Get All Access for $5/mo

11 წელი ტურისტულ ბიზნესში | როგორ მოიპოვა GO TOUR-მა მომხმარებლის ნდობა?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალი ქვეყნებისა გაცნობა, საინტერესო ადგილების აღმოჩენა, სხვადასხვა კულტურის ხალხთან ურთიერთობა - ეს სწორედ ისაა, რაც ხშირად უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს მოგზაურობის მოყვარულებს. თუმცა ხშირად მოგზაურობა გარკვეულ სტრესთანაც ასოცირდება - ზოგჯერ შესაძლოა გაგვიუქმდეს ფრენა ან შევეჩეხოთ სასტუმროსთან დაკავშირებულ პრობლემებს. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვა ვანდოთ ისეთ კომპანიას, რომელსაც ბაზარზე ოპერირების უდიდესი გამოცდილება და მომხმარებლის ნდობა აქვს.

Go Tour-ი უკვე მეთერთმეტე წელია, რაც ქართველ მომხმარებელს ხარისხიან და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ტურისტულ სერვისებს სთავაზობს. კომპანიის უპირატესობა კლიენტების მიმართ განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდგომა და მთლიანად მასზე ორიენტაციაა, რაც ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ ტურებს მეტად დასამახსოვრებელს ხდის.

"ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ბავშვობიდან ბევრს ვმოგზაურობ. იმ პერიოდში, როდესაც დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობა წამოვიწყე, არ მქონია ტურიზმში მუშაობის გამოცდილება. თუმცა ცეკვის განხრით ვახერხებდი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას. ამასთან, ვცხოვრობდი გერმანიაში, საიდანაც, ფაქტობრივად, ნახევარ ევროპაში ვიმოგზაურე. საბოლოო ჯამში, ამ ინტერესმა განაპირობა ის, რომ ჰობი საყვარელ საქმიანობად მექცია.

დღემდე ასე სიყვარულით ვემსახურებით ჩვენს მომხმარებელს. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანთან გვიწევს კომუნიკაცია, ყველას საკუთარ ენაზე უნდა ესაუბრო. თუ ეს საქმე ძალიან არ გიყვარს, ფიზიკურად ვერ გამოგივა ამ სფეროში მუშაობა, ვინაიდან უამრავ სტრესთანაა დაკავშირებული", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნინო წიკლაური, Go Tour-ის დამფუძნებელი და დირექტორი.

გარდა სტანდარტული ტურებისა, Go Tour-ი მომხმარებლებს ჯგუფურ ტურებსაც სთავაზობს. როდესაც წლების წინ კომპანია ახალი დაფუძნებული იყო, მაშინ დაინერგა პირველი ჯგუფური ტური ნიკა წულუკიძესთან ერთად. იმ პერიოდისთვის მსგავსი ტიპის აქტივობები არ იყო პოპულარული ბაზარზე, თუმცა Go Tour-ის ამ მოგზაურობას ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებელთა მხრიდან. აქედან გამომდინარე, კომპანია საზოგადოებას რამდენიმე სახის ჯგუფურ ტურს სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, საზოგადოებისთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად ხორციელდება.

ნინო წიკლაური 8 წლის განმავლობაში საინფორმაციო სააგენტო "სარკეში" ბიზნესკორესპონდენტად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კოლექტივში კარგად გრძნობდა თავს, გადაწყვიტა, სტაბილური სამსახური დაეტოვებინა და საკუთარი ძალები დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობაში გამოეცადა. როგორც თავად აღნიშნავს, თავს კომფორტულად მაშინ გრძნობს, როდესაც თვითგანვითარებაზე ზრუნავს, სხვადასხვა გამოწვევას უმკლავდება და რაიმე ახალს სწავლობს.

"ვბედნიერდები საკუთარი საქმით - სწორ ნაბიჯად მივიჩნევ იმას, რომ ასე, უშიშრად შევეჭიდე იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელ საქმეს. სტანდარტული სამსახურისგან განსხვავებით, არ მაქვს კონკრეტული სამუშაო გრაფიკი. ჩემი გონება 24-საათიანი მუშაობის რეჟიმშია - ფაქტობრივად, ბოლომდე ვერასდროს ვისვენებ. შესაძლოა ახალი იდეა შუაღამით დამებადოს. თუმცა ეს სირთულეები მავიწყდება მაშინ, როდესაც ადამიანები აღფრთოვანებულები და ბედნიერები არიან ჩვენი კომპანიით. ეს უდიდეს მოტივაციას გვაძლევს", - განმარტავს რესპონდენტი.

ყველა წარმატებული კომპანიის საქმიანობა დაკავშირებულია გამოწვევებთან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტული ბიზნესი სწორედ ის სფეროა, სადაც გამოწვევები ყოველდღიურად ჩნდება. გამბედაობით, გუნდური მუშაობითა და შრომით კი ყველა დაბრკოლების გადალახვაა შესაძლებელი. როგორც Go Tour-ის დამფუძნებელი გვიყვება, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა მაშინ შეხვდა, როდესაც 100-ზე მეტი ადამიანისთვის 2 დღეში უნდა დაეგეგმა ტური. ამ ყველაფრისთვის წარმოუდგენელი შრომა დასჭირდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, "ეს არის ჩვენს სფეროში მუდმივი ჭიდილი, რაც გვაძლევს სტიმულს. დიახ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ბევრს არ შეუძლია. სწორედ ეს გვმატებს უდიდეს ენერგიას".

ნინო წიკლაური აღნიშნავს, რომ ბაზრის მოთხოვნებისთვის ფეხის აწყობა და მუდმივი განვითარება სწორედ ისაა, რაც ნებისმიერ წარმატებულ ბიზნესს სჭირდება არსებობისთვის. სწორედ ამიტომ, Go Tour-მა მომხმარებლებისთვის ახალი ინიციატივები წამოიწყო. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გასვლითი ბიზნესტურები წამოიწყო. პირველი წარმატებული ბიზნესტური უკვე განახორციელეს ნეაპოლში, სადაც მოგზაურებს B2B შეხვედრები, ექსკურსიები, საფეხბურთო მატჩი და ბევრი სხვა აქტივობა შესთავაზეს. იმის გათვალისწინებით, რომ საპილოტე ტურმა განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია, Go Tour-ი განაგრძობს მსგავსი ტიპის კომბინირებული დასვენების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის, რომელთაც ექნებათ საშუალება, გართობა, შემეცნება, მუშაობა და დასვენება ერთმანეთს შეუთავსონ.

გარდა ამისა, Go Tour-მა, სპეციალურად ემიგრანტებისთვის, სტამბოლში, კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოში წარმატებით განახორციელა ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე სტამბოლში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. Go Tour-ის ინიციატივით, სტუმარმა რამდენიმე საათის განმავლობაში ბავშვებს არტთერაპია, ხოლო სხვა დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ტრენინგი ჩაუტარა. თითოეული თემა ეხებოდა იმ გამოწვევებს, რომელსაც ყოველდღიურად აწყდებიან ემიგრანტები, სტრესულ და სამშობლოსგან მოშორებით არსებულ გარემოში. ნინო წიკლაურის აღნიშვნით, მსგავსი პროექტი აუცილებლად მიიღებს ტრადიციულ ხასიათს.

კითხვაზე, თუ რას ურჩევდა იმ ქალებს/გოგონებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ, ანტრეპრენერი გვპასუხობს:

"იმ ქალებს/გოგონებს, ვისაც განვითარების სურვილი აქვთ, ვურჩევ, აუცილებლად გადადგან ნაბიჯები დამოუკიდებელი საქმიანობის დასაწყებად. ასევე, ვურჩევ, რომ ბევრი ვიოცნებოთ, რადგან ეს ოცნებები ხდება, თუმცა, ძლიერ სურვილთან ერთად, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც, გამბედაობა, შრომისმოყვარეობა, გამძლეობა და იმ საქმის დიდი დოზით სიყვარული, რასაც ეჭიდებიან. თუ საქმეში სული და გული არ ჩადე, ამას აუცილებლად იგრძნობს მომხმარებელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მომსახურების სფეროში მუშაობთ. ხშირად აღუნიშნავთ ჩემთვის - ისეთი აღფრთოვანებით საუბრობ ამა თუ იმ ქალაქზე, რომ მოგზაურობის სურვილი გვიჩნდებაო. თუ ბოლომდე არ დაიღლები, ფარ-ხმალს ჩამოყრი, პირველი არ იქნები საქმეში, ბოლომდე არ გაიტან და არ დადებ ლელოს, ვერ შექმნი წარმატებულ ბიზნესს.

ამასთან, დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევ, რომ გუნდებს მაგალითი საკუთარი ქმედებებით მისცენ. თუ თანამშრომლები არ გხედავენ, თავად როგორი გულით უდგებით ამა თუ იმ საკითხს, ისინი ვერ შეიგრძნობენ, რომ ერთ საქმეს ემსახურებით. Go Tour-ის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ერთი საქმე და ვმუშაობთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ, შევქმნა ისეთი გარემო, რომელში მოსვლაც ყოველ დილით გაუხარდებათ თანამშრომლებს"

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

როგორ ვმართოთ შიში?

სიმშვიდე აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანმა წონასწორობა შეინარჩუნოს.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი