"ფალიანი" - ბრენდი, რომელიც სვანეთის მატერიალურ-კულტურულ მემკვიდრეობას გამოხატავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ფალიანი ტური" ეკატერინე გველესიანის ერთ-ერთი ბოლო წამოწყებაა, რომელიც სასტუმრო "ფალიანის" მსგავსად, კონკრეტული პრობლემის გადაჭრასა და სოციალური პროგრესის შექმნას ემსახურება. სწორედ ეს, სოციალური პროგრესისა და საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა განასხვავებს სოციალურ ანტრეპრენერებს სხვა დანარჩენისგან. ამ იდეის გაჩენაც სვანეთს, მის მატერიალურ-კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვასა და საერთო კეთილდღეობის შექმნას უკავშირდება.
"მოგეხსენებათ, როგორი ძვირფასია ჩემთვის ჩემი რეგიონი და როგორი მნიშვნელოვანია, რომ სწორად, მდგრადად განვითარდეს, შენარჩუნდეს ის მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობა, რომლის დამსახურებითაც ჯერჯერობით ტურიზმის მსოფლიო რუკაზე ღირსეულ ადგილს ვიკავებთ. გარდა მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობისა, მნიშვნელოვანია სვანეთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებებითაც. აღნიშნულს მხოლოდ მთავრობის, ან მხოლოდ ბიზნესის ძალისხმევით ვერ მივაღწევთ, აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა ინდივიდუალურად ზედმიწევნით გავიაზროთ ჩვენი როლი, უფლებები, საჭიროებები, პირადი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სწორედ ეს განგვასხვავებს ჩვენზე უფრო წარმატებული ქვეყნებისგან.
და სწორედ ამ წარმატებულ ქვეყნებში მოგზაურობა, მათ მაგალითზე სწავლა კულტურული, ისტორიული, სოციალური, გარემოსდაცვითი, პიროვნული ზრდის, ენის შესწავლის, ცოდნისა და გამოცდილების გადმოტანის თუ სხვა გზებით, მიგვიყვანს წარმატებამდე ჩვენც", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ეკატერინე გველესიანი, "ფალიანის" დამფუძნებელი.
ანტრეპრენერი მიიჩნევს, რომ გაბედულება და სიმამაცე ნებისმიერ წამოწყებას ესაჭიროება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უამრავი გამოწვევით დატვირთულ რეგიონში საქმიანობას ეხება. "ხშირად ვამბობ ხოლმე, სვანეთში სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობა გმირობის ტოლფასია, რადგან გამუდმებით წარმოუდგენელ სირთულეებთან გვიწევს გამკლავება", - განმარტავს ეკატერინე გველესიანი. როგორც თავად რესპონდენტი გვიყვება, მსგავს გამოწვევებთან ბრძოლა მისი შეუპოვარი ხასიათის ნაწილია და, შესაბამისად, მისთვის ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს და ის ყოველთვის ახალ შესაძლებლობებთან ასოცირდება.
"საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩემს ხასიათში არ არსებობს გამოწვევის ან წინააღმდეგობის გადაუჭრელად აღქმა, პირიქით, რაც უფრო რთულად მეჩვენება რაიმე გამოწვევა, მით უფრო დიდი ინტერესი და მოტივაცია მიჩნდება მისი გადაჭრის ადა სირთულის დამარცხების. საბედნიეროდ, ძალიან ჯიუტი ვარ, რაც ცალსახად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა ანტრეპრენერისთვის. ასევე ვარ უკიდურესად ხისტი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე პრინციპებს ეხება. ალბათ თვისებების ამ კომბინაციამ განაპირობა, რომ ჯერ სასტუმრო "ფალიანის" შექმნის პროცესში მოვახერხე ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიც იყო შორეულ რეგიონში მშენებლობა გზის პრობლემის, მკაცრი კლიმატისა და, პრაქტიკულად, არარსებული მუშახელის პირობებში და ახლაც ვაგრძელებ ყოველდღიურ რეჟიმში ისეთ გამოწვევებთან ბრძოლას, როგორიცაა კადრების დეფიციტი, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მიზანმიმართული საბოტაჟი და ა. შ.".
გაბედულებას მოიცავს გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლაც, რომელიც, სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად ყველა სფეროში იჩენს თავს. "ფალიანის" დამფუძნებლის აზრით, ისეთ გარემოში, სადაც ჯერ კიდევ ვხვდებით გენდერული ნიშნით არსებულ სოციალურ-კულტურულ უთანასწორობას, ქალების ეკონომიკური განვითარება საზოგადოებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს.
"ალბათ საქართველოში ყველა ქალს უწევს გენდერულ სტერეოტიპებთან დაპირისპირება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველწლიურად დარეგისტრირებული ახალი საწარმოების მესამედზე ნაკლებია ქალების საკუთრებაში, 35%-იან სახელფასო სხვაობას, ფემიციდის სტატისტიკას და ა. შ., ცხადია, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბებულვართ გენდერულად თანასწორ საზოგადოებად. მოგზაურობა ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის ამ მიმართულებითაც ემსახურება.
დიდი ხანია დროა, რომ ჩვენი საზოგადოების ყველა სეგმენტმა გაითავისოს, რომ ძლიერი ქალი წარმატებულ ქვეყანას ნიშნავს და მითუმეტეს რეგიონებში, სადაც უფრო მეტადაა გამოხატული გენდერული ნიშნით არსებული სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება პრიორიტეტი უნდა იყოს", - აღნიშნავს ეკატერინე.
ვინ არის ანტრეპრენერი "ფალიანის" დამფუძნებლის აზრით? ანტრეპრენერი მეოცნებე, რისკიანი, გაბედული ადამიანია, რომელიც პრობლემასთან ერთად ხედავს მისი გადაჭრის გზას და რომელსაც არ აშინებს დაბრკოლებები, შეუძლია მუხლჩაუხრელად იშრომოს თუნდაც მხოლოდ ენთუზიამზე იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. სწორედ ამ სულისკვეთებით დაიწყო საკუთარი ბიზნესსაქმიანობაც და როგორც თავად აღნიშნა, ამ გზაზე რამდენიმე ცხოვრებისეული გაკვეთილი ისწავლა. რესპონდენტის ხედვით, მნიშვნელოვანია, არ დაველოდოთ შესაფერის დროს - უნდა დავიწყოთ დღესვე ან უახლოეს მომავალში. უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ საკუთარი თავის იმედადაც შეიძლება მოგვიწიოს ყოფნამ და საერთოდ, რაც უფრო ნაკლები მოლოდინი გვექნება სხვებისგან, მით უფრო ნაკლებად გაგვიცრუვდება იმედებიც. ეკატერინე გვირჩევს, ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების, ვინაიდან თავდაჯერებულობის გარეშე რთულია თავი დაიმკვიდრო კომპეტენტურ ბიზნესგარემოში - განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ჯერ კიდევ ვხვდებით უთანასწორობას ქალების მიმართ.
"თავიდანვე იფიქრეთ თქვენი საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე. თამამად წარმოიდგინეთ ხოლმე თქვენი წარმატება რამდენიმე წლის შემდეგ, რაც უფრო დეტალურად და ცხადად წარმოიდგენთ, მით უფრო გაიზრდება ამ წარმატების მიღწევის ალბათობა;
მზად იყავით უდიდესი, დამღლელი, ხანდახან დაუფასებელი შრომისთვის, იმედგაცრუებებისთვის, მარცხებისთვის, უცებ საიდანღაც გაჩენილი ტოქსიკური ადამიანებისთვის... და არავის და არაფერს მისცეთ საშუალება, ხელი შეგიშალოთ წარმატებისკენ წინსვლაში!
პირადად მე, ამ ყველაფერში მოტივაციას ჩემი გუნდი და ის ადამიანები მაძლევენ, რომლებიც ჩემი საყრდენი ძალა არიან. მათ გარეშე დიდი ხნის წინ შევწყვეტდი საქმიანობას. არაფერს აქვს ისეთი მამოტივირებელი ძალა, როგორიც იმ ადამიანების მონდომებას, ვისთვისაც შენი საქმე ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორიც ეს შენთვისაა. ხშირად ვამბობ, რომ ანტრეპრენერს თავის საქმე შვილივით უყვარს და როცა ამ საქმეს ასეთივე სიყვარულით ეკიდებიან შენი გუნდის წევრები, ეს უდიდეს ძალას გაძლევს. გუნდში თუნდაც რამდენიმე ასეთი წევრის ყოლა საქმიანობაში მუდმივი ინსპირაციის გარანტიაა", - ეკატერინე გველესიანი.
რაც შეეხება მომავლის ხედვას, "ფალიანი ტურის" უახლოესი ერთი წლის გეგმა გამყვანი ტურიზმის მიმართულებით ზრდა და შემომყვანი ტურიზმის მიმართულების დამატება გახლავთ. კომპანიისთვის ასევე მნიშვნელოვანია მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ტურისტებზე კონცენტრირება და რაოდენობის მაგივრად ხარისხის ორიენტირება. ამჟამად "ფალიანის" გუნდის სამიზნე ბაზარს ევროპა, აშშ და აღმოსავლეთ აზია წარმოადგენს.
"საქართველოს რამდენიმე ტურისტული რეგიონი, მათ შორის სვანეთიც, სამწუხაროდ, უკვე აშკარად განიცდის ე.წ. ოვერტურიზმის ნეგატიურ შედეგებს, როგორიცაა: მკვეთრად გამოხატული სეზონური ჭარბი ნაკადები, გარემოს დეგრადაცია, კულტურული ეროზია, ქაოსური განაშენიანება, ეკონომიკური უთანასწორობა, დაბინძურება, რესურსების ჭარბი მოხმარება, ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო სექტორმა და ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ჩამოვყალიბდეთ ქმედით და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებად", - "ფალიანის დამფუძნებელი".