Get All Access for $5/mo

HR Space - ირინა გაგოშიძე HR SPACE შეიქმნა მხოლოდ იდეით - ასე, ერთი გადაწყვეტილებით, ამიტომ სირთულე ბევრი იყო.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

HR Space

Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.

ირინა გაგოშიძე

საკონსულტაციო კომპანია HR SPACE, დამფუძნებელი

რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის დაწყების შესახებ? რატომ გადაწყვიტეთ ანტრეპრენერობა და არა კარიერა კორპორაციულ იერარქიაში?

გადაწყვეტილება მოვიდა მაშინ, როდესაც ჩემს პირად ცხოვრებაში საკმაოდ რთული ეტაპი იყო, რის გამოც ფაქტობრივად წელიწად-ნახევრიანი კარიერული წყვეტა მქონდა. დადგა მომენტი, როდესაც უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, მომეძებნა სამსახური და გამეუმჯობესებინა საკუთარი და შვილების ცხოვრება. ზუსტად ამ ფიქრმა მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ დღეს საქართველოში, სფეროში, რომელსაც ჰქვია ადამიანური რესურსები, არის ძალიან დიდი პოტენციალი და სჭირდება განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბაზარზე დიდი კონკურენციაა, გადავწყვიტე, შემექმნა საკონსულტაციო კომპანია, რომელიც გააერთიანებდა დარგში მომუშავე სპეციალისტებს, ხელს შეუწყობდა არა მარტო ბიზნესს, არამედ სფეროში მომუშავე ადამიანებისა და ზოგადად, სფეროს განვითარებას. ასე გაჩნდა HR SPACE − ჩემი მეოთხე შვილი, რომელსაც დღეს კიდევ ბევრი აქვს გასავლელი.

თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?

ალბათ უამრავი შეკითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის ანტერპრენერი. ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა სფეროს და მიმართულებას. არსებობს თუ არა უკვე მსგავსი წამოწყება, ანტერპრენერი არის ცვლილებებისკენ მოსიარულე ადამიანი, რომელსაც აქვს ახლებური ხედვა, უწყობს ფეხს გამოწვევებს და არ ფიქრობს კონკურენციაზე, ფიქრობს ახლის შექმნაზე.

რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?

ჩვენი საქმიანობა ემსახურება რამდენიმე პრობლემის გადაჭრას: 1. დასაქმებას და კომპანიებისთვის თანამშრომლების შერჩევის პროცესების გამარტივებას; 2. დასაქმების ბაზარზე შეძლებისდაგვარად ცვლილებების შეტანას და დამსაქმებლის ცნობიერების ამაღლებას მათი ბრენდის მიმართებაში. დღეს დამსაქმებელმა, უპირველესად, უნდა იზრუნოს ორგანიზაციაში ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და საკუთარ, როგორც არსებულ, ასევე, პოტენციურ თანამშრომლებზე; 3. ადამიანური რესურსების დარგში მომუშავე პროფესიონალთა ერთ სივრცეში მოქცევას და მათ პოზიციონირებას, განვითარების ხელშეწყობას; 4. დარგის განვითარების ხელშეწყობას და საერთაშორისო ბაზარზე, საქართველოში არსებული პროფესიონალების შესახებ ინფორმაციის გატანას.

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ აღმოგაჩნდათ?

არ ვიცი, რამდენად მქონდა მხოლოდ მე განსაკუთრებული გაბედულება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რა დროსაც განვიცდიდი არაერთ საჯარო თავდასხმას (პირადი ცხოვრების სირთულეებიდან გამომდინარე) და ამავდროულად, ფაქტობრივად უსახსროდ ვიყავი დარჩენილი, მარტომ, მხოლოდ იდეაზე და ცოდნაზე დაყრდნობით გადავწყვიტე საქმიანობის დაწყება.

შეიძლება მივიჩნიოთ, რომ კომპანიის გახსნა იყო გაბედული ნაბიჯი. ამავდროულად, დაფუძნებიდან ფაქტობრივად ორ თვეში, პანდემია დაგვეწია, რაც კიდევ ერთი საკმაოდ რთული გამოწვევა იყო ახლად შექმნილი კომპანიისთვის.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

რა მაძლევს მოტივაციას? რთული სათქმელია. ვფიქრობ, საკუთარი საქმისადმი სიყვარული და სურვილი, რომ შევქმნათ რაღაც ღირებული, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს.

მიუძღვის თუ არა თქვენს წარმატებაში წვლილი ბედს, იღბალს, და ზოგადად, როგორ უყურებთ იღბლიანობის ფენომენს?

ვფიქრობ, იღბალზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული და განსაკუთრებულ ვარსკვლავზე დაბადება არ განაპირობებს ადამიანის წარმატებას ან პირიქით. უფრო ის მგონია, რომ ცხოვრებისეული ეტაპები, გამოცდილება, სწორი მიზნების დასახვა და იმ მიზნისკენ წინსწრაფვის სურვილია მთავარი. შეცდომები ყველგანაა შესაძლებელი, მთავარია როგორ აღვიქვამთ, როგორი მიდგომა გვაქვს ჩვენსავე მიღებული გადაწყვეტილებებისადმი და გამოვიყენებთ თუ არა მიღებულ გაკვეთილებს კარიერულ თუ ცხოვრებისეულ გზაზე.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

HR SPACE შეიქმნა მხოლოდ იდეით − ასე, ერთი გადაწყვეტილებით, ამიტომ სირთულე ბევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ფაქტობრივად კაპიტალის გარეშე ჩამოყალიბდა, ყველაზე რთულ ამოცანად, სწორი გუნდისა და იმ ადამიანების მოძებნა მიმაჩნდა, რომლებიც გაიზიარებდნენ ჩემს ღირებულებებს. თუმცა, დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გვერდით მყავს არაჩვეულებრივი ადამიანები, საუკეთესო გუნდი, რომელთაც HR SPACE–ის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ კომპანიის მთავარი წარმატების მომტანი სწორედ ძლიერი გუნდია. მეორე დარტყმა პანდემია იყო, რომელმაც კომპანია დილემის წინაშე დააყენა და უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, შეგვეჩერებინა თუ გაგვეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ ზუსტად ზემოთ ხსენებული გუნდის ჩართულობით, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა, შევქმენით დასაქმების ხელშეწყობის კამპანია, ვცდილობდით უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანების დახმარებას. გარდა ამისა, მთელი ძალები მივმართეთ სიახლეების ძებნისკენ, განვითარებისკენ და დღეს ბაზარს ინოვაციურ პროდუქტებს ვთავაზობთ.

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა მუდმივად სიახლეების ძებნა, რისკის გაანალიზება და შეცდომებიდან სწორი ანალიზის გაკეთება. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ, თუნდაც უკვე არსებულ სფეროში არის შესაძლებლობა, მოიძებნოს რაღაც ნოვაციური.

დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდი, არ იბრძოლონ კონკურენტებთან, რადგან კონკურენტებთან ბრძოლაში გვავიწყდება ჩვენი პირველადი მიზნები, მივყავართ ერთსა და იმავე დინებაში და საბოლოო ჯამში, ბიზნესი ემსგავსება კონკურენტისას. თავიდანვე მნიშვნელოვანია განისაზღვროს მიზანი, ღირებულება, და მოვძებნოთ ახალი და ინოვაციური, რომელიც აუცილებლად გამოგვარჩევს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი