Ell's Aesthetic – სილამაზისა და ესთეტიკის ახალი ცენტრი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"Ell's Aesthetic ქალბატონების სილამაზესა და ესთეტიკაზე ზრუნავს, რათა ისინი მეტად თავდაჯერებულები და თამამები იყვნენ. ჩვენ გვსურს, ერთიანი ძალებითა და მონდომებით ჩვენს ქალაქში ისეთი სივრცე შევქმნათ, სადაც ქალბატონები შეძლებენ განიტვირთონ და დაისვენონ. ჩვენი სივრციდან კი კიდევ უფრო დამშვენებულები და ბედნიერები წავიდნენ", – ლელა ირემაძე, Ell's Aesthetic-ის დამფუძნებელი.
ლელა პროფესიით HR გახლავთ. როგორც თავად იხსენებს, მის გარშემო არაერთი ქალი იყო, რომელთაც სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში დასაქმებისა და განვითარების სურვილი აერთიანებდათ.
"დავინახე გუნდი, რომელშიც ნამდვილად ღირდა ინვესტირება და მეც არ დავაყოვნე. შევქმენი გარემო, სადაც ისინი გაერთიანდნენ. რაც შეეხება ახალ გამოცდილებას, თავიდანვე მქონდა ჩაფიქრებული, რომ თუ მე ბიზნესს წამოვიწყებდი, ამ ბიზნესში ჩართული ყველა თანამშრომელი მრავალფეროვანი, ძლიერი ორგანიზაციული კულტურით იქნებოდა განებივრებული.
სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ დიდ კორპორაციულ კომპანიებს აქვთ მიმზიდველი, განვითარებული ორგანიზაციული კულტურები. ისეთი პატარა კომპანიები, როგორებიცაა თუნდაც ესთეტიკის ცენტრები, ამაზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ.
ამიტომ ამ ბიზნესში მინდა ახალი გამოცდილების შემოტანა, რომელიც აჩვენებს, რაოდენ დადებით გავლენას ახდენს შედეგზე ორიენტირებული, წინასწარ შემუშავებული ორგანიზაციული კულტურის დანერგვა თუნდაც პატარა გუნდით დაკომპლექტებულ ბიზნესში".
ლელა იხსენებს, რომ საქმის ნულიდან დაწყება რთული იყო, რასაც თან ახლდა ფინანსური გამოწვევებიც. თუმცა სირთულეები გადალახა და მომხმარებლის ნდობაც მოიპოვა. მიაჩნია, რომ მისთვის საუკეთესო რეკლამა კმაყოფილი მომხმარებელია.
"თუ ნამდვილად გინდა, დაიწყე, ნურაფერს დაელოდები, ჩემი გონება ასე მუშაობს. მინდოდა პატარა, მყუდრო გარემო, სადაც ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას შევძლებდი. სადაც შევკრებდი გუნდს, რომლისთვისაც მუშაობა სასიამოვნო პროცესი იქნებოდა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი ტექნოლოგიური უპირატესობაც. ლაზერული აპარატის შედეგებით მომხმარებლები პირველივე პროცედურიდან ძალიან კმაყოფილები არიან. ასევე, აპარატურული მასაჟის, VelaShape-ის აპარატიც, რომელიც ხელით მასაჟის კომბინაციასთან ერთად, გარანტირებულად სასურველ შედეგებს გვაძლევს. ჯერ მხოლოდ ახლა დავიწყეთ და ვხედავ, რომ უკვე სწორ გზაზე ვართ, დანარჩენს დროსთან ერთად გამოცდილება გვასწავლის.
ჩვენი ბიზნესი და გუნდი ჯერ ახალბედაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მათგანი თავისი საქმის პროფესიონალია და საუკეთესო შედეგებს აღწევს. ჩვენი მიზანი Ell's Aesthetic-ის შესახებ ცოდნის ამაღლებაა. გვსურს, რაც შეიძლება მეტ ქალბატონს ჰქონდეს ჩვენთან ვიზიტის შესაძლებლობა. პირადად ჩემი მიზანი კი უცვლელია. მსურს, ჩემს თანამშრომლებს ვაჩვენო, რამდენად სასიამოვნო შეიძლება იყოს მუშაობა. მსურს, სხვა პატარა კომპანიებისთვის ჩემს კომპანიაში დანერგილი კულტურა სამაგალითო იყოს".