Get All Access for $5/mo

კაფე ''ნამუ'' ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის დადიანის 30 ნომერში ვეგანური კონცეფციის კაფე-მაღაზია გაიხსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ვეგანიზმის მიმდევრების ზრდასთან ერთად, იზრდება ვეგანური კვების ობიექტების აუცილებლობა. ასეთს კი უკვე თბილისშიც შეხვდებით. სოლოლაკში, კერძოდ შალვა დადიანის 30 ნომერში, ცოტა ხნის წინ ვეგანური კონცეფციის კაფე-მაღაზია "ნამუ" გაიხსნა, რომელიც მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული სამზარეულოა. "ნამუს" სამზარეულოში მთავარი პრინციპი საკვებში ცოცხალი ფერმენტების შენარჩუნებაა. ვეგანური კაფეს საკვები, გარდა ცხოველური პროდუქტებისა, არ შეიცავს გლუტეინს, მარილს და რაფინირებულ შაქარს. კაფეს დამფუძნებელი ანა ტიკარაძეა, რომელიც ვეგანურ კვებასთან დაკავშირებულ საქმიანობას 2016 წლიდან ეწევა. აქამდე ამას სახლის პირობებში აკეთებდა, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, ახლა უკვე კაფე გახსნა და ვეგანური კერძებით მსურველებს სათანადოდ მოწყობილ გარემოში მასპინძლობს.

ვეგანიზმი, ანუ ცხოველური პროდუქტების მიღებაზე უარის თქმა მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული კვების სტილი და ცხოვრების წესი ხდება.

ტერმინი გასული საუკუნიდან აქტიურად გვხვდება როგორც ნუტრიციოლოგთა ნაშრომებში, ასევე რიგითი ადამიანების ცხოვრების ფილოსოფიასა და მათ მიერ დანერგილ ცხოვრების წესში. არაერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ვეგანიზმი არა მხოლოდ ცხოვრების ფილოსოფია, არამედ მრავალი დაავადების პრევენციის მეთოდიცაა. ვეგანური კვებისა და ცხოვრების წესის მიმდევართა რიცხვი საქართველოშიც იზრდება.

ვეგანი ადამიანებისთვის აუცილებელია ყურადღებით შედგენილი კვების რაციონი, რათა ორგანიზმმა საჭირო ვიტამინები, ამინომჟავები და მინერალები სრულფასოვნად მიიღოს. მნიშვნელოვანია ასევე ვეგანური კერძების სწორად მომზადების წესის დაცვაც.

"დღის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რას მივირთმევთ, რადგან ეს განაპირობებს შემდეგ ჩვენს განწყობას, ენერგიას, ემოციას და საბოლოო ჯამში, ქმედებებს", − ამბობს "ნამუს" დამფუძნებელი ანა ტიკარაძე.

ანას ვეგანური სამზარეულოს მიმართ ინტერესი წლების წინ გაუჩნდა. დროთა განმავლობაში ამან იმდენად გაიტაცა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში (ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, ინდონეზია) ვეგანური კულინარიის კურსები გაიარა. ამ საქმეში პროფესიულად დახელოვნდა და ფსიქოლოგად მუშაობის პარალელურად, მეორე პროფესიაც წარმატებით შეითავსა.

კაფე "ნამუში" შესვლისთანავე, ღია მწვანე ფერში გადაწყვეტილი ინტერიერი და მცენარეებით სავსე გარემო განწყობას დადებითად ცვლის. მომღიმარ პერსონალსა და ანა ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ, მენიუს გადაშლისთანავე ორიგინალური კერძებისა და სასმელების ჩამონათვალი მიიქცევს თქვენს ყურადღებას.

ვარდისა და ლავანდას ლატე, ჭარხლისა და მუხუდოს ბურგერი, წიწიბურას ბლინები, ღუმელში გამომცხვარი მჭადი და აქტივირებული ნიგვზის ბაჟე, დეტოქსის თასი კიმჩით, ტაჰინი-მისოს სოუსითა და გაღივებული მუხუდოთი − ეს იმ კერძების, დესერტებისა თუ სასმელების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კაფუ "ნამუ" შემოგთავაზებთ.

აღსანიშნავია, რომ "ნამუს" სამზარეულოში ცხოველური პროდუქტების დასახელებიდან მხოლოდ თაფლი გამოიყენება. კერძების ინგრედიენტებში კი აქტიურად შეხვდებით ხილსა და ბოსტნეულს, თხილეულს, თესლეულს, მარცვლეულს და სხვადასხვა მცენარეულ პროდუქტს.

კაფე "ნამუს" მიტანის სერვისიც აქვს. "სამუშაო დღეების განმავლობაში ჩვენი სერვისით არაერთი ადამიანი სარგებლობს, რომელსაც კაფეში სტუმრობისთვის შესვენების დრო არ ჰყოფნის, თუმცა ჯანსაღი კვების მოყვარულია. ჩვენ ვცდილობთ დროულად მივაწოდოთ მათ სასურველი საკვები, რომ კვების სწორი რეჟიმი შეინარჩუნონ", − გვეუბნება ანა.

განსაკუთრებული პოპულარობით "ნამუს" წვენები სარგებლობს. მათ შორისაა კომბუჩა − ფერმენტირებული ჩაი, რომელიც ენერგიის ელექსირადაა მიჩნეული. სასმელი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, ანტიოქსიდანტებს და გამოიყენება იმუნიტეტის ასამაღლებლად.

აქვე შეხვდებით დაუტკბობელ, არაპასტერიზებულ მცენარეულ რძეს ნუშის, ქოქოსის, თხილის, შვრიის შემცველობით, რომელსაც ხშირად ფაფების მოსამზადებლად უკვეთავენ.

აქტიური მოთხოვნაა დეტოქსის წვენების ნაკრებზეც. "ნამუს" წვენები ჰიდრავლიკური პრესის საშუალებით იწურება, რაც შესაძლებელს ხდის, რომ სითხე არა ტრიალით, არამედ ძლიერი დაწოლის საშუალებით, ექსტრატირებით მიიღონ. გახურებისა და დაჟანგვის გარეშე მიღებული წვენები კი აქტიურ, ცოცხალ ნუტრიენტებს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებს და არ კარგავს სასარგებლო თვისებებს.

"ნამუს" თითოეული დასახელების წვენს გაჯანსაღების კურსში საკუთარი ფუნქცია აქვს და შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. "განკურნებისთვის" − ანანასი, კურკუმა, ჯინჯერი, ლიმონი;
  2. "ენერგიისთვის" − ნიახურის ღეროები, ოხრახუში, ისპანახი, ვაშლი;
  3. "იმუნიტეტისთვის" − სტაფილო, ვაშლი, გოგრა, დარიჩინი, ჯინჯერი, მიხაკი;
  4. "გასახდომად" − ჭარხალი, ფორთოხალი, ბროწეული;
  5. "სილამაზისთვის" − ნუშის რძე;
  6. "განწყობისთვის"– კომბუჩა − შუშხუნა, გამაგრილებელი ფერმენტირებული სასმელი.

წვენების შემადგენლობა სეზონური, აქტიური ხილისა და ბოსტნეულის მიხედვით იცვლება და ბალანსდება.

ანა ტიკარაძის სურვილი ჯანსაღი კვების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა, რომელსაც საკუთარი ყოველდღიური საქმიანობით უწყობს ხელს. "ვაპირებთ, "ნამუს" სივრცეში არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვუმასპინძლოთ, რათა ვეგანური სამზარეულოს ნიუანსები მეტ ადამიანს გავაცნოთ. განსაკუთრებით გვინდა ეს ყველაფერი ბავშვებს ვასწავლოთ, რომ მცირე ასაკიდან კარგად ესმოდეთ სწორი კვების არსი", − ამბობს ანა ტიკარაძე და ახლო მომავალში ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის პოპულარიზებისთვის არაერთ აქტივობასა და სიახლეს გვპირდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ფინანსები

როგორ ვიქცეთ ფულის "მაგნიტად"?

როგორ ცვლის "ფულის მაგნიტი" თქვენს აზროვნებას და ცხოვრებას