Get All Access for $5/mo

ეკა ცისკარაულის სოლოპრენერული გზა ციფრულ მარკეტინგში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ეკა ცისკარაული თავს სოლოპრენერს უწოდებს - ის უკვე წლებია, ბიზნესს მარტო უძღვება და საქმიანობასთან დაკავშირებით ყველაფერს თავად აგვარებს.

ეკა ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა, საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა. ამიტომაც სააგენტო Tsiskarauli Digital Marketing Agency 2020 წელს დააფუძნა. ის დამკვეთებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობდა:

  • ციფრული პლატფორმების მართვის სრულ პაკეტსა და მათ პოპულარიზებას საზოგადოებაში;
  • სტრატეგიის შემუშავებასა და შესაბამის პლატფორმებზე ადაპტირებული კონტენტის შექმნას;
  • ფასიანი და უფასო სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას;
  • საიმიჯო-მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებას და სხვ.

სააგენტოს ამუშავებიდან მალევე პანდემია დაიწყო და ის, რაც ბიზნესსექტორის დიდი ნაწილისთვის დასასრული ან ურთულესი პერიოდი აღმოჩნდა, ეკასთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა. პანდემიის პირობებში დახურულმა ბიზნესებმა ხსნა სწორედ ციფრულ მარკეტინგში იპოვეს.

სააგენტო კახეთში დაფუძნდა და, როგორც ეკა იხსენებს, თავდაპირველი სამიზნე სეგმენტი სწორედ ადგილობრივი ბიზნესი იყო. 2024 წლის დასაწყისში ეკამ თანამშრომლობა ბრიტანეთში ერთ-ერთ კომპანიასთანაც დაიწყო და ამგვარად საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა.

სააგენტო ამჟამად ემსახურება როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებს, ასევე მსხვილ კომპანიებს, ონლაინმაღაზიებს, რესტორნებს, სასტუმროებს, სილამაზის ცენტრებს და ა.შ.

"ასეთ დროს, როდესაც სამომხმარებლო სფეროს დიდი ნაწილი ონლაინ განაგრძობს მუშაობას, ალბათ ვერავინ უარყოფს სწორად გამართული ონლაინპლატფორმის მნიშვნელობას. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა აღნიშნული კომპანია, რომ ბიზნესის მფლობელებს ციფრული მარკეტინგის ხშირად გაუგებარი და დამღლელი პროცესები აარიდოს". - ამბობს ეკა.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ეკა ამბობს, რომ ბიზნესის დაწყება ყოველთვის უკავშირდება რისკს. მისივე თქმით, საწყის ეტაპზე იყო სირთულეები, რის გადალახვამაც კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და დაანახვა, რომ რისკის გაღება სწორი ნაბიჯი იყო.

"ოჯახთან, ორ პატარა ბავშვთან ერთად ბიზნესის განვითარებასა და მართვაზეც უნდა მეზრუნა და ასევე, თვითგანვითარებაზეც - ახალი ცოდნის დაგროვებაზეც ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, რომელიც საკმაოდ სწრაფად ცვალებადი და მზარდი სფეროა. თუ ფეხი არ აუწყვე ყოველდღიურ ცვლილებებს, ვერ შეძლებ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას", - გვეუბნება ეკა ცისკარაული.

ანტრეპრენერი ქალი ფიქრობს, რომ ქალების გაძლიერება და მათი ბიზნესსაქმიანობაში ჩართვა, წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია. ეკას თქმით, ქალები არ უნდა წყვეტდნენ თვითგანვითარებას რაღაც ეტაპის შემდეგ და ოჯახის შექმნა არ უნდა ნიშნავდეს მათ ოცნებებზე უარის თქმას. ამბობს, რომ ქალების გასაძლიერებლად ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა ყველაზე ეფექტიანი გზაა.

ჩვენს კითხვაზე, როგორ დაახასიათებდა ნამდვილ ანტრეპრენერს, ეკა ცისკარაული გვპასუხობს:

"ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია არაფრიდან ყველაფერი შექმნას. სწორედ 0-დან დავიწყე მარკეტინგული მომსახურება და ამ რამდენიმე წლის განმავლობაში 50-ზე მეტ კომპანიასთან მომიწია თანამშრომლობამ. მუდმივად სიახლეების დანერგვაში ვარ, მაქსიმალურ ინვესტიციას ვდებ ჩემს ცოდნაში და გავდივარ სერტიფიცირებას ამ მიმართულებით".

ეკა ამბობს, რომ მისთვის მოტივაციის მთავარი წყარო და ინსპირაცია ოჯახი და შვილები არიან - სწორედ მათ უძღვნის თითოეულ წარმატებას.

სამომავლო გეგმების შესახებ გვეუბნება, რომ მისი მთავარი ამოცანა მუდმივი წინსვლაა - სურს, არ შეწყვიტოს ცოდნის გაღრმავება და განვითარება. გარდა ამისა, გეგმავს, რომ კომპანიებს მარკეტინგულ მომსახურებასთან ერთად მომავალში პროგრამული უზრუნველყოფაც შესთავაზოს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"