"ფერწო" ყველგან, სადაც ბავშვია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველაფერი 2021 წლის დასაწყისში, პანდემიის ყველაზე ჩაკეტილ პერიოდში დაიწყო. მაშინ გვანცას უფროსი შვილი სამი წლის იყო. როგორც თავად ამბობს, იმ დროს, როგორც ყველა მშობელი, ცდილობდა სახლში გამოკეტილი ბავშვისთვის გარემო შეემსუბუქებინა და მისი განვითარებისთვის საინტერესო გზები ეპოვა. სწორედ ამ ძიების პროცესში შეიძინა პლასტელინი, რომელმაც მისი ხედვა სრულიად შეცვალა.

"პლასტელინი ყველაფერს ეკვროდა, ტოვებდა ლაქებს და მივხვდი, რომ არც ბავშვისა და არც გარემოსთვის უსაფრთხო არ იყო", – გვანცა ამურველაშვილი, "ფერწოს" დამფუძნებელი.

ეკომეგობრული საძერწი მასალის ძებნამ შედეგი არ გამოიღო, ბაზარზე მსგავსი პროდუქტი პრაქტიკულად, არ მოიპოვებოდა. სწორედ ამან გადააწყვეტინა, გამოსავალი თავად მოეძებნა. ინტერნეტში მოძიებული რეცეპტითა და სახლში არსებული ინგრედიენტებით მოამზადა მასალა, რომლის შერევაც შვილს ანდო. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ფაქტურა, ფერები და სურნელი იდეალური აღმოჩნდა.

"სწორედ იმწამს, როცა ეს მასალა ხელში დავიჭირე, გამიელვა აზრმა: ეს ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს!"

ამ ერთი წამიდან დაიწყო იდეის ბიზნესად ქცევა. მისივე თქმით, ბიზნესგეგმა გონებაში წამებში ჩამოყალიბდა, მიზანი ნათელი იყო: "ფერწო" მთელ ქვეყანას უნდა გასცნობოდა. გვანცას სურდა, წებოს შემცველი პლასტელინი ბავშვებისთვის უსაფრთხო მასალით ჩაენაცვლებინა.

დასაწყისი, როგორც თავად გვიყვება, შედარებით მარტივი აღმოჩნდა. პლასტელინის მოსამზადებლად დიდი ფინანსები არ სჭირდებოდა, სახლში არსებული მასალითაც შეეძლო პროდუქტის დამზადება. მთავარი გამოწვევა იყო სწორი აუდიტორიის მოძებნა.

"გამიმართლა და ხალხმა პირველივე ნახვისთანავე გამოუცხადა ნდობა ჩემს ნამუშევარს, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა".

საწყის ეტაპზე არც დიდი ძალისხმევა და არც მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიცია დასჭირვებია. მოამზადა პლასტელინის ცომი, გადაიღო პატარა ვიდეორგოლი შვილის მონაწილეობით და Facebook-გვერდზე ატვირთა. შეკვეთები მალევე მიიღო და სწორედ პირველი ჩარიცხული თანხით შეიძინა მასალები.

თავდაპირველად მხოლოდ ხუთი ფერი ჰქონდა, თუმცა ყოველდღიურად აგრძელებდა ახალი ტონების აღმოჩენასა და შექმნას, სანამ პალიტრა 20 ფერამდე არ გაზარდა. პარალელურად ეძებდა ოპტიმალურ შეფუთვას და ფიქრობდა ბიზნესის სახელზე. სამი თვის შემდეგ შეარჩია სახელი "ფერწო" და ისეთი შეფუთვა, რომელიც ფერებს მკაფიოდ წარმოაჩენდა, ბავშვებს მიიზიდავდა და მაღაზიის დახლებისთვისაც კომპაქტური იქნებოდა. ამავე პერიოდში მეგობარმა ლოგოზე დაიწყო მუშაობა, თავად კი ბიზნესგვერდი შექმნა და მალევე მაღაზიებთან თანამშრომლობაც დაიწყო.

"მაშინ არაფერი მაშინებდა. ვგრძნობდი, რომ ყველაფერი მარტივად იყო და ის კადრები, რომლებიც შექმნის პირველ წამებში წარმოვიდგინე, აუცილებლად რეალობად იქცეოდა".

თუმცა ბიზნესის მესამე წელს სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ "ფერწო" ბევრ მაღაზიაში შევიდა, მისი პირადი მოგება შემცირდა. მაღაზიის ფასნამატმა, გადასახადებმა და ინფლაციამ შემოსავლები მინიმუმამდე დაიყვანა.

რთული პერიოდი ორი წელი გაგრძელდა. იყო მომენტები, როდესაც დანებებაზეც ფიქრობდა, თუმცა "ფერწოსთან" ემოციური კავშირი უკან დახევის საშუალებას არ აძლევდა.

"ეს ბრენდი ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი არ იყო, ის ჩემი ფინანსური დამოუკიდებლობისა და გადარჩენის სიმბოლო გახდა.

ყველა ქალს, განსაკუთრებით კი დედას, სჭირდება საკუთარი შემოსავალი, რომლის მოპოვებაც, ბავშვების პარალელურად, გარემო პირობების გამო, ხშირად ძალიან რთულია. ამას დამატებული იმ ბავშვების სიხარული, ვინც "ფერწოს" იყენებდნენ, ჩემთვის დამატებითი მოტივაცია გახდა".

კრიზისის პერიოდში ათობით საგრანტო კონკურსიდან მიიღო უარი, თუმცა მუშაობა არ შეუწყვეტია. ხელით ზელა დიდ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვდა და სასწრაფოდ სჭირდებოდა ცომსაზელი დანადგარი. ათასობით ზარის, მოლაპარაკებისა და უარის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაუყრია.

"ერთ-ერთი მაღაზიისგან სამჯერ მივიღე უარი, მაგრამ მეოთხედაც მივედი!"

გარდამტეხი ეტაპი 2025 წელს დადგა, როდესაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით, კონკურსის, "ფერადი ბიზნესის" ფარგლებში გრანტი მოიპოვა.

ეს, როგორც თავად ამბობს, "ფერწოს" მეორე დაბადება იყო. შეიძინა საჭირო დანადგარები, რამაც წარმოება მნიშვნელოვნად გაამარტივა და მოტივაცია ათმაგად გაუზარდა. შედეგმაც არ დააყოვნა, წინა წელთან შედარებით გაყიდვები ოთხჯერ გაიზარდა როგორც ონლაინ, ისე მაღაზიებში.

წელს "ფერწო" ხუთი წლის ხდება, მნიშვნელოვანი თარიღი ბრენდისთვის, რომელმაც არაერთი გამოწვევა გამოიარა.

"მინდა, ეს მრგვალი საიუბილეო თარიღი ყველაზე ფერადად, ბევრ ბავშვსა და კიდევ უფრო მეტ "ფერწოსთან" ერთად აღვნიშნო.

ამ წლებმა ერთი მთავარი რამ მასწავლა: თუ შენი პროდუქტის გჯერა, გზას აუცილებლად იპოვი. აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა, რესურსების სწორი განაწილება, ზუსტი რეკლამა და სწორი აუდიტორიის პოვნა.

ჩემი მთავარი მიზანი უცვლელია: "ფერწო" ყველგან, სადაც ბავშვია! სხვა დანარჩენი არის გზები, რომლითაც ეს გეგმა უნდა შევასრულო, და მე ყოველდღიურად ვმუშაობ ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად".