ჩემი ბიზნესი მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს გაყიდვების გაციფრულებაში ეხმარება. დღეს მათ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი ვებგვერდი, გადაიხადონ 5000-10000 ლარი... ამიტომ არიან დარჩენილი booking.com–ის მსგავსი პლატფორმების კლანჭების ამარა და მაღალ საკომისიოებს იხდიან თითოეულ ჯავშანზე. საქართველოსთვის ტურიზმი რაოდენ მნიშვნელოვანი სფეროა, კარგად გვესმის, ჩვენ ხომ სტუმარ-მასპინძლობის უნარი მემკვიდრეობით გვერგო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე საკუთარი სიტყვა ვთქვა ამ სფეროში და შევეცადო მათ სრულ გაციფრულებას. მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს, გესთჰაუსებს, ვთავაზობ დაგვიმეგობრდნენ, პირველადი ინვესტიციის გარეშე, გახდნენ ჩვენი პლატფორმის მომხმარებლები და ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. Ehotelspace-ის ბიზნესმოდელი მუდმივ თანამშრომლობაზეა აწყობილი და ჩვენ მათ ციფრულ მეგობრებად მოვიაზრებთ თავს. პირდაპირი ჯავშნის მიღების მოდული, ონლაინ ჩათი და სხვადასხვა მომსახურება ვებგვერდზე ასეთი ხელმისაწვდომი ჯერ არ ყოფილა, ამიტომ ველით ყველა მსურველ სასტუმროს.

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ აღმოგაჩნდათ?

ყველა ბიზნესი მოითხოვს თავის წილ გამბედაობას და სიმამაცეს. ჩვენ დაგვემთხვა პანდემია უშუალოდ პლატფორმის შექმნის პროცესში და ეს იყო ძალიან დიდი დაბრკოლება ჩვენთვის. ვამზადებდით პლატფორმას, რომლის კლიენტი უნდა ყოფილიყო მცირე და საშუალო ზომის სასტუმრო და ამ დროს პანდემიამ პირველი, და ყველაზე ძლიერი დარტყმა მათ მიაყენა. ბევრმა სასტუმრო არც კი იცოდა, გადარჩებოდა თუ არა. მაგრამ ჩვენ არ დავნებდით, გვწამდა და გვჯეროდა, რომ შევძლებდით ეს ჩვენი გაციფრულების იდეა ბოლომდე მიგვეყვანა, შეგვექმნა საუკეთესო პლატფორმა მათთვის და მათი ბიზნესის მომავლისთვის. მართალია, კარგად ვხვდებოდით და ვიცოდით, რომ ამის გამოყენებას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებდნენ სასტუმროები, რადგან პანდემიამ სრულად შეზღუდა ტურიზმი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავით, რომ უნდა გაგვერისკა და თამამად შემიძლია ვთქვა − სხვას შესაძლოა ეს ვერ გაეკეთებინა, მაგრამ ჩემს გუნდს სწორედ ის შემართება აღმოაჩნდა, რაც ამ დროს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ყველას.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

ბავშვობაში, სასკოლო არდადეგების დროს ძაღლი გამომეკიდა და ხელების გარეშე გადავახტი დაახლოებით ჩემი სიმაღლის ღობეს. მეორე დღეს რომ გამოვედი და ეს ღობე დავინახე, მივხვდი − შესაძლებლობებს არ აქვს ლიმიტი. სწორედ ეს დღე იყო ჩემი ცხოვრებისეული მოტივაცია, იმ ფარული ძალების აღმოჩენა ჩემში, რომელიც თურმე საჭირო დროს იფეთქებენ ხოლმე შენს გადასარჩენად.

მიუძღვის თუ არა თქვენს წარმატებაში წვლილი ბედს, იღბალს, და ზოგადად, როგორ უყურებთ იღბლიანობის ფენომენს?

არ დავკონკრეტდები და კოსმიურ ენერგიებზე არ დავიწყებ საუბარს, რადგან არ გამოვირჩევი ამ ცოდნით და რწმენით, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი: როგორ ემოციასაც გასცემ, იგივე ბუმერანგივით გიბრუნდება. ამიტომ მე არასდროს ვკარგავ რწმენას და ვიცი, რომ დღეს, ხვალ, ზეგ, მაინც გამომივა. გნებავთ იღბალი დაარქვით ამას, მაგრამ მე უბრალოდ მიზიდულობის ძალას დავაბრალებდი ამ ამბავს.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

გადაუჭრელი იყო ის პრობლემა, რომელიც ზემოთ დავწერე. "კოვიდ"-ინფექცია დაგვატყდა თავს, რომელმაც პირდაპირ ჩვენს ოთახში და ჩვენს ფიქრებში შემოაბიჯა. თითქოს პირდაპირ მითხრა, რომ დაჯი, მე შენი იდეის გასანადგურებლად მოვედიო. მაგრამ არა, მე ჩემს გუნდთან ერთად შევძელი და არ შევუშინდი ამ უხილავ მტერს. ასე, მხატვრულად იმიტომ ვამბობ, რომ მართლა სიზმარში მეგონა თავი, უფრო ბოროტ სიზმარში, როცა გაქცევა გინდა და ვერ გარბიხარ ხოლმე. ალბათ ყველას გამოგიცდიათ. რთულია, როცა თავს ზევით ძალა არ არის და შენი საუკეთესო პროდუქტის შექმნის დროს ინგრევა ის სფერო, რომლისთვისაც ამას ქმნიდი. თან ისე ინგრევა, რომ ვერაფერს შველი.

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა ჩემი ძალის შეგრძნება. მასწავლა ის, რომ ყველაფერი შესაძლებელია, და ის, რომ შექმნა რაღაც შენი და ამით თან შექმნა ღირებულება თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მაინც, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ყველა დამწყებ ანტრეპრენერს ვურჩევდი, არასდროს დანებდნენ, ეცადონ ყველა ადამიანისგან ერთი რამ მაინც ისწავლონ. არ ვიცი, მე ვინმეს მაგალითი ვარ თუ არა, მაგრამ ახლა, ამას რომ კითხულობ, შენ, მომავალო ანტრეპრენერო, გადადე ჟურნალი ან ჩაკეცე ფანჯარა და საქმის კეთებას შეუდექი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია